Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-183(კ-21) 16 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შ. ჯ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შ. ჯ-მა 2019 წლის 31 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 15 ივლისის №MOD 9 19 00718892 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 15 ივლისის №MOD 9 19 00718892 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, შ. ჯ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. იმისათვის, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 პუნქტის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულება დადგეს, აუცილებელია სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები: კონტრაქტის დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, კვლავ უნდა გაფორმდეს კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტის ან მის შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული, გარდა ამისა მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოებმა არასათანადოდ შეაფასეს ის გარემოება, რომ შ. ჯ-მა 2013 წელს წინა წლების 2005 და 2009 წლის კონტრაქტების საფუძველზე მიიღო 7000 ლარის ოდენობით დახმარება, ხოლო 2013 წლის კონტრაქტის დასრულების შემდეგ მას აღარ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი, ხოლო ზემოხსენებული 2013 წლის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სადავო ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რაც წარმოადგენს სადავო თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. ამრიგად, ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.

საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ შ. ჯ-ი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებს, რამდენადაც 2005 წლის 8 აპრილს მოსარჩელე შ. ჯ-სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 4 წლის ვადით. 2009 წლის 08 აპრილს მოსარჩელე - შ. ჯ-სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, დაიდო ახალი კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის დასრულების შემდგომ შ. ჯ-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ 2009 წლის 8 აპრილის კონტრაქტის ოთხწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შორის 2013 წლის 8 აპრილს კვლავ გაფორმდა №60821 კონტრაქტი „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ მოსარჩელე შ. ჯ-ს 2013 წლის 08 აპრილს გაფორმებული კონტრაქტის შემდგომ, წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შ. ჯ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების თაობაზე პირობის არსებობა წარმოადგენდა აუცილებელ წინაპირობას დახმარების გაცემისთვის და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილება შევიდა 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რის შედეგად დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. შესაბამისად, კონტრაქტში ერთჯერადი დახმარების ვალდებულების, როგორც დახმარების გაცემის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობის გათვალისწინება მხოლოდ 2017 წლის 7 მარტს განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა აუცილებელი. ამდენად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით აღნიშნულ ნორმას ვერ მიენიჭება უკუქცევითი ძალა და ვერ გააქარწყლებს ჯერ კიდევ 2013 წელს მოსარჩელის სასარგებლოდ წარმოშობილ უფლებას (ნამდვილი (რეტროაქტიური) უკუძალა), რომლის რეალიზების უფლება მოსარჩელეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში გააჩნია. შესაბამისად ცალსახაა, რომ არსებობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შ. ჯ-ისთვის ერთჯერადი დახმარების მიღების უფლების დადასტურება, თავის მხრივ გამორიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 15 ივლისის №MOD 9 19 00718892 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა