Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-738(კ-21) 22 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. ს-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 04 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ს-ამ 2019 წლის 19 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1766/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ნ. ს-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1766/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ნ. ს-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 04 მარტის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამხვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის ოქმზე, რომლის თანახმად ერთოთახიანი საცხოვებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6.0 და მეტი ქულა, ხოლო ნ. ს-ას მინიჭებული ჰქონდა 7.5 ქულა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტის თანახმად, ნ. ს-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ოჯახის ხელოვნული გაყოფის მოტივით. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ განქორწინების მოწმობაზე, რომლის თანახმად, ნ. ს-ასა და ო. ქ-ას განქორწინების ფაქტი დარეგისტრირდა 2018 წლის 06 სექტემბერს, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოჯახის ხელოვნურ გაყოფას. ამდენად, საპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად გადაწყდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 04 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ნ. ს-ა რეგისტრირებულია სასტუმრო უშბაში მეუღლესთან ერთად. სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში 2017 წლამდე რეგისტრირებულია ამავე მისამართზე, ხოლო 2017 წლიდან რეგისტრირებულია შვილის ნ. ქ-ას ბინაში, როგორც სოციალურად დაუცველი. მხარე მიუთითებდა, რომ შვილთან ერთად ცხოვრობს სხვა მისამართზე, ამავე მისამართზეა სოციალურად დაუცველთა ბაზაშიც, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სასტუმრო უშბაში, აღნიშნული გარემოება არის აგრეთვე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან მინისტრის 320-ე ბრძანების დანართი №7-ში გათვალისწინებულია შენიშვნა №2, რომლის თანახმადაც: სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის ქულა დევნილ ოჯახს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივეა. ზემოაღნიშნული სააგენტოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ განმცხადებელი ხელოვნურად ყოფს ოჯახს.

კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში უკეთუ სასამართლო მხოლოდ ქულათა ოდენობით განსაზღვრავს დასაკმაყოფილებელ პირთა წრეს და მსჯელობის მიღმა დატოვებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების ჭეშმარიტებას, იმთავითვე უგულვებელყოფს იმ წესს, რომელიც იმპერატიულად ადგენს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც თითოეული დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვისას მოქმედებს სააგენტო.

კასატორის მითითებით, მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას სააგენტო ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად მოსარჩელის მიერ მოწოდებული და მონიტორინგის მიერ გადამოწმებული გარემოებები არ დაემთხვა ერთმანეთს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ იკვეთებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით სხდომის ჩატარება, არ დგინდებოდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი (მოსარჩელე), ასევე ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა, რაც ადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლასა და გამოკვლევას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2019 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესის“ (ძალადაკარგულია 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ნ. ს-ას საცხოვრებელი ფართის მიღების თაოაბზე განაცხადის შევსებისას მიენიჭა 7.5 ქულა, ხოლო ერთოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენდა 6.0 და მეტს. ამასთანავე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით; საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ნ. ს-ას მისამართის ცვლილების გამომწვევი მიზეზი. კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. ს-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად მოსარჩელის მიერ მოწოდებული და მონიტორინგის მეირ გადამოწმებული გარემოებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, თუმცა საქმეში დაცული 2019 წლის 12 ივნისს შედგენილი მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ. ს-ა ცხოვრობს შვილის საკუთრებაში არსებულ ბინაში შვილთან - ნ. ქ-ასთან, სიძესთან და შვილიშვილებთან ერთად. ზემოხსენებული მონიტორინგის ფორმა არათუ უარყოფს, არამედ ადასტურებს კასატორის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველები, ვინაიდან არ დასტურდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება - ოჯახის ხელოვნური გაყოფის ფაქტი. მეტიც, საქმეზე დართული განქორწინების მოწმობა და მოწმეთა ჩვენებები ადასტურებენ ნ. ს-ასა და ო. ქ-ას განქორწინების ფაქტს. მართალია დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მისამართზე ნ. ს-ა ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, თუმცა განქორწინების და ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის გამო მოუწია შვილთან - ნ. ქ-ასთან საცხოვრებელ ბინაში გადასვლა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას უარყოფითად არ უნდა ემოქმედა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ივნისის განჩინება;

3.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა