გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 176-დად 11 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ტ-ვას კერძო საკასაციო საჩივარი სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც უარი ეთქვა იმავე სასამართლოს 2000წ. 24 აგვისტოს დადგენილების საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.
საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმებას, გაცდენილი საკასაციო ვადის აღდგენას, სასამართლოს 2000წ. 24 აგვისტოს დადგენილების საკასაციო წესით განხილვას და სასჯელის შემცირებას.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ტ-ვა მსჯავრდებულ იქნა ქ. მოსკოვში 1999წ. 18 მარტს რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 158-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტებით, 159-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტებით და 30-ე და 159-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით და პირადი ქონების კონფისკაცია. მას მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ქურდობისა და თაღლითობისათვის, რაც ჩადენილ იქნა პირთა ჯგუფის მიერ.
მსჯავრდებულ ზ. ტ-ვას სასჯელის მოსახდელად საქართველოში გადმოცემასთან დაკავშირებით საქართველოს სსსკ-ის 619-621-ე მუხლების შესაბამისად რუსეთის ფედერაციის სასამართლოს განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად 2000წ. ივლისში მასალები გადაეცა ქ. სოხუმის სასამართლოს.
სოხუმის საქალაქო და რაიონულმა სასამართლომ ზ. ტ-ას მიმართ დადგენილი განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხი განიხილა 2000წ. 24 აგვისტოს და მიღებული დადგენილებით განაჩენიდან ამორიცხა ზ. ტ-ვას პირადი ქონების კონფისკაცია და სასჯელის მოხდა განუსაზღვრა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სხვა ნაწილში განაჩენი დატოვა უცვლელად.
2000წ. 9 სექტემბერს სასამართლომ დადგენილება აღსასრულებლად გადაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების განყოფილებას. ზ. ტ-ვა სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულებაში.
2002წ. 27 ივნისს ზ. ტ-ვამ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვა სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 აგვისტოს დადგენილების გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენა და სასჯელის შემსუბუქება.
საჩივარი გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა სოხუმის საქალაქო და რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ამჟამად მსჯავრდებული ზ. ტ-ვა სასამართლოს დადგენილების საკასაციო გასაჩივრების ვადის გაცდენას ხსნის იმით, რომ მას არ ჩაბარებია სასამართლოს დადგენილების ასლი და არ მიუღია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისჯილი სასჯელი _ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა _ სასამართლომ დაუტოვა უცვლელად. როცა მისთვის ამის შესახებ გახდა ცნობილი, მაშინვე მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მისი საჩივარი უზენაესი სასამართლოდან ჯერ აფხაზეთის უმაღლეს სასამართლოს გადაეგზავნა, შემდეგ _ ქ. სოხუმის და სოხუმის რაიონულ სასამართლოს, რის გამოც ამ საჩივრის განხილვა გაჭიანურდა.
სასჯელის შემსუბუქების მოტივად კი მსჯავრდებული ზ. ტ-ვა მიუთითებს მძიმე ოჯახურ მდგომარეობაზე, რომ არის აფხაზეთიდან ლტოლვილი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებული მოხუცი მამა, ადრე ნასამართლობის მქონე არ არის, დანაშაული ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რასაც ინანიებს.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ჯ. გ-მა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ზ. ტ-ას პირადი საქმის გამოკვლევით მართლაც დასტურდება, რომ მას არ გაცნობია სოხუმის სასამართლოს დადგენილება, რის გამოც მხარი დაუჭირა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას და სასჯელის ორი წლით შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები და საჩივართა მოტივები, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საკასაციო ვადის აღდგენაზე და საკასაციო საჩივარი სასჯელის ვადის შემცირებაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წარმოდგენილი ცნობით დგინდება, რომ მსჯავრდებულ ზ. ტ-ას არ ჩაბარებია და არ გაცნობია სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს დადგენილება მის მიმართ რუსეთში დადგენილი განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების გაშვებული ვადა მას საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს.
რაც შეეხება სასჯელის ღონისძიებას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ზ. ტ-ვას მიერ რუსეთის ფედერაციაში დანაშაულის ჩადენის და მისი მსჯავრდების დროს საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი იმ დანაშაულებებზე რაც მის მიერ არის ჩადენილი, სავალდებულო წესით არ ითვალისწინებდა სასჯელთა მთლიან ან ნაწილობრივ შეკრებას. ამის გამო საქართველოში სასჯელის მოხდის დროს ზ. ტ-ვას მოსახდელად უნდა დარჩეს თითოეული დანაშაულისათვის რუსეთის სასამართლოს მიერ მისჯილი უმაღლესი სასჯელი, ანუ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში კი უცვლელად უნდა დარჩეს სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 აგვისტოს დადგენილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ტ-ვას კერძო და საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს:
მსჯავრდებულ ზ. ტ-ვას საპატიოდ ჩაეთვალოს სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს დადგენილების საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადა;
სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 აგვისტოს დადგენილებაში სასჯელის განსაზღვრის ნაწილში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ზ. ტ-ვას მოსახდელად დარჩეს ქ. მოსკოვის მუნიციპალიტეტთაშორისი სასამართლოს 1999წ. 18 მარტის განაჩენით ქურდობის, თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობისათვის ცალ-ცალკე შეფარდებული სასჯელის უმაღლესი სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა _ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების გამოყენების გარეშე;
სოხუმის სასამართლოს 2000წ. 24 აგვისტოს დადგენილება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.