საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-245(კ-20) 18 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. უ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. უ-ემ 2019 წლის 22 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: „მ. უ-ეის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №725 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხისთვის მ. უ-ეის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ისა და ... ღონისძიებათა სამმართველოში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და 2019 წლის 21 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე განაცდურის 980 (ცხრაას ოთხმოცი) ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები) ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით მ. უ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „მ. უ-ეის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №725 ბრძანება; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის №ბს-449-442(კ-15) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დასადასტურებელი იყო მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის შემცირების/გაუქმების ფაქტი, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული საშტატო ერთეულის მდგომარეობა. პალატის განმარტებით, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლებოდა, როცა ამგვარი შტატი ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობდა. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალების სამართლებრივი ანალიზი არ ქმნიდა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან მართლზომიერად გათავსუფლების უპირობო საფუძველს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურის შეცვლის მიუხედავად, ახალი სტრუქტურული ერთეული ძველის მსგავსი ფუნქციებით და გაზრდილი საშტატო ერთეულით ჩამოყალიბდა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კი ისე მიიღო მ. უ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რომ არ შეაფასა ახალ სტრუქტურულ ერთეულში მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი საშტატო ერთეულის არსებობის საკითხი. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
კასატორის მითითებით, რეორგანიზებული გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ნაცვლად დამტკიცდა ორი სამმართველო: გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ...ისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველო. საბადრაგო სამმართველო, რომელიც შედგებოდა 456 საშტატო ერთეულისგან (შეეცვალა სახელი და ფუნქცია-მოვალეობები), ჩანაცვლდა ...ისა და ... ღონისძიებათა სამმართველოთი, რომელიც 435 საშტატო ერთეულით განისაზღვრა. ამდენად, სახეზე იყო შტატების შემცირება, რის შედეგადაც, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 52-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მართლზომიერად გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კომპეტენციის ფარგლებში, სადავო აქტი გამოცემული იყო შესაბამისი პროცედურების დაცვით, კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლების მითითებით, ამდენად არ არსებობდა მ. უ-ეის სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების მოსაზრებით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების უარყოფის ნაწილში მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ „მ. უ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №725 ბრძანების კანონიერების შეფასება და ამ ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენების საფუძვლიანობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის MCLA 2 15 00001776 ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 1 ივლისიდან მ. უ-ე იკავებდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ...ო ...ოს ...ოს ...ის (...) თანამდებობას. დადგენილია აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №725 ბრძანების საფუძველზე მ. უ-ეის საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში დათხოვნის ფაქტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების“ მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავარი სამმართველოს ამოცანებს წარმოადგენდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის, ექსტრადიციისა და პენიტენციურ დაწესებულებათა გარე უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მთავარი სამმართველოს ფუნქციები იყო: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა, ექსტრადიცია და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციურ დაწესებულებათა დაცვა კომპეტენციის ფარგლებში; კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების ...ი ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავება და მისი განხორციელება; სამინისტროს სისტემაში არსებული მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება; სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის ორგანიზება; სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენის, აღკვეთის, პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და გახორციელება; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დევნის გახორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა; მთავარ სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განხილავს და შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების გახორციელება. ამავე დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბადრაგო სამმართველოს ფუნქციებში შედიოდა: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა (უსაფრთხო) გაყვანა/გადაყვანა და ექსტრადიცია პენიტენციური დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის პროცესთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური საკითხების ორგანიზების უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; სამმართველოში შესული კორესპონდენციების განხილვა; სავარაუდო ან/და მოსალოდნელი საფრთხის არსებობისას, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბადრაგირების ჯგუფის გაძლიერება დამატებითი შიდა ან/და გარე რესურსებით; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
აღსანიშნავია, რომ გაუქმდა გარე დაცვისა და ბადრაგირების, ასევე, სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოები, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. ამავე ბრძანების №2 დანართის შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა საშტატო ერთეული - ...ისა და ...ი ღონისძიებების მთავარი სამმართველო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №636 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ...ისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მთავარი სამმართველოს ამოცანებს წარმოადგენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვა; პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის, აგრეთვე ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; განსაკუთრებულ შემთხვევებში, გენერალური დირექტორის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა; კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების ღონისძიებებსა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა; კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დევნისა და ძებნის ღონისძიებების განხორციელება; საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სისტემაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ ფასეულობათა (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა; კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვაში მონაწილეობა; სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების გახორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა; კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ახლადდამტკიცებული სტრუქტურული ერთეულის ფუნქციათა უმრავლესობა შედიოდა რეორგანიზებული სამსახურის ფუნქციებშიც.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო. ამავე კანონის 34-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისათვის არ მიუღწევია. საქმეში დაცული სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის MOC 3 18 00004511 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის (დანართი №2) მიხედვით, საბადრაგო სამმართველო მოიცავდა 456 საშტატო ერთეულს, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის (დანართი №1) შესაბამისად, ...ისა და ...ი ღონისძიებების მთავარ სამმართველოში განისაზღვრა 555 საშტატო ერთეული. ამდენად, სახეზეა არა შტატების შემცირება, არამედ გაზრდა.
პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, არ ასაბუთებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას, რადგან დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობას არ გულისხმობს და არ ათავისუფლებს აქტის გამომცემ სუბიექტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებისაგან. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი). განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტიდან არ იკვეთება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების გამოკვლევა, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.
მართალია, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს საკითხის გადაჭრის ყველაზე მისაღები გზის არჩევის მიზანშეწონილობის შემოწმება, მაგრამ სასამართლო ზედამხედველობს ასეთი აქტების დასაბუთებულობის სათანადოობასა და საკმარისობას, მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. განსახილველ შემთხვევაში, სათანადოდ არ არის დადასტურებული სადავო აქტის კანონიერება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზე არ არის შტატების შემცირება, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო სამართლებრივი საფუძვლის არსებობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე იმის შესახებ, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს არსებული საშტატო ერთეულის გაუქმებულად მიჩნევისთვის საკმარის საფუძველს, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ამგვარი შტატი ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს (იხ. სუს. 2015 წლის 8 ივლისის №ბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ახლადდამტკიცებული და რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების ამოცანები და ფუნქციები არსებითად ემთხვევა ერთმანეთს, შესაძლოა არსებობდეს ამ დაწესებულებებში ტოლფასი თანამდებობების მოძიების შესაძლებლობაც. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსაკვლევ საკითხთა ამომწურავ ჩამონათვალს მოიცავს, რასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენა და მათი შეფასება უზრუნველყოფს საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა