Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-989(კს-21) 7 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ც. ი-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 27 აპრილს ც. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბ/10.01172835 ბრძანების მოქალაქე ც. ი-ის დაჯარიმების შესახებ და ქუთაისის მერის მოადგილის 2018 წლის 13 აპრილის N01/9198 წერილის - აქტის, ც. ი-ის წარმომადგენლის ო. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ც. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ი-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ც. ი-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ც. ი-ის წარმომადგენელს - ადვოკატ ო. ხ-ეს სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. N17 და ჩაჰბარდა 2021 წლის 01 ივლისს (საფოსტო უკუგზავნილზე მითითებულია, რომ ფოსტის კურიერმა ო. ხ-ეს გზავნილი ჩააბარა პირადად). შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 2 ივლისიდან, რომელიც დასრულდა 2021 წლის 15 ივლისს, 24:00 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2021 წლის 19 ივლისს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება, რის გამოც ც. ი-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. ი-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ც. ი-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, კერძოდ, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილია სასამართლოში.

საქმეში დაცული მინდობილობის (ს.ფ.54) თანახმად, ც. ი-ემ წარმომადგენლობა მიანიჭა თ. ი-ეს განუსაზღვრელი ვადით და შემდგომი სხვა პირზე გადანდობის უფლებით. საქმეში ასევე დაცულია მინდობილობა, რომლის თანახმად, თ. ი-ემ წარმომადგენლობა მიანიჭა ო. ხ-ეს 5 წლის ვადით, კერძოდ, 2022 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით (ს.ფ. 55). მინდობილობა ითვალისწინებდა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების ჩათვლით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება აპელანტ ც. ი-ის წარმომადგენელს, ო. ხ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე 2021 წლის 22 ივნისს (ს.ფ. 106) და ჩაჰბარდა პირადად 2021 წლის 1 ივლისს (ს.ფ. 107), რაც დასტურდება უკუგზავნილზე ო. ხ-ის ხელმოწერითა და პირადი ნომრის მითითებით. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაიწყო 2021 წლის 2 ივლისს და ამოიწურა 2021 წლის 15 ივლისს, ხუთშაბათს, 24 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 19 ივლისს, ანუ სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ - საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. ი-ის წარმომადგენლის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა რეალიზებული, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე