საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-805(3კ-21) 17 მარტი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
კასატორი (მესამე პირი) - შპს „...ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „კ...ე“
მესამე პირები - ც. ფ-ა, თ. ნ-ა, ზ. თ-ა, გ. გ-ე (ფიზიკური პირები), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „კ...ეს“ წარმომადგენლებმა 2019 წლის 7 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №62/ს ბრძანების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის №2-955 ბრძანებისა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე ჩატარებული აუქციონისა და მისი სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამავე სარჩელით მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იშუამდგომლეს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ...ისა და ...ის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებული აუქციონის შედეგებისა და აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების გაფორმების, ქმედების განხორციელებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით შპს „კ...ეს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა „სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემისათვის ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №62/ს ბრძანების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით შპს „...ას“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და შპს „კ...ის“ შუამდგომლობა, საქმის მასალებთან ერთად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით შპს „კ...ეს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ...ისა და ...ის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებული აუქციონის შედეგები (№... აუქციონი) და აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს აეკრძალა ხელშეკრულების გაფორმების, ქმედების განხორციელებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოცემულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
შპს „...ას“ დირექტორმა შ. ხ-ამ 2020 წლის 25 თებერვალს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის №3/7572-19 განჩინების გაუქმება მოითხოვა. 2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა შპს „...ას“ წარმომადგენელმა და მოითხოვა №3/7572-19 საქმეზე შებრუნებული უზრუნველყოფის გამოყენება, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დაუსაბუთებლად იზღუდება შპს „...ას“ უფლებები და ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „...ას“ განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „...ას“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის №3/7572-19 განჩინების გაუქმების თაობაზე, ასევე არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „...ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება.
მესამე პირის - შპს „...ას“ დირექტორმა 2020 წლის 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახის ღონისძიებით შეცვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მაისის განჩინებით შპს „...ას“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2020 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა შპს „...ას“ დირექტორმა შ. ხ-ამ, რომელმაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმება და შპს „...ას“ 2020 წლის 28 აპრილის შუამდგომლობის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახის ღონისძიებით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 მაისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ც. ფ-ა, თ. ნ-ა, ზ. თ-ა, გ. გ-ე და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,კ...ეს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემისათვის ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №62/ს ბრძანება და მოპასუხეს - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემისათვის ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №62/ს ბრძანების საფუძველზე ჩატარებული აუქციონი და მისი სამართლებრივი შედეგები; ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის №2-955 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შპს „...ამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „...ას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება შპს „...ამ“, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი - შპს „...ა“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ზოგადი პრინციპის - დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების, ასევე ევროსასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამასთანავე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ სადავო აქტის მიღების დროს გამოყენებული „ტყის კოდექსის“ 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი (სამონადირეო მეურნეობის საფუძვლით ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიზღუდოს ტყეში შესვლა ან/და გადაადგილება) 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სხვაგვარი რედაქციით, კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად „..ფართობის ერთეულზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება, თუ ისინი არსობრივად ხელს არ უშლიან ერთმანეთს“. კასატორის მოსაზრებით, ასევე არარელევანტურია „ტყის კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-3 ნაწილისა და 88-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ასევე „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების 25-ე მუხლის მითითება. აღნიშნულ ნორმებზე მითითებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლიცენზიის გაცემამდე პროცესი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რიგი საჯარო მოქმედებების განხორციელების ვალდებულებას, მათ შორის ვალდებულებას - უძრავი ქონების მესაკუთრეთა წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაუშვას ლიცენზიანტის უფლებებით მესამე პირთა უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, თუმცა გაურკვეველია, სასამართლო როგორ მივიდა ამგვარ დასკვნამდე.
კასატორის მითითებით, 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის ღონისძიებით ამ ეტაპზე შეჩერებულია შპს „...აზე“ ლიცენზიის გაცემის პროცესი, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს მომავალში სალიცენზიო არეალის დაკორექტირებას და კერძო მესაკუთრეთა საკუთრების უფლების პრევენციას. აღნიშნული გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით. აღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ არც სალიცენზიო არეალის განსაზღვრამდე და არც აუქციონის ჩატარების და არც ლიცენზიის გაცემის შემდეგ არ შელახულა და არც შეილახება კერძო მესაკუთრეთა საკუთრების უფლება და ის დაცულია აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციებით.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „...ას“ მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ და განმარტა, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №62/ს ბრძანებაზე ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, თუმცა საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება. ამ ქმედებით შპს „კ...ეს“ საშუალება მიეცა დავის სასამართლში წარმართვისთვის.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონები. ასევე, საქმეში მესამე პირად არ ჩართო სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, რაც კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მოიხსენია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის №1505 განკარგულება, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო ბრძანების გამოცემას. ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, დასახელებული გარემოებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასრულად გამოიკვლიეს და დაადგინეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და მიიღეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები.
კასატორის - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ შპს „კ...ესათვის“ უცნობი იყო, რომ სალიცენზიო ფართობის ნაწილი მოიცავდა მის კერძო საკუთრებას და გაუგებარია რომელ ნორმაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მესაკუთრის განცხადების არსებობისას, რომელიც ეხება სარგებლობის ლიცენზიის მიღებას იმ ფართობზე, რომლის ნაწილიც ამავე მესაკუთრის საკუთრებაშია, კიდევ ცალკე მოითხოვს იგივე პირის - მესაკუთრის თანხმობას. ასევე არ გამიჯნა საკუთრებისა და სარგებლობის უფლება და რომ ამ ორი უფლების ერთდროულად, პარალელურად არსებობა ურთიერთშემშლელი არ არის და ორივე უფლების პარალელურად გამოყენება კანონით დადგენილი წესით შესაძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არ მიუთითა და არ დაასაბუთა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელი ნორმის დარღვევით ექმნებოდა პრობლემა ამ ორი უფლების თავისუფლად რეალიზებას.
სასამართლომ კანონშეუსაბამოდ მიიჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ განხორციელებული კერძო საკუთრებების რეგისტრაციები, ამავე აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად. სასამართლომ არ გამიჯნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენცია და უფლებამოსილების ფარგლები; სასამართლოს მიერ არასწორად განმარტა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი და არასწორი შეფასება და ინტერპრეტაცია მიეცა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიციას, თითქოსდა მხოლოდ ამ პუნქტის არსებობა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ათავისუფლებდა იმ ვალდებულებისაგან, რომ სრულყოფილად გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები. მსგავსი ჩანაწერი, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო თავისუფლდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისაგან, სააგენტოს მიერ წარდგენილ არც წერილობით პოზიციებში და არც ზეპირ ახნა-განმარტებაში მითითებული არაა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული არსებული და მოსალოდნელი შედეგი/ზიანი, რომელიც შეიძლება დადგეს აქტის ბათილად ცნობით, კერძოდ: სასამართლო, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების პირობებში, როცა ყველანაირი მექანიზმი არსებობს კერძო საკუთრების დაცვისა და რომ საკუთრების უფლების თავისუფლად განკარგვას/რეალიზებას ხელს არ უშლის სარგებლობის უფლება, ბათილად ცნობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და მის საფუძველზე გამოცხადებულ აუქციონს თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, როცა პარალელურად არსებობს აუქციონში გამარჯვებული სხვა პირის ინტერესი. დღეის მდგომარეობით არსებულ უფლებას, უპირისპირებს სამომავლოდ, სავარაუდოდ დასადგომ შედეგს, რომელიც შეიძლება არც კი დადგეს. ამასთან, მნიშვნელოვანია სათანადოდ იქნეს გამოკვლეული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და სწორად იქნეს შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, რაც საბოლოოდ განაპირობებს კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორის - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოში და დამატებით აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, 96-ე, 97-ე და 601 მუხლები, ასევე არასწორი შეფასება მისცეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების მე-8 მუხლის მე-11 პუნქტს. კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებით დადასტურებული გარემოებებით დგინდება, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გამოკვლეული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია. ამდენად, სადავო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ას“, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ას“, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, შპს „კ...ეს“ წარმომადგენელმა, სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა მიწის ფართების სიტუაციური ნახაზები. ამასთან, ვინაიდან მთლიანი ფართობის შუაგამყოფი იყო გზა, ნახაზებიც წარდგენილი იქნა ცალ-ცალკე. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული თანხმობის წერილების გათვალისწინებით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 3 ივლისს მიღებული იქნა №62/ს ბრძანება, რომლის თანახმად, დამტკიცდა აუქციონის ჩატარებისთვის გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია და გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის შესაბამისად. აღნიშნული დანართი №1-ის მიხედვით, სარგებლობის ლიცენზიის სახეს წარმოადგენდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, ხოლო სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, ...ის და ...ის მუნიციპალიტეტებში მდებარე სატყეო უბნის ტერიტორიაზე, 6794,2 ჰა ფართობი.
ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირად გამოვლინდა შპს ,,...ა“. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №62/ს ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა შპს „კ...ემ“, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის №2-955 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
2020 წლის 5 აგვისტოს, შპს „კ...ეს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იმ მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდების მიწოდება, რომლებიც საჯარო რეესტრში არის რეგისტრირებული და ამავდროულად, მათი რეგისტრირებული საზღვრების კოორდინატები სრულად ან ნაწილობრივ მოქცეულია წარდგენილ დისკზე მოცემულ კოორდინატებში. აღნიშნული განცხადების პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 6 აგვისტოს წერილით მიმართა შპს ,,კ...ეს“ და აცნობა, რომ წარმოდგენილ ნახაზზე მონიშნული უძრავი ნივთი ზედდებაშია საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 17 უძრავ ნივთთან და თანხვედრაშია 2 წარმოებაში მყოფ უძრავ ნივთთან, განაცხადის ნომრებით: ... და .... აღნიშნულ წერილს თან დაერთო Excel-ის ფაილი, სადაც მითითებულია ზედდებაში მყოფი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები და საკადასტრო კოდები, კერძოდ: 1) კოდი - ..., მესაკუთრე - სახელმწიფო; 2) კოდი - ..., მესაკუთრე - შპს ,,კ...ე“; 3) კოდი - ..., მესაკუთრე - შპს „კ...ე“; 4) კოდი - ..., მესაკუთრე - შპს „ კ...ე“; 5) კოდი - ..., მესაკუთრე - სახელმწიფო; 6) ..., მესაკუთრე - სახელმწიფო; 7) კოდი - ..., მესაკუთრე - სახელმწიფო; 8) კოდი - ..., მესაკუთრე - თ. ნ-ა; 9) კოდი - ..., მესაკუთრე - სახელმწიფო; 10) კოდი - ..., მესაკუთრე - შპს „კ...ე“; 11) კოდი - ...; მესაკუთრე - ც. ფ-ა; 12) კოდი - ...; მესაკუთრე - შპს „კ...ე“; 13) კოდი - ...; მესაკუთრე - სახელმწიფო; 14) კოდი - ...; მესაკუთრე - შპს „კ...ე“; 15) კოდი - ...; მესაკუთრე - შპს „კ...ე“; 16) კოდი - ...; მესაკუთრე - სახელმწიფო; 17) კოდი - ...; მესაკუთრე - სახელმწიფო.
საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოება, ნომრებით: ... და ... დასრულებულია და უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია ზ. თ-ასა და გ. გ-ის საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს „სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემისათვის ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №62/ს ბრძანების, მის საფუძველზე ჩატარებული აუქციონის, მისი სამართლებრივი შედეგებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის №2-955 ბრძანების კანონიერების შემოწმება. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Va№ de Hurk v. №etherla№ds, par.61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] par.26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ქცეული აქტების კანონშესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სადავო ბრძანებების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, კერძოდ, სალიცენზიო არეალში მოექცა შპს „კ...ეს“ და მესამე პირების კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები. მათი სალიცენზიო არეალში მოქცევა კი განხორციელდა შპს „კ...ეს“ თანხმობის გარეშე, რაც ზღუდავს მის საკუთრების უფლებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ტყის კოდექსზე“, რომელიც აწესრიგებს საქართველოს ტყის ფონდის და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. დასახელებული კოდექსის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, განმტკიცებულია საქართველოს ტყის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის სპეციალური სახეები, მათ შორის, სამონადირეო მეურნეობის მოწყობა (37.1. „ვ“ მუხლი). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესბამისად კი, სამონადირეო მეურნეობის საფუძვლით, ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიზღუდოს ტყეში შესვლა ან/და გადაადგილება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ რეგულაციას ითვალისწინებდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ტყის კოდექსის 51-ე, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი და 88-ე მუხლის მე-5 პუნქტი), „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი და მის საფუძველზე მიღებული „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების 25-ე მუხლი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამიასად, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია წარმოადგენს ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ერთ-ერთ სახეს. სადავო პერიოდში მოქმედი „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა აუქციონის ჩატარების გზით. მე-2 მუხლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებულ ტყის ფონდით სარგებლობის უფლებას ანიჭებს სააგენტო. ეს უფლება სააგენტომ შეიძლება მიანიჭოს თავის ტერიტორიულ ორგანოებს. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა არა უმეტეს 49 წლის ვადით. ამრიგად, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის თაობაზე ლიცენზია, როგორც ტყით სპეციალური სარგებლობის სახე, ამ ლიცენზიის ფარგლებში მოქცეულ არეალში გარკვეული სახის წესებსა და პირობებს ადგენს, კერძოდ, გადაადგილების, ნადირობის უფლების შეზღუდვასა და სხვას, რაც იმთავითვე ითვალისწინებს იმ კერძო პირთა საკუთრების უფლებაში ჩარევას, რომელთა კუთვნილი უძრავი ქონება ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ექცევა. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 ოქტომბრის წერილით უდავოდ დასტურდება, რომ შპს „კ...ეს“ და მესამე პირთა კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ნაწილი სადავო - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №62/ს ბრძანების მიღებამდე ხვდებოდა სალიცენზიო არეალში. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონი გამოცხადებული იქნა მათ შორის კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მესაკუთრეთა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
დასახელებული გარემოებებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აუქციონში გამარჯვების შედეგად გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტების გამოცემამდე ადმინისტრაციული პროცესი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რიგი საჯარო მოქმედებების განხორციელების ვალდებულებას - ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებას, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევასა და შეფასებას, მესამე პირთა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩაბმას და სხვა, მათ შორის ვალდებულებას - უძრავი ქონების მესაკუთრეთა წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაუშვას ლიცენზიატის უფლებებით მესამე პირთა უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ კონსტიტუციით, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო აქტების თანახმად, ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველი შეიძლება იყოს როგორც ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება, ისე ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აუციონის ჩატარების სპეციფიკურობიდან გამომდინარე აუქციონში გამარჯვებული შეიძლება ვერ გახდეს ლიცენზიის მაძიებელი - მათ შორის ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრე, აუქციონის გამართვამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ქონების მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღებით დააზღვიოს ის რისკი, რაც შეიძლება მოყვეს აუქციონში გამარჯვებული პირისა და ქონების მესაკუთრის უფლებების შეპირისპირებას და ამ მიმართებით სასამართლო დავის წამოწყებას. ამგვარი წინასწარი წერილობითი თანხმობა კი მოცემულ შემთხევაში მოსარჩელის მიერ გაცემული არ ყოფილა და ამ სახის დოკუმენტად ვერ მიიჩნევა მოსარჩელის, როგორც ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენამდე ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად შექმნილი დოკუმენტები.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები; კერძოდ, არ იქნა მოძიებული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სალიცენზიო არეალში მოქცეული ტერიტორიის მესაკუთრეების შესახებ, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქმნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობას. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ მესამე პირთა წრე, რომელთა საკუთრებაც მოექცა სალიცენზიო არეალში, სასამართლო დავის პერიოდში გაიზარდა ოცდაათ პირამდე, შესაბამისად ამ პირობებში ფაქტობრივად და სამართლებრივად ხელახალი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე შეუძლებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სადავო აქტების მიმართ კანონიერი ნდობის საკითხთთან დაკავშირებით შპს „...ას“ წარმომადგენლის მითითებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ გასაჩივრებული აქტები სადავოდ გახადა მათი გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე, რა პერიოდშიც ამგვარი აქტები არ არის დაცული კანონიერი ნდობის პრინციპით. ამასთან, გასათვალისწინებელია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლის დანაწესიც, რომლის თანახმად, თუ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტით ილახება სხვა პირის კანონიერი უფლებები, შეუძლებელია მისი სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება, რადგან ერთი აქტის მიმართ სხვადასხვა პირების კანონიერი უფლებებისადმი დიფერენცირებული მიდგომა, თანაც ამ უფლებების დაუსაბუთებლობის პირობებში, სრულიად არასამართლიანია.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ შპს „...ას“ მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურებულია შპს „კ...ეს“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №62/ს ბრძანებაზე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. რაც შეეხება წინამდებარე დავის მიმართ მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არარსებობას, საკასაციო პალატა ამ კუთხითაც მიიჩნევს, რომ სახეზე არ იყო საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი და სასამართლომ სწორად უთხრა უარი შპს „...ას“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა შპს „...ა“ ადმინისტრაცული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრით შუამდგომლობს აგრეთვე საქმის წარმოების შეწყვეტაზე იმ საფუძვლით, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25 მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, ვინაიდან სადავო აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ისინი დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს ტყის ფონდის გამოყენებით სამონადირეო მეურნეობის მოწყობის უფლებას.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო მართებულად მსჯელობს სადავო აქტზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, მითითებული საფუძვლით არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობა, ვინაიდან ამავე კოდექსის 262 მუხლის მიხედვით, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ დასაშვებია, თუ იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი საფუძველზე. ამასთან, აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №62/ს ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, მართებულია, ასევე, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ჩატარებული აუქციონის, მისი სამართლებრივი შედეგებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის №2-955 ბრძანების ბათილად ცნობა.
ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „...ას“, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - შპს „...ას“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 13 აგვისტოს №1 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე