საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-886(კ-21) 17 მარტი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - თ. დ-ი, გ. ს-ე, ნ. ს-ე, თ. დ-ი, ა.-მ. ს-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:თ. დ-მა, გ. ს-ემ, თ. დ-მა, ნ. ს-ემ და ა.-მ. ს-ემ 2020 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართეს ცაგერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „გ. ს-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში“ ამავე სააგენტოს 2019 წლის 27, 28, 29, 0, 31 მაისის და 3 ივნისის №5 ოქმისა და „საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სააგენტოს 2020 წლის 30 მარტის №03/5081 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. დ-ის, გ. ს-ის, თ. დ-ის, ნ. ს-ისა და ა.-მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „გ. ს-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 27, 28, 29, 0, 31 მაისის და 3 ივნისის №5 ოქმი და „საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 30 მარტის №03/5081 გადაწყვეტილება; მოპასუხეს თ. დ-ის, გ. ს-ის, თ. დ-ის, ნ. ს-ისა და ა.-მ. ს-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ თ. დ-ის, გ. ს-ის, თ. დ-ის, ნ. ს-ისა და ა.-მ. ს-ის ეკომიგრანტი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა. სააგენტომ შეისწავლა, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის მიერ განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაცია, ასევე მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად მოკვლეული ინფორმაცია და მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს კანონიერად ეთქვათ უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რადგან მონიტორნიგის შედეგად დადასტურდა, რომ თ. დ-ის ოჯახი 15 წელზე მეტია შეუზღუდავად სარგებლობს მამიდაშვილის - ნ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული სახლით. კომისიის ზეპირ მოსმენაზე დაბარებულ იქნა აგრეთვე ნ. ჩ-ე, რომელმაც აღნიშნა, რომ საკუთრებაში არსებული სახლი წლების წინ დაუთმო ნათესავებს, რადგან მათი სახლი სტიქიის შედეგად დანგრევის პირას იყო მისული. ამჟამად სურს გაყიდოს სახლი, თუმცა არ შეუძლია, რადგან მის ბიძაშვილებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
კასატორი ასევე მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმების“ მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდაპირველად დაკმაყოფილდებიან ის ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ სხვებთან შედარებით უფრო ადრე საცხოვრებლით დაკამყოფილებას, რომელთაც სხვებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი და საჭიროებენ სასწრაფო დაკმაყოფილებას, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით: საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა. ამგვარი გარემოს მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების დასკვნით, ხოლო ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობის მდგომარეობა - შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა, გამოიკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სააგენტოს გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს თ. დ-ის, გ. ს-ის, თ. დ-ის, ნ. ს-ისა და ა.-მ. ს-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლეებზე ვრცელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-17 პუნქტი ადგენს, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნულზე დასკვნა წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, მოსარჩელეების ოჯახს მიენიჭა ჯამურად 16.5 ქულა, ხოლო კვლავ შემოწმებისას დააკლდა 6 ქულა ნათესავის საკუთრებაში არსებული სახლით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობის გამო და ქულათა ჯამური ოდენობა განისაზღვრა 10.5 ქულით. ამდენად, გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობა გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 16.5 და მეტი ქულის მქონე ეკომიგრანტი ოჯახები უზრუნველყოფილ იქნენ შესაბამისი საცხოვრებლებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ დასკვნებს და დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელეების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც აგრეთვე მდებარეობს ქვედა ცაგერში, წლების წინ სტიქიური მოვლენების გამო დაინგრა, სახლმა დაიწყო დეფორმირება და დაახლოებით 2005 წლისთვის იგი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. საცხოვრებელ სახლს მინიჭებული აქვს დაზიანების პირველი კატეგორია და შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართულის კედლები. მოსარჩელეების მრავალსულიანი ოჯახი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტი. ისინი, მართალია, ფაქტობრივად ცხოვრობენ ნათესავის - ნ. ჩ-ის კუთვნილ სახლში, რომელსაც სურს გაყიდოს მის საკუთრებაში არსებული სახლი, გარკვეული პრობლემების გამო, თუმცა ამას ვერ ახერხებს მის სახლში ეკომიგრანტი ოჯახის ცხოვრების გამო და არც მათი გამოსახლება შეუძლია, რადგან მათ ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას. ამრიგად, მოსარჩელეთა ეკომიგრანტ ოჯახს უკანონოდ დააკლდა ქულა და რადგან 16.5 ქულის მქონე სხვა ეკომიგრანტები უკვე უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით, მოსარჩელეს, ასევე, უკანონოდ ეთქვა უარი განსახლებაზე, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე