საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1049(კ-21) 15 მარტი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც. ვ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 9 ნოემბერს ც. ვ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის დევნილი აფხაზეთიდან. ის ცხოვრობდა ქ. სოხუმში, ...ს ქ. N...-ში. ეს ფაქტი დამტკიცებულია და დადასტურებულია დევნილთა სამინისტროს მიერ, რის საფუძველზეც მას მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და იღებდა სახელმწიფოსაგან დევნილის ფულად შემწეობას. თუმცა მას 2004 წლიდან უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გაუუქმდა დევნილის სტატუსი და შეუწყდა დევნილის შემწეობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის ერთ შვილს მინიჭებული აქვს ჩხოროწყუს რაიონისთვის განსაზღვრული საიდენტიფიკაციო პირადი ნომერი, ხოლო მეორე შვილის აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ მკაცრად განსაზღვრული პირადი უნიკალური ნომერი. მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახი რჩება დევნილის სტატუსისა და ფულადი შემწეობის გარეშე. მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 სექტემბრის №03-2042/ო ბრძანების - ც. ვ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელე ც. ვ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, გამოცემის დავალება და ასევე მოპასუხისათვის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელე ც. ვ-ას სასარგებლოდ 2005 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ვ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ვ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ვ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი „ც. ვ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 სექტემბრის №03-2042/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის, ც. ვ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ, გამოცემა. მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაეკისრა ზიანის სახით 90 ლარის ანაზღაურება მოსარჩელე ც. ვ-ას სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში ც. ვ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთს წარმოადგენს მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
კასატორის განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ც. ვ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. სოხუმი არ ყოფილა. რაც დასტურდება ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მოსარჩელის - ც. ვ-ას საცხოვრებელ ადგილს, ომამდე, ქ. სოხუმი არ წარმოადგენდა. იგი დროებით, სამუშაოს შესრულების მიზნით, იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ოჯახით, შიდასამეურნეო საქმიანობით და სხვა გარემოებებით იგი ძირითადად დაკავშირებული იყო ჩხოროწყუსთან. შესაბამისად, ც. ვ-ას მიმართ არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურების სახით 90 ლარის სააგენტოსთვის დაკისრებასთან დაკავშირებით. კასატორი ასევე არ იზიარებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა 2005 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების ნაწილში, თუმცა სააგენტოს დააკისრა მიყენებული ზიანის სახით 90 ლარის ანაზღაურება მხარის სასარგებლოდ. მხარე სააპელაციო საჩივრით ზიანის ანაზღაურებას არ ითხოვდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ც. ვ-ასთვის 1993 წლამდე ქალაქ სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთს წარმოადგენს მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელემ კითხვარში მიუთითა, რომ 1966 წელს დაიბადა ჩხოროწყუში. 1974-1984 წლებში სწავლობდა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლაში. 1989-1993 წლებში მუშაობდა ქ. სოხუმში ,,...“-ში (...) ...ად. ქ. სოხუმში ცხოვრობდა მისამართზე - ...ს ქ. N..., საერთო საცხოვრებელში, ამასთან, აფხაზეთში საკუთრება არ ჰქონია. სოხუმის დატოვების შემდეგ საცხოვრებლად გადმოვიდა სოფ. ...ში, სადაც ცხოვრობს დღემდე მეუღლესთან და შვილებთან ერთად. საქმეში წარმოდგენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული N0001542 ცნობა, რომლის თანახმად, ც. ვ-ა 1989 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში, ...ს ქ. N...-ში (ს.ფ. 21). ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის 2020 წლის 29 სექტემბრის N145 ცნობის მიხედვით, ც. ვ-ა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია 1988 წლის 9 აგვისტოს, ქალაქ სოხუმში საცხოვრებლად გადასვლის გამო. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს მითითებას, რომ ც. ვ-ამ სააგენტოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, კერძოდ, მან გასაუბრების დროს თქვა, რომ ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში, ხოლო ერთ-ერთი მოწმის - თ. ტ-ას განმარტებით, მოსარჩელე ც. ვ-ა ბიძამისთან ცხოვრობდა ქ. სოხუმში. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა, რომ ვინაიდან სოხუმში სხვა ნათესავი არ ჰყავდა, ხშირად რჩებოდა ბიძასთან. რაც შეეხება მითითებას, რომ ც. ვ-ა სამსახურებრივი მიზნით იმყოფებოდა ქალაქ სოხუმში და ხშირად სტუმრობდა ცხოროწყუში ნათესავებს, პალატა განმარტავს, რომ დროებით, თუნდაც ოჯახის წევრების მონახულების მიზნით, სხვა ადგილზე ყოფნა, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ იმ დროისათვის თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად აირჩია ქალაქი სოხუმი და იქ სურდა მუდმივად ცხოვრება. აღნიშნულ ფაქტს არ გამოირიცხავს ასევე ის გარემოება, რომ მას აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ჰქონდა უძრავი ქონება. ამდენად, დასტურდება, რომ ც. ვ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქალაქი სოხუმი და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო აქტში მითითებული გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმისა და მხარეების განმარტების შესაბამისად დასტურდება მოსარჩელის - ც. ვ-ას აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს, კასატორის განმარტებას, მოსარჩელისათვის ზიანის სახით მიუღებელი შემწეობის დაკისრების თაობაზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ც. ვ-ამ სააგენტოს მიმართა 2020 წლის 10 სექტემბერს. ხოლო სასამართლომ სტატუსის მინიჭებაზე უარი უსაფუძვლოდ მიიჩნია, შესაბამისად, აღნიშნული განაპირობებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, აანაზღაუროს უკანონო აქტის გამოცემით მოსარჩელისათვის მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანი ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ჯამში 90ლარის ოდენობით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე