Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-80(2კ-21) 17 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მესამე პირი) - შპს „...ი“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ე. თ-ე, ე. ხ-ა

თავდაპირველი მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ე. თ-ემ და ე. ხ-ამ 2019 წლის პირველ თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1087303, 2016 წლის 28 ნოემბრის №2962883 ბრძანებების ბათილად ცნობა, ასევე, „ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №712 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მოსარჩელეებმა ამავე სარჩელით იშუამდგომლეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1087303 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

სარჩელის მიეხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2014 წლის 20 იანვარს, შპს „...ზე“ გაიცა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც, ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის №1-ში, ...ის ქუჩის №1-ის მიმდებარედ დაიწყო მშენებლობა. მოსარჩელეთა მოსაზრებით, აღნიშნული მშენებლობა ...ის ქუჩის №8-ის (...ის შეს. №5) და ...ის ქუჩის №1-ის კორპუსების მობინადრეებისთვის იყო უზარმაზარი საფრთხის შემცველი, ვინაიდან შპს „...ის“ სამშენებლო მოედანი წარმოადგენდა მდინარე ვერეს ხეობის მარჯვენა ტერასას, რომელიც მეწყრული ზონაა.

კასატორების მითითებით, მათ ქალაქ თბილისის არქიტექტურს სამსახურს მიმართეს განცხადებით 2016 წლის 28 ნოემბრის №2962883 ბრძანების მოქმედების შეჩერების მოთხოვნით, რაც 2017 წლის 31 ივლისის №1-1-1699 ბრძანებით დაკმაყოფილდა. ამის პარალელურად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაასაჩივრეს არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1087303 და 2016 წლის 28 ნოემბრის №2962883 ბრძანებები, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკმებრის №712 ბრძანებით უარი ეთქვათ საჩივრების დაკმაყოფილებაზე. კასატორების მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმის რეალური გარემოება, არ გაითვალისწინა ის, თუ რაოდენ დიდი ზიანი მიადგებოდა განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით მათ საცხოვრებელ კორპუსს და თუ როგორ შეიზღუდებოდა კონსტიტუციით გარანტირებული ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების, ასევე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით ე. თ-ის და ე. ხ-ას შუამდგომლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1087303 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ე. თ-ის და ე. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ე. ხ-ასა და ე. თ-ის, ასევე მათი წარმომადგენლის ანანო ხუროშვილის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №712 ბრძანება და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. თ-ის და ე. ხ-ას ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს „...მა“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს „...მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კი აღნიშნავს, რომ სადავო სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცედურა დაწყებულია №57 დადგენილების ძალაში შესვლამდე - ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 21 ნოემბრის №1145 ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენით. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი სამართალურთიერთობა ექცევა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების (შემდგომში - „№140 დადგენილება), ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს №8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ (შემდგომში - „№8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესები“) რეგულირების ქვეშ. შესაბამისად, სადავო ბრძანებების გამოცემისას არქიტექტურის სამსახურს უნდა ეხელმძღვანელა იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით. თბილისის მერია მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1087303 ბრძანებით დაცულია №140 დადგენილების 33-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ნაწილში სადავო აქტი სრულად შეესაბამება კანონმდებლობას.

კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის №57 ბრძანებით დამტკიცებული „ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, „ეს წესი არეგულირებს საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების განთავსებას სამეზობლო საზღვრის მხარეს.“ ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სამეზობლო საზღვარი არის ორ მეზობელ ნაკვეთს შორის არსებული ან საპროექტო გამყოფი ხაზი.“ მოცემულ შემთხვევაში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, საპროექტო მიწის ნაკვეთს არ გააჩნია სამეზობლო საზღვარი ქალაქ თბილისში, ...ის შესახვევი №5-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. შესაბამისად, სადავო ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიმართ ვერ გავრცელდება შენობა ნაგებობისა და გარკვეული არქიტექტურული დეტალების მიჯნის ზონაში განთავსების წესები, საჩივრის ავტორის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით.

რაც შეეხება არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის N1087303 ბრძანების კანონიერების საკითხს მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის ნაწილში, ასევე არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის N2962883 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნას, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორ გ. ჭ-ის საექსპერტო შეფასება ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №1-ის მიმდებარედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის თაობაზე, რომლის დასკვნითი ნაწილის თანახმად, ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, შესაბამისად, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო, მიეღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები დამკვეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აქედან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1087303 და 2016 წლის 28 ნოემბრის №2962883 ბრძანებები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე და კანონდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. კერძოდ, ყველა იმ აუცილებელი დოკუმენტისა და საექსპერტო შეფასებების საფუძველზე, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება „ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2018 წლის 28 დეკემბრის №712 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას და თვლის, რომ არ არსებობდა ამ აქტის ბათილად ცნობისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ, 2008 წლის 21 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, ...ი №1/...ის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებული, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დადგინდა №1145 ქალაქთმშენებლობითი პირობები. ასევე, დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1087303 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №1-ის მიმდებარედ (ნაკვეთი ...) მოქალაქეების - დ. ჭ-ასა და მ. დ-ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №296883 ბრძანებით გაიცა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №1-ის მიმდებარედ (ნაკვეთი ...) შპს „...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა.

საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 ივლისის №1-1699 ბრძანებით, შეჩერდა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1087303 და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №296883 ბრძანებების მოქმედება განსახილველ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა „ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №712 ბრძანებით, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1087303 და 2016 წლის 28 ნოემბრის N296883 ბრძანებები. ამასთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 ივლისის №1-1699 ბრძანება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს „ე. თ-ისა და ე. ხ-ას ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №712 ბრძანების კანონიერების შეფასება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებული მნიშვნელოვანი საექსპერტო კვლევები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს წარდგენილ ადმინისტრაციული საჩივართან მიმართებაში სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს საკითხის განხილვა, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზაც და ასევე მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სწორედ აღნიშნული დოკუმენტაციის ერთობლიობაში ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაზე, რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, მათ შორის, ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვიტოს №140 დადგენილება. დასახელებული დადგენილების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს: სავალდებულო საექსპერტო შეფასების განხორციელება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო ამავე დადგენილების 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთისათვის სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემდეგი ნაწილები: ა.ა) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება; ა.ბ) ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება; ა.გ) დოკუმენტების პროექტების იმ ნაწილების საექსპერტო შეფასება, რომელებიც დაკავშირებულია შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის შესასვლელ-გამოსასვლელებთან.

კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას ამყარებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გ. ჭ-ის 2016 წლის საექსპერტო დასკვნაზე - ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №1-ის მიმდებარედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უბანზე ჩატარებულ საინჟინრო გეოლოგიური კვლევის თაობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები ძირითადად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, ანგარიშში შეტანილია სათანადო კორექტივები და იგი შესაძლებელია საფუძვლად დაედოს მშენებლობის პროექტს საინჟინრო-გეოლოგიურ ნაწილში. ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მაისის №003434918 საექსპერტო შეფასების დასკვნით ნაწილზე, რომლის თანახმადაც, შპს „ა...ის’’ მიერ, ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ...ის ქ. №1-ის მიმდებარედ (ნაკვ. №...), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაცია ძირითადად პასუხობს საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების და ტექნიკური დავალების მოთხოვნებს. ამავე დასკვნის მიხედვით, შესაბამისი შენიშვნის გათვალისწინებისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკურ ანგარიშში კორექტივის შეტანის შემდეგ, ის შეიძლება საფუძვლად დაედოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტს საინჟინრო-გეოლოგიურ ნაწილში. ანალოგიური შინაარსისაა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 აგვისტოს №005776218 საექსპერტო დასკვნაც. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეები ეჭვს გამოთქვამენ პროფესორ გ. ჭ-ის მიერ ჩატარებულ საექსპერტო კვლევაზე და განმარტავენ, რომ ამ დასკვნას თან არ ახლავს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევისას გამოყენებული ბურღის პროფილები, რითაც ნათელი მოეფინებოდა ნამდვილად და შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარდა თუ არა საამშენებლო მიწის ნაკვეთზე გეოლოგიური კვლევა.

მითითებული საექსპერტო დასკვნების საპირისპიროდ, საქმეში ასევე წარმოდგენილია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის 2017 წლის ანგარიში, რომელიც ეხება ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №1- ში მშენებარე კორპუსის ტერიტორიის გრუნტის ლოკალური აგებულების და საინჟინრო- გეოლოგიური თვისებების შესწავლას გეოფიზიკური საძიებო მეთოდებით. დასკვნაში მითითებულია, რომ ეს ფუნდამენტი პირდაპირ სეიდაბადის ანტიკლინის ჩრდილო ფრთის 20-250 დაქანებულ ფერდზე გამავალ რღვევის ზოლზე მდებარეობს, რომელიც დაფარულია დენუდაციური, დელუვიური ნალექებით, რომლებიც აშკარად დინამიკაში იმყოფებიან. აღნიშნული დასკვნა ეხება, როგორც საპროექტო მიწის ნაკვეთს, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიას და საპროექტო მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება მიზანშეუწონელია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ასევე USAID-ის მიერ წარმოებული კვლევა და გაცემული რეკომენდაციები 2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგებობები და საცხოვრებელი რისკის ქვეშაა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განახორციელოს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ იგი მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილების დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღების დროსაც კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებისაგან. ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96.1 მუხ.). დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.2 მუხ.). დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში მხოლოდ დასკვნების წარდგენა, ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში ჩნდება ამ დასკვნების საპირისპირო ინფორმაციის შემცველი საექსპერტო კვლევებიც.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018წლის 28 დეკემბრის №712 ბრძანების მიღებისას საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად მოყვანილი გარემოებების სათანადოდ კვლევა/შეფასება, რაც მიუთითებს მასზედ, რომ საჩივრის ავტორს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის კანონსმიერი წინაპირობები და ადმინისტრაციულ ორგანოსთვის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, ე. თ-ის და ე. ხ-ას ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე