Facebook Twitter

საქმე №ბს-665(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა პ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 29 მაისს პ. ა-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 28 აპრილის №1866/09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 2006 წლის 25 ივლისის №166 დადგენილების შესრულება მოითხოვა.

2017 წლის 12 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა პ. პ-მა, რომელმაც მითითებულ საქმეში მოითხოვა მესამე პირად ჩართვა იმ მოტივით, რომ მის მიერ ასევე არის აღძრული სარჩელი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამეგობის მიმართ, დავა მიმდინარეობს ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე და პ. ა-ის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მის კანონიერ უფლებასა და ინტერესზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა პ. პ-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ა-ემ, რომელმაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პ. ა-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 30 მაისის №... დადგენილების საფუძველზე გამოცხადდა აუქციონი 2006 წლის 03 ივლისს, … საათზე, ...ში, ...ის ქ. №…-ში საცხოვრებელ სახლსა და ე.წ „..ს“ შორის … კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის (რომლის საწყისი ფასი იყო … ლარი) გაყიდვის შესახებ.

2006 წლის 03 ივლისს, … საათზე გამოცხადებულ აუქციონზე მონაწილეობა მიიღო და იმავდროულად გაიმარჯვა პ. ა-ემ, რის თაობაზეც ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებულმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონულმა საკონკურსო კომისიამ 2006 წლის 03 ივლისს შეადგინა კომისიის სხდომის ოქმი №46.

ადიგენის რაიონის გამგეობამ 2006 წლის 25 ივლისის №166 დადგენილებით დაამტკიცა ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის 2006 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი №46.

ადიგენის რაიონის გამგეობამ 2006 წლის 25 ივლისს №166 დადგენილება გამოიტანა შემდეგი შინაარსით: 1. დამტკიცდეს ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი (№46. 03.07.06წ) ...ში, ...ის ქ. №…-ში საცხოვრებელ სახლსა და ე.წ „...ს“ შორის ... კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის (რომლის ღირებულებაა … (…) ლარი პ. ა-ისათვის გადაცემის შესახებ. 2. დაევალოს რაიონის არქიტექტურასა და მშენებლობის სამსახურის უფროსს გ. ა-ს და გამგეობის სოფლის მეურნეობისა და მიწის მართვის სპეციალისტს გ. ბ-ს აღნიშნული მიწის ფართობი გადასცენ არსებული წესის შესაბამისად.

პ. ა-ემ 2006 წლის 03 ივლისს გამართულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს სახით 2006 წლის 01 ივლისს გადაიხადა ... ლარი, ...ში, ...ის ქ. №…-ში საცხოვრებელ სახლსა და ე.წ „...ს“ შორის მდებარე ... კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის ღირებულების დანარჩენი ნაწილი - ... ლარი პ. ა-ემ გადაიხადა 2006 წლის 8 სექტემბერს.

პ. ა-ემ 2007 წლის 29 მარტს №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე ...ში, ...ის ქ. №…-ში, საცხოვრებელ სახლსა და ე.წ „...ს“ შორის) რეგისტრაცია.

პ. ა-ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურში 2007 წლის 29 მარტს წარდგენილ №... განცხადებას თან დაურთო შემდეგი დოკუმენტაცია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მინდობილობა, ცნობა, ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 30 მაისის №... დადგენილება, ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის №166 დადგენილება, ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის 2006 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი №46, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გენგეგმა, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურმა 2007 წლის 29 მარტის №… გადაწყვეტილებით პ. ა-ეს უარი უთხრა სარეგისტრაციო წარმოებაზე, რადგან არ ჰქონდა წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სანოტარო წესით დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

2017 წლის 28 მარტს მოსარჩელე პ. ა-ის წარმომადგენელმა გ. ე-ემ განცხადებით მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა 2006 წლის 03 ივლისის აუქციონის შედეგების შესაბამისად პ. ა-ეზე მიწის რეგისტრაციისთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და სათანადო წესით გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაცემა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 28 აპრილს პავლე აბულაძის წარმომადგენელ გ. ე-ეს 2006 წლის 03 ივლისის აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე პ. ა-ეზე საკუთრების მოწმობის გაცემაზე უარი განუცხადა, ხანდაზმულობის მოტივით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 15 მარტს გ. ე-ეს 2017 წლის 13 მარტის განცხადების (რეგ. №...) პასუხად გაუგზავნა მის მიერ მოთხოვილი შემდეგი დოკუმენტაცია: 1. ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 30 მაისის №... დადგენილება - ,,...ში, ...ის ქ. №… საცხოვრებელ სახლთან … კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ“. 2. ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის №166 დადგენილება - „...ში (...ის ქ. №…) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის აუქციონით გაცემის თაობაზე, რაიონული საკონკურსო კომისიის ოქმის დამტკიცების შესახებ. 3. ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის 2006 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი №46. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის (დ.კ-ი) სახელზე გაგზავნილი წერილი ...ში, ...ის ქ. №…-ში საცხოვრებელ სახლსა და ე.წ „...ს“ შორის მდებარე მიწის ფართობის დარეგისტრირებაზე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებულმა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 03 მაისს პ. პ-ს უარი უთხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის ...ი, ...ის ქ. №…-ის მიმდებარედ, … კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული … კვ.მ. შენობა-ნაგებობის საკუთრებაში აღიარებაზე, ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიდში მოქმედი რედაქციით, სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებით“ და აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ქონებაზე აუქციონის გზით საკუთრების უფლების შეძენისთვის, ერთი მხრივ, პირს მონაწილეობა უნდა მიეღო და გაემარჯვა აუქციონში, მეორე მხრივ კი, კანონით დადგენილ ვადაში, სანოტარო წესის დაცვით, უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება და გაცემულიყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა. მხოლოდ აღნიშნულ პროცედურათა ერთობლიობა, თითოეული მათგანის შესრულება და საბოლოოდ საკუთრების უფლების მოწმობა გაცემა წარმოშობდა მყიდველის საკუთრების უფლებას ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მოსარჩელემ გაიმარჯვა აუქციონში, მაგრამ შემძენის მხრიდან არ ყოფილა დაცული კანონის მოთხოვნები: ხელშეკრულება არ დადებულა და საკუთრების მოწმობა არ გაცემულა. 2006 წლის 03 ივლისის აუქციონის შედეგების გათვალისწინებით საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემის მოთხოვნით პ. ა-ის წარმომადგენელმა გამგეობას მხოლოდ 2017 წლის 13 მარტს მიმართა, რაზეც უარი ეთქვა მოთხოვნის ხანდაზმულობიდან გამომდინარე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას გამორიცხავდა ხელშეკრულების არარსებობა. ამასთან, ხელშეკრულება არ დადებულა კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტებით სწორედ პ. ა-ე იყო ვალდებული მიემართა უფლებამოსილი ორგანოსთვის და დადგენილ ვადაში მოეთხოვა ხელშეკრულების გაფორმება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გარდა იმისა, რომ პ. ა-ის მიერ დარღვეულია ხელშეკრულების დადების კონკრეტული ვადა, ასევე გასულია პრივატიზების ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადაც, ვინაიდან მან ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ 2017 წელს მიმართა, ე.ი. აუქციონის ჩატარებიდან თითქმის 11 წლის გასვლის შემდეგ, როდესაც გასული იყო არა მხოლოდ სპეციალური - სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, არამედ ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადაც კი. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ 2007 წლისთვის მოსარჩელის მიერ საპრივატიზაციო დოკუმენტაციის ფლობა და შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნის არსებობა დასტურდება პ. ა-ის მიერ მარეგისტირირებელ ორგანოში 2007 წლის 29 მარტს წარდგენილი განცხადების თანდართული დოკუმენტებითაც. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც მის მიერ მოპასუხისადმი 2017 წლამდე მიმართვის ფაქტის არსებობას დაადასტურებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორი ხაზგასმა გაკეთდა იმ გარემოებაზე, თითქოს კასატორს თავად უნდა მოეწესრიგებინა პრივატიზების სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება და შესაბამისი საკუთრების მოწმობა მიმდინარე პერიოდში, მაშინ როცა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოწესრიგებულიყო, რაც კასატორის მითითებით, არ შესრულდა მიუხედავად აუქციონში გამარჯვებული მხარის არაერთი ზეპირი თუ არაერთხელ წერილობითი მოთხოვნა-გაფრთხილებისა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რაც იმაში გამოიხატებოდა, თითქოს კასატორს არასდროს არ მიუმართავს აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების დასარეგისტრირებლად, რაც თითქოს ოფიციალური იურიდიული დოკუმენტით არ დასტურდებოდა და აღნიშნავს, რომ მოქალაქემ რომელმაც გაიმარჯვა აუქციონზე, გადაიხადა სოლიდური თანხა, არალოგიკურია არ მისულიყო და არ მოეთხოვა აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს აუქციონში გამარჯვებულ - პ. ა-ესთან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმისა და საკუთრების მოწმობის გაცემაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (2009 წლის 3 ნოემბრიდან ეწოდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონი, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 21.07.2010წ. №3512 კანონით) კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით; აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

ამავე კანონის 2006 წლის 3 ივლისისთვის მოქმედი რედაქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსის ფორმით, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება. შესაბამისი ხელშეკრულება იდება პირდაპირ მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებიდან, კონკურსის ან აუქციონის ჩატარებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადიოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემოდა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ (ძალადაკარგულად გამოცხადდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის 24.10.2006წ. №1-1/1244 ბრძანებით) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ „გამყიდველის“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებული ვალდებული იყო გამყიდველთან გაეფორმებინა ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ამავე დებულების მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება „გამყიდველიდან“ „მყიდველს“ გადაეცემოდა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადიოდა შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ. ამასთან, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარებოდა „მყიდველის“ მიერ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემობაზე, რომ მოსარჩელე პ. ა-ემ გაიმარჯვა 2006 წლის 3 ივლისს გამართულ აუქციონში, რის თაობაზეც შედგა ოქმი.

ამასთან, ადიგენის რაიონის გამგეობამ 2006 წლის 25 ივლისის №166 დადგენილებით დაამტკიცა ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის 2006 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი №46 სადავო ქონების პ. ა-ისათვის გადაცემის შესახებ და დაავალა რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსსა და გამგეობის სოფლის მეურნეობისა და მიწის მართვის სპეციალისტს აღნიშნული მიწის ფართობი გადაეცათ მხარისთვის არსებული წესის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მართალია, მოსარჩელემ გაიმარჯვა აუქციონში, მაგრამ ხელშეკრულება არ დადებულა და საკუთრების მოწმობა არ გაცემულა. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურმა 2007 წლის 29 მარტის №… გადაწყვეტილებით პ. ა-ეს უარი უთხრა სარეგისტრაციო წარმოებაზე, რადგან არ ჰქონდა წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სანოტარო წესით დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

2006 წლის 03 ივლისის აუქციონის შედეგების გათვალისწინებით საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემის მოთხოვნით პ. ა-ის წარმომადგენელმა გამგეობას მხოლოდ 2017 წლის 13 მარტს მიმართა, რაზეც უარი ეთქვა მოთხოვნის ხანდაზმულობიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ 2006 წლის 3 ივლისის აუქციონში გამარჯვების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელე პ. ა-ე ვალდებული იყო მიემართა უფლებამოსილი ორგანოსათვის ხელშეკრულების გასაფორმელად, რაც მას არ განუხორციელებია. პ. ა-ემ ადმინისტრაციულ ორგანოს აუქციონის ჩატარებიდან თითქმის 11 წლის გასვლის შემდეგ - 2017 წელს მიმართა, როდესაც გასული იყო არა მხოლოდ სპეციალური - სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, არამედ ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადაც.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ არაერთხელ მიმართა გამგეობას ხელშეკრულების დადებისა და საკუთრების მოწმობის გაცემის მოთხოვნით და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის დაცული მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა პ. ა-ის მიერ თანხის გადახდის ან 2017 წლამდე ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კ მ-ს პ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 20.08.2019წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პ. ა-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინება;

3. პ. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე კ მ-ის (პ/ნ ...) მიერ 20.08.2019წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი