Facebook Twitter

№ბს-1025(3კ-19) 24 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ნ. ა. ჰ. ა-ზ-ი (მოსარჩელე); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (მოპასუხე)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 26 ივნისს ნ. ა. ჰ. ა-ზ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის №001506 დადგენილების (ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის დაჯარიმებისა და ჭიშკრის დემონტაჟის ნაწილში) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1185 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1185 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის №001506 დადგენილება ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის დაჯარიმებისა და რკინის ჭიშკრის დემონტაჟის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1185 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2016 წლის 19 ოქტომბრის №001506 დადგენილება რკინის ჭიშკრის დემონტაჟის ნაწილში, ხოლო ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის დაჯარიმების ნაწილში მითითებული ბრძანება და დადგენილება დარჩა ძალაში.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. ა. ჰ. ა-ზ-იმ ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდის 150.30 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2014 წელს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა.

2016 წლის 25 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის მიმართ №001506 მითითება შეადგინა. აღნიშნული მითითების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული იყო შენობა-ნაგებობა, განთავსებული იყო მსუბუქი კონსტრუქციის მავთულბადის ღობე ლითონის ბოძებით და რკინის ჭიშკარი, რომლის ნაწილიც გადადიოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ამავე აქტით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის 20 დღიანი ვადა მიეცა მითითებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად.

2016 წლის 20 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა №001506 შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც 2016 წლის 25 მაისის №001506 მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტი დააფიქსირა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 აგვისტოს №4-3/2101-გ/16 ბრძანებით 2016 წლის 25 მაისის №001506 მითითებით დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა 2 თვით - 2016 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

2016 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის მონაწილეობით 2016 წლის 25 მაისის №001506 მითითებისა და 2016 წლის 20 ივნისის №001506 შემოწმების აქტის შედეგები კვლავ განიხილა. განხილვისას ნ. ა. ჰ. ა-ზ-იმ დაადასტურა წითელი ხაზების გასწორება და განმარტა, რომ მიმდინარეობდა წარმოება კაპიტალური შენობა-ნაგებობების ლეგალიზებაზე და ელოდებოდა პასუხს, ხოლო 19 ოქტომბრისათვის მოახდენდა ღობის და ჭიშკრის დემონტაჟს.

2016 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის ლ. შ-ის მიერ №588 მოხსენებითი ბარათი შედგა, რომლის თანახმად, ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის მიერ სრულად არ იყო შესრულებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 მაისის №001506 მითითების მოთხოვნები, კერძოდ, დემონტირებული იყო მსუბუქი კონსტრუქციის ღობე, ხოლო უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობა და რკინის ჭიშკარი მოქცეული იყო ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) საზღვრებში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის №001506 დადგენილებით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ი 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში (საკადასტრო კოდი ...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის, კერძოდ, უნებართვოდ კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და რკინის ჭიშკრის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი დაევალა.

2016 წლის 15 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის №409508/12 ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის №001506 დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. საჩივრის ავტორის მითითებით, უნებართვო სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზების მოთხოვნით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მის განცხადებაზე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3004709 ბრძანებით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის №AR1454328 განცხადება დაკმაყოფილდა და მას ნება დაერთო, დაესრულებინა ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში (საკადასტრო კოდი №... მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რისთვისაც 12 თვის ვადა განესაზღვრა. მითითებული ბრძანების თანახმად, ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შემდგომ, მესაკუთრეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის უნდა მიემართა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1185 ბრძანებით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის 2016 წლის 15 ნოემბრის №409508/12 ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო დადგენილება კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. მითითებული ბრძანებით დადგინდა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3004709 ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობდა №... მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის საფუძველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის №001506 დადგენილება შეესაბამებოდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14 და 25-ე მუხლებს.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უდავოდ დგინდებოდა, რომ სადავო მშენებლობა წარმოადგენდა უნებართვო მშენებლობას. აღნიშნული მშენებლობა ნაწარმოები რომც არ ყოფილიყო მოსარჩელისაგან და მას ასეთ მდგომარეობაში შეეძინა, მოსარჩელე მაინც ვერ განთავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან, სამშენებლო ნორმებით დადგენილი პასუხისმგებლობა ვრცელდებოდა სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელი იყო მშენებლობის მწარმოებელი პირი. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო მოსარჩელე ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის პასუხისმგებლობა სადავო უძრავი ქონების უნებართვო მშენებლობისათვის.

უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების ნებართვა და მისი შემდგომი ლეგალიზება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარმოადგენდა აშენებული (დასრულებული) მშენებლობის დემონტაჟის გამომრიცხავ გარემოებას, მაგრამ ეს არ ათავისუფლებდა პირს ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან უკვე ნაწარმოები უნებართვო მშენებლობისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ა. ჰ. ა-ზ-იმ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

კასატორი ნ. ა. ჰ. ა-ზ-ი მიუთითებს, რომ მას არ უნდა დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ვინაიდან არ უწარმოებია უკანონო მშენებლობა. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. ამდენად, მასზე პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუკი კომპეტენტური ორგანო წარმოების ფარგლებში ვერ დაადგენდა სამუშაოების მწარმოებელ პირს, თუმცა მოპასუხე მხარეს ამის მცდელობა არც ჰქონია.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ლეგალიზების არსი, ვინაიდან ლეგალიზებით, სამართალდარღვევა ითვლება აღმოფხვრილად, ხოლო აღმოფხვრილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია.

კასატორის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3004709 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის 2016 წლის 19 დეკემბრის №არ1454328 განცხადება და სადავო დადგენილებაში მითითებულ შენობა-ნაგებობაზე დამკვეთს ნება დაერთო დაესრულებინა უნებართვოდ დაწყებული სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რისთვისაც განესაზღვრა 12 თვის ვადა. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შენობა-ნაგებობის დამონტაჟის ნაწილში დაკმაყოფილებულ იქნა საჩივრის ავტორის ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა, ზემოაღნიშნული ბრძანება არ მოიცავდა უნებართვოდ აშენებული რკინის ჭიშკრის ლეგალიზებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება რკინის ჭიშკრის დემონტაჟის დავალების ნაწილში სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, 2016 წლის 19 დეკემბრის №არ1454328 გადაწყვეტილებით სუბიექტს მიეცა ვადა უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისათვის, რაც გულისხმობს რომ ობიექტი ჩაითვლებოდა ლეგალიზებულად მას შემდეგ, რაც ის მიმართავდა ნებართვის გამცემ ორგანოს და არქიტექტურის სამსახური მიიჩნევდა, რომ სამუშაოები პროექტის მიხედვითაა განხორციელებული. თუმცა, ჭიშკარი მოცემულ შემთხვევაში არ იყო ლეგალიზების ნაწილი და სწორედ ჭიშკარი წარმოადგენდა სამართალდარღვევას. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მისი დემონტაჟით საბოლოოდ იქნება დარღვევა აღმოფხვრილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 აგვისტოსა და 6 სექტემბრის განჩინებებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საკასაციო საჩივრები და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის სამართალდამრღვევად მიჩნევის, მისი დაჯარიმებისა და რკინის ჭიშკრის დემონტაჟის დავალების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: „

ნ. ა. ჰ. ა-ზ-იმ ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდის 150.30 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2014 წელს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა.

2016 წლის 25 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის მიმართ №001506 მითითება შეადგინა. აღნიშნული მითითების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული იყო შენობა-ნაგებობა, განთავსებული იყო მსუბუქი კონსტრუქციის მავთულბადის ღობე ლითონის ბოძებით და რკინის ჭიშკარი, რომლის ნაწილიც გადადიოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ამავე აქტით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის 20 დღიანი ვადა მიეცა მითითებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად.

2016 წლის 20 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა №001506 შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც 2016 წლის 25 მაისის №001506 მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტი დააფიქსირა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 აგვისტოს №4-3/2101-გ/16 ბრძანებით 2016 წლის 25 მაისის №001506 მითითებით დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა 2 თვით - 2016 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

2016 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის მონაწილეობით 2016 წლის 25 მაისის №001506 მითითებისა და 2016 წლის 20 ივნისის №001506 შემოწმების აქტის შედეგები კვლავ განიხილა. განხილვისას ნ. ა. ჰ. ა-ზ-იმ დაადასტურა წითელი ხაზების გასწორება და განმარტა, რომ მიმდინარეობდა წარმოება კაპიტალური შენობა-ნაგებობების ლეგალიზებაზე და ელოდებოდა პასუხს, ხოლო 19 ოქტომბრისათვის მოახდენდა ღობის და ჭიშკრის დემონტაჟს.

2016 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის ლ. შ-ის მიერ №588 მოხსენებითი ბარათი შედგა, რომლის თანახმად, ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის მიერ სრულად არ იყო შესრულებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 მაისის №001506 მითითების მოთხოვნები, კერძოდ, დემონტირებული იყო მსუბუქი კონსტრუქციის ღობე, ხოლო უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობა და რკინის ჭიშკარი მოქცეული იყო ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) საზღვრებში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის №001506 დადგენილებით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ი 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში (საკადასტრო კოდი ...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის, კერძოდ, უნებართვოდ კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და რკინის ჭიშკრის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი დაევალა.

2016 წლის 15 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის №409508/12 ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის №001506 დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. საჩივრის ავტორის მითითებით, უნებართვო სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზების მოთხოვნით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მის განცხადებაზე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3004709 ბრძანებით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის №AR1454328 განცხადება დაკმაყოფილდა და მას ნება დაერთო, დაესრულებინა ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში (საკადასტრო კოდი №... მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რისთვისაც 12 თვის ვადა განესაზღვრა. მითითებული ბრძანების თანახმად, ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შემდგომ, მესაკუთრეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის უნდა მიემართა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1185 ბრძანებით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის 2016 წლის 15 ნოემბრის №409508/12 ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო დადგენილება კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. მითითებული ბრძანებით დადგინდა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3004709 ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობდა №... მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის საფუძველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის №001506 დადგენილება შეესაბამებოდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14 და 25-ე მუხლებს.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილება) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

საქმეზე უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული იყო შენობა-ნაგებობა, მსუბუქი კონსტრუქციის მავთულბადის ღობე ლითონის ბოძებით და რკინის ჭიშკარი.

საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ა. ჰ.-ა-ი დაჯარიმდა არა როგორც უკანონო მშენებლობის განმახორციელებლი, არამედ როგორც შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (ს.ფ. 92-100).

საკასაციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მართალია სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის, უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი.

საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3004709 ბრძანებით ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის №AR1454328 განცხადება დაკმაყოფილდა და მას ნება დაერთო, დაესრულებინა ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში (საკადასტრო კოდი №... მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რისთვისაც 12 თვის ვადა განესაზღვრა. მითითებულ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3004709 ბრძანებას (მშენებლობის დასრულების შესახებ, შემდგომი ლეგალიზებით) საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი, რომლის მოქმედება, ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ნაგებობებზე, მათ შორის, დაწყებული და დაუმთავრებელ იმ მიშენება-დაშენებებზე, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას (მუხლი 1.2-1.3).

საქმეზე დადგენილია, რომ ნ. ა. ჰ. ა-ზ-იმ ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდის 150.30 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2014 წელს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა.

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება, რომ უკანონო მშენებლობა განხორციელებულია იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელე არ ფლობდა უძრავ ნივთს. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, დასაშვებია მესაკუთრისათვის, უნებართვო, უკანონო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორი ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის პოზიციას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს სათანადოდ არ გამოუკვლევიათ და არ დაუდგენიათ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირის ვინაობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის დაჯარიმებამდე ჰქონდათ მცდელობა დაედგინათ უშუალოდ სამართალდამრღვევის განმახორციელებელი პირის ვინაობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის დაჯარიმების ნაწილში,ცალსახად სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე უნდა გაუქმდეს კასატორ - ნ. ა. ჰ. ა-ზ-ისათვის ჭიშკრის დემონტაჟის დავალების ნაწილში, სადავო აქტის ბათილად ცნობის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3004709 ბრძანებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის №AR1454328 განცხადება დაკმაყოფილდა და მას ნება დაერთო, დაესრულებინა ქალაქ თბილისში, ...ის ... დასახლება №...-ში (საკადასტრო კოდი №... მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რისთვისაც 12 თვის ვადა განესაზღვრა. მითითებული ბრძანების თანახმად, ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შემდგომ მის მესაკუთრეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის უნდა მიემართა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება ის გარემოება, რომ 2016 წლის 19 დეკემბრის №3004709 ბრძანებით განსაზღვრული სამომავლო ლეგალიზების პირობები ასევე შეეხო უნებართვოდ აღმართულ ჭიშკარს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სადავო საკითხის ხელახლა განხილვისას და შეფასებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა იმსჯელოს რამდენად არსებობს სადავო რკინის ჭიშკრის, როგორც დამოუკიდებელი ობიექტის დემონტაჟის სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რკინის ჭიშკართან დაკავშირებული მავთულბადის ღობე სრულად დემონტირებულია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 400 ლარის) ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის №001506 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

6. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1185 ბრძანება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ნ. ა. ჰ. ა-ზ-ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის, სულ - 400 ლარის ანაზღაურება.

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი