Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-534(კ-21) 15 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - დ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2018 წლის 8 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - დ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 61601,73 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებული მიზნებისათვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შედეგად შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის პირობებში, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული და გრანტის მიმღების მიერ არამიზნობრივად გახარჯული/აუთვისებელი თანხა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო დ. ბ-ისათვის გრანტის სახით გაცემული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით. ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პასუხს აგებს პირი, რომელიც გრანტის სახით გადაცემულ თანხას გამოიყენებს არამიზნობრივად და დონორთან შეთანხმების გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ...ოს უნივერსიტეტის სტუდენტი დ. ბ-ი სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის“ „ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და სწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“ ფარგლებში. მხარეებს შორის დაიდო გრანტის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა არსებითი პირობები, მათ შორის, აღნიშნული ხელშეკრულებით გრანტის გამცემს დაევალა გრანტის მიმღების სრულად და დროულად დაფინანსება, ხოლო გრანტის მიმღებს - სწავლის დასრულების შემდეგ, ...ოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის შედეგად ბაკალავრის ხარისხის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტის გრანტის გამცემისათვის წარდგენა. ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულებით, გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის გამცემს უფლება აქვს, ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება. აღნიშნული შემთხვევის დადგომისას, განისაზღვრა გრანტის მიმღების მიერ დაფინანსების შედეგად გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება.

საქმეზე დადგენილია, რომ 2013 წლის 26 ივლისს დ. ბ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სწავლის საფასურისა და საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვა. ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 12 აგვისტოს, ზემოაღნიშნული მოთხოვნით დ. ბ-ის დედამაც მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარეობდა საგნების რეგისტრაცია, რეგისტრაციის ბოლო დღე კი იყო 14 აგვისტო. იმ შემთხვევაში, თუ თანხა დროულად არ გადაირიცხებოდა, სტუდენტი ვერ მოახერხებდა საგნებზე დარეგისტრირებას, რაც გამოიწვევდა ხელშეკრულების 3.2 მუხლის დარღვევას (ხელშეკრულების აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს გრანტის გამცემის ვალდებულებას, სრულად და დროულად დააფინანსოს გრანტის მიმღები).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამასთან, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე უდავოდ დადასტურებულ გარემოებაზე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საგრანტო თანხა გადარიცხა არა 2013 წლის 14 აგვისტომდე, არამედ 2013 წლის 15 აგვისტოს, ანუ იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტში საგნების რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო. შესაბამისად, სამინისტროს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის, კერძოდ, საგრანტო თანხის დაგვიანებით გადარიცხვის გამო დ. ბ-ი ვერ დარეგისტრირდა 2013-2014 სასწავლო წლისათვის, რამაც გამოიწვია სწავლის დასრულების გახანგრძლივება, გადავადება. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დ. ბ-ისათვის გადარიცხული თანხის არადანიშნულებისამებრ გამოყენების ფაქტს დაადასტურებდა. ამის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ...ოს უნივერსიტეტის წერილზე, რომლის თანახმად, დ. ბ-ი ნამდვილად ჩაირიცხა ...ოს ...ას უნივერსიტეტში 2013-2014 წლის შემოდგომა/ზამთრის აკადემიურ სესიაზე, სადაც აიღო 12.5 კრედიტი მოთხოვნილი 20 კრედიტის ნაცვლად და გადავიდა ჰუმანიტარული მეცნიერების ბაკალავრიატის ოთხწლიანი პროგრამის სწავლების მესამე კურსზე. ამავე წერილით დასტურდება, რომ იგი მიიჩნევა კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით, გრანტის მიმღებს სწორედ სწავლის დასრულების შემდგომ ევალებოდა შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტის, გრანტის გამცემისთვის წარდგენა. ბუნებრივია, რომ აღნიშნულ დოკუმენტს, სტუდენტი ვერ მოიპოვებს შესაბამისი ხარისხის მინიჭებამდე, სწავლის დასრულებამდე. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხე დ. ბ-ს სწავლა დასრულებული არ ჰქონდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას იმის თაობაზე, თუ რა პერიოდში უნდა დაესრულებინა სწავლა დ. ბ-ს, რის შედეგადაც მასზე გაიცემოდა ...ოს უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ თითქოს არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, მოკლებულია საფუძვლიანობას, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით არ ყოფილა განსაზღვრული სწავლის დასრულების და დიპლომის მიღების რაიმე კონკრეტული ვადა და იგი ასევე არ შეიცავდა რაიმე აკრძალვას, სწავლის პროცესის შეჩერების ანდა გადავადების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო პრეტენზია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, საფუძველს მოკლებულია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე