ბს-1173 (კ-20) 23 თებერვალი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-მა 07.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.03.2017წ. ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2017 წლის 9 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად ხელფასის სახით 1600 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.12.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.03.2017წ. №104-კ ბრძანება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში, ნ. მ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ნ. მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2019წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2019წ. განჩინება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ამდენად, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვა გაგრძელდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მონაწილეობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.12.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, აპელანტმა (მოსარჩელემ) ნ. მ-მა და მისმა წარმომადგენელმა დააზუსტეს სააპელაციო და სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვეს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.03.2017წ. №104-კ ბრძანების ბათილად ცნობა და ნ. მ-ის გათავისუფლების დღიდან - 2017 წლის 09 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის სრულად, თანამდებობრივი სარგოს - თვეში 1600 (ათასექვსასი) ლარის (დარიცხული) ოდენობით მოსარჩელისათვის იძულებით განაცდურის - ხელფასის ანაზღაურების თაობაზე სამინისტროს დავალდებულება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უშუალოდ ნ. მ-ის ფუნქციას წარმოადგენდა საპროექტო-სახარჯთარიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება ან/და მომზადება შემდგომში კომისიაზე წარსადგენად და მოცემული დოკუმენტაციის დამუშავება და შედგენა სწორედ, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. ნ. მ-ი ვალდებული იყო განეხორციელებინა ყველა სამსახურებრივი მოქმედება კომისიისათვის სრულყოფილი, დასრულებული, დამუშავებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარსადგენად. მოსარჩელეს შპს „...ის“ მიერ წარდგენილი თითქოსდა შესწორებული პროექტი არ დაუმუშავებია, არც თავად, არც ექსპერტიზის მეშვეობით და შეუმოწმებელი წარუდგინა კომისიას. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოცხადებული აპელანტის ნ. მ-ის განმარტებით, ახალი და ძველი პროექტი მას არ შეუმოწმებია და არ შეუდარებია, ვინაიდან არ გააჩნდა სათანადო სპეციალური ცოდნა, საკითხი საჭიროებდა კონსტრუქტორის ცოდნას. მისივე განმარტებით, სამმართველო იყო ახალი შექმნილი და კადრებით არ იყო სრულად უზრუნველყოფილი, თუმცა არც ასეთი სპეციალური ცოდნის მქონე პირის/ექპერტის საჭიროების მოთხოვნით მიუმართავს უფლებამოსილი პირისათვის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. მ-ს ჰქონდა ვალდებულება გადაემოწმებინა მითითებული პროექტები. დამკვიდრებული პრაქტიკა/ტრადიცია, რომ პროექტების შემოწმება არ ხდებოდა და მოგვიანებით დაიწყეს, იურიდიული თვალსაზრისით არ ამართლებს მოხელის ქმედებას. 2015-2016 წლებში ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიღებულია არსებული, მნიშვნელოვნად ხარვეზიანი პროექტის მიხედვით, ასევე, საფუძვლიანია მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ გარდა სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანისა, კომისიისათვის არასწორი პროექტის მიწოდებისა და მშენებლის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ვერ მოხერხდა დევნილი ოჯახების რეაბილიტირებულ საცხოვრებელში განსახლება და ამ საცხოვრებლის მათთვის საკუთრებაში გადაცემა გრძელვადიანი განსახლების მიზნებიდან გამომდინარე. პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ნ. მ-ის მოთხოვნის - იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სადავო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.03.2017წ. №104-კ ბრძანება კანონიერად იქნა მიჩნეული, ასევე კანონმდებლობა განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 04.08.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე №2/5/595). საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილული იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 03.02.2014წ. №383 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების“ (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.03.2021წ. №01-22/ნ ბრძანებით) 4.5 მუხლის მიხედვით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენდა სატენდერო კომისიისათვის საკვალიფიკაციო და ტექნიკური მოთხოვნების თაობაზე, სამშენებლო და სარეაბილიატაციო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადების მიზნით წინადადებების წარდგენა. ნ. მ-ი, რომელიც მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.03.2017წ. №104-კ ბრძანებით. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო შიდა აუდიტის 09.03.2017წ. დასკვნა. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე მუხლის მიხედვით დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენდა: სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. ამავე კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც ჰქონდა მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეეძლო გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ნ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ უშუალოდ ნ. მ-ის ფუნქციას წარმოადგენდა საპროექტო-სახარჯთარიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება ან/და მომზადება შემდგომში კომისიაზე წარსადგენად, მოცემული დოკუმენტაციის დამუშავება და შედგენა სწორედ, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პირობას არ მქნის. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99.3 მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევდა სამსახურებრივ მოვალეობებს. საქმის მასალებში დაცული სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაკლოვანებები გამოწვეულია, როგორც მშენებლის შეცდომებით, ასევე მშენებლობისას არასწორი პროექტით ხელმძღვანელობის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პროექტი შემდგომი რეაგირებისათვის ნ. მ-ის მიერ შესრულებული სამსახურებრივი ბარათის საშუალებით მიეწოდა სატენდერო კომისიას. დადგენილია, რომ მოსარჩელეს შპს „...ის“ მიერ წარდგენილი შესწორებული პროექტი არ დაუმუშავებია, არც თავად, არც ექსპერტიზის მეშვეობით და წარუდგინა კომისიას შეუმოწმებელი. სააპელაციო პალატამ მართებულად გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება, საბოლოოდ აარიდებდა სამინისტროს არასწორი პროექტის საფუძველზე მშენებლობის დაწყებასა და ზიანის მიყენებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უნდა მოქმედებდეს კომპეტენტურად, აღნიშნული არის მოხელის არა უფლება, არამედ ვალდებულება. საქმის მასალებში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის 27.05.2014წ. მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ შპს „...ის“ მიერ ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეეხებოდა ქ. ხაშურში, ...ის ქ. №38-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციას დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, შესაბამისად, საფუძვლიანია მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ გარდა სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანისა, კომისიისათვის არასწორი პროექტის მიწოდებისა და მშენებლის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ვერ მოხერხდა დევნილი ოჯახების რეაბილიტირებულ საცხოვრებელში განსახლება. ნ. მ-ი ვალდებული იყო განეხორციელებინა ყველა სამსახურებრივი მოქმედება კომისიისათვის სრულყოფილი, დასრულებული, დამუშავებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარსადგენად, რაც არ განახორციელა. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი