საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-59(2კ-22) 17 მარტი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი
კასატორი (მესამე პირი) - თ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ყ-ი
მესამე პირი - კ. გ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ვ. ყ-მა 2017 წლის 5 დეკემბერს სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ და ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე „ნ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა კ. გ-ე.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. შ-ე.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე „ნ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონულო სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და თ. შ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სადავო აქტის ბათილობის წინაპირობად მიიჩნია ის გარემოება, რომ ამზომველმა არ მიუთითა მომიჯნავეები, არ შეადარა სხვა რუკებს და უფლებადამდგენ დოკუმენტებს, რამაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოიწვია კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავდა დაინტერესებული პირის მიერ მითითებული საზღვრების საფუძველზე საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენის წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონმდებლობა, საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ პირს არ აკისრებდა ნაკვეთის საზღვრების სხვა რაიმე რუკის მონაცემთან, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან შედარების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები არ შეიძლება გამხდარიყო მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა არანაირი მტკიცებულება, რაც სადავო ფართზე მის უფლებას დაადასტურებდა.
კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა სადავო აქტის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან არ დასტურდება გასაჩივრებული აქტის უკანონობა. ის ეფუძნება მანამდე მიღებულ აქტს - ნ. გ-ეზე (უფლებამონაცვლე კ. გ-ე) მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი მონაცემებით უკვე რეგისტრირებულ ფაქტს, რის შემდეგაც მოხდა უძრავი ნივთის დაზუსტება და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია.
კასატორი - თ. შ-ე კი აღნიშნავს, ათეულ წელზე მეტია ...ის რაიონის სოფელ ...ში ფლობს მიწის ნაკვეთს მასზე გაშენებული ვენახით. კასატორის მითითებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ მისი ნაკვეთის გვერდით, ვ. ყ-სა და კ. გ-ეს ერთმანეთის მეზობლად ჰქონდათ ნაკვეთები, რომელსაც ამუშავებდნენ ყოველგვარი დავის გარეშე. ვინაიდან კ. გ-ეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული ჰქონდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თ. შ-ემ გადაწყვიტა მისი შეძენა. ამდენად, მასა და კ. გ-ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2018 წლის 15 ოქტომბერს. ხელშეკრულების საგანი - მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა კ. გ-ის საკუთრებას, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, თვითონ წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრების ავტორები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის წინაპირობა და სასამართლოები ვერ მიუთითებენ კონკრეტულ გარემოებათა გამოკვლევის აუცილებლობაზე, რის გამოც კასატორები ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 და 11 თებერვლის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თ. შ-ის საკასაციო საჩივრები.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე ნ. გ-ის (უფლებამონაცვლე კ. გ-ე) საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთებთან ზედდების საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე. ამრიგად, საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე უძრავი ნივთის მონაცემების სწორად ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათ შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1996 წლის 12 მარტის დადგენილების №3 ოქმით და განაწილების 1602 სიით მოსარჩელე ვ. ყ-ს სარგებლობაში გადაეცა ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი 1475,32 კვ.მ. ფართობით. 2017 წლის 5 ივნისს ვ. ყ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების დაზუსტება. სარეგისტრაციოდ წარადგინა ახალი აზომვითი ნახაზი. 2017 წლის 12 ივნისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაფიქსირდა ზედდება, კ. გ-ის საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. დავის მოგვარების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაინიშნა მედიაცია, მაგრამ მეორე მხარე კ. გ-ე სანოტარო ბიუროში არ გამოცხადდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საბოლოოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის ფიქსირდებოდა ზედდება. სწორედ ამიტომ, მოსარჩელემ სადავო გახადა ნ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილება, ვინაიდან მითითებული გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ნ. გ-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთი, რის გამოც ზედდება დადგინდა მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ნ. გ-ე გარდაცვლილია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება საქმის განხილვის დროს აღარ არის აღრიცხული ნ. გ-ის სახელზე, დადგენილია, რომ 2016 წლის 30 მარტს ნ. გ-ემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიწის ნაკვეთი ს/კ. ... გადასცა თავის შვილს კ. გ-ეს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაასხვისა და ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა საქმეში მესამე პირად ჩაბმული თ. შ-ე. კ. გ-ე საქმეში აგრეთვე მონაწილეობს მესამე პირის სტატუსით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო შემთხვევაში საჯარო რეესტრში ნ. გ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა მიწის ზუსტი ადგილმდებარეობა, მიწის ნაკვეთის მეზობლები. ასევე უნდა მოეძიებინა დოკუმენტები, რომელიც საქმის სრულად და ობიექტურად შესწავლას შეუწყობდა ხელს. მოეხდინა ადგილზე დათვალიერება შესაბამისი გეოდეზიის სპეციალისტების მონაწილეობით და დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობა საზღვრებისა და მოსაზღვრეების განსაზღვრით. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთიანობით კი, უნდა შეესწავლა და დაედგინა საქმეში არსებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, უნდა მოეძია მხარეთა ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია სადავო მიწის ნაკვეთზე, უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლო გზა და საშუალება სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეგროვების მიზნით, რომელიც არსებობდა მათ არქივებში და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამრთლო აღნიშნავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან მხოლოდ ყველა დასახელებული გარემოების დადგენისა და შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი დავის სწორად გადაწყვეტა და დასაბუთებული აქტის გამოცემა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საქმეში დაცულია მოწმეების: ჯ. შ-ის, რ. პ-ისა და მ. გ-ის ჩვენებების შეფასება, რომლებშიც განმარტებულია, რომ ისინი არიან ვ. ყ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეები და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე უძრავ ქონებას ფლობს 1996 წლიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ გამოკვლევას. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თ. შ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 2022 წლის 27 იანვარს №01140 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - თ. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2022 წლის 1 თებერვალს №0 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე