Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-270(კს-22) 18 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა მ. ა. შ. მ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა. შ. მ-ა 22.06.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 27.05.2021წ. N MIA 9 21 01327701 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.09.2021წ. გადაწყვეტილებით მ. ა. შ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ა. შ. მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინებით მ. ა. შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ვადის დარღვევით წარდგენის გამო, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განიმარტა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინება მ. ა. შ. მ-ა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა მის ადვოკატს მ. დ-ს, რომელიც მ. ა. შ. მ-ის ინტერესებს როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციის სასამარძთლოში იცავდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება არ ნიშნავს გასაჩივრების ვადის ათვლის დენის დაწყებას, რადგან ორდერით წარმომადგენლობის შემთხვევაში, წარმომადგენელს უფლება აქვს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა. კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასმართლოს Nას-1614-1608-2011 და Nას-1269-1289-2011 განჩინებებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადვოკატის ორდერი, ისევე როგორც მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. მითითებული ნორმის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ამდენად, ვინაიდან ადვოკატი მ. დ-ი არ იყო უფლებამოსილი ორდერით წარმომადგენლობის ფარგლებში გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება, იგი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან ცდილობდა თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებას, რაც 11.01.2022წ. მოახერხა, თარჯიმნის საშუალებით გააცნო მას სასამართლოს გადაწყვეტილება და იმავე დღეს შეადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელიც ელექტრონულად გააგზავნა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირადად თავშესაფრის მაძიებლისათვის ჩაბარების ფაქტს არც ქართულ და არც მისთვის გასაგებ არაბულ ენაზე. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ იგი არ ფლობს ქართულ ენას, სასამართლო სხდომაზე მონაწილეობდა არაბული ენის მცოდნე თარჯიმანი, შესაბამისად მას უნდა ჩაბარებოდა არაბულ ენაზე ნათარგმნი სასამართლო გადაწყვეტილება, რაც არ განხორციელებულა დღემდე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია მ. ა. შ. მ-ისათვის საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 27.05.2021წ. N MIA 9 21 01327701 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. მართალია საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სსკ-ის 374.1 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი. განსახილველ შემთხვევაში არსებითი დავის საგანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა. აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ აქვს მინიჭებული. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი, გასაჩივრების შეზღუდვა არა მხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს და კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ 04.02.2022წ. განჩინების მეორე პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილებას, რადგან განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების სპეციალური წესი იმპერატიულია, შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება სასამართლოს მიხედულების, მიზანშეწონილობის სფეროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ა. შ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა. შ. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი