საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-157(კ-20) 28 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - დ. ა-ა
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დ. ა-ამ 2018 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მიწის ნაკვეთზე დ. ა-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 2018 წლის 23 მაისის №678 განკარგულების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და დ. ა-ასთვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით დ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ა-ამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, მისი იურიდიული ინტერესია ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ არსებული 74 კვ.მ. მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილი მოქცეულია საზოგადოებრივ სატრანსპორტო ზონაში, ხოლო ნაწილი კი სახელმწიფო დაცვის ზონაში. მართალია, შეუძლებელია სატრანსპორტო ზონაზე საკუთრების უფლების მოპოვება, თუმცა სახელმწიფო დაცვის ზონაში მოქცეულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება არ არის შეზღუდული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მერია აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებას გასცემს სახელმწიფო დაცვის ზონაში მოქცეულ ქონებებზე. შესაბამისად, თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, რადგან ქონება ექვემდებარება აუქციონის ფორმით გასხვისებას, არ უნდა შეიზღუდოს დ. ა-ას უფლება, მიიღოს საკუთრებაში სახელმწიფო დაცვის ზონაში მოქცეული ქონება. კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთხელ უკვე იმსჯელა მის მოთხოვნაზე, კორექტირებული ნახაზისა და მხოლოდ სახელმწიფო დაცვის ზონის ფარგლებში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოთხოვნა დარჩება განუხილველი. კასატორი მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით დ. ა-ას უნდა მიანიჭოს უფლება მიმართოს აღიარების კომისიას კორექტირებული მოთხოვნით და თანაზომიერების პრინციპით გათვალისწინებით მიიღოს საკუთრების უფლება ქ. თბილისში ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სრულად უგულებელყო საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ქონებაზე ფასადის რეკონსტრუქციის ნებართვის შესახებ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება N..., სადაც ასახულია, რომ ქონება მიეკუთვნება I კლასის ობიექტს, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას და რომლის მოწყობაზეც სამსახური გასცემს მხოლოდ წერილობით ნებართვას. ამავე დოკუმენტში კი ასევე ასახულია თავად არქიტექტურული სამსახურის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვაც, რომელიც ემყარებოდა იმავე ფოტოებს, რომელსაც წარედგინა სასამართლოს. აღნიშნული მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებებს განხორციელების ფარგლებში, პირდაპირ თუ ირიბად, დ. ა-ა სცნო სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად. ცხადია, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ დ. ა-ას მიერ ქონების მართლზომიერად დაუფლებისა და ქონებაზე მართლზომიერი სამუშაოების გახორციელების ფაქტებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინებით დ. ა-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან (კანონის ახალი რედაქციის მიხედვით - სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა). ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს თვითნებურად დაკავებული იმ მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე არ ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას, მათ შორის, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ცალსახად ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი, სანიტარიული და დაცვითი ზონები.
საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის ანალოგიურ იმპერატიულ დანაწესს შეიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მაისს დ. ა-ას წარმომადგენელმა ლ. დ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ მდებარე 74 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის №189498 წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა დ. ა-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, თბილისი, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მაისის №678 განკარგულებით (ს.ფ. 27-28) დ. ა-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ. თბილისი, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 74.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი განეკუთვნებოდა ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონას (ისტ-1), ასევე აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1). ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დ. ა-ას განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილებით, დ. ა-ას უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე. მარეგისტრირებელი ორგანოს აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა დ. ა-ამ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის №... გადაწყვეტილებით დ. ა-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ. ა-ას დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს სატრანსპორტო ზონა 1-ში, მასზე ვრცელდება ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონა (ისტ-1) და ასევე მიწის ნაკვეთზე შეზღუდულია ქონების განკარგვა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია როგორც დაცვის, ისე საზოგადოებრივი სარგებლობის მიზნით გამოყენებად სატრანსპორტო ზონაში (იხ. ს.ფ. 308, 328), რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებასა და დ. ა-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიღებული საკანონმდებლო აქტი იმპერატიულად კრძალავს სახელმწიფო ქონების ამ წესით განკერძოებას, თანაზომიერების პრინციპის დარღვევად ვერ იქნება მიჩნეული სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლების (მოცემულ შემთხვევაში აუქციონის ფორმით ქონების გასხვისება, რაზეც აპელირებს კასატორი) რეალიზება. თანაზომიერების პრინციპთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილებით (საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), განიმარტა, რომ „ადამიანის უფლების შეზღუდვის მიზანს ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს სხვა კონსტიტუციური სიკეთის დაცვა, რადგან უფლების შეზღუდვის საჭიროება, ზოგადად, იმ შემთხვევაში დგება, როდესაც ამ უფლების რეალიზება შემხებლობაში მოდის სხვათა უფლებებთან ან დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებთან“. საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი ნორმები კრძალავს იმ სახის სახელმწიფო ქონების აღიარების ფორმით გასხვისებას, რომელიც ატარებს საჯარო ხასიათს და ქონებით სარგებლობის უფლება განსაზღვრულია პირთა შეუზღუდავი წრისათვს, ამდენად, შეზღუდვის შედეგად დაცული ინტერესი მნიშვნელობით აღემატება შეზღუდულ ინტერესს, ხოლო რაც შეეხება აუქციონის ფორმით ქონების გასხვისების გამო თანაზომიერების პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით კასატორის მოსაზრებებს, იმის გამო, რომ განსახილველი დავის საგანია დ. ა-ას განცხადებასთან დაკავშირები აღიარების კომისიისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული აქტების შესაბამისობა მათი გამოცემისთვის დადგენილ საკანონმდებლო ნორმებთან და არა აუქციონის კანონიერება, საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხზე ვერ იქონიებს არსებით მსჯელობას.
რაც შეეხება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის №... გადაწყვეტილების კანონიერებას, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. პალატა მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მასში ცვლილება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დგინდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებელმა უნდა დაურთოს რეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მაისის №678 განკარგულებით დ. ა-ას უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ, არსებულ 74.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებაზე, შესაბამისად, დ. ა-ამ ვერ წარადგინა მარეგისტრირებელი ორგანოში უფლების დამდგენი დოკუმენტი, რამაც განაპირობა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილების მიღება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს დ აღნიშნავს, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონმდებლობით გათვალიწინებული დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, თავის მხრივ გამოირიცხება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან დ. ა-ას განცხადებაზე, როგორც აღიარების კომისიის, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას არსებობდა მოთხოვნის უარყოფის წინაპირობები, ამდენად არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება;
3. კასატორს - დ. ა-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს 15.05.2020წ. №1589539441 საგადახდო დავალებით გ. ნ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა