Facebook Twitter

№ბს-1132(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ბ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 25 დეკემბერს ვ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 ნოემბრის №04-1806/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ვ. ბ-ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე) გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1806/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ. ბ-ისათვის (პ/ნ ...) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმით ვ. ბ-ეს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა შვილების ალტერნატიული საცხოვრებლების გამო, ხოლო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 15 ნოემბერს გამოსცა №04-1806/ო ბრძანება, რომლის თანახმად, ვ. ბ-ეს უარი ეთქვა, ქ.თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო პალატის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ვ. ბ-ის შვილებს საკუთრებაში გააჩნდათ უძრავი ქონება, არ გამორიცხავდა საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ვ. ბ-ის ინტერესის პრიორიტეტულობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ყველა დევნილი ოჯახის მიმართ, რომელთაც აქვთ დევნილის სტატუსი და არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ისინი გრძელვადიანი საცხოვრებლით. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, ითვალისწინებს გარკვეულ რიგითობას. მითითებული წესი, დევნილთა საჭიროებაზეა მორგებული და საცხოვრებლით უზრუნველყოფისას, სააგენტო იკვლევს დევნილი ოჯახის რეალურ მდგომარეობას, რათა პირველ რიგში საცხოვრებლით დააკმაყოფილოს ის ოჯახი, რომელთაც უფრო მძიმე პირობები აქვთ, ხელი არ მიუწვდებათ სხვა ალტერნატიულ საცხოვრებელზე და საჭიროებენ სასწრაფო განსახლებას. შესაბამისად, დევნილი ოჯახები საცხოვრებლით კმაყოფილდებიან არა მარტო მათი ქულების რაოდენობის მიხედვით, არამედ საჭიროების მიხედვით.

კასატორის განმარტებით, მართალია ვ. ბ-ეს მინიჭებული ჰქონდა საკმარისი ქულა, რათა დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებლით, თუმცა, მიჩნეულ იქნა, რომ მისი განსახლება არ იყო პრიორიტეტული, რამდენადაც, მოსარჩელის ოჯახს ხელი მიუწვდებოდა არაერთ ალტერნატიულ საცხოვრებელზე. მას ჰყავს ოთხი შვილი, რომლებსაც აქვთ საკუთრებაში უძრავი ქონებები, მაგრამ რატომღაც მოხუცი მამა ცხოვრობს ქირით, რომელიც მუდმივ მეთვალყურეობას, მოვლა პატრონობას საჭიროებს და მისი მარტო დატოვება არ შეიძლება მისი ავადმყოფობის და ასაკის გამო. მოსარჩელის შვილს ბ. ბ-ეს, გააჩნია საკუთრება მის: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №82/2 ა 123,6 კვ.მ, მეორე შვილს მ. ბ-ეს, აქვს ორი საკუთრება ერთი ...ის დას. პირველი მ/რ, კორპ 14, ბინა №32, ფართი 26 კვ.მ, მეორე მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №2ა, ბინა 215ა, 46.39 კვ.მ. მესამე შვილს გ. ბ-ეს, სახელმწიფომ დაუკანონა საცხოვრებელი ...ოს „...ის“ დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში, 54 კვ.მ. მეოთხე შვილი ზ. ბ-ე, ცხოვრობს ...ში მე-3 მ/რ თავის საკუთრებაში.

კასატორის შეფასებით, შვილების საკუთრებაში საცხოვრებელი სახლების არსებობის პირობებში, რომლითაც სარგებლობა მოსარჩელესაც შეუძლია, ვ. ბ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ უნდა მომხდარიყო პრიორიტეტულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2020 წლის 23 იანვრის ამონაწერის მიხედვით, ვ. ბ-ე რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 49150. (ქულის მინიჭების თარიღი 06.01.2020 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 03.11.2019 წელი). ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია, თბილისი, ...ის დას. 1 მ/რ, კორპუსი 15, ბინა 19.

საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით (23.01.2020 წ.) დასტურდება, რომ ვ. ბ-ის განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 8,5 ქულით: 1,5 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად; 1 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან; 2,5 ქულა - სოციალური კრიტერიუმი 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით; 2 ქულა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ,,შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული; 1,5 ქულა - ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის №39 ოქმით, ვ. ბ-ეს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა შვილების ალტერნატიული საცხოვრებლების გამო (დაემატა სიღარიბის მაჩვენებელი - 2 ქულა).

სადავო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1806/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) ვ. ბ-ეს ეთქვა უარი ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. ამავე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის - დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-30/ნ; 08.04.2021 წ.) დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებაზე რომლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა. ვ. ბ-ესთან მიმართებით კი, მიუხედავად მინიჭებული 8.5 ქულისა, შვილების საკუთრებაში საცხოვრებელი ბინების არსებობამ გამორიცხა მისი პრიორიტეტულად დაკმაყოფილების საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა არა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად გაკეთებული შეფასების საფუძველზე, არამედ იმ საფუძვლით, რომ მის შვილებს საკუთრებაში გააჩნიათ საცხოვრებელი სახლ(ებ)ი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე - ვ. ბ-ე არის 84 წლის, მას არ მიუღია კომპენსაცია და არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის შეღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მკვეთრად გამოხატული). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გონივრული ვადის დაცვის აუცილებლობა, რისი გაუთვალისწინებლობაც, შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ აყენებს უფლების არსს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი