Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-211(გ-22) 16 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინების საფუძველზე, განიხილა განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 12 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ვ. ა-მა, მოპასუხეების - სსიპ ...ისა და სსიპ ...ის მიმართ, სსიპ ...ის სახელით ე. ხ-აზე გაცემული ... დიპლომის სიყალბის დადგენის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ვ. ა-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ვ. ა-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მარტის განჩინებით ვ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება და სარჩელი დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელია, დადგინდეს, რომელ საკანონმდებლო ბაზას ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კანონით დადგენილი წესი დაარღვია. სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმის დადგენა, დაუშვა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოების პერიოდში ხარვეზები, რა ვალდებულება გააჩნდა ადმინისტრაციულ ორგანოს და შედიოდა თუ არა მის უფლებამოსილებაში იმ გარემოებების დადგენა, რომლებიც მოცემული დავის წარმოშობის საფუძველი გახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ დავა ადმინისტრაციული წესით უნდა იქნას განხილული. ამდენად, სასამართლოებს შორის წარმოიშვა დავა განსჯადობის შესახებ, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად უნდა გადაიგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებას და მიჩნევს, რომ N2ბ/360-21 სამოქალაქო საქმე, განსჯადობის საკითხის გადაუწყვეტლად, უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას, სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს. კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსჯადობა ნიშნავს სასამართლოთა შორის საქმეების განაწილების წესს, რითაც ირკვევა კონკრეტული სასამართლო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საქმე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა გამიჯვნა და შესაბამისად, განსჯადი სასამართლოს დადგენა მართლმსაჯულების მართებულად განხორციელების მნიშვნელოვანი საკითხია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, დავის წარმოშობის შესაძლებლობას. აღნიშნული კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის გადაგზავნის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქვედა ინსტანციის ორ სასამართლოს შორის განსჯადობის თაობაზე დავის წარმოშობა. თავის მხრივ, შესაბამისი დავის წარმოშობას წინ უნდა უსწრებდეს ერთ-ერთი სასამართლოს მიერ დასაბუთებული განჩინებისა და საქმის მასალების გადაგზავნა იმ სასამართლოსათვის, რომელსაც იგი რეალურად სარჩელის განსჯადად მიიჩნევს. ამასთან, საქმის მიმღები სასამართლო, დასაბუთებული განჩინებით არ უნდა დაეთანხმოს გადამგზავნი სასამართლოს დასკვნას განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით, გადაუგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ამდენად, მხოლოდ სათანადო ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის პირობებშია შესაძლებელი საკასაციო სასამართლოს მხრიდან განსჯადობის სისწორის შემოწმება. ცალკეულ საქმეთა განსჯადობის საკითხის შეფასების დაწყების საფუძველია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შორის წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის სამოქალაქო წესით განხილვის მიუხედავად, დავა ადმინისტრაციული წესით უნდა იქნას განხილული, თუმცა შესაბამისი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის საქმის საგნობრივი განსჯადობით გადაგზავნის გარეშე, ჩათვალა, რომ საქმე განჯადობის საკითხის გასარკვევად უნდა გადმოიგზავნოს საკასაციო სასამართლოში. ამდენად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმე გადმოგზავნილია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავის წარმოშობის ეტაპის გავლის გარეშე, რაც აუცილებელ პროცესუალურ წინაპირობას წარმოადგენს საკასაციო სასამართლოსათვის, იმსჯელოს შესაბამისი დავის გადაწყვეტაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საპროცესო ეკონომიის თვალსაზრისით, აგრეთვე იმისათვის, რომ უკეთ იყოს უზრუნველყოფილი პირის უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე, რაც მოიცავს ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უფლებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით და რადგან მიაჩნდა, რომ საქმე ადმინისტრაციული წესით განსახილველი იყო, განსჯადობით უნდა გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისთვის.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებს შორის საგნობრივ განსჯადობაზე დავა არ წამოშობილა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, გადაწყვიტოს საგნობრივი განსჯადობის საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობაზე შესაძლო დავის წარმოშობამდე ,განსჯადობის საკითხის გადაუწყვეტლად, უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მეორე მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. Nბს-211(გ-22) საქმე, განსჯადობის საკითხის გადაუწყვეტლად, დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე