Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-833(2კ-20) 22 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს მთავრობა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ნ. ა-ე, ე. ა-ე, ემ. ა-ე, თ. ბ-ე, გ. ა-ე

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ა-ემ, ე. ა-ემ, ემ. ა-ემ, თ. ბ-ემ და გ. ა-ემ 2018 წლის 5 ივნისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის GOV 2 18 00014219 გადაწყვეტილების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №03-01/03/12342 აქტის ბათილად ცნობისა და საქართველოს მთავრობისთვის მოსარჩელეთათვის, როგორც სტიქიით დაზარალებულისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა - გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების და შესაბამისი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ა-ის, ე. ა-ის, ემ. ა-ის, თ. ბ-ისა და გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის GOV 2 18 00014219 გადაწყვეტილება ნ. ა-ის და სხვების განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №03-01/03/12342 აქტი; მოპასუხე - საქართველოს მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება ნ. ა-ის და მისი ოჯახის წევრების, როგორც სტიქიით დაზარალებულისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს მთავრობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორების განმარტებით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის 285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის N497 დადგენილებებით, მოსარჩელეებისათვის, როგორც სტიქიით დაზარალებულებისათვის (სულ 75 ოჯახი), ...ის რაიონის სოფელ ...ში გამოყოფილ იქნა 20 ჰექტარი, სადაც უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის N750 ბრძანებულებით, ...ის რაიონის გამგეობას, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ 1989 წელს აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახის განსახლება. ზემოაღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არ აღსრულებულა, რასაც მოჰყვა 75 ეკომიგრანტი ოჯახიდან 49 ოჯახის მიერ ჯერ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვა, რაც შემდგომ სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 49 ეკომიგრანტი ოჯახის (მათ შორის არ იყვნენ მოსარჩელეები) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა მათი საკითხის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 განკარგულება, ხოლო 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებით მოხდა საკომპენსაციო თანხის გადახდა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეები ზემოაღნიშნულ 49 ოჯახს შორის, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, არ ყოფილან და ისინი არც სასამართლოს მოუწვევია დაინტერესებულ მხარედ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის ,,ბ" პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანაა ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების რეგულირება. ასევე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება. აღნიშნული სამართლებრივი აქტები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის შესწავლა დაავალა შესაბამის სამინისტროს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებული იყო სადავო საკითხის განხილვის მიზნით მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი განცხადება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ განკარგულებათა გათვალისწინებით გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რითაც არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობა. მითითებული განცხადების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაგზავნის მიზეზი იყო ის, რომ სამინისტროს, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე ემსჯელა მოთხოვნაზე და შესაბამისი ინიციირებით მოემართა საქართველოს მთავრობისათვის.

კასატორები არ იზიარებენ სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მოსარჩელეთა მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა. „რ. ს-ის, ზ ს-ის და სხვების N3გ/453-12 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, განკარგულების პრეამბულაში მითითებული სტიქიით დაზარალებული პირების/მათი ოჯახების განსახლების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის მიხედვით, მათი განსახლების უზრუნველყოფა დაავალა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებებიდან თანხები შესაბამისი ოდენობით მიმართა სტიქიით დაზარალებული პირების/ოჯახების კომპენსაციით უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანაა ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების რეგულირება. ასევე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, ფორმდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით, რომლის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება. აღნიშნული სამართლებრივი აქტები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის შესწავლა დაავალა შესაბამის სამინისტროს, ცხადაია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებული იყო სადავო საკითხის განხილვის მიზნით მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი განცხადება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ განკარგულებათა გათვალისწინებით გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რითაც არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობა. მითითებული განცხადების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაგზავნის მიზეზიც ის გახლდათ, რომ სამინისტროს, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე ემსჯელა მოთხოვნაზე და შესაბამისი ინიცირებით მიემართა საქართველოს მთავრობისათვის. ამ გარემოებათა გამო, კასატორისთვის გაუგებარია, თუ რა საფუძვლით არ დააკმაყოფილა სასამართლომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი. ერთის მხრივ სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებზე, რომლების საფუძველზეც ეკომიგრანტ პირებზე გაიცა საკომპენსაციო თანხები, ხოლო მეორეს მხრივ მოსარჩელეების მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოდ მხოლოდ საქართველოს მთავრობას მიიჩნევს, რაც კასატორის მოსაზრებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს მთავრობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის GOV 2 18 00014219 გადაწყვეტილების, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №03-01/03/12342 აქტის კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით მიღებული იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ...ის რაიონის ...ის ...ის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით, გამოიყო ...ის რაიონის სოფელ ...ას საკრებულოს ტერიტორიაზე, ...ის ...ის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად. საქმის მასალებით, დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის 750 ბრძანებულება არ აღსრულებულა, რის გამოც დაზარალებულთა ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე 3ბ/453-12) საქართველოს მთავრობას სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება დაევალა; ასევე, საქართველოს მთავრობას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების (სულ 49 პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. აღნიშნულ სასამართლო წარმოებაში მოსარჩელეთა ოჯახი მხარეებს არ წარმოადგენდნენ.

2018 წლის 3 მაისს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იმ საფუძვლით, რომ ...ის რაიონის სოფელ ...ში ჩამოსახლებული სტიქიით დაზარალებულ 75 ოჯახიდან დაკმაყოფილებული არ იყო ...ს რაიონის სოფელ ...იდან ჩამოსახლებული ნ. ა-ის ოჯახი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის №285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილებით სტიქიით დაზარალებულებისათვის, ...ის რაიონის სოფელ ...ის ტერიტორიაზე ...ის ...ის მარჯვენა მხარეს გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ინდივიდუალური სახლების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა, ან კომპენსაციის გაცემა მოითხოვეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის GOV 2 18 00014219 გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული განცხადება განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №03-01/03/12342 აწერილით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა განცხადების გადაგზავნას მათ დაინტერესებაში არსებული საკითხის განხილვა/შეფასება არ გამოუწვევია და აღნიშნულით არ განხორციელებულა მოსარჩელეთა უფლებების რეალიზაცია; მეტიც, მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის №3ბ/453-12 გადაწყვეტილებაში ისინი არ წარმოადგენდნენ მხარეს, სამინისტრო მოკლებული იყო საშუალებას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი, ამავე წერილით განემარტათ მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისათვის, სამინისტროს მიერ, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვა 25 000 ლარის ფარგლებში.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტზე, რომლის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მთავრობის უფლებამოსილებაზე, კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა დაავალოს უფლებამოსილ სამინისტროს, რაც არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ მთავრობის მიერ საკითხის განხილვის კონკრეტული უწყებისთვის დავალების შემთხვევაში, მას უწყდება ანგარიშვალდებულება გადასაწყვეტი საკითხისა თუ დაინტერესებული პირის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მიეკუთვნება მთავრობის კომპეტენციას, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას, როგორც მოსარჩელეთა განცხადების განხილვასა და ამ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე ვალდებულ პირს, კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში, განცხადებაში მითითებული საკითხების შეფასების შედეგად უნდა განეხილა მოსარჩელეთა განცხადება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხის განხილვის თაობაზე მოსარჩელეთა განცხადება სამინისტრომ კი მხოლოდ იმ საფუძვლით არ განიხილა, რომ სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულების გამოცემას, ისინი მხარეს არ წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა მოსარჩელეთა დაკმაყოფილების საკითხის განხილვა. მართალია, მოსარჩელეებს შორის ნ. ა-ე, ე. ა-ე, ემ. ა-ე, თ. ბ-ე და გ. ა-ე არ ყოფილან, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი არ ქმნიდა სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სოციალური უფლებების დაცვასა და განხორციელების უზრუნველყოფაზე უარის თქმის წინაპირობას, ასევე, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 12 სექტემბრის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებით დაევალა მისი მითითების შესაბამისად, კონკრეტული მოქმედების განხორციელება ანალოგიურ პირობებში მყოფი სტიქიით დაზარალებული ოჯახების საკითხის გადასაწყვეტად.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №03-01/03/12342 აქტის კანონიერებას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“, რომელიც აწესრიგებს ეკომიგრანტთა განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. აღნიშნული წესის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის საფუძველზე, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ხოლო განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამავე ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. ამასთან, დეპარტამენტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი მოხელე ახდენს საცხოვრებელი სახლის მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას, დამუშავებას და დამუშავებულ მასალას წარუდგენს შესაბამის კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა განსახლების საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხებოდა 1989 წელს აჭარის მთიანი რაიონებიდან ...ის რაიონში ჩასასახლებელი სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახისთვის თანხების გაცემას ან სახლის მშენებლობას, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 21 მაისის №03-01/03/12342 წერილში იმსჯელა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა, შესაბამისად, არსებობდა მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, გადაეწყვიტა მოსარჩელეების ინდივიდუალური საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლობის გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა, ან კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და საქართველოს მთავრობისთვის 2018 წლის 3 მაისის განცხადების განხილვის დავალების საფუძველია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავრობისა და ს სიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა