საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-284(კ-20) 29 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეები)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „...ი''
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 18 მარტს შპს ,,...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „...ის“ 2016-2017 წლებში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2018/05/07/01 აქტი, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N04/7622 გადაწყვეტილება შპს „...ის“ 2018 წლის 31 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაციის/ადაპტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „...ის“ 2016-2017 წლებში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2018/05/07/01 აქტი, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N04/7622 გადაწყვეტილება შპს „...ის“ 2018 წლის 31 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის N1 და N1.3. დანართებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტი 10780 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების შესახებ ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მხარის განმარტებით, 2016-2017 წლებში, შპს ,,...ის“ მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ბენეფიციარების (2016 წელს - ნ. ხ-ი; მ.ც-ი; მ. წ-ი; მ. მ-ა; ვ. მ-ე; თ.ჯ-ი: მ. ა-ა, გ. გ-ი; ბ. ჩ-ა; დ. ჩ-ა და ე.ტ-ე, ხოლო 2017 წელს - დ. რ-ი; მ. ნ-ე; თ. მ-ი; გ. გ-ი; მ. ბ-ა; მ. მ-ი და ი. ლ-ე) მომსახურებისთვის ასანაზღაურებლად წარდგენილი შესრულების/ანგარიშგების ფორმები შეიცავდა მომსახურების გაწევის თაობაზე სინამდვილესთან შეუსაბამო/არასწორ ინფორმაციას, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით არ დასტურდებოდა. ამ მიმართებით პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შპს „...ის“ ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ნევროლოგიის დოქტორის - ი. ნ-ის და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორის - მ. ა-ის მოხსენებით ბარათებზე, ასევე ბენეფიციარების მშობლების განცხადებებზე, რითაც დგინდებოდა ბენეფიციარების სასარგებლოდ სრული სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების ფაქტი, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 308 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, ამ ვაუჩერის ანაზღაურების აუცილებელი პირობაა საჭიროების შესაბამისი მომსახურებების (ათდღიანი კურსის, რომელიც სრულად უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში), ჯამში არანაკლებ 22 სეანსის ჩატარება, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაუჩერი ანაზღაურებას არ ექვემდებარება. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ შპს "...ის" ბენეფიციარები, რომლებიც მომსახურებას იღებდნენ 2016-2017 წლებში "ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის" სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურების მიღების პერიოდში გადიოდნენ სტაციონარულ მკურნალობას საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა კლინიკებში. შესაბამისად, "ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ადმინისტრირების და ფინანსური მართვის" ელექტრონული მოდულიდან მიღებული მონაცემები შედარებულ იქნა შპს "...ის'' მიერ 2016-2017 წლებში ასანაზღაურებლად გაცმოცემულ ანგარიშის ფორმებს. შერჩევითი შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნა, რომ სხვადასხვა კლინიკებში დასმული დიაგნოზების გათვალისწინებით, მითითებულ პერიოდებში, ობიექტურად, შეუძლებელი იყო შემოწმების აქტში აღნიშნულ ბენეფიციარებს დაეტოვებინათ სამკურნალო დაწესებულება და სარეაბილიტაციო მკურნალობა გაევლოთ შპს ,,...ში''. შესაბამისად, მიმწოდებლის მიმართ გამოყენებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 10780 ლარი.
სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორის მოხსენებითი ბარათებით, ასევე ბენეფიციარების მშობლების განცხადებებით ირკვეოდა, რომ ყველა ბენეფიციარს ჩაუტარდა დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობის პროცედურა, თუმცა, კასატორის მტკიცებით, აღნიშნული არ ჩატარებულა ანგარიშგების ფორმებში მითითებულ პერიოდში. მაშინ, როდესაც ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენდა ცენტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმა და აღნიშნული ფორმა (რეესტრი) შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, სასამართლომ სააგენტო დაავალდებულა აენაზღაურებინა არასწორი რეესტრით და გვერდი აუარა დადგენილებას, რომელიც ამავე დროს წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობას. სასამართლო დაეყრდნო მოხსენებით ბარათებს, რომლებიც ანაზღაურების ეტაპზე არ წარმოადგენდა სათანადო დოკუმენტს საკითხის გადასაწყვეტად, ასევე იმ მშობლების განცხადებებს, რომელთაც ხელი ჰქონდათ მოწერილი მცდარ ინფორმაციაზე, შესაბამისად სასამართლომ ვერ შეაფასა მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით. ასევე, სასამართლომ გვერდი აუარა დადგენილების ნორმატიულ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს დაცული გარკვეული პროცედურები შესაბამის ვადებში და შედეგად, სააგენტოს ეკარგება უფლებამოსილება მოახდინოს წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, როცა რეესტრში ასახული ინფორმაცია მცდარია, სასამართლო ავალდებულებს თანხის უპირობოდ ანაზღაურებას, რაც ხელს უწყობს არასწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არასწორ გაცემას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, საკასაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების საკითხის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დანართი N1-ის პირველი მუხლის მიხედვით, პროგრამის მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება. ამავე პროგრამის 1.3. დანართის პირველი მუხლის შესაბამისად, ქვეპროგრამის ამოცანებია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია: ა) ბავშვთა ცერებრული დამბლის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის, დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანების, ჰემი, პარა და ტეტრაპლეგიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგების, ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგების, პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები; ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებდნენ 2015 წლის პროგრამის დანართი 1.3-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის განკუთვნილ მომსახურებას.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.3.-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის: ა) სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა (წელიწადში ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა) შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ; ბ) თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მოიცავს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიისა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის, აგრეთვე მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსებს - „ცერებრული დამბლა“ – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის №278/ო ბრძანების შესაბამისად; გ) ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას; დ) საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი), ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფისათვის ქვეპროგრამა ითვალისწინებს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რაც მოიცავს: შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ მანიპულაციებს, ფიზიკურ თერაპიას.
მითითებული დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 308 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, ამ ვაუჩერის ანაზღაურების აუცილებელი პირობაა საჭიროების შესაბამისი მომსახურებების (ათდღიანი კურსის, რომელიც სრულად უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში), ჯამში არანაკლებ 22 სეანსის ჩატარება, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაუჩერი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმებულ იქნა შპს „...ში“ 2016-2017 წლებში გაწეული საქმიანობა, რის თაობაზეც 2018 წლის 05 ივლისს შედგა შემთხვევითი შემოწმების №2018/05/07/01 აქტი. შემოწმების აქტის თანახმად დადგინდა, რომ შპს ,,...ი“ 2016-2017 წლებში, ბენეფიციარების (2016 წელს - ნ. ხ-ი; მ.ც-ი; მ. წ-ი; მ. მ-ა; ვ. მ-ე; თ.ჯ-ი: მ. ა-ა, გ. გ-ი; ბ. ჩ-ა; დ. ჩ-ა და ე.ტ-ე, ხოლო 2017 წელს - დ. რ-ი; მ. ნ-ე; თ. მ-ი; გ. გ-ი; მ. ბ-ა; მ. მ-ი და ი. ლ-ე) მომსახურებისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ასანაზღაურებლად წარმოდგენილი შესრულების/ანგარიშგების ფორმები შეიცავდა მომსახურების გაწევის თაობაზე სინამდვილესთან შეუსაბამო/არასწორ ინფორმაციას, კერძოდ, არ დასტურდებოდა ზემოაღნიშნულმა ბენეფიციარებმა მიიღეს თუ არა „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.3 გათვალისწინებული მომსახურება, რის გამოც აქტში დასახელებულ შემთხვევებზე 2016 და 2017 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შპს ,,...ისთვის'' „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრამული კოდი - ...) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებიდან გადარიცხული 10780 ლარი ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნებას.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „...ის“ ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ნევროლოგიის დოქტორის - ი. ნ-ის და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორის - მ. ა-ის მოხსენებით ბარათებზე, რომელთა მიხედვით, ყველა ბენეფიციარს, რომელიც შემოწმების პერიოდში იტარებდა სარეაბილიტაციო მკურნალობას ცენტრში, არ ჩატარებია იმაზე ნაკლები პროცედურა, ვიდრე ეს განსაზღვრული იყო „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით“. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია ბენეფიციარების მშობლების განცხადებები, რომლებშიც ისინი ადასტურებენ მათი შვილებისთვის სრული სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების ფაქტს.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია ცენტრის მიერ ყველა ბენეფიციარისთვის სრული სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების ფაქტი, ყველა გაცდენილი პროცედურის აღდგენა, მათ შორის არასამუშაო დღეებში (შაბათ-კვირას) მუშაობის ხარჯზე, რაც დასტურდება არამხოლოდ მოსარჩელე მხარის განმარტებით, არამედ ბენეფიციართა მშობლების განცხადებებითაც, რა გარემოებებიც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) საკასაციო საჩივარზე 05.05.2020წ. №14862 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.05.2020წ. №14862 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა