Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1196(კ-21) 23 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 30 მარტს, მ. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 7 მარტის N01-02/08/5574 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მ. ბ-ის ოჯახის გრძელვადიანის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლზე, ასევე მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის, კრიტერიუმები განისაზღვრება დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, თვითონ განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი N7-ის "სოციალური კრიტერიუმი" განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისთვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. პალატამ მიუთითა N7 დანართის ,,დ“ , „ე“ პუნქტებზე და აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახისათვის ოჯახის წევრის შესაძლებლობის შეზღუდვის გამო ქულის მინიჭებისათვის, აღნიშნული გარემოება უნდა დადასტურდეს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტით (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით). ,,სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ქ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი არის პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მ. ბ-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება - სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელიც დაადასტურებდა მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ სს „...ის“ 2010 წლის 7 აპრილის ცნობა არ წარმოადგენს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერს, შესაბამისად, უსაფუძვლოა მ. ბ-ის მითითება, აღნიშნულ ცნობაზე დაყრდნობით მისთვის შესაბამისი ქულის მინიჭების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ, ზემოაღნიშნული „წესის“ N7 დანართის ,,ე'' პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან მიმართებაში („მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე“) აღნიშნა, რომ მითითებული ნორმა ქულის მინიჭებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მშობლის კმაყოფაზე არიან მცირეწლოვანი შვილი ან შვილები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მცირეწლოვანია 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, აპელანტის შვილები კი, საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობების სადავო აქტის გამოცემის დროსაც კი არ წარმოადგენდნენ მცირეწლოვან პირებს. გარდა ამისა, მ. ბ-ი და ნ. კ-ე 2010 წლის 29 ივნისს განქორწინდნენ. ნ. კ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ჰქონდა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების - მ. კ-ის (დაბ. ...წ) და გ. კ-ის (დაბ. ...წ) სასარგებლოდ. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ ნ. კ-ე გარდაიცვალა 2017 წლის 4 დეკემბერს. აღნიშნული დოკუმენტი გავლენას ვერ მოახდენს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, რამდენადაც ნ. კ-ე გარდაიცვალა სადავო აქტის გამოცემის შემდგომ. ამასთან აპელანტს უფლება აქვს ხელახლა-მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს, იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიჩნევს, რომ შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე გაუმჯობესდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასამართლიანად განსაზღვრა ქულათა რაოდენობა მ. ბ-ის ოჯახთან მიმართებაში. საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელთა გაანალიზებისა და სწორი შეფასების შემთხვევაში, მ. ბ-ს მიენიჭებოდა ქულათა საკმარისი რაოდენობა, იგი სრულიად დააკმაყოფილებდა იმ პრიორიტეტებს, რაც მისცემდა უფლებას, დაუყოვნებლივ მიეღო საცხოვრებელი ფართი, როგორც დევნილს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ არცერთ პუნქტში არ არის მითითებული, რომ დევნილს არ ეკუთვნის საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ნორმატიული აქტით და მისი დანართებით დიფერენცირებულია დევნილთა ქონებრივი და სხვა სოციალური მდგომარეობები (ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა), რის მიხედვითაც ხდება ქულების მინიჭება, მათი დაჯამება და დაჯამების შედეგად, დგინდება "პრიორიტეტები". ამასთან, პრიორიტეტების მიხედვით დგინდება რიგითობა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. „წესში“ მითითებულია სიტყვა „გრძელვადიანი“, რაც თავისთავად უკვე გულისხმობს, რომ ყველა დევნილი უნდა დაკმაყოფილდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი" (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას ჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ (დანართი N6) „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობდა სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო „სოციალური კრიტერიუმის“ (დანართი N7) „ბ“ ქვეპუნქტი 1 ქულას ანიჭებდა ოჯახს, რომელშიც იყო ორი არასრულწლოვანი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ბ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი და მას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. იძულებით გადაადგილებამდე, მ. ბ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა მცხეთა-მთიანეთი, ...ი, სოფელი ...ი, ხოლო დროებით საცხოვრებელს - შიდა ქართლი, გორი. საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე მ. ბ-ის 2016 წლის 08 აგვისტოს განაცხადის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრომ შეადგინა კითხვარი მ. ბ-მა განმარტა, რომ ცხოვრობს ნათესავთან, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართია ...ი, საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენს 135 ლარს (დევნილთა შემწეობა 135 ლარი), ხარჯი - 110 ლარს, არ იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში, საკუთრებაში არ აქვს მოძრავი ან უძრავი ქონება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მ. ბ-ი აქტიურ სოციალურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღარ ფიქსირდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების საფუძველზე, სამინისტრომ მ. ბ-ის დევნილ ოჯახს, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 2,5 ქულა. სამინისტროს 2017 წლის 7 მარტის N01-02/08/5574 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ. ბ-ს განემარტა, რომ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, წინასწარი შეფასებით, მის ოჯახს მიენიჭა 2,5 ქულა („ნათესავთან/ახლობელთან ცხოვრება ქირის გარეშე“ - 1.5 ქულა; „18 წლამდე ასაკის ოჯახის წევრები (ორი წევრი)“ – 1 ქულა), რაც ამ ეტაპზე არ აღმოჩნდა საკმარისი, მ. ბ-ის ოჯახისათვის კერძო სახლის/ბინის შესასყიდად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის №17 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, კერძო საკუთრებაში არსებული სახლის/ბინის შესყიდვაზე თანხმობა ეთქვა ჯამში 9 განმცხადებელს, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 3,5 და მეტი ქულა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის ყველა ინსტანციაში განხილვის ეტაპზე, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში მ. ბ-ის ძირითადი პრეტენზია შეეხებოდა კრიტერიუმების არასრულყოფილად განსაზღვრასა და შესაბამისი ქულების არასწორად მინიჭებას. კასატორი თვლის, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მასთან მიმართებაში არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური კრიტერიუმის“ (დანართი N7) „დ“, „ე“ ქვეპუნქტები.

სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური კრიტერიუმის“ (დანართი N7) „დ“ ქვეპუნქტით, დაინტერესებული პირისათვის შესაბამისი ქულის მინიჭების შესაძლებლობა არსებობს, თუ ოჯახის წევრ(ებ)ი არიან მკვეთრად (3 ქულა), მნიშვნელოვნად (2 ქულა) ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის (1 ქულა) შეზღუდვის მქონე პირები (ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), რაც დასტურდება შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტით (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ოჯახის წევრის შესაძლებლობის შეზღუდვის გამო ქულის მინიჭებისათვის, შესაბამისი გარემოება უნდა დადასტურდეს სათანადო დოკუმენტით (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით). ,,სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი არის პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, მ. ბ-ს არ აქვს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელიც დაადასტურებდა მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭებას. საქმეზე წარმოდგენილი სს „...ის“ 2010 წლის 7 აპრილის ცნობა, რომლის თანახმად, მ. ბ-ი 2005 წლიდან 2006 წლის 8 აგვისტომდე იმყოფებოდა აღრიცხვაზე და ამბულატორიულ მკურნალობაზე (დიაგნოზით: შიზოფრენიული აშლილობა) არ წარმოადგენს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერს, შესაბამისად უსაფუძვლოა მ. ბ-ის პრეტენზია, აღნიშნულ ცნობაზე დაყრდნობით მისთვის შესაბამისი ქულის მინიჭების თაობაზე.

რაც შეეხება მ. ბ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარდგენილ ინფორმაციას, ყოფილი მეუღლის - ნ. კ-ის 2017 წლის 4 დეკემბერს გარდაცვალებასთან დაკავშირებით: საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ასევე ვერ ახდენს გავლენას მოსარჩელესთან მიმართებაში ზემოაღნიშნული „წესით“ კრიტერიუმების სხვაგვარად განსაზღვრასა და მინიჭებული ქულათა რაოდენობის გაზრდაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული N7 დანართის („სოციალური კრიტერიუმი“) „ე“ ქვეპუნქტით 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობა არსებობდა, თუ დაინტერესებული პირი იყო მშობელი ან ქვრივი და იგი იძულებული იყო, მარტო ეზრუნა მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ბ-ი და ნ. კ-ე 2010 წლის 29 ივნისს განქორწინდნენ. ამასთანავე, ნ. კ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ჰქონდა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების - მ. კ-ის (დაბ. ...წ) და გ. კ-ის (დაბ. ...წ) სასარგებლოდ. მ. ბ-მა საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზე წარმოადგინა ყოფილი მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ამასთანავე, უდავოა, რომ მისი შვილები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის შეფასების მომენტშივე არ იყვნენ მცირეწლოვნები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მ. ბ-ი არ აკმაყოფილებდა „სოციალური კრიტერიუმის“ „ე“ ქვეპუნქტის აუცილებელ პირობებს, შესაბამისი ქულის მინიჭებისათვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე