№ბს-15(კ-22) 23 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 31 აგვისტოს ც. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-895/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის თანახმად, ც. დ-ე არის აფხაზეთიდან (ქ. სოხუმიდან) იძულებით გადაადგილებული პირი და 1993 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში. 2002 წლიდან დღემდე ცხოვრობს დევნილთა კომპაქტურად დასახლებულ შენობაში (რომლის თავდაპირველი დანიშნულება არ იყო საცხოვრებელი) მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №68. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს 9 ქულა, საიდანაც 1 ქულა არის სოციალური კრიტერიუმის, ვინაიდან მოსარჩელე სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა არის 79900, ამასთან, უმუშევარია და მას სხვა შემოსავალი, გარდა პენსიისა, არ გააჩნია. მოსარჩელეს დამატებით 1 ქულა მიენიჭა, როგორც მარტოხელა ხანდაზმულ პენსიონერს; 3 ქულა - იმის გამო, რომ მის მიერ დაკავებული ოთახი და მთლიანად შენობა, მდებარე: ...ის ქ. №68, არის კერძო სუბიექტის, კონკრეტულად, შპს „...ის“ საკუთრება და ამ უკანასკნელს სარჩელი აქვს წარდგენილი სასამართლოში, რომლითაც ითხოვს ზემოაღნიშნულ შენობაში მცხოვრებ პირთა გამოსახლებას. მოსარჩელეს დამატებით 2 ქულა მიენიჭა იმის გამო, რომ დასახელებული შენობა არ არის საცხოვრებელი დანიშნულების.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო ბრძანებით ც. დ-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ მოხდა ოჯახის ხელოვნური გაყოფა, კერძოდ, სააგენტომ ოჯახის ხელოვნურ გაყოფად მიიჩნია მოსარჩელის შვილის - თ. დ-ის ცალკე ოჯახად ცხოვრება, რომელსაც ასევე განაცხადი აქვს წარდგენილი საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით.
მოსარჩელე განმარტავს, რომ თ. დ-ე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანია, მონაწილეობდა საქართველოს ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში და ამჟამადაც მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. მას დამოუკიდებელი ფართი აქვს (იმავე შენობაში, მდებარე: ...ის ქ. №68) და დედამისთან - ც. დ-ეთან ერთად არასდროს უცხოვრია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ც. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-895/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელე ც. დ-ის მიერ 2013 წლის 11 ნოემბერს შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომელშიც განმცხადებლის ოჯახის წევრად მითითებულია მხოლოდ ც. დ-ე, ხოლო მისამართად - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №68, ბინა №1. 2020 წლის 23 იანვრით დათარიღებული განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის მიხედვით, ც. დ-ემ მოიპოვა 9.00 ქულა, კერძოდ: 1. დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში, რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას, მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა - 3.00 ქულა; 2. საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთ ხის ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) – 2.00 ქულა; 3. მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1.00 ქულა, 4. სოციალური კრიტერიუმი -1.00 ქულა; 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00 ქულა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ პირი განიხილება კონკრეტული ოჯახის წევრად იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალსწინებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ც. დ-ე და მისი შვილები არ ცხოვრობენ ერთად და მათ არ გააჩნდათ საერთო მეურნეობა.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს სადავოდ ქცეული №03-895/ო ბრძანება, ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავდა მას. შესაბამისად, არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს მიერ მოკვლეული მასალები, რომლითაც დადასტურდა მოსარჩელის შვილთან ცხოვრების ფაქტი. საგენტოს მიერ გადამოწმებულ იქნა ინფორმაცია, მოსარჩელის შვილის - თ. დ-ის მიერ სააგენტოში შეტანილი განაცხადება და დადგინდა, რომ მას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ოჯახის ხელოვნურად გაყოფის გამო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. დ-ე ცხოვრობს მარტო, იმავე შენობაში, მოსარჩელის ოთახის (№104) გვერდით მდებარე №103 ოთახში. მოსარჩელის ქალიშვილს - ლალი დგებუაძეს კი, საკუთრებაში აქვს 2 ბინა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს შვილთან აქვს კონფლიქტი, არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. ასევე გაურკვეველია, რატომ უნდა ჩაითვალოს მოსარჩელე მარტოხელად იმ პირობებში, როდესაც ჰყავს 2 შვილი, რომელთაგანაც ვაჟი - თ. დ-ე, ფაქტობრივად, მასთან ერთად ცხოვრობს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი კომუნალური მომსახურების ქვითრებს, ისინი არ უნდა იქნეს გაზიარებული, როგორც მოსარჩელის ცალკე ოჯახად ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულება, ვინაიდან გაურკვეველია, ვის ეკუთვნის აღნიშნული ქვითრები.
კასატორის განმარტებით, მონიტორინგის მასალების თანახმად, საცხოვრებელი პირობების თაობაზე მოსარჩელის მიერ მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალურ ვითარებას. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ქალიშვილთან ცხოვრობს და განაცხადში მითითებულ მისამართზე მის ყოფნას ის დატვირთვა აქვს, რომ მარტოხელა პირის სტატუსით ბინის მისაღებად მეტი ქულა მოიპოვოს. მოსარჩელე არასწორი ინფორმაციის მითითებითაც ცდილობს სააგენტოს შეცდომაში შეყვანას. შესაბამისად, სააგენტოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გაუჩნდა საფუძლიანი ეჭვი, რომ მოსარჩელემ ოჯახი ხელოვნურად გაყო ბინის მიღების მიზნით და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის საფუძველზე, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც სადავო ბრძანებაშიც ასახა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შენობის მესაკუთრეს სურვილი აქვს თავისი საკუთრების გამოთავისუფლებისა, აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოსარჩელის მოთხოვნის უპირობო დაკმაყოფილების საფუძვლად.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი, ფაქტობრივად ცხოვრობს სხვა მისამართზე შვილთან ერთად. საქმის გარემოებებით დადასტურდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტი. ამდენად, კომისიის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ც. დ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო.
დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-895/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ც. დ-ეს უარი ეთქვა ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მხოლოდ ოჯახის ხელოვნურად გაყოფაზე მითითება გახდა.
დადგენილია, რომ 2020 წლის 23 იანვარს შედგენილი, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ც. დ-ემ მოიპოვა 9.00 ქულა, კერძოდ: 1. დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში, რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას, მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა - 3.00 ქულა; 2. საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) – 2.00 ქულა; 3. მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1.00 ქულა, 4. სოციალური კრიტერიუმი - 1.00 ქულა; 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00 ქულა.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, კერძოდ, 2020 წლის 12 აგვისტოს მომზადებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერში აღნიშნულია, რომ ოჯახი შედგება ერთი წევრისაგან - ც. დ-ე, მუდმივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №68, ბინა №1. იგივე მონაცემებია მითითებული 2016 წლის 2 აგვისტოს, 2009 წლის 5 სექტემბერს და 2008 წლის 9 სექტემბერს მომზადებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერებშიც.
2020 წლის 12 აგვისტოს მომზადებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ც. დ-ეს მოქმედი სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 79900, ხოლო 2016 წლის 2 აგვისტოს მომზადებული ამონაწერის თანახმად, სარეიტინგო ქულას წარმოადგენს - 50800, რომლის მინიჭების თარიღია 2013 წლის 4 აგვისტო.
ც. დ-ის მიერ 2013 წლის 11 ნოემბერს შევსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადში განმცხადებლის ოჯახის წევრად მითითებულია მხოლოდ ც. დ-ე, ხოლო მისამართად - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №68, ბინა №1.
საქმეში წარმოდგენილია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა, რომლის თანახმად, 2016 წლის 30 ივლისს მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ვიზიტი მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №68. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ც. დ-ე. აღნიშნულ ფორმაში მითითებულია, რომ ც. დ-ე ცხოვრობს განაცხადში მითითებულ მისამართზე მარტო 2001 წლიდან, გვერდით ფართში კი ცხოვრობს მისი შვილი.
მითითებულ მისამართზე მოსარჩელის მარტო ცხოვრებას ადასტურებს 2016 წლის 27 ივლისით დათარიღებული დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმიც, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №68-ში მაცხოვრებლებმა - მ. ჯ-ამ და ბ. გ-ამ განაცხადეს, რომ ც. დ-ე ცხოვრობს მარტო.
საქმეში წარმოდგენილია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა, რომლის თანახმად, 2020 წლის 4 ივნისს მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ვიზიტი მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №68, ბინა №104 (25 კვ.მ, შპს „...ის“ საკუთრება). ფორმაში მითითებულია, რომ ც. დ-ე აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2002 წლიდან ქირის გარეშე, არის მარტოხელა პენსიონერი, სოციალურად დაუცველი 79900 ქულით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს მისამართზე დახვდათ შვილი - თ. დ-ე და ე. ნ-ე, ხოლო ც. დ-ე იმყოფებოდა აფთიაქში და 10 წუთში გამოცხადდა მისამართზე. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ც. დ-ეს აპლიკაციის მიხედვით, 2 ქულა აქვს მინიჭებული მძიმე საცხოვრებელ პირობების გამო, რაც ფაქტობრივად არ შეესაბამება რეალურად არსებულ მდგომარეობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულ და დაკითხულ იქნენ ც. დ-ის მეზობლები - მ. ჭ-ი, მ. ჟ-ა და შ. გ-ა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მოსარჩელე 2002 წლიდან მარტო ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №68. მათ ასევე მიუთითეს, რომ ც. დ-ე არ ცხოვრობს მის ქალიშვილთან და არც თ. დ-ესთან. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით ასევე გამოძახებულ და დაკითხულ იქნა თ. დ-ე, რომელმაც განმარტა, რომ მათ თავიდანვე ჰქონდათ მინიჭებული ცალკ-ცალკე სარეგისტრაციო ნომერი და ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ არსებულ ოთახებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის ცნებიდან გამომდინარე, პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ უნდა განხორციელებულიყო მოსარჩელისა და მისი შვილების ოჯახების ერთ ოჯახად მიჩნევა, ვინაიდან საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ამდენად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაყოფასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ც. დ-ე და მისი შვილები არ ცხოვრობენ ერთად და მათ არ გააჩნიათ საერთო მეურნეობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ (დანართი №9) (შემდგომ –მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ერთ ოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, ვისაც მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა, მაშინ, როდესაც მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს 9 ქულა. ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ მითითებული ქულის ცვლილებაზე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შესაფსებას, რომ იმ პირობებში, როდესაც, მოპასუხე მხარე, უტყუარად ვერ ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის ხელოვნური გაყოფის ფაქტს, სარჩელი საფუძვლიანია, რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტით იმპერატიულად დადგენილი პრიორიტეტულობის პრინციპი.
ასევე იზიარებს საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე №2/27044-19 შპს ,,...ის“ სარჩელის გამო, მოპასუხეების: თ. დ-ის, ც. დ-ის, ბესიკ შარანგიას, ნინი შარანგიას, მაკა ჟვანიას და სხვათა მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც შეეხება უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №68 (ს/კ ...), არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოსარჩელე შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს მის მიერ დაკავებული საცხოვრებლი და დარჩეს უსახლკაროდ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე