Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-192(2კ-21) 1 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...მა“ 2018 წლის 24 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სს ,,...ს“ 2013 წლის 16 იანვრის №1139/04 და 2013 წლის 20 თებერვლის №4058/09 განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4/5498 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და შპს ,,...ს“ 2017 წლის 12 დეკემბრის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 03 აპრილის №17/18997 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ასევე - ,,შპს ,,...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 13 ნოემბრის №1-1/512 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის დავალება შპს ,,...ს“ 16.01.2013 წლის №1139/04 და 20.02.2013 წლის №4058/09 განცხადების, ასევე 2017 წლის 12 დეკემბრის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,...ს“ მიერ შეძენილ, ქ.თბილისში, ...ის ქუჩის №10-ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 1154 კვ.მეტრი საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისათვის მისაკუთვნებელი მიწის ფართობის განსაზღვრისა და აღნიშნულის სანაცვლოდ გადასახდელი თანხის დადგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 13 ნოემბრის №1-1/512 ბრძანება ,,შპს ,,...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4/5498 და 2018 წლის 03 აპრილის №17/18997 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,...ს“ მიერ წარდგენილ განცხადებებთან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არ შეიცავს მსჯელობას და ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას სამინისტროს მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლომ მხოლოდ ის მიუთითა, რომ სახეზე იყო სადავო აქტის კანონშეუსაბამობა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა გამოკვლევა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ გვერდი აუარა და არ მიუთითა, თუ რა გარემოება უნდა გამოეკვლია (გარდა იმისა, რაც სრულად გამოიკვლია სამინისტრომ) და არ გამოიკვლია სამინისტრომ. ამდენად, სასამართლოს მწირი „დასაბუთება“ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს ფაქტობრივად არც კი გამოუკვლევია სამინისტროს აქტში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და აღნიშნული გარემოებები სამართლებრივად არც კი შეუფასებია.

სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის (საქმე N3/3013-13) ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლითაც სპს „...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, სადავო ქონების სახელმწიფოზე რეგისტრაციის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 26 ოქტომბრის N05/24309 მიმართვა და საჯარო რეესტრის შესაბამისი გადაწყვეტილება და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სპს „...ს“ მიერ წარდგენილი მოთხოვნების ნაწილში, სასამართლომ ძალაში დატოვა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის N4/5498 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა ემსჯელა აღნიშნული აქტის კანონიერებაზე სამინისტროში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში.

კასატორის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, წარმოების ფარგლებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევასა და საქმის გარემოებების შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემას. აქტის გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ უკვე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევითა და შეფასებით და უფლებამოსილია გამოავლინოს ახალი ფაქტები, მტკიცებულებები და ერთობლიობაში მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება, რაც განხორციელდა კიდეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სადავო 2018 წლის 13 ნოემბრის N1-1/512 ბრძანების გამოცემით. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ აქტის გამოცემისას სამინისტრო ხელმძღვანელობდა არა მხოლოდ საკანონმდებლო დანაწესით, არამედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებითაც (საქმე Nბს-456-453(2კ-17), რომლის თანახმად „ადმინისტრაციულ ორგანოებს არ შეუფასებიათ 21.02.1992წ ხელშეკრულება და 22.02.1992წ. მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც შპს „...ს" უფლებადამდგენი დოკუმენტები. ორგანოები უფლებამოსილები იყვნენ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით სზაკ-ის 97-ე მუხლის საფუძველზე გამოეთხოვათ მტკიცებულებები, შეეგროვებინათ დამატებითი დოკუმენტაცია, მოესმინათ დაინტერესებული პირისთვის, რაც მათ არ განუხორციელებიათ" და რომლითაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ არა მხოლოდ მტკიცებულებების გამოკვლევა, არამედ შპს „...ს" უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შეფასებაც.

შპს „...ს" მოთხოვნა დაფუძნებულია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კომპანიამ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 თებერვლის N2/368-1 წერილის, იმავე წლის 22 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება ...ის ქ. N10-ში მდებარე „...ს“ შენობებსა და ნაგებობებზე, ხოლო სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პრიმა პუნქტი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი, შესაბამისად სადავო აქტების კანონიერების შემოწმებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტის შეფასებასა და დადგენას, 1992 წლის 21 თებერვალს გაცემული წერილითა და მის საფუძველზე დადებული გარიგებით განხორციელდა თუ არა უძრავი ქონების გასხვისება „კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს“ მიერ, რაც სასამართლოს არ გაუკეთებია. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაერთგან ვხდებით ჩანაწერს, რომ სადავო ფართზე დასტურდება შპს-ს უფლება, რაც ასევე არის გაუგებარი და ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ საქმეში არსებულ ფაქტებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. თუკი სასამართლოს დაშვებით, შპს-ს საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე უკვე გააჩნია, რატომ იქნა მიღებული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა. ამდენად, სასამართლოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და დასაბუთება, არათანმიმდევრულია და ურთიერთგამომრიცხავი.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ 1992 წლის 21 თებერვლის N2/368-1 წერილი, რომელიც გაცემულია „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს საბჭოს“ სახელით, არა თუ სახელმწიფო ქონების განკარგვისთვის უფლებამოსილი „კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს“ მიერაა შექმნილი, არამედ წარმოადგენს არარსებული ორგანოს სახელით შექმნილ დოკუმენტს, ვინაიდან „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო“ 1992 წლის 21 თებერვლისთვის სამართლებრივად არ არსებობდა, ხოლო „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ ქმედებები საერთოდ ანტიკონსტიტუციურადაა გამოცხადებული. რაც შეეხება მოცემული წერილის საფუძველზე გაფორმებულ ხელშეკრულებასა და მიღება ჩაბარების აქტს, ადგილი ჰქონდა არა ქონების კანონიერი მესაკუთრის - სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ნების გამოვლენას სახელმწიფოს ქონების განკარგვის თაობაზე, არამედ - არაუფლებამოსილი პირის მიერ ისეთი გარიგების დადებას (უცილოდ ბათილი გარიგება), რომელსაც არ შეიძლება მოჰყვეს შემდგომი სამართლებრივი შედეგები, იმიტომ, რომ ქონება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ერთადერთი ორგანო იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი (აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ვრცლადაა ასახული სადავო, 2018 წლის 13 ნოემბრის N1-1/512 ბრძანებაში, ხოლო შესაბამისი მტკიცებულებები დაცულია საქმეში). გასაჩივრებული გადაწყვეტილების 8.2 ნაწილში მითითებულია, რომ პალატა ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 24 მარტის N1-3/182 ბრძანებაზე, რომელიც სასამართლოს მტკიცებით ეხება შპს „...ს“ მიერ ქონების შესყიდვის კანონიერებას. აღნიშნული ადასტურებს, თუ რამდენად არაობიექტურად შეაფასა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათი სათანადო შეფასების პირობებში, სასამართლოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 24.03.1997 წლის N1-3/182 ბრძანებით დასტურდება, რომ ასოციაცია „...ს“ მიერ ქონების შესყიდვა ჩაითვალა არაკანონიერად (აღნიშნული ბრძანება მხარის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა), რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ მხარის კანონიერი ინტერესი არ არსებობს სადავო ქონებაზე. სააპელაციო სასამართლო უთითებს ზოგადად მოწინააღმდეგე მხარის მიერ გარემოებების არასათანადო შეფასებაზე, თუმცაღა ვერ უთითებს ვერც ერთ სამართლის ნორმას და შესაბამის მტკიცებულებას, რას ემყარება სააპელაციო სასამართლოს ზოგადი მითითება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჯერ კიდევ 1997 წელს სადავო უძრავი ქონება (მდებარე ...ის ჩიხი N10) მოსარჩელის მიერ უკანონოდ იქნა შესყიდული. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სასამართლოსთვის ნათელი გახდებოდა, რომ მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია კანონიერი ინტერესი სადავო ქონების მიმართ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, არასწორადაა განმარტებული სამართლებრივი ნორმები, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თვალსაზრისით.

სააგენტოს მიუთითებს, რომ 2013 წლის 16 იანვარს N1139/04 და 2013 წლის 20 თებერვალს N4058/09 განცხადებებით მიმართა სპს „...ს“ დირექტორმა ჯ. ფ-ემ და მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის N2/368-1 წერილით გაცემული ნებართვის საფუძველზე, 1992 წლის 22 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით ...ის თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის მიერ მის ბალანსზე რიცხული ...ის ქუჩის N10-ში მდებარე N168 ობიექტის - ...ს ასოციაცია „...სთვის“ გადაცემა. ხსენებულ განცხადებაზე, სპს „...ს“ დირექტორს ჯ. ფ-ეს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის N4/5498 წერილით ეცნობა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის I (პრიმა) პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელი ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავდა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდა საკუთრების უფლების აღიარება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვერ დგინდებოდა ქ.თბილისში, ...ის ქუჩის N10-ში მდებარე „...ს“ შენობა-ნაგებობების საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგვა, სააგენტოს არ გააჩნდა უფლებამოსილება, ემსჯელა შესაბამისი მიწის ნაკვეთის სპს „...სათვის“ მიკუთვნების თაობაზე. ამასთან, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 04 აპრილის N05/6655 წერილით ეცნობა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 (პრიმა) მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 25 ოქტომბრის N818 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი არის მმართველობის ცენტრალური ორგანო, რომლის კომპეტენციაში შედის სახელმწიფო საკუთრების განკარგვა, სახელმწიფო საკუთრების მართვის დეცენტრალიზება და მისი პრივატიზება. აღნიშნული ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებებს, დებულებებს, ინსტრუქციებს და სხვა ნორმატიულ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იყო რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებებისთვის და აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციებისთვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. კომიტეტის თავმჯდომარეს წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის ყოფილი ქონების, ნებისმიერი სახით განკარგვაზე უფლებამოსილ ერთადერთ ლეგიტიმურ სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი. გამომდინარე იქიდან, რომ 1992 წლის 21 თებერვლის N2/3681 წერილის გაცემითა და ...ის ...-სა და ასოციაცია „...ს“ შორის 1992 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების დადებით ადგილი ჰქონდა არა ქონების კანონიერი მესაკუთრის - სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ნების გამოვლენას სახელმწიფოს ქონების განკარგვის თაობაზე, არამედ არაუფლებამოსილი პირის მიერ ისეთი გარიგების დადებას, რომელსაც არ შეიძლება მოჰყოლოდა შემდგომი სამართლებრივი შედეგები იმიტომ, რომ ქონება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ერთადერთი ორგანო იყო ,,საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი“ და არა „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო“. ამდენად, სააგენტო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა 2013 წლის 13 მარტის N4/5498 და 2018 წლის 03 აპრილის N17/18997 წერილების ბათილად ცნობის საფუძველი. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ მათი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც უკანონო უნდა გაუქმდეს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, მოცემულ საქმეზე არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში შპს „...ს“ მიერ გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4/5498 და 2018 წლის 03 აპრილის №17/18997 წერილები, რომლითაც შპს „...ს“ უარი ეთქვა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და შესაბამისი საზღაურის განსაზღვრაზე, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 13 ნოემბრის №1-1/512 ბრძანება, რომლითაც შპს ,,...ს“ 2013 წლის 8 მაისის №11440/09 და 2018 წლის 30 აპრილის №7481/21 ადმინისტრაციული საჩივრები სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4/5498 და 2018 წლის 03 აპრილის №17/18997 წერილების ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ქმედების დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ სადავო აქტები გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის (საქმე №3/3013-13) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც სპს ,,...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 26 ოქტომბრის №05/24309 მიმართვა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ქ.თბილისი, ...ის ჩიხი №2-ში არსებულ 6054 კვ.მეტრ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მასზე მდგომი შენობა - ნაგებობით); სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 15 ივლისის №1-1/182 ბრძანება ,,სპს ,,...ს“ დირექტორის ჯ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა განეხილა და სპს ,,...ს“ მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიეღო არსებითი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2017 წლის 12 დეკემბერს შპს ,,...ს“ დირექტორმა ჯ. ფ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, ...ის ქუჩის №10-ში მდებარე 6054 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 1154 კვ.მეტრი საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და შესაბამისი საზღაურის განსაზღვრა. აღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 აპრილის №17/18997 წერილით შპს ,,...ს“ დირექტორს ეცნობა, რომ მის კორესპონდენციაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხი ეცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4/5498 წერილით. 2013 წლის 13 მარტის №4/5498 ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ ვინაიდან ვერ დგინდებოდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №10-ში მდებარე ,,...ს“ შენობა - ნაგებობების საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგვა, სააგენტოს არ გააჩნდა უფლებამოსილება, ემსჯელა შესაბამისი მიწის ნაკვეთის სპს ,,...სათვის“ მიკუთვნების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №3/3013-13) საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით გაუქმდა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სახელმწიფოს საკუთრების უფლება. ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 24 მარტის №1-3/182 ბრძანებით ცნობად იქნა მიღებული უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველოს მოხსებითი ბარათი ასოციაცია ,,...ს“ მიერ ქონების შესყიდვის უფლების შესახებ. ასოციაცია ,,...ს“ მიერ ქონების შესყიდვა ჩაითვალა არაკანონიერად. შესაბამის სამმართველოს დაევალა საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის აღძვრა ასოციაცია ,,...სა“ და ყოფილი ...ო ოლქის საბინა-საექსპლუატაციო ნაწილის შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, თუმცა აღნიშნული მოთხოვნით მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის შესახებ ინფორმაცია მოპასუხეთა მიერ არ არის წარდგენილი.

2006 წლის 18 აპრილის №21/719/6-6 წერილით დადასტურებული იქნა სსრკ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 20მარტის №280 და 1990 წლის №971 დადგენილებების, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 20 მარტის №342 დადგენილების, ...ის საბინაო საექსპლუატაციო სამმართველოს 1990 წლის 6 აპრილის №75 ბრძანების, 1992 წლის 22 თებერვლის ქვითრით განხორციელებული ქ.თბილისში, ...ის ქუჩის №10-ში მდებარე ძირითადი საშუალებებისა და მასალების ასოციაცია ,,...სათვის“ გადაცემა, რასაც ასევე ადასტურებდა და სადავოდ არ ხდიდა საქართველოს კონტროლის პალატის 24.03.1997 წლის შემოწმების აქტი.

ამდენად, ცალსახაა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება შპს „...ს“ განცხადებასთან დაკავშირებით, კერძოდ, უნდა შეეფასებინა სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულები, მათ შორის 1992 წლის 21 თებერვლის №2/3681 წერილი, ...ის ...-სა და ასოციაცია ,,...ს“ შორის დადებული 1992 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულება, რაც არ განხორციელებულა და მოთხოვნის უარყოფის ერთადერთ არგუმენტად სადავო ქონების არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ განკარგა მიეთითა.

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში მოთავსებული №2/3681 წერილი დათარიღებულია 1992 წლის 21 აპრილით, თუმცა შემდგომში ამ წერილის თარიღად მითითებულია 1992 წლის 21 თებერვალი. აღნიშნული წერილით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ თანხმობა განაცხადა ასოციაცია ,,...ზე'' გადაცემულიყო ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. სწორედ ამ წერილის საფუძველზე ...ის ...-სა და ასოციაცია ,,...ს“ შორის, 1992 წლის 21 თებერვალს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ასოციაცია ...მა მიიღო ...ის ქუჩის №10-ში მდებარე ,,...ს“ შენობები და ნაგებობები და აიღო ვალდებულება სანაცვლოდ თბილისის რაიონის ...-თვის გადაეხადა ერთი მილიონი მანეთი და დაეფარა დავალიანების მთელი თანხა, რომელიც გააჩნდა იმჟამად ,,...ს“ ტერიტორიაზე მომუშავე კოოპერატივ ,,...ს“, რა ვალდებულებაც ასოციაცია ,,...ს“ მიერ შესრულდა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო აქტები არ შეიცავს მითითებას მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევასა და მათ შინაარსზე სათანადო მსჯელობის შესახებ, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა ყურადღება გამახვილებული კოოპერატივ „...საგან“ ...სათვის გადაცემული ქონებრივი უფლების შესახებ ქონების გადაცემის დროს მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა, შესწავლა და შეფასება, ამ მიზნით ორგანოს მიერ დოკუმენტების გამოთხოვა, ცნობების შეგროვება, დაინტერესებული მხარეების მოსმენა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ზომების გამოყენება მტკიცებულებათა სრულად შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით. ამდენად დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო სადავო აქტების კანონიერების მტკიცება შესაბამისი დასაბუთებული არგუმენტაციით.

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ მოსაზრებას შპს „...ს“ მიერ ქონების არაუფლებამოსილი პირისგან შეძენის თაობაზე და აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 26 ნოემბრის (საქმე №3/3013-13) გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს სწორედ უძრავ ნივთთან დაკავშირებული უფლების შეფასების შემდეგ, არსებითად უნდა ემსჯელა შპს „...ს“ განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით გამოსცეს სადავო აქტები. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი, თუმცა ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ იგი შეიქმნა სწორედ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 20 მაისის დეკრეტით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო კი იმ პერიოდისთვის წარმოადგენდა საქართველოს დროებით მთავრობას (საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა 1992 წლის 11 მარტს), შესაბამისად ...ის ...-სა და ასოციაცია ,,...ს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაზე მითითებულ თარიღზე აპელირებით სადავო ქონების არაუფლებამოსილი პირის მიერ განკარგვის გამართლება, დაუსაბუთებელია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა