საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-76(კ-21) 23 აპრილი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ხ. თ-ის ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ჭ-ის, ნ. მ-ის, ი. დ-ის, ზ. ბ-ის, ხ. თ-ისა და ნ. ე-ის სარჩელი არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 21 ნოემბრის №1734 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-ემ, ხ. თ-ემ, ი. დ-ემ, ზ. ბ-ემ, ნ. ე-მა და ნ. ჭ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით ხ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. ჭ-ის, ნ. მ-ის, ი. დ-ის, ზ. ბ-ისა და ნ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-ემ, ხ. თ-ემ, ი. დ-ემ, ზ. ბ-ემ, ნ. ე-მა და ნ. ჭ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ის, ხ. თ-ის, ი. დ-ის, ზ. ბ-ის, ნ. ე-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ზ. ბ-ის ნაწილში დარჩა განუხილველი.
2021 წლის 14 აპრილს, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორებმა - ხ. თ-ემ, ი. დ-ემ, ნ. ე-მა და ნ. ჭ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ხ. თ-ის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.
განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-ემ, ხ. თ-ემ, ი. დ-ემ, ზ. ბ-ემ, ნ. ე-მა და ნ. ჭ-ემ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით ხ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება კი სადავოდ არ გაუხდია ხ. თ-ეს. თუმცა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მის მიერ.
ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია ხ. თ-ის სააპელაციო საჩივარზე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება ხ. თ-ის მიმართ შესულია კანონიერ ძალაში, რაც ხ. თ-ის, ი. დ-ის, ნ. ე-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის ხ. თ-ის ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. თ-ის, ი. დ-ის, ნ. ე-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ხ. თ-ის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე