Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 201-დად 22 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

გ. ბორჩხაძე,

მ. გოგელია

განიხილა დაზარალებულ ტ. ბ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 მაისის განჩინებაზე, რომლითაც კერძო ბრალდების საქმე დ. ლ-ძის მიმართ შეწყდა სასამართლო განხილვაზე დაზარალებულ ტ. ბ-ძის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.

კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ დაზარალებული ტ. ბ-ძე სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო. საჩივარს თან ერთვის სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 11 მარტს ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში მოქალაქე ტ. ბ-ძის საჩივრის საფუძველზე, კერძო ბრალდების საქმეთა სამართალწარმოების წესით, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ხარაგაულის რაიონის სოფ. წყალაფორეთის გამგებლის _ დ. ლ-ძის მიმართ. სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო ტ. ბ-ძის საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ 2001წ. 16 ოქტომბერს, სოფლის ცენტრში, დ. ლ-ძემ უსაფუძვლოდ სცემა ტ. ბ-ძეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ქალიშვილს _ მ. ბ-ძეს. იმის გამო, რომ დ. ლ-ძე იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრი, საქმე ქვემდებარეობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 20 მაისის განჩინებით, საქმის სასამართლო განხილვაზე დაზარალებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, განსასჯელ დ. ლ-ძის თანხმობით, საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნულ განჩინებას უკანონოდ მიიჩნევს დაზარალებული ტ. ბ-ძე და ითხოვს მის გაუქმებას.

პალატის სხდომაზე კასატორმა ტ. ბ-ძემ ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც დ. ლ-ძემ მხარი არ დაუჭირა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს კოლეგიის სხვა შემადგენლობას შემდეგი გარემოების გამო:

საქართველოს სსსკ-ის 638-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად კერძო ბრალდების საქმე უნდა შეწყდეს სასამართლო განხილვაზე დაზარალებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული საფუძვლით სასამართლო კოლეგიამ ისე შეწყვიტა დ. ლოლაძის მიმართ აღძრული კერძო ბრალდების საქმე, რომ არ გამოურკვევია, დაზარალებულ ტ. ბ-ძეს ჩაბარდა თუ არა შეტყობინება საქმის სასამართლოში განხილვის თარიღის შესახებ და რა მიზეზით არ გამოცხადდა ის სასამართლო სხდომაზე. სასამართლო კოლეგია დაეყრდნო მხოლოდ განსასჯელის სიტყვიერ განმარტებას, რომ დაზარალებულს შეტყობინება მიღებული აქვს. საქმეზე დართული საფოსტო სამსახურის პასუხი დაზარალებულ ტ. ბ-ძეზე გზავნილების ჩაბარების შესახებ დათარიღებულია 2002წ. 22 მაისით, მაშინ როცა, სასამართლო სხდომა ჩატარდა 20 მაისს და იმავე დღეს გამოტანილ იქნა განჩინება საქმის შეწყვეტის შესახებ. სასამართლო კოლეგიას ასევე არ გამოუკვლევია საქმის სასამართლო განხილვაზე ტ. ბ-ძის გამოუცხადებლობის მიზეზი იყო თუ არა საპატიო.

ამდენად, განჩინებაში მითითებული მოტივით საქმის შეწყვეტა უკანონოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. ბ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 20 მაისის განჩინება დ. ლ-ძის მიმართ აღძრული კერძო ბრალდების საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.