Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-328(კ-21) 17 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ზ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. კ-მა 2019 წლის 11 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და „ზ. კ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის N935 განკარგულების, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ 1271 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზ. კ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში, 2019 წლის 21 მარტის №13 ოქმისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ მდებარე (ფართი 1271 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის ზ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ფართით 1271 კვ.მ. ზ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ზ. კ-ის წარმომადგენლის - ქ. კ-ას შუამდგომლობა, სარჩელის ნაწილობრივ გახმობის შესახებ, დაკმაყოფილდა და ზ. კ-ის სარჩელი, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, განუხილველად იქნა დატოვებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს განჩინება გამოტანილია დაუსაბუთებლად. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს არგუმენტებს, რომლებითაც დასაბუთებული იქნებოდა მოსარჩელისათვის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზეამოღნიშნულის გთვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ. კ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე ფლობისა და სარგებლობის დაუდასტურებლობისა და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მილსადენის გავლის საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №935 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ზ. კ-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებებზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გადიოდა მაგისტრალური მილსადენი, ასევე, სადავო მიწის ნაკვეთზე საქმის განხილვის დროისთვის განთავსებული იყო დროებითი (ხის) შენობა. აღნიშნული გარემოებები კი, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” (სადავო პერიოდში მოქმედი) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შენობა წარმოადგენს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა; ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში თავად მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებობდა დროებითი ხის და ლითონის არასაცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობა. ამდენად, მიწის ნაკვეთზე განთავსებულ არასაცხოვრებელი დანიშნულების დროებითი შენობის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამაღთლო იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას, რომ მითითებული ნაგებობა არ წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობის კატეგორიას.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტზე რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტი განიმარტება, როგორც მაგისტრალურ მილსადენთან უშუალოდ დაკავშირებული მიწისქვეშა ან მიწისზედა შენობა-ნაგებობა, დანადგარი, რომელიც დაკავშირებულია მაგისტრალური მილსადენის ექსპლუატაციასთან, რაც მოიცავს: ონკანებს, სატუმბ, საკომპრესორო, გაზსაზომ და მანაწილებელ სადგურებს, კათოდური და ელექტროქიმიური დაცვის სისტემებს და ა.შ. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი დაცვის ზონა არის მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან გარკვეულ მანძილზე გავრცელებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია, რომელზეც ოპერატორი ახორციელებს კონტროლს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაგისტრალურ მილსადენებს აქვთ დაცვის ორი ზონა, კერძოდ I ზონა და II ზონა, ასევე უსაფრთხოების III ზონა და საკონსულტაციო IV ზონა. „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში იკრძალება შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა. დასაშვებია სხვა ხაზობრივი ნაგებობებით მაგისტრალური გაზსადენის გადაკვეთა. ამ ზონაში სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს ოპერატორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით და მისი წარმომადგენლის მეთვალყურეობით.

საქმეში დაცული სს „...ის“ 2014 წლის 22 იანვრის წერილით დასტურდება რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გადის მესამე კლასის „...ის“ 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი. შესაბამისად, მიწის ნაკვეთი მდებარეობს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით (მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები) განსაზღვრულ პირველ და მეორე დაცვის ზონებში, რომელზეც ვრცელდება მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონებში მოქმედი მთელი რიგი წესები და შეზღუდვები. აღნიშნულ პირობებში კი, კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, რომელიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ გარდა ზემოაღნიშნული საფუძვლებისა, საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 27 თებერვლის №67-01190581523 წერილი, რომელზე დაყრდნობითაც, სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული 1271 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, სადავო აქტის გამოცემის დროისთვის ასევე მოქცეული იყო სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტი არ შეიცავს აღნიშნულზე მითითებას, ასევე არსებობდა მითითებული საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამოუკიდებელი საფუძველი. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმისთვის არსებობდა რამდენიმე კანონისმიერი საფუძველი. სწორედ ამიტომ, სადავო აქტი არ ექვემდებარება ბათილად ცნობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება;

3. ქ. კ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ზ. კ-ის საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 9 ივლისის №11189342405 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე