საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-645(კ-21) 17 მარტი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ააიპ ...ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ააიპ ...ამ 2020 წლის 30 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ და „შ. თ-ის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგის თაობაზე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე ბიუროს 2020 წლის 28 თებერვლის №გ1691 წერილის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ 2020 წლის 18 თებერვლის №გ-04/37-20 განცხადებით მოთხოვილი - შ. თ-ის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგის შესახებ საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ააიპ ...ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასოციაციამ.
ააიპ ...ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 302 საჯარო მოხელე, მათ შორის შ. თ-ე, რომელიც შერჩევის მომენტის დროს იყო მთავარი პროკურორი. საჯარო სამსახურის ბიურომ 2019 წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში გამოაქვეყნა 2019 წლის 31 დეკემბერს, რომელშიც შ. თ-ის დეკლარაციის შემოწმების შედეგი არ იყო ასახული.
კასატორი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე, მე-40, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტსა და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-181 მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ 2020 წლის 18 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და მოითხოვა შ. თ-ისა და განცხადებაში აღნიშნული სხვა თანამდებობის პირების მიმართ მონიტორინგის შედეგების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გადაცემა. ასევე, განცხადებით მოთხოვნილი იყო იმ მიზეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რის გამოც მათი დეკლარაციების შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია არ აისახა საბოლოო ანგარიშში. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ კი, ყოველგვარი განმარტების გარეშე უარი განაცხადა შ. თ-ის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე და სადავო წერილში მიუთითა, რომ ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა საჯარო ინფორმაცია. კასატორი აღნიშნავს, რომ მან იდენტური ინფორმაცია გამოითხოვა სხვა რამდენიმე თანამდებობის პირზეც, რომლებიც ანალოგიურად არ მოხვდნენ ანგარიშში, თუმცა ამ შემთხვევებში ბიურომ ინფორმაცია სრულყოფილად გასცა.
კასატორი თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაცია არის საჯარო და აღნიშნული ინფორმაციის მისთვის გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა. შ. თ-ის მიმართ მონიტორინგის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარით, დაირღვა საჯარო ინფორმაციის თავისუფლად მიღების კონსტიტუციური უფლება.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით შ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის №277/განკ განკარგულება. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, შ. თ-ის დაჯარიმების შესახებ განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე სარჩელის უძრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება, გაუქმებულია. ამდენად, აღარ არსებობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ააიპ ...ა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ააიპ ...ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოსარჩელისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81).
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებთან დაკავშირებით და მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ააიპ ...ამ 2020 წლის 18 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო სამახურის ბიუროს და 2019 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების თაობაზე კონკრეტული თანამდებობის პირების, მათ შორის შ. თ-ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გადაცემა მოითხოვა, ასევე, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობებინა მიზეზი, თუ რატომ არ აისახა თანამდებობის პირთა დეკლარაციების შემოწმების შედეგები საბოლოო ანგარიშში.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს სადავო წერილით, ...ას მოთხოვნილი ინფორმაცია ეცნობა სრულყოფილად, შ. თ-ესთან მიმართებით კი, განემარტა, რომ „..მიმდინარე წარმოების ფარგლებში, ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა საჯარო ინფორმაცია“.
საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ შ. თ-ემ 2019 წლის 23 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ და მოითხოვა საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის №277/განკ განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 22 ნოემბრის №277/განკ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება, განსახილველ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა გასაჩივრებული სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 22 ნოემბრის №277/განკ განკარგულების მოქმედება საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ, იმავე დღეს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში განჩინების განმარტება. კერძოდ, განჩინება ითვალისწინებდა თუ არა შ. თ-ის დეკლარაციის ნაწილში მონიტორინგის შედეგების პროაქტიულად გამოქვეყნებას, ვინაიდან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიუროსთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულების ვადა, რაც გულისხმობდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ყოველი კალენდარული წლის ბოლოს პროაქტიულად ქვეყნდებას, იწურებოდა 2019 წლის 31 დეკემბერს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უარი ეთქვა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე იმ მოტივით, რომ კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი. ამასთანავე მიეთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება გულისხმობდა აქტის გამოცემით გამოწვეული ყოველგვარი შედეგის შეჩერებას, ანუ აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას დავის საბოლოო დასრულებამდე.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში (განკარგულების მიღებისას) მოქმედი რედაქციის 181 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად, ბიურო იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის ან ასეთის არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებას. იმავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. დეკლარაციის უარყოფითი შეფასების შედეგად კი, ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება. ამავდროულად, დასახელებული კანონის 181 მუხლის მე-7 პუნქტი საჯარო სამსახურის ბიუროს ავალდებულებს, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს პროაქტიულად გამოქვეყნოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები.
აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შემოღება მიზნად ისახავს კორუფციასთან ბრძოლას, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევათა აღმოფხვრას, კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენასა და საზოგადოების ნდობის ამაღლებას თანამდებობის პირთა საქმიანობის მიმართ. სწორედ ამიტომ არის ვალდებული თანამდებობის პირი, სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია, ხოლო დეკლარაციის გადამოწმებისას საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დარღვევის გამოვლენა მისი დაჯარიმების საფუძველი შეიძლება გახდეს. ამასთან, ბიუროს ვალდებულება, პროაქტიულად გამოქვეყნოს მონიტორინგის შედეგები, კვლავ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების აღსრულებას ემსახურება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შესამოწმებლად შემთხვევითობის პრინციპით შეირჩნენ საჯარო მოხელეები, მათ შორის შ. თ-ე, რომელიც შერჩევის მომენტის დროს იყო მთავარი პროკურორი და სწორედ ამ უკანასკნელის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გადაცემა წარმოადგენს მოსარჩელის ინტერესის სფეროს. ამასთანავე, იგი ითხოვს დეკლარაციის შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის საბოლოო ანგარიშში აუსახველობის მიზეზის გაცნობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციის ღიაობა და მასზე ხელმისაწვდომობის თავისუფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტუტუციითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით კი, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნების შეფასება, რადგან მხოლოდ ინფორმაციის მიმართ საჯარო ინტერესის არსებობამ შეიძლება წარმოშვას მისი გაცემის აუცილებლობა, ხოლო ის, თუ კონკრეტულად რა ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს, გამომდინარეობს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. საჯარო ინტერესი შეეხება საკითხს, რომელიც იმდენად ახდენს გავლენას საზოგადოებაზე, რომ შესაძლოა საზოგადოება კანონიერად დაინტერესდეს მისით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი დაკავშირებულია მოქალაქეების კეთილდღეობასთან ან საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. საჯარო ინტერესი ასევე შეეხება საკითხს, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დისკუსია მნიშვნელოვან სოციალურ საკითხთან, ან იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საზოგადოებას აქვს ინფორმაციის მიღების ინტერესი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საჯარო ინტერესი არ მოიცავს საზოგადოების მისწრაფებას სხვისი პირადი ცხოვრების ან სენსაციების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე (Magyar Helsinki Bizottság v. Hungary [GC], no. 18030/11, §161, 162, 08.11.2016). საკასაციო სასამართლო დასახელებულ ევროსასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გამოხატვის თავისუფლების განხორციელების ფარგლებში მოცემულ საქმეზე დაადგინა საჯარო დაწესებულების ხელთარსებული ინფორმაციის მოთხოვნის წინაპიროები. კერძოდ, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კონვენციის მე-10 მუხლი არ ანიჭებს პირს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის აბსოლუტურ „უფლებას და არ აკისრებს მთავრობას პირისათვის ამ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, გარდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო ბრძანებისა და როცა ინფორმაციაზე წვდომა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის არსებით ნაწილს. იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის მოთხოვნაზე უარი მოექცეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მოქმედების სფეროში, სტრასბურგის სასამართლომ შემოიღო ოთხკრიტერიუმიანი ტესტი: ა) ინფორმაციის მოთხოვნის მიზანი; ბ) მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნება; გ) ინფორმაციის მაძიებლის განსაკუთრებული როლი საზოგადოებისთვის მისი „მიღებისა და გაცემისათვის“ და დ) იყო თუ არა ინფორმაცია მზა და ხელმისაწვდომი, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა შეფასდეს ყოველი კონკრეტული სიტუაცია. განსახილველ შემთხვევაში კი, მნიშვნელოვანია „მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნების“ კრიტერიუმის შეფასება. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნილ ინფორმაციაზე წვდომა უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო ინტერესის ტესტს, რომელიც, სასამართლოს ზოგადი განმარტების მიხედვით, არსებობს იქ, სადაც გამჟღავნება უზრუნველყოფს გამჭვირვალობას საჯარო საქმეების წარმართვისა და მთლიანად საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე და ამით საშუალებას აძლევს ფართო საზოგადოებას მონაწილეობა მიიღოს საჯარო მმართველობაში. უფრო მეტიც, თუ რა შეიძლება იყოს საზოგადოების ინტერესის საგანი, დამოკიდებული იქნება თითოეული შემთხვევის გარემოებებზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო ინტერესი არსებობს საჯარო ინფორმაციის მიმართ, რაც განაპიროებებს მისი გაცემის აუცილებლობას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე კი, საჯარო ინფორმაციად მიიჩნევა „ოფიციალური დოკუმენტი“ ანუ საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ „საქმიანობასთან“ დაკავშირებით მოპოვებული და შენახული (დაცული) ინფორმაცია. მოცემული დავის გადაწყვეტისას კი მნიშვნელოვანია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა ექცევა თუ არა ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მაშინ, როცა მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი ბუნებით წარმოადგენს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცესში მოძიებულ და მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის შედეგებიც თანამდებობის პირის მიერ გასაჩივრდა სასამართლო წესით და ინფორმაციის მოთხოვნის დროს საქმეზე არ იყო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ხოლო მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის №277/განკ განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.
აღსანიშნავია აგრეთვე ევროსასამართლოს 2021 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება „ნინო მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც ოთხკრიტერიუმიანი ტესტის ერთ-ერთი კრიტერიუმი - მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნება, გადამწყვეტი აღმოჩნდა საჩივრის დაუშვებლად მიჩნევისთვის (იხ. ნინო მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ Nino Mikiashvili against Georgia and studio repurtiori and Vakhtang Komakhidze against Georgia, nos. 18365/11 and 51865/11, 19.01.2021).
გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმაზე, რომ როგორც საჯარო დაწესებულების, ასევე მისთვის მოქმედი მოსამსახურეების „საქმიანობა“ შეზღუდულია კანონიერების პრინციპით/კანონისმიერი დათქმისა და კანონის უზენაესობის პრინციპებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. ზოგადი ადმინისდტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო 5.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპების მოთხოვნების გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებას ეკრძალება ინფორმაციის როგორც უკანონოდ მოპოვება, ასევე უკანონოდ შენახვა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჯაროა მესამე პირებთან დაკავშირებული მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც კანონიერადაა მოპოვებული და შენახული საჯარო დაწესებულების მიერ, არ არსებობს საჯარო ინტერესი მესამე პირებთან დაკავშირებული უკანონოდ მოპოვებული და/ან შენახული ინფორმაციის გაცემის/გავრცელების მიმართ. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეეხება თანამდებობის პირს. მართალია, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილე საჯარო პირი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მისი კერძო ცხოვრების დეტალები, შესაძლოა, იქცეს საზოგადოების და მასმედიის ინტერესის ობიექტად, თუმცა პირის მიერ თანამდებობის დაკავება ან თანამდებობაზე კანდიდატად წარდგენა არ აღჭურავს საჯარო დაწესებულებას ამ პირის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და/ან შენახვის და შესაბამისად, გავრცელების უფლებით, რადგან კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპების მოთხოვნები ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოსა და მისთვის მოქმედი მოსამსახურეების ნებისმიერ საქმიანობაზე, გამონაკლისის გარეშე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილი დოკუმენტები არ წარმოადგენენ საჯარო ინფორმაციას, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შ. თ-ის მიმართ დოკუმენტების კანონსაწინააღმდეგოდ შედგენის ფაქტი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2020 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შ. თ-ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით გამოცემული საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის №277/განკ განკარგულება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამავე განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, ადასტურებს ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართებულობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ააიპ ...ის სასარჩელო მოთხოვნა დაკავშირებულია მესამე პირის მიმართ განხორციელებული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მცდარი ინფორმაციის გაცემა/გავრცელებასთან. საკასაციო პალატა მიუთითებს ოთხკრიტერიუმიანი ტესტის კრიტერიუმებზე და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მცდარად მიჩნეული ინფორმაცია ვერ აკმაყოფილებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული ტესტის ერთ-ერთ საფეხურს - „მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნება“ და შესაბამისად, იგი საჯარო ინფორმაციად მიჩნევას არ ექვემდებარება. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულება და ის მოსამზადებელი აქტები, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება საჯარო დაწესებულების აღნიშნული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებულ საჯარო ინფორმაციას და გამორიცხავს დოკუმენტების საჯარო ინფორმაციად მიჩნევას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება იმაზე, რომ სზაკ-ის 42-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება იცოდეს საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განმარტებული ტერმინი - „საჯარო ინფორმაცია“ სრულად მოიცავს ამავე კოდექსის 42-ე მუხლში მითითებულ ინფორმაციას/დოკუმენტებს, არ არსებობს რაიმე შინაარსობრივი განსხვავება აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ ინფორმაციებს შორის, რის გამოც 42-ე მუხლში მითითებული ინფორმაცია ასევე კანონიერად უნდა იქნეს მოპოვებული და შენახული საჯარო დაწესებულების მიერ, რასაც როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს ეკისრება საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის №277/განკ განკარგულებისა და იმ მოსამზადებელი აქტების გაცემის ვალდებულება, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როცა აქტის მოქმედება შეჩერებული იყო, ამასთანავე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დადასტურებულია რევიზიის შედეგების დადგენა მცდარი ინფორმაციის საფუძველზე.
დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი ბუნებით განეკუთვნება იმ კატეგორიის მონაცემს, რომლის გადაცემის ან/და პროაქტიულად გამოქვეყნების შემთხვევაში, თავისი სიმცდარის გამო, თანამდებობის პირს, შესაძლოა, მიდგომოდა მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი, ამასთან, მონიტორინგის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორი აღქმა გამოეწვია საზოგადოებაში. საკასაციო სასამართლო ამავდროულად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, სადავო განკარგულება ბათილად არის ცნობილი, კანონსაწინააღმდეგოდ იქნა ცნობილი ის მოქმედებები, რაც სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის მონიტორინგის პროცესში გამოიკვლია და საფუძვლად დაუდო სადავო განკარგულების მიღებას. სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ააიპ ...ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინება;
3. კასატორს - ააიპ ...ას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 23 ივნისს №1624439106 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე