საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-424(კ-21) 17 მარტი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – პ. ბ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
პ. ბ-მა 2020 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2019 წლის 9 დეკემბრის №2597 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ქალაქ თბილისში, ...ოს ქუჩის №15-ის მიმდებარედ (საერთო ფართობი - 668 კვ.მ.) არსებულ მიწის ნაკვეთსა და ამავე მიწაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე პ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით პ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 09 დეკემბრის №2597 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, პ. ბ-ის მოთხოვნასთან მიმართებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ პ. ბ-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლამდე. კასატორი მიუთითებს, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება პავლე პუტიკაშვილის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი არის - მოწმეთა ჩვენებები, რასთან დაკავშირებითაც კასატორი განმარტავს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არაა საკმარისი აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კერძო სამართლის იურდიული პირი - შპს „...ი“ ითხოვდა, რომელსაც, უარი ეთქვა აღნიშნულ მოთხოვნაზე, იმ საფუძვლით, რომ 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მითითებული გარემოება ეჭვქვეშ აყენებს პ. ბ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეულია სარეკრეაციო ზონა - 1-ში, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პ. ბ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის, მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე, უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვითნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.). მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეიძლება იყოს ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ცნობა-დახასიათება არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს, უძრავი ნივთის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 9 დეკემბრის №2597 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა პ. ბ-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებებზე, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ დასტურდებოდა მითითებული მიწის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი და ასევე, სადავო მიწის ნაკვეთზე, სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, უფლების აღიარებას ითხოვდა შპს „...ის“ (ს/კ ...) წარმომადგენელი ა. კ-ი, რომელსაც, მართალია, კომისიის 2018 წლის 16 აპრილის №653 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2018 წლის 6 ივნისის №767 განკარგულებით, უარი ეთქვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, თუმცა, მითითებული გარემოება, ეჭვქვეშ აყენებდა პ. ბ-ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობა/სარგებლობის ფაქტს.
საკასაციო პალატა, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და მოწმეთა ჩვენებების გაცნობის შედეგად, აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ცალსახა საფუძველს და არ გამორიცხავს მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს. კერძოდ, საქმეში დაცულია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზი და 2019 წლის 16 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა და იგი მოიცავს იმ მიწის ნაკვეთს (260 კვ.მ.), რომელზეც საკუთრების უფლების აღიარებაზე შპს „...ს“ ეთქვა უარი კომისიის 2018 წლის 6 ივნისის №767 განკარგულებით, თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, კომისიას შპს „...ის“ მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობის/სარგებლობის ფაქტზე არ უმსჯელია. საგულისხმოა, აგრეთვე, ის გარემოება, რომ როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 6 ივნისის №767 განკარგულებიდან ირკვევა, შპს „...ი“ წარდგენილი განცხადებით სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე (საერთო ფართობი - 260 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა, როგორც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ...ოს ქუჩა, №15თ, საერთო ფართობი - 263 კვ.მ., ს/კ №...) მესაკუთრე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ შპს „...ის“ საკუთრების უფლება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია 2017 წლის 16 ნოემბერს, 2017 წლის 5 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში დამატებით წარდგენილია განცხადება, რომლითაც შპს „...ის“ დირექტორი - ა. კ-ი ადასტურებს, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს 1970 წლიდან ფლობს პ. ბ-ი.
საქმეში, ასევე, დაცულია 2018 წლის 21 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ პ. ბ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფლობის და სარგებლობის ფაქტს 1970 წლიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ ქმნის საკუთრების უფლების აღიარებაზე განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს, თუმცა ასეთ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას განცხადებაზე დართული და კანონით დადგენილი წესით შეგროვებული დოკუმენტების ერთობლივი შეფასებით.
რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის სარეკრეაციო ზონაში მოქცევის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოცემული გარემოება არ გამხდარა მოსარჩელისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ურბანული განვითარების სამსახურის 2020 წლის 16 ივნისის №67-01201681795 წერილიდან ირკვევა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ძირითად ნაწილზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა (სზ), ხოლო მცირე ნაწილზე - სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილის სარეკრეაციო ზონაში მოქცევა არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე სრულად უარის თქმის საფუძველს. საკასაციო პალატამ 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით საქმეზე №ბს-808(კ-20) განმარტება გააკეთა ამ საკითხთან მიმართებით: „...რომ კომისიას შეუძლია არა მხოლოდ სრულად დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება ან სრულად უარი თქვას მის დაკმაყოფილებაზე, არამედ განმცხადებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს ნაწილობრივ, მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელთან მიმართებითაც დასტურდება საკუთრების უფლების აღიარების ნორმატიული წინაპირობების არსებობა.“
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ გასაჩივრებულ აქტში არ არის გამოკვეთილი, კონკრეტულად, რა გარემოებებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდება, მოხდა თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლა-გამოკვლევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, ფიზიკურ პირთა განცხადებები, მიწის ნაკვეთის ნაწილზე სარეკრეაციო ზონა 1-ის გავრცელების საკითხი და შედეგად დაადგინოს, რა პერიოდიდან ფლობდა და სარგებლობდა მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთით. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა პ. ბ-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადასტურება, რაც შესაძლოა სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დადგენილიყო, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა პ. ბ-ის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, ფოტოსურათები და მეზობელთა თანხმობა მოსარჩელის მიერ ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული საოქმო გადაწყვეტილების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას, ვინაიდან საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე