საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
Nბს-994 (კ-21) 18 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მოსამართლე: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2021წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2021წ. განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2018წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ.გ-ის მიერ.
საკასაციო სასამართლოს 26.10.2021წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, კასატორს არ ჰქონდა მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები), საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა რაიმე სახის დასაბუთებას. ამასთანავე, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვდა სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას. საქმეში დაცული იყო 27.05.2016წ. მომზადებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვითაც ბ. გ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 22100. საკასაციო სასამართლოს 26.10.2021წ. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სსკ-ის 46.1 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ არ იყო წარმოუდგენილი საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ იყო წარმოდგენილი განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, რომლითაც დადასტურდებოდა საარსებო შემწეობის მიღება. კასატორს მიეცა 7 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
დადგენილ ვადაში საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა - ბ. გ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მას ამ ეტაპზე დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა არ შეეძლო, იგი არ არის იურისტი და სასამართლოსთან ურთიერთობას აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო ვინაიდან მის ადვოკატს ნ. გ-ეს ჰქონდა კორონა ვირუსი, ვერ ახერხებდა განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებას. განმცხადებელმა, დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოსადგენად, იშუამდგომლა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის 1 თვით გაგრძელების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს 04.02.2022წ. განჩინებით კასატორს - ბ. გ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსკ-ის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინება გაიგზავნა საქმეში მითითებულ ბ. გ-ის წარმომადგენლის ნ. გ-ის მისამართზე, ქ. თბილისი, ...ის ქ. N9 და 21.02.2022წ. ჩაბარდა ქ. ჯ-ს.
11.03.2022წ. ბ. გ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ უზენაესი სასამართლოს 04.02.2022წ. განჩინება 21.02.2022წ. ჩაბარდა ბმა-ს თავმჯდომარეს ქ. ჯ-ს, რომელსაც დაავიწყდა განჩინების ნ. გ-ისათვის გადაცემა და მხოლოდ 10.03.2022წ. ჩააბარა მას ზემოაღნიშნული განჩინება. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა გასული იყო, ნ. გ-ემ იშუამდგომლა 04.02.2022წ. უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. განცხადებას თან ერთვოდა ქ. ჯ-ის, ბმა-ს თავმჯდომარის სახელით შედგენილი წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ განჩინება ქ. ჯ-ს 21.02.2022წ. ჩაბარდა, მაგრამ ვინაიდან ნ. გ-ეს ჰქონდა კოვიდი, იყო ავად და კოვიდის შემდგომ პერიოდში იმყოფებოდა ცუდად, ვერ მოახერხა მისთვის სასამართლო გზავნილის გადაცემა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ნ. გ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. N9) გაეგზავნა, რომელიც 21.02.2022წ. ჩაბარდა ქ. ჯ-ს (პ/ნ ...). საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი 11.03.2022წ. განცხადებით ნ. გ-ე აღნიშნავს, რომ განჩინება 21.02.2022წ. ჩაბარდა ბმა-ს თავმჯდომარეს - ქ. ჯ-ს, რომელსაც მისთვის განჩინების გადაცემა დაავიწყდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით საქალაქო სასამართლოს არაერთი გზავნილი, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარებული აქვს ქ. ჯ-ს (პ/ნ ...), როგორც ...ის ქ. N9-ში მდებარე საადვოკატო ბიუროს თანამშრომელსა და იურისტს, რაც დასტურდება საქმეში დაცული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 56; ტ.2. ს.ფ.174). ამასთანავე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gba.ge) არსებული საადვოკატო ბიუროების რეესტრის მონაცემებით, ქ. თბილისიში, ...ის ქ. N9-ში მდებარეობს საადვოკატო ბიურო "...". ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. ჯ-ი, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი სსკ-ის 73.8 მუხლის შესაბამისად, ვალდებული იყო უწყება გადაეცა ადრესატისათვის. გზავნილის ჩამბარებელი პირის მიერ მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესაძლო შეუსრულებლობა არ უთანაბრდება გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ქ. ჯ-ისთვის გზავნილის ჩაბარების დღიდან - 2022 წლის 21 თებერვლიდან. ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა ამოიწურა 04.03.2022წ. (უქმე დღის გათვალისწინებით) 24 საათზე (პარასკევი). აღნიშნულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. გ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის შუამდგომლობა (11.03.2022წ. განცხადება) ბ. გ-ის საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2021წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ ვაჩაძე
ქ. ცინცაძე