საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1198(კ-21) 23 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 2 ნოემბერს, ე. თ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის შესახებ სააგენტოს 2020 წლის 30 სექტემბრის N03/14481 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ე. თ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპესაციით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილებით ე. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 30 სექტემბრის N03/14481 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე; მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ე. თ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის საფუძველი გახდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ე. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 20 ივლისის N01-02/08/19439, 2016 წლის 6 დეკემბრის N01-02/08/30174 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული აქტის დაუსაბუთებლობა, საქმის გარემოებებით ვერ დადასტურდა ე. თ-ის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი ი. ო-თან და მათ მიერ ერთობლივად შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელება. სასამართლომ არ გაიზიარა გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სახელმწიფოს სახელით მიღებული, კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულების მნიშვნელობაზე, „სამართლიანი სასამართლოს“ უფლებაზე, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე. სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე (მიუთითა ადამიანის უფლებათა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე: „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). აღნიშნული ხაზს უსვამს სააღსრულებო ორგანოების საქმიანობის მნიშვნელობას და მათზე დაკისრებული ვალდებულების ხარისხს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეზე სადავო აქტი მიღებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხემ არსებითად იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე მიუთითა, რომლებზეც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მსჯელობა. ხელახლა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პირობებშიც, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის ერთადერთ სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა სს ,,...ასა“ და ი. ო-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მაშინ, როდესაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არასაკმარისად იყო მიჩნეული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და დადგინდა, რომ სწორედ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოკვლეულიყო მოსარჩელისა და ი. ო-ის ერთად ცხოვრების ფაქტი. მიუხედავად, იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი დოკუმენტი ეწინააღმდეგება სს ,,...ას“ მიერ მიწოდებული, დაკმაყოფილებული პირების სიის ნამდვილობას, ე. თ-ესთან მიმართებით ადმინისტრაციულმა ორგანომ მაინც უპირობოდ გაიზიარა აღნიშნული მტკიცებულება და უგულებელყო რიგი დოკუმენტაცია, რომლებითაც გამოირიცხებოდა მოსარჩელისა და ი. ო-ის ერთ ოჯახად ფაქტობრივად ცხოვრების ფატი. სააპელაციო პალატამ საყურადღებოდ მიიჩნია საქმეში დაცული, მოწმის სახით დაკითხული პირის - ი. ო-ის ახსნა-განმარტება, რომელიც ადასტურებს, რომ ე. თ-ეს და ი. ო-ს არასოდეს უცხოვრიათ ერთ ოჯახად, მათ ჰქონდათ სხვადასხვა საცხოვრებელი სახლები და ეწეოდნენ სრულიად განსხვავებულ სამეურნეო საქმიანობას. ი. ო-ის განმარტებით, მისთვის უცნობია, რატომ ითვლებოდა ე. თ-ე მასთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად, ვინაიდან ის თანხა, რაც მან მიიღო, ეკუთვნოდა მხოლოდ მის ოჯახს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, ვერ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოება - საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მოსარჩელის ოჯახის მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტი, ასევე, მოსარჩელის ოჯახის კომპენსირებულ ოჯახთან ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მოყვანილ და მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ N1 დანართის მე-4 მუხლი ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დევნილი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია, პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამდენად, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროება, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს ასეთი ოჯახის განსახლება.
საქმის სააპელაციო ინსტანციაში წარმოებისას გაწეული ხარჯების განაწილებასთან მიმართებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 53-ე მუხლებზე და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საქმის სირთულისა და მნიშვნელობის, ასევე საქმის განხილვის ფორმის გათვალისწინებით, ჩათვალა, რომ ე. თ-ის სასარგებლოდ, სასამართლოს მეორე ინსტანციაში საადვოკატო მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხის გონივრული ოდენობა არის 400 (ოთხასი) ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, საქმეზე დამდგარი შედეგიდან გამომდინარე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინდა, თუმცა ნორმის შინაარსი არასწორად განმარტა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სს „...ას“ მიერ მიწოდებული სიის ნამდვილობა ეჭვქვეშ დგას. რეალურად, საქმეში არსებული არცერთი მკიცებულება არ ხდის საეჭვოს, სს ,,...ას“ წერილის ნამდვილობას. ამასთანავე, არ დასტურდება, რომ ი. ო-ი და ე. თ-ე სხვადასხვა ოჯახს წარმოადგენენ. თავად მხარის და მოწმის - ი. ო-ის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მათი სახლი ერთ საკარმიდამო ნაკვეთში იდგა და საერთო გამოყენების სამეურნეო ნივთები ჰქონდათ. ამდენად, მხოლოდ სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომრის არსებობა არ შეიძლება გახდეს მათი ოჯახის ცალ-ცალკე ოჯახებად მიჩნევის საფუძველი. კასატორის განმარტებით, მოცემული პერიოდისთვის ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხი არ ითვალისწინებდა მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერზე ფიქსირებული პირების ერთად უზრუნველყოფას. ხშირ შემთხვევაში, ხდებოდა სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული ოჯახების ერთად უზრუნველყოფა. სააგენტომ იხელმძღვანელა სს ,,...ას'' მიერ მოწოდებული სიების შესაბამისად და მონაცემთა ბაზაში აღრიცხა უზრუნველყოფილი პირები. ამასთანავე, კომპენსაციის ეტაპზე შემადგენლობის განსაზღვრასა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში სამინისტრო არ მონაწილეობდა. უდავოა, რომ ი. ო-ი არის ე. თ-ის ოჯახის წევრი და სს ,,...ას“ მეშვეობით სახელმწიფომ დააკმაყოფილა მისი ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის - ე. თ-ე. ი. ო-ი თავადაც არ ხდის სადავოდ, რომ მასზე სს ,,...ამ" განახორციელა კომპენსაციის გაცემა. სახელმწიფოს ძირითადი რესურსი მიმართულია უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე და არა ოჯახის თითოეული წევრის ცალ-ცალკე ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელის ოჯახი სახელმწიფოს უკვე ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი და ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახის განმეორებით უზრუნველყოფა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. კასატორის განმარტებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. შედეგად, სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თანხმობის ან უარის თქმის თაობაზე. ამდენად, შეუძლებელია, სააგენტოს, ყოველგვარი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, კანონით გათვალისწინებული სათანადო პროცედურების გავლის გარეშე, სასამართლომ ავტომატურად დაევალოს აქტის გამოცემა და მხარის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ხელახლა ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და შედეგად, დადგინდა, რომ ე. თ-ე დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით ითვლება საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირად. აღნიშნული დასკვნის საფუძველი გახდა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 22 იანვრის N05/01-11-510 მოხსენებითი ბარათი, რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება სს ,,...ადან" მიღებულ ინფორმაციას. სამინისტროში გაგზავნილი სს ,,...ას" წერილით დასტურდება, რომ გ. ბ-ს, მ. ბ-ს, ი. ო-ს და ე. თ-ეს, როგორც 2008 წლის საომარი მოქმედების შედეგად, კონფლიქტის დროს დაზარალებულ პირებს, გაეწიათ მატერიალური დახმარება. კერძოდ, აღნიშნული შემადგენლობით გადაეცათ საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია - 28 310 ლარის ოდენობით. მოცემული თანხით ი. ო-მა 2008 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა რუსთავში, ...ის ქუჩა N35-ში მდებარე N36 ბინა, ფართით 60.95 კვ.მ, რომელიც საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე.
კასატორი საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ე. თ-ის სააგენტოში დაბარებისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების მიზნით, 2020 წლის 22 სექტემბერს მოხდა დაკავშირება ე. თ-ის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე. საუბარი შედგა ე. თ-ის შვილთან - მ. ბ-თან, რომელსაც განემარტა ზეპირი მოსმენის ჩატარების მიზეზების თაობაზე. მ. ბ-მა განაცხადა, რომ ვერც ე. თ-ე და ვერც თვითონ გამოცხადდებოდა სააგენტოში, ვინაიდან ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტის ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში და მათთვის მოუხერხებელია თბილისში ჩამოსვლა. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდებოდა ზეპირ მოსმენაზე. საუბრისას სააგენტომ გამოთქვა მზაობა, ხელახლა მოესმინა ე. თ-ისათვის, მიეღო და შეესწავლა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაკავშირებული იყო მისი კომპენსაციის საკითხთან და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მხარეს დეტალურად ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისა და შესაძლო შედეგების თაობაზე.
კასატორი მიუთითებს "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2566 განკარგულებაზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 2.1.9. პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად. მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე და არაგონივრულად მიიჩნევს სააგენტოსათვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრებას, 400 ლარის ოდენობით. კასატორის მოსაზრებით, სადავო საკითხი არ არის განსაკუთრებული სირთულის, საქმეზე ჩატარდა მხოლოდ ერთი სხდომა, რომელიც არ გაგრძელებულა ერთ საათზე მეტი დროით. სასამართლოს მიერ თანხის დაკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს აწვება ფინანსურ ტვირთად. მოცემულ შემთხვევაში, საერთოდ არ არსებობდა საადვოკატო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა ვინაიდან სააგენტოს აქტი კანონიერია და მხარეს სააგენტოს მოქმედებით ზიანი არ მისდგომია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას. ამავე დანაწესს შეიცავდა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი. ამასთანავე, აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლების ფარგლებში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თავდაპირველად ეთქვა 2016 წლის 20 ივლისის და 2016 წლის 6 დეკემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, იმ საფუძვლით, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ე. თ-ის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 მაისის N483 განკარგულების გათვალისწინებით, მისი საცხოვრებელი პირობების ხელმეორედ განხილვა საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებული არ არის („დევნილთა ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულნი და მათი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება“).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 20 ივლისის N01-02/08/19439 და 2016 წლის 6 დეკემბრის N01-02/08/30174 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის გარემოებებით ვერ დადასტურდა ე. თ-ის ფაქტობრივი ცხოვრება ი. ო-თან და მათი მხრიდან ერთობლივი შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელება, ასევე არ იქნა შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის სამართლებრივი საფუძვლები ეყრდნობოდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო 2020 წლის 30 სექტემბრის N03/14481 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ზემოაღნიშნული 2017 წლის 6 ოქტომბრის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
ადმინისტრაციულმა ორგანომ 2020 წლის 30 სექტემბრის N03/14481 აქტში მიუთითა, რომ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის თანახმად, ე. თ-ე ითვლება საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირად. აღნიშნულს ადასტურებს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 22 იანვრის მოხასენებითი ბარათი, რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება სს „...ადან“ მიღებულ ინფორმაციას. სს „...ას“ წერილის მიხედვით, გ. ბ-ს, მ. ბ-ს, ი. ო-სა და ე. თ-ეს, როგორც 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად, კონფლიქტის დროს დაზარალებულ პირებს, გაეწიათ მატერიალური დახმარება - გადაეცათ საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, 28 310 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხით, ი. ო-მა 2008 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩა N35-ში მდებარე 60,95 კვ.მ ფართის ბინა N36, რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია ი. ო-ის ახსნა-განმარტებით. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საფუძვლად დაედო 2016 წლის 20 ივლისის N01-02/08/19439 და 2016 წლის 6 დეკემბრის N01-02/08/30174 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას.
2020 წლის 30 სექტემბრის N03/14481 ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სააგენტომ ასევე მიუთითა, რომ სადავო პერიოდში ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხი შემადგენლობის ნაწილში არ ითვალისწინებდა მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერზე ფიქსირებული პირების ერთად უზრუნველყოფას. ხშირ შემთხვევაში, ხდებოდა სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული ოჯახების ერთად უზრუნველყოფა. სააგენტომ იხელმძღვანელა სს ,,...ას'' მიერ მოწოდებული სიების შესაბამისად და მონაცემთა ბაზაში აღრიცხა უზრუნველყოფილი პირები. ამასთანავე, კომპენსაციის ეტაპზე შემადგენლობის განსაზღვრასა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში სამინისტრო არ მონაწილეობდა. ამდენად, სააგენტოში დაცული მონაცემებიდან გამომდინარე, ე. თ-ე ითვლება საცხოვრებელი ფართის სანაცვლო კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირად. მონაცემთა ბაზაში ცვლილების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სახეზეა ბანკის მიერ შედგენილი სახელობითი სია ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილი პირებისს თაობაზე. შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ე. თ-ის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო აქტების ეფექტური აღსრულების განხორციელების აუცილებლობა დადგენილია როგორც ეროვნული, ისე ევროპული სასამართლო პრაქტიკით. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ცალკე მითითებული არ არის, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა აღნიშნული უფლება, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის გაგებით ( „აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ", N40765/02, §37, 28 ნოემბერი, 2006 წელი; დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი და სხვ.) ამასთანავე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „...ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა მხოლოდ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების დროული აღსრულების უზრუნველყოფით..“ (სუს 2013 წლის 7 მარტის Nბს-727-711(კ-12) განჩინება, 2020 წლის 23 ივლისის Nბს-66(კ-20) გადაწყვეტილება და სხვ.).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მართალია, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობა - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხემ არსებითად იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე მიუთითა, რაზეც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მსჯელობა. ადმინისტრაციული ორგანო, ხელახლა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პირობებშიც, საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის ერთადერთ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სს ,,...ასა“ და ი. ო-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის პირველად გადაწყვეტისას, სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უარყოფითი გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთანავე, საქმეში არსებული მტკიცებულებები (მათ შორის - მოწმის სახით დაკითხული პირის ი. ო-ის ახსნა-განმარტება) ეჭვქვეშ აყენებს სს ,,...ას“ მიერ შედგენილი, საცხოვრებელი ფართის სანაცვლო კომპენსაციით დაკმაყოფილებული პირების სიის ნამდვილობას და გამორიცხავს მოსარჩელისა და ი. ო-ის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, კონკრეტულად მოსარჩელის ოჯახის მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტი, ასევე, მოსარჩელის ოჯახის კომპენსირებულ ოჯახთან ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2020 წლის 30 სექტემბრის N03/14481 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, საქმის სააპელაციო ინსტანციაში წარმოებისას გაწეული ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით. საქმის სირთულისა და მნიშვნელობის, დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ასანაზღაურებლად მიჩნეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი არ სცდება გონივრულობის ფარგლებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე