საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1036(კ-20) 15 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ზ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 29 ივლისიდან 2019 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მე-... ...ო განყოფილების პატრულ-ინსპექტორად. მ. ზ-ეს 7-წლიანი მუშაობის პერიოდში აქვს მხოლოდ ერთი შენიშვნა და ერთი საყვედური მიღებული, ხოლო წახალისებულია 10-ჯერ პრემიით, 2019 წლის 09 იანვარს კი მიიღო ბრძანება სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე. სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზად მითითებულია გენერალური ინსპექციის დასკვნა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი კეთილსინდისიერად მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და მის მიმართ გამოყენებული ყველაზე მკაცრი სასჯელი -სამსახურიდან დათხოვნა, არის უკანონო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №MIA 01900011012 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. ზ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ...ო სამმართველოს ...ო სამსახურის ათეულის მეთაურის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ასევე მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე მ. ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე“ და განმარტა, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური ზემოქმედების ზომა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული დასკვნისა და ბრძანების გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული მ. ზ-ის პიროვნება და მისი სამსახურეობრივი წარსული, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №MIA 0 19 00011012 ბრძანებით მ. ზ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. კანონი ასევე განსაზღვრას პოლიციელის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი). აღნიშნული პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, რომლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო მოსამსახურის, მით უფრო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, უნდა გამოიწვიოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გატარება, რაც არის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. პასუხისმგებლობის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, ისე - სასამართლოს მხრიდან სახდელის დადების კანონიერების შეფასების პროცესში.
სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ სამსახურიდან დათხოვნა გათვალისწინებულია ,,პოლიციის შესახებ" კანონის 59-ე მუხლით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახეა - მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამავე წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახეები, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის ... სამმართველოს ... სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის 2018 წლის 12 დეკემბრის პატაკის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება მოსარჩელე მ. ზ-ის მიერ, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე და საქმის გარემოებების გამოკვლევის (შესაბამის პირთა გამოკითხვის, მათ შორის მოსარჩელე მ. ზ-ის ახსნა-განმარტების და სათანადო დოკუმენტების შეფასების) შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...ის მთავარი სამმართველოს ...ო სამმართველოს ...ო სამსახურის (ქ. ...ი) ათეულის მეთაურმა, მოსარჩელე მ. ზ-ემ არასამსახურებრივი დანიშნულებით, მისი ნაცნობისათვის, პირადი მიზნებისათვის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზიდან მოიპოვა და მის ნაცნობს გადასცა ერთ-ერთი პირის პერსონალური მონაცემები, რაც გენერალური ინსპექციის მიერ მიჩნეული იქნა დისციპლინურ გადაცდომად (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების საფუძვლად. აღნიშნული გარემოების საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე მ. ზ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელე მ. ზ-ის მიმართ, დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე, გამოყენებული იქნა რამდენიმე დისციპლინური ზომა, კერძოდ, 2013 წლის 21 იანვრის ბრძანებით მას დისციპლინური გადაცდომისათვის შეეფარდა საყვედური, ხოლო 2017 წლის 31 მარტის ბრძანებით, ასევე დისციპლინური გადაცდომისათვის, მიეცა შენიშვნა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის ასევე მის მიერ განმეორებით ჩადენილი აღნიშნული სახის გადაცდომის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა, მართებულია. ვინაიდან, მ. ზ-ის სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, მის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს მათ საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.
პოლიციელის ქცევის სტანდარტებს აწესრიგებს ასევე საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი, რომელიც ადგენს, რომ პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას (1.2პ); პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში (1.3პ.); პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი, და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით (1.4პ.); პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს (1.5.პ). აღნიშნულის საფუძველზე უდავოა, რომ კასატორი, მისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, თავად უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს უწესებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის 2.7 მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა პოლიციელმა უშუალოდ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს პატიოსნად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 2.13 მუხლის მიხედვით კი, პოლიციელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისათვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმები არის დამატებითი მტკიცებულება იმისი, რომ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ მოქმედებს ქცევის განსაკუთრებული სტანდარტი, რამდენადაც პოლიციელის საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამსახურის ეფექტური საქმიანობა და საზოგადოების ნდობა უწყების და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ აქტის გამოცემის საფუძველია - შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა. შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს სისტემაში ,,პოლიციის ეთიკის კოდექსისა" და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების" ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას (,,პოლიციის შესახებ" კანონის 57.4 მუხ. "ა" და "გ" ქვეპუნქტები, საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. N337 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-10 მუხ. "გ" ქვეპუნქტი). საქართველოს შს მინისტრის 23.02.2015წ. N123 ბრძანებით დამტკიცებული გენერალური ინსპექციის დებულების მიხედვით, სხვა ამოცანებთან ერთად, ინსპექციის ამოცანას შეადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი, სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებისათვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება (მე-2 მუხ., "ა", "ბ", "ე" ქვეპუნქტები). სწორედ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის გაცნობის შედეგად მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. ზ-ის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ადეკვატურია. აქვე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში სადავო არ არის მ. ზ-ის მიერ გადაცდომის ჩადენა. კასატორი არ უარყოფს არასამსახურებრივი მიზნით სხვისი პერსონალური მონაცემების მოძიებას და სხვა პირისათვის გადაცემას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე