Facebook Twitter

ბს-1347(კ-20) 23 თებერვალი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 25.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის გ. ჩ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ჯარიმის - 28 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - მითითებული თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 12 მაისიდან ჯარიმის თანხის სრულ დაფარვამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ჩ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურება, გ. ჩ-ს დაეკისრა 2018 წლის 12 მაისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 0,01%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამხედრო მოსამსახურის პროფესიული მომზადებისათვის, ტექნიკური აღჭურვისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფოლი ფინანსური რესურსები საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით არის დეტერმინირებული, შესაბამისად, აღნიშნული დიდი საჯარო მიზნიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურესთან დადებული სამხედრო სამსახურის კონტრაქტში პირგასამტეხლოს გათვალისწინება, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ გაითვალისწინოს უსაფუძვლოდ სამხედრო სამსახურის შეწყვეტის და მის პროფესიულ განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული სახსრების უშედეგობის დაუშვებლობა, რაც ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს, როგორც ფინანსური, ისე თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე გ. ჩ-ს შორის 10.03.2014წ. 8 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ამდენად, მხარეებს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება სამხედრო მოსამსახურის მივლინების შესახებ, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ფიზიკური პირის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მოპასუხე მხარეს ვალდებულებას აკისრებდა მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართებულია გ. ჩ-ისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 0,01%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება 2018 წლის 12 მაისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ესენია: მხარის ქონებრივი მდგომარეობა და დაზარალებულის ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომლებიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძვლები იქნებოდა. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ პირგასამტეხლოზე, როგორც ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე, ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი. „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილების XVIII თავი ითვალისწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობას სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. მითითებული თავის მე-4 პუნქტი ფინანსურ პასუხისმგებლობაში ცალ-ცალკე განსაზღვრავს ჯარიმასა და პირგასამტეხლოს. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, გარდა ამისა სასამართლოს მიერ მითითებული არ არის პირგასამტეხლოს დარიცხვის ხანგრძლივობა. სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა ჯარიმის თანხის 28 000 ლარის და პირგასამტეხლოს - მითითებული თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 12 მაისიდან ჯარიმის თანხის სრულ დაფარვამდე ანაზღაურება, ხოლო სასამართლომ არ განსაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვის ვადა, რაც მიზანშეუწონელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 10.03.2014წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჩ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდგომ სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გაეგრძელებინა 8 წლით (ხელშეკრულების 3.1 მუხ.). ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2 პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა შეიარაღებული ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4 მუხლიდან გამომდინარე სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმეში დაცული მასალებით 12.04.2018წ. და 01.05.2018წ. გ. ჩ-მა პატაკით მიმართა საავტომობილო ბაზის უფროსს და შემდგომი სამხედრო კონტრაქტის გაგრძელების სურვილის არქონის გამო საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა მოითხოვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 01.05.2018წ. ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის შტაბის S-3/S-2-ის ოფიცერი, მაიორი გ. ჩ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მითითება პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლების არარსებობის თაობაზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ სამხედრო სამსახურში 10.03.2014წ. ხელშეკრულების საფუძველზე იმსახურა 4 წელი. მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა გ. ჩ-ის პირადი პატაკის გამო, კონკრეტულად მას აღარ სურდა შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება. თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს, ასევე პირსგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულებაა გათვალისწინებული ამავე ხელშეკრულების 7.4 მუხლით, ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, მოკლებულია დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ჩ-ის პატაკის საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტა და პირგასამტეხლოს სახით 2018 წლის 12 მაისიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის - 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამდენად, სახეზეა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და შესაბამისად პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი