Facebook Twitter

ბს-706(2კ-19) 16 მარტი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 08.08.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ნ. გ-ის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელების დავალება, მერიისათვის გორის მუნიციპალიტეტის მერიის მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროს სპეციალისტად (...ის განყოფილებაში) ნ. გ-ის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2017 წლის დეკემბრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

გორის რაიონული სასამართლოს 06.12.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მობილობის შეუძლებლობის გამო ნ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 08.08.2018წ. N658-კ ბრძანება გათავისუფლების თარიღად წინა რიცხვის - 06.02.2018წ. აღნიშვნის ნაწილში, ნ. გ-ის სარჩელი მობილობის შეუძლებლობის გამო მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 08.08.2018წ. N658-კ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. გ-ისათვის 2018 წლის 01 მარტიდან აგვისტომდე (5 თვე) თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება 580 ლარის ოდენობით, ნ. გ-ის სარჩელი 2017 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით 650 ლარის ანაზღაურების დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სარჩელი მობილობის პროცედურების განხორციელებისა და თანამდებობაზე დანიშვნის დავალების ნაწილში. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-მა და გორის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 15.06.2017 წ. დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − გორის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი გორი, დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერის 05.01.2015 წ. ბრძანებით ნ. გ-ი დაინიშნა თვითმმართველი ქალაქის - ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით, თუმცა იგი მუშაობდა ამ თანამდებობაზე 2017 წლის 14 ნოემბრამდე. „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 26.07.2017წ. ორგანული კანონის 2.3 მუხლის თანახმად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულ მუნიციპალიტეტების მერებს/საკრებულოების თავმჯდომარეებს დაევალათ, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველეყოთ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, შესაბამისი მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით, გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ გორისა და გორის თვითმმართველი თემების გაერთიანების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოყალიბდა ...ი, სადაც მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტები განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით. აღნიშნულ თანამდებობაზე, ძველი შტატებისა და დაკავებული თანამდებობების გათვალისწინებით, მობილობით შესაძლოა გადაყვანილი ყოფილიყო სულ 4 პირი - ნ. შ-ი, ნ. ხ-ი, მ. გ-ე და ნ. გ-ი. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 29.11.2017წ. და 13.12.2017წ. ბრძანებებით, ...ის მე-4 რანგის 1-ლი და მე-2 კატეგორიის სპეციალისტების 3 საშტატო ერთეულზე მობილობის წესით გადაყვანილი იქნენ ნ.შ-ი, ნ. ხ-ი და მ. გ-ე, ნ. გ-ს კი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 08.08.2018 წ. ბრძანებით უარი ეთქვა როგორც ამ, ასევე ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე მობილობის წესით გამწესებაზე და გათავისუფლდა სამსახურიდან. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას მერიამ სრულად გამოიკვლია საქმის გარემოებები, გაითვალისწინა საჯარო მოხელეთა შეფასებები, განათლება, გავლილი სასწავლო კურსები და სამუშაო გამოცდილება და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ ...ის მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულზე მობილობის წესით გადაყვანასთან მიმართებაში მითითებული 4 პირი იმყოფებოდა მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში და ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა რა ერთ თვითმმართველ ერთეულად გორის მუნიციპალიტეტად, რასაც თან ახლდა შტატების შემცირება, ეს პროცესი ქმნიდა მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის შემცირების აუცილებლობას. ამა თუ იმ დაწესებულების იმდაგვარი რეორგანიზაცია, რასაც თან ახლავს შტატების შემცირება თუ გაუქმება, იმ მოხელეეებისათვის, რომლებიც ვერ დასაქმდნენ შემცირებულ შტატებზე, მტკივნეულად და არასამართლიანად აღქმადია. 3 საშტატო ერთეულზე მობილობის წესით გადაყვანასთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში მყოფი 4 მოხელიდან სამის შერჩევისას არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მე-4 პირის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ თუ მიკერძოებულ და დაუსაბუთებელ მიდგომას. პალატამ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, ტოლფასი ან დაბალი რანგისა და კატეგორიის პოზიციებზე მოსარჩელის გადაუყვანლობის საფუძვლებთან მიმართებაში მიიჩნია დასაბუთებულად. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ. გ-ს მინიჭებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ...ის სპეციალობით, იგი მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის სპეციალისტისა და ...ის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობებზე. ამდენად, იმის გამო, რომ სრულიად განსხვავებულია მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ შესასრულებელი ფუნქცია - მოვალეობები, დასაბუთებულად და კანონიერად იქნა მიჩნეული მოპასუხის გადაწყვეტილება მოსარჩელის კომპეტენციის საფუძველზე მითითებით მობილობაზე უარის თქმის შესახებ. პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ კონკრეტულ პოზიციაზე უფრო მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე მოხელის დანიშვნა უფრო პროდუქტიულს გახდის მერიის ფუნქციონირებას, ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების უფრო სწრაფ, ხარისხიან და ეფექტურ განხორციელებას და ამის შედეგად დაინტერესებულ პირთათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდებას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 110.1 მუხლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის მობილობა შეუძლებელია. დადგენილია, რომ ნ. გ-ი გორის მუნიციპალიტეტის მერიის 08.08.2018წ. ბრძანებით სწორედ ამ საფუძვლით იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. შესაბამისად, ნ. გ-ის გათავისუფლების ნაწილში სადავო აქტი კანონიერია. სადავო 08.08.2018წ. ბრძანება არამართლზომიერად იქნა მიჩნეული ნ. გ-ის 2018 წლის 6 თებერვლიდან გათავისუფლების ნაწილში (სუს 08.09.2011წ. Nბს-640-635(2კ-11) გადაწყვეტილება, 07.10.2010 წ. Nბს-474-454 (კ-10) განჩინება). პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოხელის არა აქტის გამოტანის, არამედ წინა რიცხვიდან გათავისუფლების ნაწილში უკანონოა, აქტის შინაარსის ამგვარი ფორმულირებით ხდება ამ აქტით დამდგარი იურიდიული შედეგების მოქმედების გავრცელება წინა პერიოდზე, რაც დაუშვებელია.

პალატამ მიუთითა, რომ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 20.04.2017 წ. №199 დადგენილებით) მე-8 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო 11.3 მუხლის მიხედვით, მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში. ნ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების, მობილობის წესით იმავე, ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობაზე გამწესებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო მითითებულ 3 თვიან ვადაში, თუმცა არც გათავისუფლებაზე და არც მობილობის გამოყენებაზე უარის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რაიმე სახის წერილობითი აქტი 2018 წლის 8 აგვისტომდე არ გამოცემულა. აღნიშნულით დაირღვა როგორც კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე დაინტერესებული პირის - ნ. გ-ის უფლებები და ინტერესები. მისი რეზერვში ჩარიცხვის შესახებ 06.02.2018 წ. ბრძანება კი სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 57.2 მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება. გამომდინარე იქედან, რომ ნ. გ-ი, ფორმალურ-იურიდიული თვალსაზრისით სამსახურიდან გათავისუფლდა 08.08.2018 წ., მას უნდა მიეცეს შრომის ანაზღაურება საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილების 8.1 მუხლით განსაზღვრული 3-თვიანი ვადის გასვლიდან - 2018 წლის 1 მარტიდან აგვისტომდე თანამდებობრივი სარგოს - 580 ლარის ოდენობით. მართალია, ნ. გ-ი ამ თანხის ანაზღაურებას ითხოვს იძულებითი განაცდურის სახით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ ხდება სამსახურში აღდგენა, ეს თანხა უნდა ანაზღაურდეს იმ შრომითი გასამრჯელოს სახით, რაც ნ. გ-ს უნდა მიეღო გათავისუფლებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და ნ. გ-მა.

კასატორმა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის 15.06.2017წ. დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა. ვინაიდან გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ არ იქნა ნ. გ-ი მობილობის წესით გადაყვანილი ახალი მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო ძველი მუნიციპალიტეტის მერიაში თავისთავად ვერ გააგრძელებდა მუშაობას მისი გაუქმების გამო, დგინდება, რომ 2017 წლის 14 ნომბრიდან ნ. გ-ი ფაქტობრივად გათავისუფლებული იყო სამსახურიდან, რასაც ნ. გეალშვილი თავადაც ადასტურებს. კასატორმა აღნიშნა, რომ შრომის ანაზღაურება პირს ეძლევა დასაქმების პერიოდში კონკრეტული სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ, შესაბამისად, არასწორია ნ. გ-ისთვის იმ 5 თვის პერიოდის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, როდესაც იგი აღარ იყო დასაქმებული მუნიციპალიტეტის მერიაში.

კასატორი ნ. გ-ი მიიჩნევს, რომ ნ. გ-ი, ნ. შ-ი, მ. გ-ე და ნ. ხ-ი არ იმყოფებოდნენ თანაბარ მდგომარეობაში, ნ. გ-ის სამუშაო გამოცდილება აღემატებოდა დანარჩენი სამი პირის სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს მისი დასაბუთების ვალდებულებისაგან. ნ. გ-ი სამუშაო გამოცდილების კუთხით იმყოფებოდა უპირატეს მგომარეობაში, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მერიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორმა აღნიშნა, რომ მას მინიჭებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ...ის სპეციალობით, იგი მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სპეციალისტისა და ...ის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე, იყო მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, რომლის მიმართ წაყენებული მოთხოვნებიც განსაზღვრულია „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვლის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26.04.2017წ. N215 დადგენილებით. ვაკანსიების არსებობის მიუხედავად ნ. გ-ისთის არ მომხდარა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ტოლფასი ან დაბალი თანამდებობის შეთავაზება. კასატორმა აღნიშნა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა 2017 წლის ნოემბერში. ის, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დარღვეულ იქნა მობილობის ვადები, არ უნდა აისახოს ნ. გ-ისათვის ასანაზღაურებელი სარგოს ოდენობაზე. საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული მობილობის წესის გათვალისწინებით, მობილობა უნდა დასრულებულიყო 2017 წლის ნოემბერში, შესაბამისად სწორედ ამ პერიოდიდან 2018 წლის აგვისტომდე უნდა მომხდარიყო თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირება („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.1 მუხ.). მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გათავისუფლებული მოხელე. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ „გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 15.06.2017წ. დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი გორი. ამასთანავე, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 26.07.2017წ. ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეული მუნიციპალიტეტების მერებს/საკრებულოს თავმჯდომარეებს დაევალათ, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველეყოთ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერებში/საკრებულოების აპარატებში. საქმის მასალების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქი გორის და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ ახლებულრად ჩამოყალიბდა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა, კერძოდ, გაერთიანებამდე არსებული 4 შტატის ნაცვლად, გაერთიანების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ...ში მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტთა რიცხოვნობა განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით. ამდენად, უდავოა, რომ გაერთიანებას მოჰყვა შტატის შემცირება, რაც ქმნიდა მობილობის პროცედურის განხორციელების განხორციელების საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის მიხედვით, მობილობა გულისხმობდა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადაყვანას სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე (3.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.). ტოლფასი თანამდებობის შეფასებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივ - სამართლებრივი გარემოებანი განსაზღვრავს, ამასთანავე, ტოლფასი ყოველთვის იდენტურს არ ნიშნავს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ნ. გ-ის მიერ გაერთიანებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა იყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილებაში არსებული მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის შტატი. სხვა რაიმე თანამდებობაზე, რომელიც შესაძლოა გათავისუფლებამდე ნ. გ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი ყოფილიყო, მხარეებს არ მიუთითებიათ, შესაბამისად, საქმის მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, მიიჩნევა, რომ ნ. გ-ის მიერ გაერთიანებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა იყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილებაში არსებული მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის შტატი. მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანების შემდეგ აღნიშნული შტატების რაოდენობა განისაზღვრა 3 ერთეულით, ხოლო გაერთიანებამდე ...ის უზრუნველყოფის განყოფილებაში არსებობდა მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის 4 შტატი. ამდენად, გამოირიცხებოდა გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბებულ ...ის განყოფილებაში ოთხივე სპეციალისტის გადაყვანის შესაძლებლობა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 07.03.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნ. გ-ის მიმართ მობილობის წესით ...ის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის ან მის ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება, გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. გ-ის მიმართ მობილობის განხორციელების თუ მისი შეუძლებლობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევა როგორც მის მიერ დაკავებულ, ასევე ტოლფასი ან დაბალი რანგის თანამდებობასთან მიმართებაში, კონკრეტულ თანამდებობაზე ნ. გ-ის დანიშვნისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. გ-ის რეზერვში ჩარიცხვისა და მისთვის კომპენსაციის გაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 06.02.2018წ. ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ დასაბუთებას საჭიროებდა ვაკანტურ საშტატო ერთეულებზე კონკრეტული პირების შერჩევის საფუძვლები, ნ. გ-თან მიმართებით დანარჩენი სამი პირისათვის უპირატესობის მინიჭება, ნ. გ-ის ტოლფასი ან დაბალი რანგის თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობისა თუ შეუძლებლობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებში შეფასდა არსებული 4 სპეციალისტის განათლება, გავლილი სასწავლო კურსები, სამუშაო გამოცდილება, სამსახურებრივი შეფასება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ აღნიშნული პირები მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რის გამო ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო დისკრეციის ფარგლებში მიეღო ყველაზე მიზანშეწონილი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია საშტატო ნუსხის განსაზღვრისას, ასევე ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებისას, კონკრეტული სუბიექტის თანამდებობაზე დანიშვნისას სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, სასამართლო კონტროლი ამ პროცესზე მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, 4 კანდიდატის კომპეტენციისა და გამოცდილების ურთიერთშედარების გათვალისწინებით. კასატორ ნ. გ-ის მოსაზრება, რომ იგი დანარჩენ სამ პირთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა, არ არის დასაბუთებული. მობილობის პროცესში კონკრეტულ თანამდებობაზე პირთა შერჩევისას მათი სამუშაო გამოცდილება არის სათანადო გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი და არა ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი. მობილობისას ხდება არსებულ კანდიდატთა არა მხოლოდ გამოცდილების, არამედ აგრეთვე პროფესიული უნარ-ჩვევების, კომპეტენციის, პიროვნული მახასიათებლების, კრეატიულობის და სხვა გარემოებების ურთიერთშედარება. ამდენად, სხვა პირებთან შედარებით ნ. გ-ის სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობა, არ ქმნიდა უპირობოდ თანამდებობაზე ნ. გ-ის დანიშვნის ვალდებულებას. გასათვალისწინებელია, რომ ნ. გ-ი ვერ უთითებს დანარჩენ სამ კანდიდატთან მიმართებით სამუშაო გამოცდილების გარდა მისი უპირატესობის დამდგენ სხვა რაიმე გარემოებაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების კანონიერად ჩატარების, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების პირობებში, მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ. გ-ის სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობა აღემატებოდა დანარჩენი სამი პირის სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას, არ ასაბუთებს გათავისუფლების ნაწილში სადავო 08.08.2018წ. აქტის უკანონობას.

ნ. გ-ის მოსაზრება, რომ მის გათავისუფლებამდე უნდა მომხდარიყო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება, არ ასაბუთებს სადავო აქტის არამართლზომიერებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მობილობისას ტოლფასი თანამდებობის არარსებობისას პირი შესაძლოა გადაყვანილ იქნეს დაბალ თანამდებობაზე, არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მოხელის კომპეტენციის გათვალისწინებით. მხოლოდ ვაკანტური დაბალი თანამდებობების არსებობა, იმთავითვე არ გულისხმობს აღნიშნულ თანამდებობებზე ნ. გ-ის გადაყვანის შესაძლებლობას. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით, არ დასტურდება კონკურსის გამოცხადება ...ში არსებულ რანგობრივად დაბალ თანამდებობაზე. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14.11.2017წ. N9 დადგენილებით დამტკიცებული „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ თანახმად, მერიაში ...ის გარდა იყო აგრეთვე სხვა არაერთი სამსახური, რომელთა ფუნქციური დატვირთვა არსებითად განსხვავდებოდა ...ის ფუნქციებისაგან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტი შეიცავს საკმარის დასაბუთებას დაბალ თანამდებობაზე ნ. გ-ის დანიშვნის შეუძლებლობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საჯარო დაწესებულებამ უპირველეს ყოვლისა უნდა უზრუნველყოს ვაკანტური თანამდებობის გამოყენება მობილობის მიზნებისათვის და მობილობის საფუძველზე ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელე ინიშნება საჯარო კონკურსის გარეშე, თუმცა მხოლოდ ის გარემოება, რომ ვაკანსია გამოცხადებული იყო რანგობრივად იმავე ან დაბალ თანამდებობებზე, იმთავითვე არ გულისხმობს მობილობის შესაძლებლობას, აუცილებელია დადასტურდეს ამ თანამდებობათა ფუნქციური მსგავსება, თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კომპეტენციათა იდენტურობა/არსებითი მსგავსება, ნ. გ-ის პროფესიული მახასიათებლების ვაკანტურ თანამდებობებთან შესაბამისობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.

რაც შეეხება თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში. ნ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების, მობილობის წესით იმავე, ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობაზე გამწესებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო მითითებულ 3- თვიან ვადაში, თუმცა არც გათავისუფლების და არც მობილობის შეუძლებლობის შესახებ აქტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 8 აგვისტომდე არ გამოცემულა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 57.2 მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ნ. გ-ი ფორმალური თვალსაზრისით სამსახურიდან გათავისუფლდა 08.08.2018 წ., მას უნდა მიეცეს შრომის ანაზღაურება საქართველოს მთავრობის 20.04.2017 წ. N199 დადგენილების 8.1 მუხლით განსაზღვრული 3 თვიანი ვადის გასვლიდან - 2018 წლის მარტიდან გათავისუფლებამდე - 2018 წლის აგვისტომდე თანამდებობრივი სარგოს - 580 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება მობილობის დასრულება 2017 წლის ნოემბერში, ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერის 24.01.2018წ. წერილით ნ. გ-ს ეცნობა, რომ მობილობის წესით ნ. გ-ის გადაყვანა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ვერ განხორციელდა, თუმცა მობილობის პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა, ამდენად, 2018 წლის იანვრის ბოლოს ჯერ კიდევ გადასაწყვეტი იყო ნ. გ-ის მობილობის საკითხი. კასატორთა მითითება, რომ ნ. გ-მა ფაქტობრივად საქმიანობა შეწყვიტა 2017 წლის ნოემბრიდან, არ ასაბუთებს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას, რადგან ნორმატიულად დადგენილ ვადაში ნ. გ-ის გათავისუფლების შესახებ აქტი ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ გამოცემულა, ხოლო ნ. გ-ის რეზერვში ჩარიცხვის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 06.02.2018წ. ბრძანება სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივრებს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი