Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1093(კ-20) 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - ი.ჯ-ი, ნ.ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

თავდაპირველი მოსარჩელე - კ.კ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ი.ჯ-მა, ნ.ჯ-მა და კ.კ-მა 2017 წლის 24 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მოსარჩელეთა დაჯარიმების შესახებ“ ამავე სამსახურის 2016 წლის 23 სექტემბრის №001602 დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 15 დეკემბრის №1-2540 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ჯ-ის, ნ.ჯ-ისა და კ.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ნ.ჯ-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით ი. და ნ.ჯ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ნ.ჯ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფორსმაჟორულ მდგომარეობას, რომლის დროსაც შენობა ჩამოინგრა და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული. კასატორების მითითებით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიის სამსახურს დახმარებისათვის, მაგრამ ამაოდ, შენობა ინგრეოდა და მათ ის გააკეთეს, რაც მერიის სამსახურს ევალებოდა.

კასატორების მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (სურათებით) დასტურდება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ შეუცვლია შენობის ფასადი წინა მხრიდან, შენობა გამაგრდა სპეციალური კონსტრუქციით, შენობის უკანა ფასადს არ გამოუწვევია გადახურვის კონსტრუქციის მთლიანობის დარღვევა და ზუსტად შეესაბამებოდა მომიჯნავედ არსებული შენობის მდგომარეობას, სხვენი შენობის შიგნით, ოთახის ხარჯზე გაკეთდა და შენობის ცვლილება არ გამოუწვევია, შენობის სახურავი მერიის სამსახურმა გადახურა და იმ დროს ამის შესახებ შენიშვნა არ გაკეთებულა, რადგან ასეთს ადგილი არ ჰქონია.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე უნდა დაედგინა, რომ ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონს, ისინი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდნენ მოსარჩელეებს და უკანონოდ ზღუდავდნენ მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესს. ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი სრულად და ობიექტურად უნდა შეესწავლა და გადაწყვეტილება ისე მიეღო, რაც მათ არ განახორციელეს. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს აუცილებლად უნდა გაემახვილებინა ყურადღება იმ ფაქტებზე, რომლებიც მოსარჩელეების მდგომარეობას რეალურად ასახავდა., თუმცა დახმარება მათ არ აღმოუჩინეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ სადავო აქტების ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. და ნ.ჯ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთა მიერ მათ საკუთრებაში არსებულ ფართში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე უნებართვოდ განხორციელებული სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევისა და დაკისრებული სანქციის კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, №... საკადასტრო კოდის მქონე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში, 2012 წლის 10 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია კ.კ-ას, ი.ჯ-ისა და ნ.ჯ-ის სახელზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2016 წლის 30 ივნისს ი.ჯ-ის, ნ.ჯ-ის და კ.კ-ას მიმართ შეადგინა №001602 მითითება, საიდანაც ირკვევა, რომ ი.ჯ-მა, ნ.ჯ-მა და კ.კ-ამ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №15-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განახორციელეს სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ასევე შეცვლილია სხვენის ფორმა და მოწყობილია სართული, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მათვე დაევალათ კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრათ 20 კალენდარული დღე. საბოლოოდ, მითითების პირობების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 23 სექტემბრის №001602 დადგენილებით, ი.ჯ-ი, კ.კ-ა და ნ.ჯ-ი დაჯარიმდნენ 8000 ლარით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის, ასევე სხვენის ფორმის შეცვლისთვის და სართულის მოწყობისთვის. მათვე დაევალათ ქალაქ თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) ქუჩა №15-ში უნებართვოდ განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 23 სექტემბრის №001602 მითითების შესრულება. აღნიშნული დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ, თუმცა მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამასთანავე, საქმეში არსებული საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №15-ში მდებარე შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სადავო არ არის, რომ სწორედ აღნიშნული სტატუსის მქონე უძრავ ნივთზე განახორციელეს მოსარჩელეებმა სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც, მათი აზრით, გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით, რადგან შენობა ავარიული იყო და ესაჭიროებოდა რეაბილიტაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს აგრეთვე საქმის მასალებში წარმოდგენილ შპს „...ის“ ავარიულ შენობათა ტექნიკური მდგომარეობის შემსწავლელი განყოფილების 2013 წლის დასკვნაზე, რომლის შესაბამისად, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში მდებარე დეფორმირებული საცხოვრებელი სახლი უვარგისია საცხოვრებლად და განხილულ უნდა იქნას საკითხი შენობის დემონტაჟის თუ გაძლიერების მიზანშეწონილობის თაობაზე. ამასთანავე, შენობა ვიზუალური შემოწმებით ექვემდებარება დემონტაჟს, ხოლო ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა (ყოფილი ...ის) №15-ში, საკადასტრო კოდი №..., ... საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისათვის ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, საინჟინრო გეოლოგიური თვლსაზრისით, გამოკვლეული უბანი დამაკმაყოფილებელ პირობებშია, ვინაიდან, როგორც შესწავლილ უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე უარყოფითი ფიზიკური-გეოლოგიური პროცესები (მეწყერი, კარსტი, ჩაქცევები და სხვა) არ შემიჩნევა.

საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8 000 ლარით. მითითებული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დაჯარიმებას ექვემდებარება უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, დასახელებული კოდექსით დადგენილია სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომელიც გამოიხატება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში უნებართვო მშენებლობა/რეკონსტრუქციაში, თუმცა უშუალოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელების საკითხის შესაფასებლად და გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც აწესებს სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელებისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ნებართვის/თანხმობის გაცემის წინაპირობებსა და პროცედურას, გარდა ამისა, კანონმდებლობა ცალკეულ ტერიტორიათა მიმართ ზღუდავს სამშენებლო საქმიანობის კონკრეტული სახის განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონით განსაზღვრულია ძეგლზე თვითნებური სამუშაოების განხორციელების აკრძალვა. დასახელებული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოს ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ტიპები - კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები კი გათვალისწინებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უძრავ ძეგლზე კვლევისა და რეაბილიტაციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ერთ-ერთი სახეა „რეკონსტრუქცია“. აღნიშნული სამუშაოს ჩატარების სამართლებრივ საფუძვლად, მითითებული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიჩნეულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების განსახორციელებელი ნებართვა.

დასახელებული ნორმების სამართლებრივი ანალიზის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოს განხორციელებისას აუცილებელია ნებართვის მოპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე განხორციელებული ზემოქმედება ჩაითვლება უნებართვოდ წარმოებულ, თვითნებურ სამუშაოდ, რისთვისაც განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისი პასუხისმგებლობა. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადასტურებულია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №15-ში მდებარე შენობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი.ჯ-ის, ნ.ჯ-ისა და კ.კ-ას მიმართ გაიცა №001602 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ამავე მითითებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №15-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განახორციელეს სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ასევე შეცვალეს სხვენის ფორმა და მოწყვეს სართული, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. მითითების შეუსრულებლობის გამო, საბოლოოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 23 სექტემბრის №001602 დადგენილებით, ი.ჯ-ი, კ.კ-ა და ნ.ჯ-ი დაჯარიმდნენ 8000 ლარით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის, ასევე სხვენის ფორმის შეცვლისთვის და სართულის მოწყობისთვის. ამასთანავე, დაევალათ ქალაქ თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) ქუჩა №15-ში უნებართვოდ განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 23 სექტემბრის №001602 მითითების შესრულება.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია მიეკუთვნება მშენებლობის სახეობებს და განიხილება ახალ მშენებლობად. ამრიგად, დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე გაიცემა მშენებლობის ნებართვა, ხოლო მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია მშენებლობის ნებართვის გარეშე, მიიჩნევა უნებართვო მშენებლობად.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩეელებმა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №15-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განახორციელეს სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შეცვალეს სხვენის ფორმა და მოაწყვეს სართული, ისე, რომ მასზე არ ყოფილა გაცემული შესაბამისი ნებართვა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავო სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები საჭიროებდა ნებართვას, რომელიც მოსარჩელეებს არ გააჩნდათ და უფრო მეტიც, მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული ქმედება, ზოგადად, არ იყო შესაბამისობაში უძრავ ძეგლზე დაშვებულ საქმიანობასთან, საქმეზე დადასტურებულია სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა - უნებართვო სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, რომელზეც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო რეაგირება მოახდინა და კანონმდებლობის მოთხოვნათა და შესაბამისი პროცედურის დაცვით, გასაჩივრებული დადგენილებით, სამართალდამრღვევებს დაავალა მითითების შესრულება და ამავდროულად დააჯარიმა 8000 ლარით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ი.ჯ-ისა და ნ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინება;

3. ი.ჯ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 15 თებერვალს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე