Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 163-დად 19 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

მ. ისაევი,

ნ. გვენეტაძე

განიხილა სააქციო საზოგადოება “ქუთაისის მინისტარის ქარხნის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნ. დ-შვილისა და მ. მ-შვილის ინტერესების დამცველის ადვოკატ რ. ა-ძის კერძო საკასაციო საჩივრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული შინაგან საქმეთა საგამოძიებო დეპარტამენტის ქუთაისის განყოფილების გამომძიებელ ლ. ბ-ძის 2002წ. 30 აპრილს გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო იმერეთის მხარის შს მთავარი სამმართველოს კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების მიერ სს “ქუთაისის მინისტარის ქარხნის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და ამავე სს-ის აქციათა პაკეტის 98,16%-ის მფლობელ რ. დ-შვილის განცხადების ირგვლივ ჩატარებული შემოწმების მასალები, სადაც ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში იმხილებიან თ. ნ-შვილი და მ. მ-შვილი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, როგორც უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდა ქ. ქუთაისის შპს “მარგვეთის” (დირექტორი მ. მ-შვილი) სარჩელი სს “ქუთაისის მინისტარის ქარხნის “(ყოფილი დირექტორი თ. ნ-შვილი) მიმართ ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული მატერიალური ზიანის _ 32754,54 ლარის ანაზღაურების შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “ქუთაისის მინისტარის ქარხნის” შეგებებული სარჩელი შპს “მარგვეთის” მიმართ და ბათილად იქნა ცნობილი მათ შორის დადებული 1999წ. 24 ოქტომბრის ხელშეკრულება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა რა შპს “მარგვეთის” სააპელაციო საჩივარი, 2001წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და სს “ქუთაისის მინისტარის ქარხანას” “მარგვეთის” სასარგებლოდ დააკისრა 32754,54 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით _ 982,62 ლარის გადახდა. რაც შეეხება “ქუთაისის მინისტარის ქარხნის” შეგებებულ სარჩელს, მას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 26 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა უმთავრეს საფუძვლად მიუთითეს ის გარემოება, რომ სს “ქუთაისის მინისტარის ქარხანასა” და შპს “მარგვეთს” შორის, ერთსა და იმავე დღეს, 1999წ. 4 ოქტომბერს, გაფორმდა ორი ხელშეკრულება ერთსა და იმავე საგანზე, რომელთა ძალითაც სს “ქუთაისის მინისტარის ქარხანამ” იკისრა ვალდებულება შპს “მარგვეთისათვის” დაემზადებინა და მიეწოდებინა 100 მილიგრამიანი შუშები, თითოეული ღირებული 0,06 ლარად. ამასთან ქარხანას უნდა მოეხდინა დროული, შეუფერხებელი და ხარისხიანი დამზადება, ხოლო შპს “მარგვეთს” პროდუქციის ღირებულება უნდა აენაზღაურებინა სამი კალენდარული დღის განმავლობაში. პირველი ხელშეკრულება, როგორც მას მხარეები უწოდებდნენ, მოიცავდა მხარეთა შეთანხმების მხოლოდ ძირითად პირობებს, ხოლო იმავე დღეს გაფორმებული მეორე ხელშეკრულების დაზუსტებული ტექსტი ითვალისწინებდა მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხს, პროდუქციის მიწოდების დაწყების ვადას, გადახდის ფორმასა და პროდუქციის მიწოდების მექანიზმს, ე.ი. წარმოადგენდა ისეთ შემთხვევას, როცა მხარეთა თანხმობით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა გახდა აუცილებელი და, ამდენად, უნდა ჩათვლილიყო, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება, როგორც იურიდიული დოკუმენტი, გაფორმდა და ძალაში იყო.

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი: სს “მინისტარის ქარხნის” დირექტორ ნ. ნ-შვილსა და შპს “მარგვეთის” დირექტორ მ. მ-შვილს შორის მეორე ხელშეკრულება გაფორმდა არა მასში მითითებულ დროს, 1999წ. 4 ოქტომბერს, არამედ 4 თვის შემდეგ, 2000წ. თებერვლის თვის ბოლოს (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), რაც განხორციელდა შემდეგ პირობებში: პირველი ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის შემდეგ, სს “მინისტარის ქარხნის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და ამავე სს-ის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელმა რ. დ-შვილმა განუცხადეს თ. ნ-შვილს, რომ გამოჩნდა 100 მილიგრამიანი შუშების შეძენით დაინტერესებული კლიენტი, რომელიც თანახმა იყო თითო შუშაში გადაეხადა 0,10 ლარი. თან უსაყვედურა თ. ნ-შვილს, რომ ბაზრის სათანადო შესწავლის გარეშე არ უნდა დათანხმებულიყო შპს “მარგვეთის” მიერ შემოთავაზებულ ფასს და მოსთხოვა ან არ შეესრულებინა მ. მ-შვილთან დადებული ხელშეკრულების პირობები, ან დაეყოლიებინა შპს “მარგვეთის” წარმომადგენელი თითო შუშაში 0,10 ლარის გადახდაზე. მ. მ-შვილი შუშის ფასის გაზრდას არ დაეთანხმა და მოითხოვდა ხელშეკრულების შესრულებას მასში მითითებული პირობების დაცვით და ამასთან მოსთხოვა თ. ნ-შვილს ფასის საკითხი მოეგვარებინა რ. დ-შვილთან, რის შემდეგაც მ. მ-შვილმა თავად სცადა რ. დ-შვილთან ფასის საკითხის მოგვარება, მაგრამ შეთანხმებას ვერც მან მიაღწია. ამის შემდგომ თ. ნ-შვილი დაეთანხმა შპს “მარგვეთის” დირექტორ მ. მ-შვილის წინადადებას და მასთან 2000წ. თებერვლის თვის ბოლო რიცხვებში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) 1999წ. 4 ოქტომბრის თარიღით გააფორმა ყალბი ხელშეკრულება 500000 ცალი 100 მილიგრამიანი ტევადობის შუშების, თითოეულის 0,06 ლარად, ერთი თვის გასვლის შემდეგ, ყოველდღიურად _ 5000 ცალის მიწოდების შესახებ, რაც აშკარად არარეალური იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყოველდღიურად ამ რაოდენობის შუშების დასამზადებლად ქარხანაში არ არსებობდა შესაბამის ტექნიკური პირობები. ამასთან, თუკი პირველი ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 1999წ. 4 ოქტომბრიდან 2000წ. 4 ოქტომბრამდე (ანუ ერთი წელი), მეორე ხელშეკრულების მოქმედების ვადამ შეადგინა 1999წ. 4 ოქტომბრიდან 2000წ. 4 მარტამდე პერიოდი, ანუ 7 თვით ნაკლები. პირველ ხელშეკრულებაში საერთოდ არ ყოფილა ისეთი მკაცრი პირობა როგორიც დაფიქსირდა მეორეში _ პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო თანხის 1%-ის გადახდა შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის.

თ. ნ-შვილისა და მ. მ-შვილის შეთანხმებით, მეორე ხელშეკრულების გაფორმების მიზანი იყო სს “მინისტარის ქარხნის” მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დიდი საჯარიმო სანქციების დაკისრების შესაძლებლობით დაეშინებინათ და აეძულებინათ რ. დ-შვილი, დათანხმებოდა შუშების “მარგვეთისათვის” დამზადებას და მიწოდებას თითოეულის 0,06 ლარის ღირებულებით. გარდა იმისა, რომ შუშების წარმოება სს “მინისტარის ქარხნისათვის”, თითქმის სასიკეთოდ იყო გაჩერებული შპს “მარგვეთთან” თანამშრომლობა თ. ნ-შვილს სურდა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მ. მ-შვილი მას შეპირდა, რომ უწილადებდა აღნიშნულ შუშებში ჩამოსხმული სპირტის რეალიზაციიდან მიღებული მოგების 10%-ს იმ შემთხვევისათვის, თუკი სს “მინისტარის ქარხანა” დაუმზადებდა და მიაწოდებდა 100 მილიგრამიან შუშებს, თითოეულს 0,06 ლარად. შპს “მარგვეთის” მეორე ხელშეკრულების ჩვენების და მოსალოდნელი უსიამოვნებების შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, რ. დ-შვილი არ დაეთანხმა თ. ნ-შვილის განმარტებას იმის შესახებ, რომ თითქოსდა “მარგვეთის” წარმომადგენლებმა საქმის გარჩევის შემდეგ იგი აიძულეს, ძველი რიცხვით გაეფორმებინა ხელშეკრულება, რომელიც დიდ საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებდა და თუკი შპს “მარგვეთს” არ მიაწვდიდნენ შუშებს, შესაძლებელი იყო სს “მინისტარის ქარხანა” დაზარალებულიყო და მაინც იგი უარზე იყო შუშების შპს “მარგვეთისათვის” მიწოდებაზე. ამის შემდეგ, მ. მ-შვილმა თავად გადაწყვიტა მართლაც მიემართა სასამართლოსათვის, რაც განახორციელა კიდეც.

სამოქალაქო წესით შპს “მარგვეთსა” და სს “მინისტარის ქარხანას” შორის სასამართლოში დავის შედეგად, რეალურად და კანონიერად ჩაითვალა რა თ. ნ-შვილსა და მ. მ-შვილს შორის 1999წ. 4 ოქტომბრის თარიღით ყალბად გაფორმებული ხელშეკრულება, სს “მინისტარის ქარხანას” შპს “მარგვეთის” სასარგებლოდ დაეკისრა 32754,54 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით _ 982,62 ლარის გადახდა, რითაც სს-ის მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

წინასწარი გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ. ნ-შვილმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, ხოლო მ. მ-შვილმა ჩაიდინა სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

წინასწარმა გამოიძებამ საქმე მ. მ-შვილისა და თ. ნ-შვლის მიმართ შეწყვიტა იმის გამო, რომ გასული იყო პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, საქმის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მ. მ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი რ. ა-ძე ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას, საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას, მიუთითებს, რომ მ. მ-შვილის მიმართ სსსკ-ის 28 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით საქმის წარმოებით შეწყვეტა უსაფუძვლოა, რადგან მ. მ-შვილს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და ყველაფერი მიმართულია იმისაკენ, რომ არ იქნეს გადახდილი 32754 ლარი.

რ. დ-შვილი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებას. კერძოდ, ითხოვს დადგენილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მ. მ-შვილის მიერ ყალბი საბუთის გამოყენებასთან დაკავშირებით მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მიუთითებს, რომ მ. მ-შვილის ქმედებაში არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით _ თაღლითობა _ გათვალისწინებული დანაშაული და ამ მიმართებით უნდა იქნეს წარმართული გამოძიება.

პალატის სხდომაზე მ. მ-შვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ა-ძემ აღნიშნა, რომ მ. მ-შვილს არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული, ამიტომ ის წინააღმდეგია საქმის სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით შეწყვეტისა. ადვოკატმა რ. ა-ძემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

სს “ქუთაისის მინისტარის ქარხნის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რ. დ-შვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ხ-ამ მხარი დაუჭირა რ. დ-შვილის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ არ არსებობს ადვოკატ რ. ა-ძის კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

პროკურორმა ა. ს-შვილმა კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ მხარეთა მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვის შედეგად კანონიერად მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქუთაისის განყოფილების გამომძიებელ ლ. ბ-ძის მიერ 2002წ. 30 აპრილის მ. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის დადგენილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-შვილის მიმართ სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით საქმის წარმოებით შეწყვეტა იყო კანონიერი. ამასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით საქმის შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სამართალწარმოება გაგრძლდება ჩვეულებრივი წესით დამთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენით და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით.

მოცემულ შემთხვევაში მ. მ-შვილი წინასწარი გამოძიების მიერ ცნობილ იქნა მხოლოდ ეჭვმიტანილად და დაიკითხა ეჭვმიტანილის სახით. შემდგომ მას ბრალდება აღარ წარდგენია, თუმცა გამოძიების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მან ჩაიდინა სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო იქნა საქმე წარმოებით შეწყვეტილი. როგორც საქმეში არსებული საჩივრებიდან ჩანს, მ. მ-შვილი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო საქმის სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით შეწყვეტისა. ასეთ ვითარებაში წინასწარი გამოძიება თუკი დადგენილად მიიჩნევდა, რომ მ-შვილს ჩადენილი ჰქონდა სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, მაშინ საქმე უნდა წარემართა სასამართლოში გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის მიზნით.

პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით დასჯადია ქმედება, როდესაც ადგილი აქვს ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას.

როგორც მოცემული კონკრეტული შემთხვევიდან ირკვევა, მხარეების მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების დადებას, რაზედაც ორივე მხარე აწერს ხელს, მათ ხელმოწერაზე ან ხელმოწერის გაყალბებაზე არ ყოფილა დავა. ასეთ ვითარებაში წინასწარმა გამოძიებამ დეტალურად უნდა გამოიკვლიოს, თუ რაში გამოიხატება მ. მ-შვილის მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადება და უნდა მისცეს სათანადო შეფასება.

პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი გამოძიების დროს ასევე უნდა შემოწმდეს რ. დ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რასაც უნდა მიეცეს სათანადო შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე, 560-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის დადგენილება და გამომძიებელ ლ. ბ-ძის მიერ 2002წ. 30 აპრილს გამოტანილი დადგენილება მ. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.