Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 164-დად 25 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი, მ. გოგელია

განიხილა იმერეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის დ. ს-იას, სააქციო საზოგადოება ქუთაისის საკონდიტორო ფაბრიკა “ნუგბარის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ს. ფ-ძისა და იმავე ფაბრიკის დირექტორის დ. ტ-შვილის კერძო საკასაციო საჩივრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. გ-ძის საჩივარი და გაუქმდა იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსის 2002წ. 31 იანვრის დადგენილება, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა ს. ფ-ძისა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით.

ს. ფ-ძისა და დ. ტ-შვილის საჩივარი ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების უცვლელად დატოვებას. პროკურორ დ. ს-იას საჩივარი ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და ი. გ-ძის საჩივრის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. დეკემბერში იმერეთის მხარის შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში შესამოწმებლად შევიდა მოქალაქე ი. გ-ძის განცხადება და მასზე თანდართული სააქციო საზოგადოება “ნუგბარის” დაცვის ყოფილი უფროსის ი. ს-ძის ახსნა-განმარტება საკონდიტრო ფაბრიკაში ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადებისათვის თავის არიდების, შემოსავლების დამალვისა და მითვისების ფაქტებზე.

მოკვლევის ორგანომ განცხადებასა და ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტების სრულყოფილად გამოკვლევისა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღების უზრუნველსაყოფად საჭიროდ მიიჩნია, სააქციო საზოგადოება “ნუგბარში” ჩატარებულიყო სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმება. ამ მიზნით 2002წ. 16 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ საზოგადოების შემოწმებაზე ბრძანების გაცემის შესახებ.

2002წ. 17 იანვარს მოსამართლე შ. ხაჭაპურიძის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოება: მასალებში არსებული საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთის რეგიონალური ბიუროს 2001წ. 25 ივნისის წერილით ირკვევა, რომ მათთან შესული კოლექტიური განცხადების საფუძველზე სააქციო საზოგადოება “ნუგბარში” ჩატარებულია ეკონომიკური საქმიანობის რევიზია. “სამეურნეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში მკაცრად არის განსაზღვრული, რომ: “თუ მეწარმე შეამოწმა უფლებამოსილმა მაკონტროლებელმა ორგანომ, დაუშვებელია, საქმიანობის იმავე საკითხთან დაკაშვირებით იგი შეამოწმოს სხვა მაკონტროლებელმა ორგანომ ან იმავე მაკონტროლებელი ორგანოს სხვა დანაყოფმა”.

სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული დადგენილების გამოტანის შემდეგ, 2002წ. 31 იანვარს, მოკვლევის ორგანომ უარი თქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დაამტკიცა იმერეთის საოლქო პროკურორის მოადგილემ. ამ დადგენილებაში საქმის აღძვრაზე უარის თქმის მოტივად მითითებულია შემდეგი: “ვინაიდან განმცხადებლის მიერ მითითებული საკითხების სრულყოფილი შესწავლა მხოლოდ წინასაგამოძიებო მოქმედებებით ვერ ხერხდება, ხოლო აღნიშნული საკითხების გასარკვევად მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ასევე ვერ მოხერხდა შემოწმების ჩატარება მოსამართლის მიერ ასეთზე უარის თქმის გამო, რითაც დადგინდებოდა ობიექტური ჭეშმარიტება სს “ნუგბარის” მესვეურთა მიერ კანონდარღვევის დადასტურების შესახებ, წინასაგამოძიებო მასალებზე გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ”.

მოკვლევის ორგანოს ეს დადგენილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა მოქალაქე ი. გ-ძემ. სასამართლომ (მოსამართლე მურთაზ მეშველიანი) 2002წ. 27 მაისის დადგენილებით დააკმაყოფილა ი. გ-ძის საჩივარი და გააუქმა მოკვლევის ორგანოს 2002წ. 31 იანვრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ჩატარებული მოკვლევის აშკარა არასრულყოფილების მოტივით. სასამართლომ მასალები სრულყოფილი მოკვლევისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა იმერეთის საოლქო პროკურატურას.

ს. ფ-ძისა და დ. ტ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი სასამართლოს 2002წ. 27 მაისის დადგენილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

1. საჩივრის ავტორმა ი. გ-ძემ დაარღვია მოკვლევის ორგანოს დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების 15-დღიანი ვადა, რაც უკანონოდ აღუდგინა სასამართლომ;

2. არაობიექტური და დაუსაბუთებელია სასამართლოს დადგენილებაში მითითებული ის მოტივები, რომლებიც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმებას;

3. მოსამართლეს მხარეებისათვის დროულად არ შეუტყობინებია საჩივრის სასამართლოში განხილვის დრო;

4. მომჩივან ი. გ-ძის საჩივრები აშკარად პროვოკაციულია და მიზნად ისახავს სააქციო საზოგადოებისა და მისი ხელმძღვანელობის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

პროკურორ დ. ს-იას საჩივარი _ სასამართლოს დადგენილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს. ფ-ძეს გონივრულ ვადაში არ ჩაბარდა სასამართლოს უწყება, რის გამოც იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მომზადებულიყო სასამართლო სხდომისათვის და მონაწილეობა მიეღო მასში.

პალატის სხდომაზე კასატორებმა _ ლ. ტ-შვილმა და ს. ფ-ძემ ითხოვეს მათი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი დაუჭირა ადვოკატმა გ. კ-ძემ.

პროკურორმა ა. ს-შვილმა ითხოვა პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ პროკურორის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ს. ფ-ძისა და დ. ტ-შვილის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

მოქალაქე ი. გ-ძის საჩივარი მოსამართლე მ. მ-ნს განსახილველად გადაეცა 2002წ. 3 მაისს. სასამართლო სხდომაზე საჩივრის განხილვა დაწყებულ იქნა 24 მაისს. სასამართლო სხდომა გაგრძელდა იმ დღის 16 საათამდე და გადაიდო 27 მაისის 15 საათისათვის. სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია ს. ფ-ძის მიწვევა სასამართლო პროცესზე და ამ მიზნით მომჩივან ი. გ-ძის ხელით გაუგზავნა უწყება, მაგრამ ამ უკანასკნელმა სასამართლოს შეტყობინება ფაბრიკაში მიიტანა 27 მაისს დღის პირველ საათზე და დაუტოვა დაცვის გუშაგ ნ. შ-ნს. სასამართლოს შეტყობინება პროცესში მონაწილეობის მისაღებად მიწვევის შესახებ ს. ფ-ძეს გადაეცა 28 მაისს, ე.ი. მაშინ, როცა სასამართლო პროცესი უკვე დამთავრებული და გადაწყვეტილება მიღებული იყო. სასამართლო სხდომის ოქმში აღნიშნულია: “არ გამოცხადდა სს “ნუგბარის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ს. ფ-ძე. უწყება ჩაბარდა, გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია”.

სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაინტერესებულა, მართლაც ჩაბარდა თუ არა უწყება ს. ფ-ძეს, თუ ჩაბარდა _ როდის და რა მიზეზით არ გამოცხადდა ის სასამართლოში. აღნიშნულის გამო გარკვეულად შეილახა ს. ფ-ძის ინტერესები და სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმის მასალების სრულყოფილი გამოკვლევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 მაისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მ. ტ-ძის 2002წ. 31 იანვრის დადგენილების გაუქმების თაობაზე.

მოქალაქე ი. გ-ძის საჩივარი, ხელმეორედ განხილვის მიზნით, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.