Facebook Twitter

№ბს-613(კ-19) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. რ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მესამე პირები - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; ჩ. რ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება

დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 23 მარტს ნ. რ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩ. რ-ას შორის 2012 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით არის აფხაზეთიდან დევნილი და ცხოვრობს ქირით ქ. თბილისი, ...ს ქ. №11-ში. ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და არის სოციალურად დაუცველი პირი. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულებით, ჩ. რ-ასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2012 წლის 4 სექტემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ჩ. რ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. თბილისი, „...ო“, ...ი, №36, ბინა №24, ფართი 45.60 კვ.მ). აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ჩ. რ-ამ აიღო ვალდებულება, ნ. რ-ა უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. თუმცა, ხელშეკრულების დადებისას დაირღვა მოსარჩელის უფლებები, ვინაიდან ხელშეკრულების გრაფაში ის დაუკითხავად და შეუთანხმებლად ჩაწერეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელისთვის არ უცნობებიათ ხელშეკრულების თაობაზე და არც წერილობითი თანხმობა მიუღიათ მისგან, რა დროსაც დაირღვა მოსარჩელის უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ჩ. რ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-ამ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით ნ. რ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ...ი №36, ნაკვეთი ... (ს.კ ...), საკუთრების უფლებით 2012 წლის 8 სექტემბრიდან აღრიცხულია ჩ. რ-ას სახელზე.

ნ. რ-ა წარმოადგენს სოციალურად დაუცველ პირს. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, ...ე, ...ის ქ. №102. მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილია თბილისი, ...ი, ...ი №36. აღნიშნული ასევე წარმოადგენს მის ფაქტობრივ საცხოვრებელსაც.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის.

განკარგულების თანახმად, უძრავი ქონება (ქ. თბილისი, „...ო“, ...ი №36, მე-2 სართული, ბინა №24, ფართობი 45.60 კვ.მ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ჩ. რ-ას, მ. რ-ას და ნ. რ-ას. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა საპრივატიზებო პირობები: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულს პირებს ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა ესარგებლათ და მფლობელობაში არ უნდა ჰქონოდათ რაიმე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, მოპოვებული მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვდნენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე არ გადადიოდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები.

განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 4 სექტემბერს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში „გამყიდველი“) და მეორეს მხრივ ჩ. რ-ას (შემდგომში „მყიდველი“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ჩ. რ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, „...ო“, ...ი №36, მე-2 სართული, ბინა №24, ფართობი 45,60 კვ.მ, ს.კ. ....

ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ჩ. რ-ამ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო მ. რ-ა და ნ. რ-ა საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არ სარგებლობდნენ ან არ ფლობდნენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.

ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა ჩ. რ-ას ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ იგი ვალდებული იყო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოეყენებინა ისე, რომ ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ სათანადო საცხოვრებელი პირობებით.

ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების, გარდა ამ ხელშეკრულების 2.3. და 2.4. პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა, შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის მოტივით სარჩელზე უარის თქმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პრეზიდენტისათვის მინიჭებული უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესში გამოიყენოს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმა. სადავო არ არის ასევე მოსარჩელეზე გასხვისებული ქონების სახელმწიფო საკუთრების ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნიშნავდა იმას, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება არ საჭიროებდა შემოწმებას ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს ხანდაზმულობის საერთო და სპეციალურ ვადებს, შესაბამისად, მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მხრიდან მოცემული ურთიერთობის მიმართ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენება და აღნიშნა, რომ ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლას კანონმდებელი უკავშირებს შესაბამის სამართლებრივ შედეგს, პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტის დადგენას.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე მითითებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული მუხლის დანაწესი იმთავითვე გამორიცხავდა მოსარჩელის ნ. რ-ას მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა უნდა დაუკავშირდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან მიღებულ 2017 წლის 1 თებერვლის №01-02/08/2237 წერილს, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ბინის ქირით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტიდან დადასტურებულია, რომ ნ. რ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილს) და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, ...ი, ...ი №36. სწორედ აღნიშნულ მისამართზე არსებულ უძრავ ქონებაზე დაიდო ხელშეკრულება ჩ. რ-ასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ნ. რ-ა ინფორმირებული იყო ხელშეკრულების დადების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე და ჩ. რ-ა ერთ მისამართზე ცხოვრობდნენ. რაც შეეხება, აპელანტის - ნ. რ-ას მითითებას იმ გარემოებაზე, რომ იგი 2012 წლის დასაწყისიდან არ ცხოვრობდა დედასთან - ჩ. რ-ასთან და მისთვის ცნობილი არ იყო 2012 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსტროსა და ჩ. რ-ას შორის დადებული ხელშეკრულების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მითითებული არგუმენტს, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა არ ამყარებდა საქმეში წარმოდგენილი არცერთი სხვა სახის მტკიცებულება.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო საასამართლოს დასკვნა ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გაშვების ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-ამ.

კასატორმა - ნ. რ-ამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დევნილთა ანკეტაზე დაყრდნობით დადგენილად ჩათვალა, რომ თითქოს იგი ინფორმირებული იყო 2012 წლის 4 სექტემბერს ჩ. რ-ასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე. თუმცა, საქმეში არსებული დევნილთა ანკეტა არ წარმოადგენს 2012 წელს ნ. რ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ მტკიცებულებას. 2012 წლის დასაწყისიდან იგი ცხოვრობდა არა დედასთან ჩ. რ-ასთან, არამედ ქ. თბილისში სხვა მისამართზე, რადგან ფაქტობრივ ქორწინებაში იყო ამჟამინდელ მეუღლესთან.

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლითაც დასტურდება კასატორის ქ. თბილისში სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი.

კასატორი აღნიშნავს, რომ მან 2016 წლის 9 დეკემბერს №60126/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხა.

2017 წლის 1 თებერვალს ნ. რ-ამ ზემოაღნიშნული სამინისტროდან მიიღო წერილი და განმარტება, რომ ვინაიდან მის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ბინა, მის თხოვნას ბინის ქირით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ვერ დააკამყოფილებდნენ.

2017 წლის 21 თებერვალს ჩ. რ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2012 წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულების გადაცემა, რომლის საფუძველზეც ქ. თბილისში ...ი №36, ბინა №24 საკუთრების უფლებით აღირიცხა ჩ. რ-ას სახელზე.

კასატორის მითითებით, სწორედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გახდა მისთვის ცნობილი, რომ მასთან შეუთანხმებლად 2012 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩ. რ-ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჩ. რ-ას ოჯახს, რომელშიც შედიოდა ნ. რ-ა, საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში ...ი №36-ში მდებარე ბინა №24.

კასატორის მითითებით, 2012 წლის 4 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილ იქნა ერთ ეგზემპლარად და ის თავად ჩ. რ-ასთვისაც არ გადაუციათ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება კასატორისთვის ცნობილი გახდა სარჩელის შეტანის შემდეგ.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ დედასთან ერთად ცხოვრების შემთხვევაში სათანადო ორგანოების წარმომადგენლები აუცილებლად ჩამოართმევდნენ მას წერილობით თანხმობას 2012 წლის 4 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებულ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამასა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებულ იძულებით გადადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზაციო ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახების შემადგენლობის შესახებ და დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უნდა ეხელმძღვანელათ და დაყრდნობოდნენ ამ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მითითებით, დაუდგენელია რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა მიჩნეული იგი პრივატიზებულ ფართში მცხოვრებ პირად და ჩ. რ-ას ოჯახის წევრად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. რ-ას საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ნ. რ-ას საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. რ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ნ. რ-ა წარმოადგენს სოციალურად დაუცველ პირს. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, ...ე, ს. ...ის ქ. №102. მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილია თბილისი, ...ი, ...ი №36.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის.

განკარგულების თანახმად, უძრავი ქონება (ქ. თბილისი, „...ო“, ...ი №36, მე-2 სართული, ბინა №24, ფართობი 45.60 კვ.მ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ჩ. რ-ას, მ. რ-ას და ნ. რ-ას. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა საპრივატიზებო პირობები: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირებს ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა ესარგებლათ და მფლობელობაში არ უნდა ჰქონოდათ რაიმე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, მოპოვებული მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვდნენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე არ გადადიოდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები.

განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 4 სექტემბერს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში „გამყიდველი“) და მეორეს მხრივ ჩ. რ-ას (შემდგომში „მყიდველი“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჩ. რ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, „...ო“, ...ი №36, მე-2 სართული, ბინა №24, ფართობი 45,60 კვ.მ, ს.კ. ....

ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ჩ. რ-ამ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო მ. რ-ა და ნ. რ-ა საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არ სარგებლობდნენ ან არ ფლობდნენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.

ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა ჩ. რ-ას ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ იგი ვალდებული იყო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოეყენებინა ისე, რომ ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ სათანადო საცხოვრებელი პირობებით.

ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების, გარდა ამ ხელშეკრულების 2.3. და 2.4. პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა, შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ...ი №36, ნაკვეთი ... (ს.კ ...), საკუთრების უფლებით 2012 წლის 8 სექტემბრიდან აღრიცხულია ჩ. რ-ას სახელზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაზე, რომლითაც დამტკიცდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის; 2. დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. დასახელებული განკარგულების მე-5 თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარშესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს. ამავე განკარგულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე ერთ თვეში შეიმუშავოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა შესაბამის ორგანოს, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების შესაბამისად ახდენდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“. დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით; აღნიშნული განკარგულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომლის კოორდინირებას მოახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ამავე განკარგულების 2.1.5. პუნქტის მიხედვით ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შერჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება; ბ) შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად (სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამით“); გ) შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა; დ) დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება საცხოვრებელი ფართობებების საკუთრებაში გადასაცემად (შეძლებისდაგვარად ორივე მეუღლესთან); ე) დევნილის ოჯახის წარმომადგენლის „შესყიდვის ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერა უზრუნველყოფს პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს; ვ) საბოლოო ეტაპზე ამ ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის საააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დადგენილია, რომ ნ. რ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილი. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედების განსახორციელებლად აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულებით განისაზღვრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, „...ო“, ...ი №36, მე-2 სართული, ბინა №24, ფართობი 45.60 კვ.მ.) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის (ჩ. რ-ა, მ. რ-ა და ნ. რ-ა).

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 4 სექტემბერს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში „გამყიდველი“) და მეორეს მხრივ ჩ. რ-ას (შემდგომში „მყიდველი“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ჩ. რ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, „...ო“, ...ი №36, მე-2 სართული, ბინა №24, ფართობი 45,60 კვ.მ, ს.კ. ....

საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქართველოს ზოგადი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ. რ-ას მიერ სადავოდაა ქცეული მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩ. რ-ას შორის 2012 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ჩ. რ-ასთვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულება ნაწილობრივ. შესაბამისად, სადავოა საკითხი იმის შესახებ, ნ. რ-ა როგორც დევნილი, ითვლება თუ არა სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად იმ პირობებში, როდესაც ჩ. რ-ასთან გაფორმდა საცხოვრებელი ფართის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით ჩ. რ-ამ აიღო ვალდებულება ნ. რ-ა და მ. რ-ა უზრუნველეყო სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემული ბინით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 2.4. პუნქტით ნ. რ-ას ისე აეკრძალა უფლება, როგორც დევნილმა, მოითხოვოს სახელმწიფოსგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს მისთვის უცნობებია, არ მიუწვევია იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, მას არ გაუცია შესაბამისი თანხმობა - წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადებაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლიდან გამომდინარე, სადავო ხელშეკრულებისა და აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ ცალსახად ცნობილი იყო მოსარჩელე ნ. რ-ასთვის. აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ხელშეკრულებაშივე მითითებულია, რომ ხელშეკრულება შედგენილ იქნა ერთ ეგზემპლარად. ხელშეკრულება გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციოდ, არ გადასცემიათ მხარეებს. ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებში, კერძოდ ამონაწერში, მითითებულია მხოლოდ მესაკუთრე ჩ. რ-ა. დამატებით რაიმე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბინას სხვა მოსარგებლეები ჰყავს ან რომ ბინაზე რაიმე უფლება აქვს ნ. რ-ას რეგისტრირებული მონაცემებით არ დასტურდება. ამდენად, ვარაუდი, რომ ნ. რ-ას უნდა სცოდნოდა სადავო ხელშეკრულების თაობაზე, არ დასტურდება.

ამასთან დგინდება, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულება, რომლის შესაბამისადაც ჩ. რ-ასთან გაფორმდა ხელშეკრულება, ნ. რ-ას არ ჩაბარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ ნაწილში მოპასუხე მხარემ ვერ მიუთითა გასაჩივრების ვადის გაშვების გამო სარჩელზე უარის თქმის საფუძვლის არსებობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს უფლება აქვთ სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები (კანონით დადგენილი წესით), ამდენად, სააპელაციო სასამართლო, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს ან შეაფასოს მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის მონაწილეთა ვალდებულებას წარმოადგენს, მათ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ. თავის მხრივ, სასამართლოს ვალდებულებაა, მხარეებს მისცეს მტკიცებულებათა წარდგენისა და საკუთარი პოზიციების დაცვის პროცესუალური შესაძლებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი მოსამართლეს პროცესში აქტიურ როლს ანიჭებს და აძლევს შესაძლებლობას, იზრუნოს საქმის მართებული გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციისა თუ მტკიცებულებათა დამატებით მოპოვებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს 2012 წლის დასაწყისიდან მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლითაც დასტურდება მისი არა დედასთან ჩ. რ-ასთან (ქ. თბილისი, „...ო“, ...ი №36), არამედ ქ. თბილისში, სხვა მისამართზე - ...ის რაიონი, ...ს ქ. №11-ში ცხოვრების ფაქტი, ვინაიდან, ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება გ. ც-ესთან.

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტას, რომელშიც ნ. რ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - ქ. თბილისი, ...ი, ...ი №36, აღნიშნული ანკეტით უდავოდ არ დასტურდება 2012 წელს - ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, ნ. რ-ას სადავო მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოკვლიოს და დაადგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, ნ. რ-ას ქორწინების პერიოდი, ვინაიდან, კასატორი ცალკე ცხოვრების ფაქტს სწორედ ქორწინებას უკავშირებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებში წარმოდგენილი არასაკმარისი მტკიცებულებისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საკითხზე ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩ. რ-ას შორის 2012 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის კანონიერების საკითხზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი და დამატებით მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და საბოლოოდ საქმეზე მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. რ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი