Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 218-დად 3 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა დაზარალებულ ა. ბ-იას ინტერესების დამცველი ადვოკატის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის 2002წ. 24 ივნისის დადგენილება გ. დ-ის მიმართ სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

საჩივარი ითხოვს როგორც რაიონული სასამართლოს, ასევე გამომძიებლის ზემოაღნიშნულ დადგენილებათა გაუქმებას და საქმეზე გამოძიების განახლებას.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 18 აპრილს თბილისის საგამოძიებო სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გ. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით და 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა მიხედვით.

გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:

2002წ. 11 აპრილს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, გ. დ-ლი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “ვაზ-2109”-ით 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა კახეთის გზატკეცილზე თბილისის ცენტრის მხრიდან კახეთის მიმართულებით. როდესაც მიუახლოვდა ¹105 განათების ბოძს, წინ, დაახლოებით 80 მეტრში, დაინახა მისგან მარჯვნივ, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებული სამი მამაკაცი, რომლებიც გაზონიდან მოცილებულები იყვნენ დაახლოებით 1-2 მეტრით. გ. დ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მიუახლოვდა რა მათ 30 მეტრამდე, უცებ ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ კი ა. ბ-იამ, სირბილით დაიწყო სავალი გზის გადაკვეთა მარჯვნიდან მარცხნივ. გაირბინა რა 7-8 მეტრი, მას დაეჯახა გ. დ-ის ავტომანქანა წინა მარჯვენა ნაწილით. მანქანა მარცხენა საბურავებით ავარდა გაზონზე, გააგრძელა მოძრაობა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. ბ-იამ მანქანის დაჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით მძღოლი დ-ლი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით თავიდან, ვერ აიცილებდა ქვეითად მოსიარულეზე ავტომანქანის დაჯახებას. გამომძიებელი დაეყრდნო რა ამ დასკვნას, შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა. ბ-სათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების ნაწილში. ამასთან, გ. დ-ლი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით _ ა. ბ-იას განსაცდელში მიტოვებისათვის და საქმე ამ ნაწილში საბრალდებო დასკვნით წარმართა სასამართლოში.

ავტოავარიის ნაწილში სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა დაზარალებულ ა. ბ-იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში.

სასამართლომ განიხილა რა საჩივარი, საქმის შეწყვეტის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და საჩივრის მოთხოვნა უარყო მისი უსაფუძვლობის მოტივით.

საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად და არაობიექტურად, დადგენილი არ არის დაზარალებულზე ავტომანქანის დაჯახების ზუსტი ადგილი, გამოკვლეული არაა, ავარიის შემდეგ დაზარალებული როგორ აღმოჩნდა გზის საპირისპირო მხარეს, დიდი მანძილის დაშორებით, დადგენილი და დაკითხულნი არ არიან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მოწმეები, აუცილებელია დამატებითი კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება და შემთხვევის ზუსტი მონაცემების დასადგენად სხვა საგამოძიებო მოქმედებათა შესრულება. აღნიშნულ გარემოებათა გამო ითხოვს საქმეზე გამოძიების განახლებას.

დამატებითი საჩივრით ადვოკატმა ნ. მ-ძემ წარმოადგინა ალტერნატიული ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მძღოლ გ. დ-ს შეეძლო შემთხვევის თავიდან აცილება.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. მ-ძემ ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირეს ადვოკატმა ლ. გ-შვილმა, ბრალდებულმა გ. დ-მა და პროკურორმა გ. კ-იამ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გამომძიებლისა და რაიონული სასამართლოს დადგენილებები მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გამომძიებლის დადგენილება გ. დ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ეყრდნობა საქმის ფაქტობრივ მასალებს და ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას. ამ გარემოებას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რაიონულმა სასამართლომ და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ დაზარალებული და მისი თანმხლები პირები შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და ისინი მომხდარი ავტო-საგზაო დეტალების შესახებ რაიმე კონკრეტულ ჩვენებას ვერ იძლევიან. ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული საექსპერტო დასკვნა კი საქმის მასალებს არ ეყრდნობა და ეფუძნება მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც ექსპერტს ადვოკატმა მიაწოდა. ამის გამო ეს დასკვნა მხოლოდ სავარაუდო ხასიათს ატარებს და არა ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობილ კატეგორიულ ხასიათს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ ნ. მ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 სექტემბრის დადგენილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.