Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-214(ს-22) 14 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

ზეპირი მოსამენის გარეშე შეამოწმა მ. მ-ეის საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2021 წლის 11 მარტს, მ. მ-ემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ზუგდიდის რაიონული პროკურატურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ეის სარჩელი გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელეს განემარტა, რომ განჩინება არ საჩივრდება. აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა მ. მ-ეის საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე მ. მ-ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ეის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ადმინისტრაციული, ისე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გადასაწყვეტ ცალკეულ საკითხებზე საჩივარი ან კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ შესაბამისი ნორმატიული აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

არაგანსჯად სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენისა და მისი განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის წესს შეეხება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი. ამასთან, შესაბამისი მუხლი არ ადგენს სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ შესაბამისი საპროცესო ნორმა პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის/საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი/საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ განჩინებაზე საჩივრის/კერძო საჩივრის წარდგენას ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე მ. მ-ემ წარადგინა საჩივარი, რაც განუხილველად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შეუძლებლად იქნა მიჩნეული მ. მ-ეის საჩივრის განხილვა, საქალაქო სასამართლოს შესაბამის განჩინებაზე საჩივრის/კერძო საჩივრის დაუშვებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარმოდგენილი საჩივარი ასევე უნდა დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მ. მ-ეის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე წარმოდგენილი საჩივრის კერძო საჩივრად მიჩნევაც არ გამორიცხავს მისი განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობას, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. როგორც აღინიშნა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ადგენს სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. ამდენად, შესაბამისი საპროცესო საფუძვლის არარსებობა, გამორიცხავდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კერძო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულ განჩინებაზე მსჯელობის და მით უფრო კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.

ამდენად, არ არსებობს მ. მ-ეის საჩივრის დასაშვებობის საპროცესო შესაძლებლობა, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 414-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ეის საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე