საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-76(კ-21) 22 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - ი. დ-ე, ნ. ე-ი და ნ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარების და ურბანული პოლიტიკის სამსახური
მესამე პირები - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ა“, თ. მ-ე
თავდაპირველი მოსარჩელეები - ნ. მ-ე, ზ. ბ-ე, ხ. თ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 18 დეკემბერს ნ. ჭ-ემ, ნ. მ-ემ, ი. დ-ემ, ა. ბ-ემ, ზ. ბ-ემ, ხ. თ-ემ და ნ. ე-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარების და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ცხოვრობენ ქ. ბათუმში, ...ის გამზირ N332-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში. საცხოვრებელ სახლში ფუნქციონირებს სანტექნიკური კვანძები, სველ წერტილებში შემავალი წყალგამტარი კომუნიკაციები, რომლებიც გამართულად მუშაობს. საცხოვრებელ სახლში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...ის“ გადაწყვეტილებითა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით, სახლზე განხორციელდა დამატებითი ფართების მიშენება, თუმცა მშენებლობა დღეის მდგომარეობით დასრულებული არ არის და არც ექსპლუატაციაშია მიღებული.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის VI სადარბაზოს მეოთხე სართულზე მცხოვრებმა თ. მ-ემ გადაწყვიტა, მის მიერ მიშენებულ ფართში საპირფარეშოს და სამზარეულოს წერტილების განთავსება, ისე, რომ საკანალიზაციო მილი უნდა გაეყვანა კორპუსზე მიშენებულ გარე ფასადზე, საცხოვრებელი ბინის კედლებზე, რომლის ქვემოთ მდებარეობს მოსარჩელეთა ფანჯრები და აივნები.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ამ“ 2018 წლის 14 სექტემბრის საერთო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, საცხოვრებელი სახლის უკანა ფასადზე სანიაღვრე-საკანალიზაციო მილების განთავსებისა და პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამხანაგობის კრების ჩატარების ფაქტი და მისი დანიშვნის თარიღი მოსარჩელეებისათვის არ იყო ცნობილი, რის გამოც საერთო კრებაზე ვერ დააფიქსირეს მათი პოზიცია.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა, 2018 წლის 21 ნოემბერს გამოსცა N1734 ბრძანება, რომლითაც დააკმაყოფილა ამხანაგობის განცხადება, შეთანხმდა ქალაქ ბათუმში, ...ის გამზირ N332-ში მდებარე 2780.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მშენებლობის მიზნით გაცემულ, 2015 წლის 28 დეკემბრის N877, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებები.
მოსარჩელეების განმარტებით, თ. მ-ე სარგებლობს ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილებით და ცდილობს საკანალიზაციო სისტემის განთავსებას საცხოვრებელი სახლის გარე ფასადზე. ამგვარი ქმედებით დაირღვევა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება და ზიანი მიადგება მათ ინტერესებს, რამდენადაც, მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების კედლებზე საკანალიზაციო მილის გაყვანა გამოიწვევს სანიტარული ნორმების დარღვევას, დისკომფორტს, ხმაურს და არასასიამოვნო სუნს.
მოსარჩელეების განმარტებით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამხანაგობის 2018 წლის 14 სექტემბრის საერთო კრების ოქმით დასტურდება, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 70 წევრიდან, 2/3 ნაწილი, კერძოდ, 46 წევრი. ამასთან, მოცემული საკითხის გადასაწყვეტად ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, საჭირო იყო ამხანაგობის ყველა წევრის მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ამხანაგობის კრებაზე, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის დარღვევით, კრების ოქმი თავისი შინაარსით ბუნდოვანია, ხელმოწერილია სხვა პირის მიერ, არ არის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ,,არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 21 ნოემბრის N1734 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის, ნ. მ-ის, ი. დ-ის, ზ. ბ-ის, ხ. თ-ისა და ნ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-ემ, ხ. თ-ემ, ი. დ-ემ, ზ. ბ-ემ, ნ. ე-მა და ნ. ჭ-ემ რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით ხ. თ-ის სააპელაციო საჩივარი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. ჭ-ის, ნ. მ-ის, ი. დ-ის, ზ. ბ-ის და ნ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ. თ-ემ, ი. დ-ემ, ზ. ბ-ემ, ნ. ე-მა და ნ. ჭ-ემ.
კასატორების განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ", მაგრამ არასწორად განმარტა კანონის მე-10 მუხლი სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით, როცა მიიჩნია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - №1734 ბრძანების საფუძველზე მიღებულ პროექტში ცვლილება ანუ სანიაღვრე - საკანალიზაციო მილების გატარება, არ შეეხება მოსარჩელეთა ინდივიდუალურ საკუთრებას და აღნიშნული ცვლილებით მათ არ მიადგებათ ზიანი. ვინაიდან, კანონის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე". სადავო აქტით, კანალიზაციის მილის გატარება უნდა განხორციელდეს შენობის უკანა ფასადის კედელზე, რომელიც საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობებსა და გაყვანილობებთან ერთად წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას, ფასადის კედელი წარმოადგენს ყოველ სართულზე განთავსებული ბინის საკუთრების შემადგენელ ნაწილს ე.ი ინდივიდუალური საკუთრების შემადგენელ ნაწილს, ვინაიდან გარე ფასადის კედელი არის ბინის ფართის შიდა ნაწილი, ამიტომაც კედლის გარე ფასადის გამოყენება საკანალიზაციო მილის გასატარებლად ან მისი დაზიანება მნიშვნელოვნად ხელყოფს ბინის მესაკუთრეთა ინტერესებს. ყოველ მესაკუთრეს მიშენებული ფართი გამოყენებული აქვს საძინებელ, სასადილო ან მისაღებ ოთახად. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სამშენებლო პროექტის ცვლილება არ მოიცავს წყალმომარაგების პროექტს, რის გარეშეც შეუძლებელია საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. გარდა ამისა ვინაიდან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას შეადგენს საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა, ხოლო 2018 წლის 14 სექტემბერს ამხანაგობის კრებაზე განიხილებოდა სწორედ დამატებითი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა საცხოვრებელი სახლის უკანა ფასადზე, რაც მნიშვნელოვნად ცვლიდა ამხანაგობის საერთო ქონებას, როგორც ფასადის კედელს ისე საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობებისა და გაყვანილობების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო ამხანაგობის კრება ჩატარებულიყო ამხანაგობის ყველა წევრის დასწრებით და კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულიყო 100% თანხმობით, როგორც ეს გათვალისწინებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის" შესახებ კანონის მე-10 მუხლით.
კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2018 წლის 14 სექტემბრის კრების ოქმი შედგენილია ხარვეზით, მასში სრულყოფილად არ არის აღწერილი განსახილველი საკითხის და მიღებული გადაწყვეტილების არსი, არ არის მითითება კენჭისყრის ფაქტსა და შედეგზე, ამიტომ არ შეიძლებოდა საერთო კრების ოქმი გამხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №657 დადგენილების მე-2 მუხლის მოთხოვნები, სადაც მითითებულია, რომ მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს სხვა სანებართვო პირობებს და არ უნდა ლახავდეს მესამე პირის უფლებებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ამავე დადგენილების 62-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნტისა და 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად, როდესაც შენობა-ნაგებობის ცალკეული ლოკალური საინჟინრო კომუნალური სისტემების ტიპის, სიმძლავრის და ადგილმდებარეობის შეცვლა ხდება სამშენებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას.
კასატორების განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილების დანართი 1-ის მოთხოვნების თანახმად, „სამშენებლო ობიექტების მიმართ ძირითადი მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს მათთვის განსაზღვრულ დანიშნულებას და გათვალისწინებული უნდა იქნეს მასთან დაკავშირებული პირების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, სამშენებლო ობიექტი უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმდაგვარად, რომ მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში საფრთხე არ შეექმნას ობიექტებზე მყოფი მუშების, მობინადრეებისა ან მეზობლების ჰიგიენას ან ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. მშენებლობის ექსპლუატაციის და დემონტაჟის პერიოდში არ გამოიწვიოს ძლიერი ზემოქმედება გარემოს პირობებზე ან კლიმატზე, განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევებში: ა)ტოქსიკური გაზის გაშვება, ვ)კანალიზაციის წყლის მყარი ან თხევადი ნარჩენების ავარიული ემისია ან გამონაბოლქვი აირების ემისია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ის, ხ. თ-ის, ი. დ-ის, ზ. ბ-ის, ნ. ე-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ზ. ბ-ის ნაწილში დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით ხ. თ-ის, ი. დ-ის, ნ. ე-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ხ. თ-ის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. დ-ის, ნ. ე-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. დ-ის, ნ. ე-ის და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 21 ნოემბრის N1734 ბრძანების, რომლითაც დაკმაყოფილდა ამხანაგობა ,,...ის“ 2018 წლის 21 სექტემბრის N... განცხადება და შეთანხმდა ქ. ბათუმში, ...ის გამზირ N332-ში მდებარე 2780.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...) მშენებლობის მიზნით გაცემულ 2015 წლის 28 დეკემბრის N877 არქიტექტურული პროექტში ცვლილებები, კანონიერების შემოწმება.
მოსარჩელეები (კასატორები) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემა დაუშვებელი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების 100%-იანი თანხმობის გარეშე და ამასთან, სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემის მოწყობის შემთხვევაში დაირღვეოდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება და ზიანი მიადგებოდა მათ ინტერესებს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის ძირითად სამართლებრივ პირობებს არეგულირებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ინდივიდუალური საკუთრება არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება არის მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარება არის ქმედება, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გაუმჯობესებისაკენ, ფუნქციური ცვლილებებისაკენ ან რეკონსტრუქციისაკენ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. მითითებული კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები: ნ. ჭ-ე, ნ. მ-ე, ი. დ-ე, ზ. ბ-ე, ხ. თ-ე და ნ. ე-ი, ასევე, საქმეში მესამე პირი - თ. მ-ე წარმოადგენენ ქ. ბათუმში, ...ის გამზირ N332-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი: ...) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ წევრებს და უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს.
2015 წლის 28 დეკემბერს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ წევრთა 100 %-იანი გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შეთანხმდა ქ. ბათუმში, ...ის გამზირ N332-ში მდებარე 2780.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე) მშენებლობის მიზნით N877 არქიტექტურული პროექტი, ხუთსართულიანი სახლის კორპუსზე, უკანა მხარეს, მთელ სიგრძესა და სიმაღლეზე დამატებითი ფართების მიშენების თაობაზე, რაზეც გაიცა მშენებლობის ნებართვაც. შეთანხმებული პროექტი არ მოიცავდა მშენებლობის შედეგად წარმოქმნილ მიმატებულ ფართებში შიდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობას.
რამდენადაც 2015 წლის 28 დეკემბერს შეთანხმებული N877 არქიტექტურული პროექტით არ იყო განსაზღვრული ახალი საკანალიზაციო სისტემის მოწყობის გეგმა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2018 წლის 14 სექტემბრის კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა ამხანაგობის 70 წევრიდან 2/3 ნაწილი, კერძოდ, 46 წევრი, განხილულ იქნა საკითხი, საცხოვრებელ კორპუსზე დამატებითი ფართების მიშენების გამო საჭირო, საკანალიზაციო და სანიაღვრე მილების სახლის უკანა ფასადზე მოწყობის და შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 21 ნოემბრის N1734 ბრძანებით, დაკმაყოფილდა ამხანაგობა ,,...ის“ 2018 წლის 21 სექტემბრის N... განცხადება და
შეთანხმდა ქ. ბათუმში, ...ის გამზირ N332-ში მდებარე 2780.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...) მშენებლობის მიზნით გაცემულ 2015 წლის 28 დეკემბრის N877 არქიტექტურულ პროექტში ცვლილებები.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას და მათი განვითარების შესაძლებლობისთვის განსხვავებულ რეგულაციებს ითვალისწინებს. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ხარისხი და მისი გავლენა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელეთა მიერ შეთანხმებული მშენებლობის პროექტი და ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 21 ნოემბრის N1734 ბრძანების საფუძველზე მიღებული პროექტის ცვლილება ანუ ფასადზე სანიაღვრე-საკანალიზაციო მილების გატარება, არ შეეხება მოსარჩელეთა ინდივიდუალურ საკუთრებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საკანალიზაციო და წყალარინების სისტემის იმდაგვარი მოწყობა, რაც გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული ცვლილების მიხედვით, მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას, არც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამხანაგობის სხვა წევრთა, ამ შემთხვევაში მოსარჩელეთა საერთო ქონების გამოყენებაზე და ამით არც მათი ინდივიდუალური ან თანასაკუთრების უფლება ირღვევა, რამდენადაც ის გულისხმობს საცხოვრებელი კორპუსის უკანა მხარის ფასადზე წყალარინების და საკანალიზაციო მილების დამაგრებას, რითაც არ იცვლება არც საერთო ქონების დანიშნულება და არც მოსარჩელეთა ინდივიდუალური საკუთრების რაიმე სახით ცვლილებას აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 28 დეკემბრის N877 არქიტექტურულ პროექტში ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ახალი მშენებლობის ნებართვის აღების საფუძველზე და მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეკონსტრუქცია და რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა მიეკუთვნება მშენებლობის სახეობებს და განიხილება ახალ მშენებლობად, თუმცა აქვე მითითებულია, რომ რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა არ საჭიროებს ნებართვას. ამასთანავე, იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, მათ შორის, როცა ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს). ამრიგად, მართალია, დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე გაიცემა მშენებლობის ნებართვა, ხოლო მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია მშენებლობის ნებართვის გარეშე მიიჩნევა უნებართვო მშენებლობად, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ რემონტი შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.
რაც შეეხება პროექტში შეტანილი ცვლილების შესაბამისად სანიაღვრე- საკანალიზაციო სისტემის მოწყობის შემთხვევაში მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენებას, მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების კედლებზე საკანალიზაციო მილის გავლებით დისკომფორტის შექმნით, ხმაურითა და არასასიამოვნო სუნით, ასევე, შესაძლო მექანიკური დაზიანებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 21 ნოემბრის N1734 ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 28 დეკემბერს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შეთანხმებულ პროექტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემის ამდაგვარად მოწყობა, წინააღმდეგობაში არ მოდის მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობით დადგენილ, ნორმატიულ რეგულაციებთან. ხმაურისა და სუნის დასახშობად, მილები უნდა შეიფუთოს შესაბამისი იზოლაციის მასალით, რომელიც ზიანის მომტანი არ იქნება არავისთვის და არც სახლის პირველ სართულზე მცხოვრები მოსარჩელეებისთვის. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას/დადასტურებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა პირის ინტერესები, რათა ერთი პირისთვის რაიმე უფლების მინიჭებამ არ გამოიწვიოს სხვა პირების უფლებების შელახვა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, განხორციელებული სამუშაოები არ ახდენს მოსარჩელეების კანონიერ ინტერესზე არსებით გავლენას და არ უქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლესა თუ საკუთრებას. შესაბამისად, მოსარჩელისა და მესამე პირის ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 21 ნოემბრის N1734 ბრძანების კანონსაწინააღმდეგო შინაარსი და ხასიათი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. დ-ის, ნ. ე-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. დ-ის, ნ. ე-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე ნ. ჭ-ეს 13.04.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ჭ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. დ-ის, ნ. ე-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინება.
3. ნ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. დ-ის, ნ. ე-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე 13.04.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე