Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-80(კ-22) 16 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 4 სექტემბერს, ს. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1 აგვისტოს N19-05/1249 წერილის გაუქმება და მოპასუხისათვის მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე დასაბრუნებელი თანხის - 1896 ლარის გადარიცხვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ს. გ-ი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის - 1896 ლარის დაბრუნებას ან შეძენილი ქონების გადაცემას ითხოვს იმის გამო, რომ მის მინდობილ პირს კ. ტ-ს აუქციონზე შეძენილი ქონება არათუ არ მიუღია, არამედ არც უნახავს და მიღება-ჩაბარების აქტზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უარი კი ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ აუქციონებზე რეალიზებული ქონება, 2011 წლის 25 ივლისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, 2011 წელს პირველ აგვისტოს მიღებული აქვს მოსარჩელის წარმომადგენელს - კ. ტ-ს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა (გაყალბება და ა.შ.), რაზეც აპელირებს მოსარჩელე მხარე, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ და გადასაწყვეტ საკითხს. მოცემული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში შეუძლებელია დადგინდეს, ადგილი ჰქონდა თუ არა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლსაწინააღდეგო ქმედების ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილად რეალიზაციას. ფაქტების დადგენას აქვს არამხოლოდ საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა. ფაქტის დაუდასტურებლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგი ეკისრება პირს, რომელმაც ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რაზეც ის თავის მოთხოვნას აფუძნებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, ვერ უზრუნველყო სასამართლოს წინაშე იმ გარემოების დამტკიცება, რომ გაყალბებულია კ. ტ-ის ხელმოწერა და მას შესაბამისი ქონება არ მიუღია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ასაბუთებდა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაყალბებული მიღება-ჩაბარების გაცემის ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“, „ე1“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, დაასბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია შემოიფარგლა საქართველოს საკანონმდებლო ნორმების აღწერით, ისე, რომ მასში ასახული არ არის ან/და არასწორად არის ასახული სამართლებრივი შეფასება.

კასატორი მიუთითებს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სასამართლოს დასკვნები, რომლებმაც დავის სწორად ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლოს დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას უფლებას, მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციითაც და გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სარჩელის საფუძვლებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, დარღვეულია საერთაშორისო აქტის ნორმათა მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საქმეზე მოპასუხე მხარედ დასახელებული სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

2011 წლის 25 ივლისს გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით ს. გ-მა კ. ტ-ს მიანიჭა ელექტრონულ აუქციონებზე გატანილი ქონების შეძენის, მის სახელზე შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონების მიღებისა და მისი სახელით სათანადო დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით.

2011 წლის პირველ აგვისტოს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, ერთი მხრივ, შესაბამისი მინდობილობით მოქმედი პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მირიან მამულაშვილი და მეორე მხრივ, სააგენტოს მიერ გამოცხადებული, 2011 წლის 28 ივნისს დასრულებული N... (ლოტები: ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...; განაცხადები: N..., N..., N..., N...; N...; N...; N..., N...) ინტერნეტ აუქციონის გამარჯვებულის - ს. გ-ის ნდობით აღჭურვილი პირი კ. ტ-ი (25.07.2011წ. გაცემული მინდობილობა) ადასტურებენ N1 დანართით გათვალისწინებული ქონების კ. ტ-ისათვის გადაცემას (ქონების ფასი - 1896 ლარი). აქტის სისწორე დადასტურებულია მასში მითითებული პირების ხელმოწერებით.

ს. გ-მა 2018 წლის 3 და 17 აპრილს განცხადებებით მიმართა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, 2011 წლის 28 ივნისს დასრულებულ N... (..., ...., ..., ..., ..., ..., ..., ... განაცხადებები: N...; N...; N...; N...; N...; N...; N...; N...) ელექტრონულ აუქციონებზე რეალიზებული ქონების შესაძენად გადახდილი თანხების დაბრუნება, საგარანტიო თანხების გამოკლებით ან იმ დოკუმენტების გადაცემა, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ აღნიშნულ აუქციონებზე შეძენილი ქონების გატანას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის პირველი მაისის წერილით ს. გ-ს ეცნობა, რომ 2018 წლის 3 აპრილისა და 17 აპრილის განცხადებებში მითითებული, აუქციონებზე რეალიზებული ქონება, 2011 წლის პირველ აგვისტოს, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე მიღებული აქვს მის წარმომადგენელს - კ. ტ-ს, რომელსაც გაეგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია.

2018 წლის 5 ივლისს, ს. გ-მა კვლავ მიმართა სააგენტოს განცხადებით, 2011 წლის პირველი აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმებისა და ქონების შესაძენად გადახდილი თანხის - 1896 ლარის დაბრუნების ან შეძენილი ქონების გადაცემის მოთხოვნით, იმის გამო, რომ მის მინდობილ პირს - კ. ტ-ს აუქციონზე შეძენილი ქონება არათუ არ მიუღია, არამედ არც უნახავს და მიღება-ჩაბარების აქტზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის პირველი აგვისტოს N19-05/1249 წერილით ს. გ-ს კვლავ ეცნობა, რომ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, 2011 წლის 28 ივნისს დასრულებულ N... (ლოტები: ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...; განაცხადები: N..., N..., N..., N...; N...; N...; N..., N...) აუქციონზე რეალიზებული ქონება, 2011 წლის 25 ივლისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, 2011 წლის პირველ აგვისტოს მიღებული აქვს ს. გ-ის წარმომადგენელს - კ. ტ-ს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით შეძენას. სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის N523 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების განკარგვას, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციას და მონიტორინგს უზრუნველყოფდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (დებულების პირველი, მეორე მუხლები).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის N771 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესსა და პირობებზე“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების განკარგვის ფორმად მიჩნეული იყო ქონების რეალიზაცია აუქციონის (ელექტრონული, საჯარო) ფორმით. ამავე „წესის“ მე-12 მუხლი შეეხებოდა გარიგებათა გაფორმებას და ანგარიშსწორებას. ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული ვალდებული იყო, ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გაეტანა ქონება შესაბამისი საწყობიდან ან საცავიდან. მე-6 პუნქტის თანახმად კი, თუ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეძლებდა აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულიად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავდა ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე უკან არ უბრუნდებოდა, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხებოდა სააგენტოს ანგარიშზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მნიშვენელობაზე ადმინისტრაციულ პროცესში, მტკიცების ტვირთი ეს არის დავის მონაწილე მხარის იურიდიული მოვალეობა, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მათ შორის - 2011 წლის 25 ივლისს გაცემული მინდობილობით და 2011 წლის პირველ აგვისტოს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით) დადასტურებულია, რომ ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, 2011 წლის 28 ივნისს დასრულებულ N... ელექტრონულ აუქციონზე, მოსარჩელემ შეიძინა მოძრავი ქონება, რომელიც გადაეცა უფლებამოსილ წარმომადგენელს, სათანადო საფასურის გადახდის შედეგად. საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა (დოკუმენტის, ხელმოწერის გაყალბება და ა.შ.), რაზეც აპელირებს მოსარჩელე, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ და გადასაწყვეტ საკითხს. ამ პირობებში, შესაბამისი ფაქტის დაუდასტურებლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, რამდენადაც მან ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს, ვერ უზრუნველყო სასამართლოს წინაშე იმ გარემოების დამტკიცება, რომ მას აუქციონის წესით შეძენილი შესაბამისი ქონება არ მიუღია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე