საქმე #ბს-94(კს-22) 16 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
მოსარჩელე - ნ. ს-ე, გ. ს-ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ე. კ-ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - გ. ს-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-ემ და გ. ს-ემ 2018 წლის 13 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გ. ს-ეისა და გ. ს-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ნათელა და გ. ს-ეების სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ე. კ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გ. ს-ეის და გ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების გ. ს-ეისა და გ. ს-ეის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, ნ. ს-ეს და გ. ს-ეს დაევალათ უშუალოდ მათ მიერ ხელმოწერილი ან შესაბამისი წესით დამოწმებული მინდობილობის (რწმუნებულების) მქონე მათი ადვოკატის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და სააპელაციო საჩივრის 02 (ორი) ასლის წარდგენა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტებს განესაზღვრათ ვადა 10 (ათი) დღე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა გ. ს-ეის ოჯახის წევრს - ნ. ს-ეს 2021 წლის 20 ნოემბერს. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 20 ნოემბრის მომდევნო დღიდან (21 ნოემბრიდან) და ამოიწურა - 2021 წლის 30 ნოემბერს 24:00 საათზე. აპელანტმა ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ შეტყობინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2021 წლის 06 დეკემბერს, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გ. ს-ეის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ს-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატამ არასწორად განსაზღვრა განჩინების ჩაბარების თარიღი, კერძოდ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2021 წლის 29 ნოემბერს ჩაბარდა მის დას ნ. ს-ეს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2021 წლის 30 ნოემბრიდან და ამოიწურა 2021 წლის 9 დეკემბერს 24:00 საათზე. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წერილობითი შეტყობინებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 03 დეკემბერს, ხოლო სასამართლომ აღნიშნული განცხადება მიიღო 2021 წლის 06 დეკემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით გ. ს-ეის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ეის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ს-ემ არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც გ. ს-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, სასამართლოს მიერ აპელანტს გაეგზავნა 2021 წლის 18 ნოემბერს, მისამართზე ქ. ბათუმი, ...ს ქ. №4 (ს.ფ. 297). შპს ,,...“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე გზავნილის თარიღი მითითებულია 2021 წლის 19 ნოემბერი, ხოლო გზავნილის შტრიხკოდია ... (ს.ფ 299).
გ. ს-ეის მიერ კერძო საჩივარზე თანდართულია ამონაწერი საფოსტო რეესტრიდან (ს.ფ 389), რომლის თანახმად გზავნილს შტრიხკოდით №..., 2021 წლის 20 ნოემბერს მიენიჭა სტატუსი „გატანილია მისატანად“. ამავე დღეს გზავნილის სტატუსის გრაფაში მითითებულია „მისამართზე არავინ იყო“. 22 ნოემბერს გზავნილი კვლავ გატანილ იქნა მისატანად და ამავე დღეს დაფიქსირებულია სტატუსი „მისამართზე არავინ იყო“. ამავე ამონაწერის თანახმად გზავნილი ადრესატზე ჩაბარებულია 29 ნოემბერს.
მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინება ადრესატს (გ. ს-ეს) ჩაბარდა 2021 წლის 29 ნოემბერს. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 30 ნოემბერს და ამოიწურა 2021 წლის 9 დეკემბერს 24:00 საათზე.
ხარვეზის შევსების შესახებ გ. ს-ეის განცხადებაზე დასმული შტამპის თანახმად, განცხადება სასამართლოს მიერ მიღებულია 2021 წლის 6 დეკემბერს (ს.ფ 333). ამასთან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ აღნიშნული გზავნილი ფოსტის (...) მეშვეობით გაგზავნილია 2021 წლის 3 დეკემბერს (ს.ფ 346). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გ. ს-ეის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 დღიანი ვადის დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადება სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის დაცვით, ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის ამ მოტივით განუხილველად დატოვების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს გ. ს-ეის კერძო საჩივარი და საქმე გ. ს-ეის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 412-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება და საქმე გ. ს-ეის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე