საქმე №ბს-129(კ-19) 02 მარტი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
სხდომის მდივანი - ლ. სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) - თ. გ-ი, წარმომადგენელი შ. მ-ე (16.10.2018წ. N... რწმუნებულება)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი თ. მ-ი (28.01.2022წ. N... მინდობილობა); ს. ჩ-ე (24.11.2017წ. N... მინდობილობა); საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, წარმომადგენელი მ. ი-ი (01.07.2021წ. N... მინდობილობა, 20.09.2018წ. N MES...; 13.02.2017წ. N... მინდობილობა), ნ. თ-ა (04.11.2021წ., N... მინდობილობა), თ.ო-ი (07.09.2021წ., N... რწმუნებულება)
მესამე პირები - ა(ა)იპ „...ი“, წარმომადგენელი უ. ე-ე (19.07.2018წ. N... მინდობილობა); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, თავმჯდომარე თ. შ-ი (კრწანისის რ-ის გამგეობის 17.11.2008წ. N4965 აღრიცხვის ფურცელი, 04.10.2018წ. N...; 16.10.2018წ. N...), წარმომადგენელი ნ. უ-ე (23.06.2021წ. N... რწმუნებულება)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ნებართვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-ის, ლ. გ-ისა და ლ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე შენობა და მისი მომიჯნავე, ...ის ქ. №1-ში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ობიექტებს წარმოადგენენ. მითითებული შენობები ძველი თბილისის შენობათა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობათა ნუსხაში იქნა შეყვანილი და მათი სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიზნით პროექტის შესათანხმებლად და ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელებას ა(ა)იპ „...ი“ უზრუნველყოფდა.
ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 27.07.2015წ. №10 კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ფონდს მიეცა უფლება ქ.თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტის შედგენასა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვის მიღებაზე. ბმა „ჯ...ას“ 01.03.2015წ. №1 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ფონდს მიეცა უფლება ...ის №3-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტის შედგენასა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვის მიღებაზე.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურბანული მემკვიდრეობის სექციის 10.03.2015წ. №9 სხდომაზე ქ. თბილისში ...ის ქ. №1 და №3 შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია იქნა განხილული და მას დადებითი შეფასება მიეცა.
თ. გ-ი მიიჩნევს, რომ დარღვეულია რეკონსტრუქციის არსი (პირვანდელი სახით ახლიდან აშენება), რადგან პროექტი ითვალისწინებს სართულის დამატებას, რაც ლახავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რადგან ის მოკლებულია შესაძლებლობას სათანადოდ, ხელის შეუშლელად ისარგებლოს თავისი ქონებით.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 04.07.2016წ. №03/329 ბრძანებით, თ. გ-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ბრძანებაში აღინიშნა, რომ შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების სანებართვო მოწმობა გაცემულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელიც არის არა მხოლოდ ნებართვის გამცემი ორგანო, არამედ ის ორგანო, რომელიც სამინისტროსთან ერთად არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაზიანება აღკვეთოს. პროექტი განხილულ იქნა და დადებითად შეფასდა დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე. ბრძანებაში აღინიშნა ასევე, რომ დაშენების შედეგად სახურავის სიმაღლე აიწია 40 სანტიმეტრით, საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო იმის დასაბუთება, თუ რატომ გამოიწვევს ...ის ქ. №1-ში მდებარე შენობის სახურავის მცირედი აწევა ისეთი სახის ზემოქმედებას, რომელიც არსებითად ხელყოფს მის უფლებებსა და შეუძლებელს ხდის საცხოვრებელი ფართის გამოყენებას.
თ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სსიპ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა 16.04.2015წ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ პროექტის იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა შენობაზე მანსარდის განთავსება და ...ის ქ. N1-ში მდებარე ნაკვეთზე კედლების განთავსება. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 04.07.2016წ. N03/218 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რეკონსტრუქციის შედეგად მისი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე ნაკვეთზე, ...ის ქ. N1-ში მდებარე ნაგებობის სახურავი არის ამოსული ბინის სარკმელთან, შესაბამისად, რეალურად მოხდა არა რეკონსტრუქცია, არამედ ახალი ნაგებობის წარმოშობა, ახალი მშენებლობა, რაც ეწინააღმდეგება კანონს და რეკონსტრუქციის არსს. მოსარჩელე თვლის, რომ ილახება მისი საკუთრების უფლება, რამდენადაც სახურავიდან მომდინარე სიმხურვალე, დაგროვილი ნალექი და მტვერი ზიანს აყენებს და შეუძლებელს ხდის საკუთრებაში არსებული შენობის გამოყენებას. მოსარჩელემ მიუთითა აგრეთვე, რომ არ არის დაცული სათანადო სივრცე, რათა მოხდეს ნალექების დაგროვების თავიდან აცილება, რაც მოსარჩელის აზრით ასევე საფრთხეს უქმნის ...ის ქ. N3-ში მდებარე შენობას და არღვევს სამშენებლო ნორმებს. რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემის მიუხედავად დარღვეულია რეკონსტრუქციის არსი, რადგან შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებს სართულის დამატებას, აღნიშნული კი ლახავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, იგი მოკლებულია შესაძლებლობას სათანადოდ, ხელის შეუშლელად ისარგებლოს თავისი ქონებით.
სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 16.04.2015წ. №4/95 ბრძანების ბათილად ცნობა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №1-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისათვის სამშენებლო სამუშაოებზე გაცემული ნებართვის ნაწილში, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების თაობაზე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 16.04.2015წ. №... სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა და თ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 04.07.2016წ. №03/218 ბრძანების ბათილად ცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პროექტი ითვალისწინებდა ...ის ქ. N1-ში მდებარე შენობის სახურავის კეხის სახურავის შუა ნაწილში გადანაცვლებას და 60 სმ-მდე ამაღლებას, რაც სასამართლოს აზრით არსებითად ცვლის ობიექტის პირვანდელ მდგომარეობას, სახურავის კეხი მეზობელი ნაგებობის - ...ის ქ. N3-ში მდებარე სახლის მე-2 სართულზე არსებულ, თ. გ-ის კუთვნილ ფანჯარას გაუსწორდა, რაც არ იყო განპირობებული ძეგლის რეაბილიტაციის საჭიროებით, სასამართლომ მიუთითა, რომ არ ყოფილა გამოკვლეული ცვლილების მიერ მეზობელი ნაგებობის მესაკუთრის ინტერესის შელახვის შესაძლებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებლობა კრძალავს აქტის გამოცემას სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.10.2017წ. გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 04.07.2018წ. №03/218 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 16.04.2015წ. №4/95 ბრძანება ...ის ქ. №1-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისათვის სამშენებლო სამუშაოებზე გაცემული ნებართვის ნაწილში, შესაბამის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი მასზე გაცემული სანებართვო მოწმობა და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ფონდის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ პროექტი ითვალისწინებდა ...ის ქ. №1-ში მდებარე შენობის სახურავის კეხის სახურავის შუა ნაწილში გადანაცვლებას და 60 სმ-მდე ამაღლებას, რაც არსებითად ცვლიდა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობას, სახურავის კეხი მეზობელი ნაგებობის ...ის №3-ში მდებარე სახლის მე-2 სართულზე არსებულ, თ. გ-ის კუთვნილ ფანჯარას გაუსწორდა, რაც არ იყო განპირობებული ძეგლის რეაბილიტაციის საჭიროებით. ამასთან არ ყოფილა გამოკვლეული იწვევდა თუ არა ცვლილება მეზობელი ნაგებობის მესაკუთრის ინტერესების შელახვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.07.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ბმა „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.10.2017წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ითქვა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბმა „...“ 27.02.2015წ. N10 კრების ოქმის თანახმად, ბინის მესაკუთრეთა 2/3-ის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ს“ უფლება მიეცა შეესრულებინა ქ. თბილისში, ...ის ქ. N1-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და მის სახელზე გაცემულიყო სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა. თანხმობის გაცემამდე ჩატარდა ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პროექტი მიზნად ისახავდა რეკონსტრუქციას არსებულ გაბარიტებში და არსებული ფასადების, გეგმარების მოცულობის აღდგენას. სართულების დადაბლებით გათვალისწინებული იყო სხვენის სიმაღლის გაზრდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახურავის კეხი ძველ ისტორიულ პროექტს აღემატება 40 სანტიმეტრით, ძველი პროექტისაგან მცირედი ცვლილებით სამუშაოების წარმოება განპირობებული იყო ობიექტური გარემოებებით, პროექტირების პროცესში ვერ მოხერხდა აბსოლუტური სიზუსტით შენობის პირველი სართულის ნიშნულის დამთხვევა აზომვითი ნახაზების მიხედვით, რადგან სახლის ეს ნიშნული მიწისპირზე იყო, ქუჩის რელიეფიც უსწორმასწორო იყო. ზედაპირული წყლების ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად მოხდა შენობის აწევა დაახლოებით 36 სმ-ით. ამ გარემოებამ გამოიწვია მთლიანად სახლის აწევა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ფონდის მიზანი არის ქ. თბილისში ძეგლის შენარჩუნება/აღდგენა და უძრავი ქონების ღირებულების გაზრდის გამოუყენებელი პოტენციალის გამოვლენა. მანსარდის მოწყობა სწორედ ამგვარი გამოუყენებელი პოტენციალის გამოვლენასა და ღირებულების გაზრდას ისახავდა მიზნად. პროექტის თანახმად, პირველი ბლოკის სართულშუა გადახურვის დონის შემცირებით შესაძლებელია სხვენის სართულის მოწყობა, შესაბამისად, პალატამ დასაშვებად მიიჩნია სამუშაოების მოცემული სახით წარმოება, სასამართლომ მიიჩნია, რომ ცვლილებები გამოწვეული იყო ობიექტური, პატივსადები მიზნით.სადავო აქტი - სააგენტოს გენერალური დირექტორის 16.04.2015წ. N4/95 ბრძანება არის აღმჭურველი აქტი, რომლის ბათილად ცნობისათვის უნდა არსებობდეს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული წინაპირობები. კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით უნდა გადაწყვდეს. კანონიერების პრინციპი პრიორიტეტულია თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესებს. სადავო აქტების კანონიერების შემოწმებისას მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა სახის ზიანი ადგება მოსარჩელეს. მიყენებული ზიანის მოცულობა უნდა შედარდეს სხვენის სართულში მოწყობილი ფართის მესაკუთრისათვის მიყენებული ზიანის მოცულობას. განსახილველ შემთხვევაში უნდა შეუპირისპირდეს ერთი მხრივ მოსარჩელისა და საჯარო ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ, მოსარჩელისა და მე-3 პირის ინტერესი. სააპელაციო პალატამ არ გამორიცხა სახურავის კეხის აწევით მოსარჩელის საკუთრებაზე გარკვეული ნეგატიური ზემოქმედება (სიმხურვალე, დაგროვილი ნალექი, მტვერი, ხმაური), თუმცა აღნიშნული სააპელაციო პალატის აზრით არსებითად არ ხელყოფს მის უფლებებს და შეულებელს ვერ ხდის ფართის გამოყენებას. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობა გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას, მის მნიშვნელობას კი ვერ აღემატება მოსარჩელისთვის უმნიშვნელოდ მიყენებული ზიანი, საჯარო ინტერესი მოითხოვს არსებული რეაბილიტაციის შედეგის შენარჩუნებას. ზოგადად სადავო საკითხს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მოსარჩელის ინტერესსა და უფლებებზე, რამდენადაც დავა ეხება საკუთრების უფლებით დაცულ სფეროს, თუმცაღა მხარეთა ინტერესების პროპორციულობის კუთხით, არსებითია არა კანონით დაცული ნებისმიერი ინტერესი, არამედ კონკრეტული, სადავო საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული ინტერესი და მისი ხელყოფის ინტენსიურობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესი - საკუთრებით სარგებლობისას მომიჯნავე სახურავიდან ხელშეშლასთან დაკავშირებით (ხმაური, სიმხურვალე, მტვერი) და ამხანაგობის ინტერესი, რომლის წევრებმაც სასტუმროდ მოაწყვეს ფართი, რომელიც საცხოვრებლად ვარგისია სწორედ სახურავის კეხის ამაღლების შედეგად, ერთმანეთს უპირისპირდება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიზანშეწონილია ამხანაგობის ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. გ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ისეთ უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ საკითხზე, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონტრუქციის ფარგლებში ძეგლის პირვანდელი მდგომარეობის ცვლილების, ასეთის შედეგად სამშენებლო ნორმებთან შეუსაბამობით ახალი ფართის წარმოშობის დასაშვებობა. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია რეკონსტრუქციის არსი (პირვანდელი სახით ახლის აშენება), რადგან შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებს სართულის დაშენებას და შესაბამისად მანსარდის დამატებას, აღნიშნული კი ლახავს კასატორის საკუთრების უფლებას, რადგან იგი მოკლებულია შესაძლებლობას სათანადოდ, ხელის შეუშლელად ისარგებლოს თავისი ქონებით. საპროექტო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ფაქტობრივად მოხდა სართულის დაშენება (გადახურვის ადგილზე წარმოიშვა ახალი საცხოვრებელი ფართი) ისე, რომ არ მომხდარა ასეთი ფართის წარმოშობისა და მშენებლობის შედარება მოქმედ სამშენებლო ნორმებთან. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებენ კასატორის კანონიერ ინტერესს. შენობებს შორის არ არის დაცული სათანადო სივრცე, რათა მოხდეს ნალექების დაგროვების თავიდან აცილება. განმარტებითი ბარათის მიხედვით სართულების დადაბლებით უნდა მომხდარიყო სხვენში საცხოვრებელი ფართის მოწყობა, თუმცაღა პროექტის მიხედვით, განმარტებითი ბარათისგან განსხვავებით, საცხოვრებელი ფართის წარმოშობა გათვალისწინებულია არა სართულშუა გადახურვის დადაბლებით, არამედ სახურავის ამაღლებით.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ დაარღვია რეკონსტრუქციის არსი, პროექტი ითვალისწინებს არა პირვანდელი სახით აღდგენას, არამედ ახალი ფართის წარმოშობას, ძეგლის სახეცვლილებას, რაც ლახავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ძეგლის რეკონსტრუქცია ითვალისწინებდეს ახალი ფართების წარმოშობას მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის დაუდგენლად, არღვევს სზაკ-ის 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს. ასეთი განმარტების შედეგად მემკვიდრეობის ძეგლი იქცევა ყველაზე ნაკლებად დაცულ ობიექტად, რადგან თუკი სხვა შემთხვევაში დაშენების დროს ხდება ყველა სამშენებლო ნორმის გათვალისწინება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემთხვევაში მასზე განხორციელებული დაშენება შესაძლებელი იქნება ყოველგვარი ნორმების უგულვებელყოფით და შეიძლება განხორციელდეს შეუსწავლელად და შეუზღუდავად, ყველა სამშენებლო ნორმის დარღვევით. შესაბამისად, ნორმის ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება სამშენებლო სამართლისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძირითად პრინციპებს. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი არასწორად განმარტა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სახურავის კეხიდან მომდინარე სიმხურვალე, ნალექი, მტვერი არსებითად არ ხელყოფს მის უფლებებს, ვინაიდან არსებითად უარესდება კასატორის მიერ ფართის გამოყენების პირობები. ფანჯარასთან სახურავის ამაღლების შემცირებით შესაძლებელია პროექტის განხორციელება ისე, რომ არც ძეგლის ინტერესები შეილახოს და არც მომიჯნავე ნაკვეთზე განთავსებული შენობის მესაკუთრის ინტერესები, აქტის ბათილობა არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას. კასატორი თვლის, რომ საფუძველსაა მოკლებული მითითება კანონიერ ნდობაზე, ვინაიდან ახლად წარმოშობილი სხვენის სართული არ არის ვინმეზე რეგისტრირებული და არც მის სარემონტო სამუშაოებზე გაცემულა სამუშაოების წარმოების ნებართვა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ძეგლზე სამშენებლო ნებართვის გაცემის ეტაპის გავლის შემდგომ მესაკუთრის მხრიდან ობიექტის შიგნით განხორციელებული სარემონტო სამუშაოები აღარ საჭიროებდნენ დამატებით ნებართვას. სასამართლომ უგულვებელყო ის გარემოება რომ ძეგლზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ნებართვის მოქმედების ვადის შემდგომ და შესაბამისად, აღნიშნული არ შეიძლება მოიაზრებოდეს ნებართვით გათვალისწინებულ სამუშაოებად. ძეგლზე გაცემული ნებართვით არ ყოფილა შეთანხმებული შიდა ინტერიერი და შიდა სარემონტო სამუშაოები, ნებართვის მოქმედების ვადის შემდეგ მოხდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. შესაბამისად კანონიერ ნდობაზე სასამართლოს მითითება არის უსაფუძვლო.
კასატორმა წარადგინა პრეტენზიები ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. კასატორი აღნიშნავს, რომ საპროექტო დოკუმენტაციით სართულების ამაღლება მოხდა არა 40 სმ-ით, არამედ 60 სმ-ით, გარდა უშუალოდ სახურავის კეხის ამაღლებისა, მოხდა თავად შენობის ამაღლება 36 სმ-ით, რის გამოც საბოლოო ჯამში მოხდა სახურავის ამაღლება 96 სმ-ით. არასწორადაა დადგენილი, რომ რეკონტრუქციამდე შენობას ...ის №3 მხარეს ჰქონდა სხვენი, ძეგლზე სხვენ-სართულის დაშენების არავითარი საჭიროება არ არსებობდა, ძეგლის შენარჩუნებისა და გადარჩენისათვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი, სასამართლოს დასკვნა ამ მიმართებით არის დაუსაბუთებელი. პროექტით, განმარტებითი ბარათისგან განსხვავებით, საცხოვრებელი ფართის წარმოშობა გათვალისწინებულია არა სართულშუა გადახურვის დადაბლებით, არამედ სახურავის ამაღლებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შესაგებელი წარადგინა საკასაციო საჩივარზე, რომლითაც დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. შესაგებლის ავტორი მიუთითებს სზაკ-ის მე-601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს სადავო სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 16.04.2015წ. №... სანებართვო მოწმობა და №4/95 ბრძანება არის აღმჭურველი ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართ მოქმედებს კანონიერი ნდობა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას. საქმეში დაცული მკიცებულებები ცხადჰყოფენ, რომ სადავო ნებართვის გაცემამდე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა საპროექტო დოკუმენტაცია, მშენებლობის განხორციელების მიზანშეწონილობა და დაადგინა, რომ იგი აკმაყოფილებდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს, ამასთანავე პროექტი განხილულ იქნა და დადებითად შეფასდა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე, რომელიც დაკომპლექტებული იყო დარგის სპეციალისტებით. ის ფაქტი, რომ სამუშაოების ჩატარების დაწყებამდე გამოკვლეული და შესწავლილი იქნა რეკონსტრუქციის მიზანშეწონილობა ადასტურებს ნებართვის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლოს 24.06.2021წ. განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ა(ა)იპ „...ის“, ბმა „...-ის“ წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მესამე პირის ბმა „...-ის“ წარმომადგენელი დაეთანხმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ამხანაგობასთან მიმართებით პირველ რიგში გასათვალისწინებელია კანონიერი ნდობის პრინციპი. კასატორმა ვერ დაასაბუთა რეკონსტრუქციის უკანონოდ მიმდინარეობა. ამხანაგობამ არ გაიზიარა თ. გ-ის მოსაზრება სხვენსართულის რეკონსტრუქციის შედეგად წარმოშობის შესახებ. მესამე პირმა აღნიშნა, რომ სხვენსართული პოტენციური მესამე სართულია და მისი ჩამოყალიბება მოხდა მეორე სართულის დადაბლების შედეგად. კასატორის მოსაზრებას სხვენსართულის 60 სმ.-ით ამაღლების შესახებ, რაიმე მტკიცებულებით არ არის დადასტურებული, ამაღლება მოხდა მხოლოდ 36 სმ.-ით, რაც ობიექტური გარემოებებით იყო განპირობებული და ამას არქიტექტორიც ადასტურებს. ამხანაგობის წარმომადგენელი თვლის, რომ კასატორი უთითებს მხოლოდ ჰიპოთეტურ დისკომფორტზე, რეალურად სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარია, კარკასულ მდგომარეობაშია. რეკონსტრუქციის შედეგად სხვა პირთა უფლებებიც შეილახა, შემცირდა ფართი, გაუქმდა ბუხარი და სხვ..
საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, დაეთანხმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ძეგლის ინტერესების მომეტებული დაცვის საჭიროებაზე, რაც საჯარო ინტერესს შეადგენს. რეაბილიტაციის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება და აღდგენა, რეკონსტრუქციამდე შენობა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. საკასაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ კასატორისათვის მიყენებული შესაძლო ზიანი, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ინტერესი, ასევე მესამე პირების კანონიერი ნდობა.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა არ ცნო საკასაციო საჩივარი, დაეთანხმა სამინისტროს პოზიციას, მიუთითა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასთან მიმართებით მოქმედ საერთაშორისო აქტებზე და აღნიშნა, რომ ძეგლის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია დასაშვებია მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. არსებულ სამშენებლო და სივრცის დაგეგმვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში როგორც წესი მიეთითება, რომ რეგულაცია არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. სამშენებლო სამუშაოები და ძეგლზე სამუშაოები განსხვავდება ერთმანეთისგან. ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი დგება სპეციალისტების მიერ იმგავარად, რომ მისი აღდგენა მოხდეს ძველ ანაზომებზე დაყრდობით, თუმცა დასაშვები თანამედროვე განვითარებით.
ა(ა)იპ „...ის“ წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და აღნიშნა, რომ დეტალური სამშენებლო ნორმატიული მოწესრიგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არ ვრცელდება, ზოგადი სამშენებლო რეგულაციები არ უთითებენ ძეგლზე მათი გავრცელების შესძლებლობაზე. სალიცენზიო და სანებართვო კანონმდებლობიდან გამომდინარე, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კანონში განთავსებული სანებართვო პირობები, მათ შორის, პროექტის შემადგენლობა და წესები გამოცალკევებულია ზოგადი მოწესრიგებისგან, მაგალითად, სამშენებლო კოეფიციენტების გამოყენება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმართებით შეუძლებელია, რადგან ყველა ძეგლს თავისი უნიკალური მახასიათებელი აქვს. ზოგადი სამშენებლო-სამართლებრივი მოწესრიგების მიხედვით, აკრძალულია შეუსაბამო ობიექტები, ძეგლის სტატუსის მქონე ყველა ობიექტი, თანამედროვე სამშენებლო მოწესრიგების გაგებით, შეუსაბამო ობიექტია და არსებული სამშენებლო მოწესრიგების ავტომატურად ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე გავრცელების შემთხვევაში, მივიღებთ, რომ ძეგლი უნდა დაინგრეს არსებული შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად, რაც დაუსაბუთებელია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს. ამდენად, ზოგადი სამშენებლო-სამართლებრივი რეჟიმი, ტექნიკური პირობები ძეგლთან დაკავშირებით არ ვრცელდება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა თანხმობა განაცხადეს დავის მორიგებით დასრულებაზე, აღნიშნულის გამო საკასაციო სასამართლომ რამოდენიმეჯერ განუსაზღვრა მხარებს ვადა მორიგების პირობების შესათანხმებლად, თუმცა მორიგება ვერ იქნა მიღწეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. N1-ში მდებარე შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს. ძველი თბილისის შენობათა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა შეტანილ იქნა სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობათა ნუსხაში. ა(ა)იპ „...ის“ თავმჯდომარემ 04.03.2015წ. წერილით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, ...-სა და ...ის N3-ში მდებარე შენობებზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და პროექტის განხორციელების ნებართვის მიღების მოთხოვნით, რასაც დაურთო საპროექტო დოკუმენტაცია. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურბანული მემკვიდრეობის სექციის 10.03.2015წ. N9 სხდომაზე ქ. თბილისში, ...ის ქ. N1 და N3 შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია იქნა განხილული და მას დადებითი შეფასება მიეცა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 16.04.2015წ. N4/95 ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვები გაიცა. კერძოდ, აღნიშნული ბრძანებით თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „...ს“ ქ. თბილისში, ...ის ქ. N 1-სა და ქ. თბილისში, ...ის ქ. N3-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 16.04.2015წ. ბრძანების საფუძველზე 16.04.2015წ. ა(ა)იპ „...ის“ სახელზე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (მდებარე ქ.თბილისში, ...ის ქ. N1-ში) სამუშაოების N... სანებართვო მოწმობა გასცა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის პროცესში უპირველესად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება, იმ გარემოს შენარჩუნება, რომელიც განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ ან სხვ. ღირებულებას. „მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ პარიზის 16.11.1972წ. კონვენციის 22-ე მუხლის თანახმად, კულტურულ მემკვიდრეობაზე შესრულებული ნებისმიერი სამუშაო მიზნად ისახავს მისი ტრადიციული იერსახის შენარჩუნებასა და მის დაცვას ყოველგვარი ახალი მშენებლობისა და რემოდელირებისგან, რომლებმაც შესაძლოა დააზიანოს მისი პირვანდელი იერსახე. 16.04.2015წ. N... სანებართვო მოწმობის თანახმად, ნებართვა გაიცა ქ. თბილისში, ...ის ქ. N1-ში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე. ძეგლის რეკონსტრუქცია არის დეტალურ სამეცნიერო კვლევებზე და ზუსტ ანაზომებზე დაყრდნობით ახალი ან ძველი მასალით, ან მათი კომბინაციის გამოყენებით, მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული ან დაშლილი უძრავი ძეგლის ან მისი ფრაგმენტის პირვანდელი სახით ახლიდან აშენება. ამასთანავე, ნებართვა გაცემული იყო არა მხოლოდ სარეკონსტრუქციო, არამედ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები არის ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა. უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის დროს არ არის გამორიცხული მისი ცვლილება. რეაბილიტაცია თავისი არსით მოიცავს სხვადასხვა სახის სამუშაოებს, კერძოდ: დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია, უძრავი ძეგლის ცვლილება („კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 25.2 მუხ.). კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უძრავი ძეგლის კვლევისა და რეაბილიტაციის მიზნით, შესაძლებელია მიზანშეწონილი იყოს სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელება, მაგ. უკეთუ საჭიროა ძეგლის დაზიანებული ფრაგმენტის, მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული ძეგლის თავდაპირველი სახით აღდგენა ან ხელახალი აშენება, ხორციელდება ძეგლის რესტავრაცია ან რეკონსტრუქცია (მე-3 მუხ. „შ“, „ჩ“ ქვ.პ), უკეთუ ძეგლზე სამუშაოები განპირობებულია ძეგლის ფუნქციის ცვლილების ინტერესით, ხდება ძეგლის ადაპტაცია, ანუ მასში იმგვარი ცვლილების შეტანა, რომელიც არ იწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას და გამართლებულია მეთოდოლოგიურად (მე-3 მუხ. „ქ“ ქვ.პ.). ამდენად, ნორმატიულად დაშვებულია ძეგლზე არა მხოლოდ ისეთი სამუშაოების განხორციელება, რომელიც ძეგლის თავდაპირველი სახის აღდგენას ისახავს მიზნად და მის ფარგლებს არ სცდება, არამედ აგრეთვე ისეთი სამუშაოების ჩატარებაც, რაც გულისხმობს ნოვაციის შეტანას, უძრავი ძეგლის მოცულობის შეცვლას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ ის არ აკნინებს ან არ ჩრდილავს ძეგლის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას, ან ხელს არ უშლის მის სათანადო ინტერპრეტაციასა და დაფასებას (მე-3 მუხ. „ს1“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას რეკონსტრუქციის არსის (პირვანდელი სახით ახლიდან აშენების) დარღვევის შესახებ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც არ გამორიცხავს დამატებით ფართის წარმოქმნას, თუმცა სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დავის კარდინალურ საკთხზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის ფარგლებზე, კერძოდ იმაზე თუ რამდენადაა შესაძლებელი ცვლილების შედეგად მიღებული ახალი ფართების წარმოშობისას სამშენებლო ნორმების და რეგლამენტის მოთხოვნების, განაშენიანების პარამეტრების დაცულობა. კულტურული ძეგლი შესაძლოა იყოს არასტანდარტული აგებულების მქონე ობიექტი, რამაც ძეგლის პირვანდელი სახით აღდგენის (ძეგლის რეკონსტრუქცია, რესტავრაცია) შემთხვევაში შესაძლოა განაპირობოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისაგან განდგომა. უკეთუ რესტავრაცია მოიცავს ძეგლში ცვლილების შეტანას ახალი ფართის წარმოქმნით, დამატებითი ახალი ფართის წარმოქმნა უნდა განხორციელდეს სამშენებლო ნორმების და რეგულაციების მხედველობაში მიღებით. სააპელაციო სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია ძეგლის გაბარიტების ცლილება, მასზე დაშენება სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის დადგენის გარეშე, მხოლოდ მიზანშეწონილობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არ აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 26.2 მუხლი ითვალისწინებს ახალი ფართის წარმოშობის შესაძლებლობას, თუმცა ახალი ფართის შექმნისას ძეგლთა დაცვის რეგულირებასთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამშენებლო ნორმები, თავის მხრივ სამშენებლო ნორმების გამოყენაბა ასეთ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ძეგლის ღირებულების შემცირება. საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. N59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 4.4 მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის გამოყენება და განაშენიანების რეგულირება უნდა განხორციელდეს არსებული განაშენიანების, განაშენიანების ძირითადი დებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას (23 მუხ., 26.1 მუხ.). ძეგლთა დაცვის კანონმდებლობა არის უნიკალური რეგულირების საგნის მქონე კანონმდებლობის დამოუკიდებელი შტო, ამასთანავე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქცია მულტიდისციპლინური, კომპლექსური დარგია, რომელიც მოიცავს საკუთრივ ძეგლთა დაცვის სფეროს, აგრეთვე სამეზობლო, სამშენებლო და სამართლის სხვა სფეროებს, რომელთა დაუცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი. სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ ფონდის დებულების თანახმად, ფონდის მიზანია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება/აღდგენის და უძრავი ქონების ღირებულების გაზრდის გამოუყენებელი პოტენციალის გამოვლენა. განსახილველ შემთხვევაში შენობის საძირკვლის აწევის და სახურავის კეხის ამაღლების გზით საცხოვრებლად გამოსადეგი მანსარდის სართულის მოწყობა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ამგავრი გამოუყენებელი პოტენციალის გამოვლენასა და ღირებულების გაზრდას ისახავდა მიზნად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „...ის“ წესდების მე-2 მუხლის თანახმად ფონდის მიზანია ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარება და უძრავი ქონების ღირებულების ზრდის ხელშეწყობა. სახურავის კეხის აწევა ცვლიდა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობას, სახურავის კეხი მეზობელი ნაგებობის - ...ის ქ. N3-ში მდებარე თ. გ-ის ბინის კუთვნილ ფანჯარას გაუსწორდა, არ დასტურდება აღნიშნულის განხორციელება ძეგლის რეაბილიტაციის საჭიროებით, რაც შეეხება ძეგლის ადაპტაციას, დაუშვებელია ძეგლის მაცხოვრებელთა მხოლოდ ერთი ჯგუფის საჭიროებებთან ადაპტაცია, ნებართვის გაცემისას არ შესწავლილა მეზობელი ნაგებობის მაცხოვრებლის ინტერესი. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეაბილიტაციის პროექტით ახალი ფართის წარმოშობისა და ძეგლის გაბარიტების ცვლილების შემთხვევაში, უნდა მოხდეს დამატებული ნაწილის მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, მაცხოვრებელთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული დაშენებით შესაძლებელი იქნებოდა ყოველგვარი წესებისა და ნორმების უგულვებელყოფა.
უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ნაწილია განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა შეიცავდეს პრობლემის დეტალურ აღწერას და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრას, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთებას (49.3 მუხ. „ა“ ქვ.პ.). ...ის ქ. №1-ში მდებარე უძრავ ძეგლზე სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის მიზნად განისაზღვრა ასახულ გაბარიტებში შენობის რეკონსტრუქცია და არსებული ფასადების, გეგმარებისა და მოცულობის აღდგენა, რომელიც ეფუძნება აზომვით პროექტს და ტექბიუროს გეგმას. ამასთანავე, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ეზოს მხარეს გამავალი ფასადების, გეგმარებითი კონფიგურაციისა და შიდა გეგმარების გაფორმება ვერ მოხერხდა, რაც გამოწვეული იყო მოსახლეობის საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო და სან-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინების დაგეგმარებით, განმარტებითი ბარათის მიხედვით საცხოვრებელი სახლის პირველი ბლოკის სართულშუა გადახურვის დონის შემცირებით შესაძლებელი იყო სხვენის სართულის მოწყობა და არსებული ფართის საცხოვრებლად გამოყენება, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რეკონსტრუქციის შედეგად სახურავის კეხი შუაში მოთავსდა. აღნიშნულმა განაპირობა სახურავის ზედაპირის მიბრჯენა მოსარჩელის კუთვნილი ბინის ფანჯარასთან, რაც დისკომფორტს უქმნის მას თავისი საკუთრებით სარგებლობაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს ობიექტის რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ არსებული მდგომარეობის დადგენას, რათა გაირკვეს შენობის სახურავის აწევის დონე, საქმეზე არ არის ზუსტად დადგენილი რეკონსტრუქციამდე არსებული თავდაპირველი მდგომარეობა, ის თუ რამდენადაა გაზრდილი რეკონსტრუქციის შემდეგ სახურავის დონე, არ არის დადგენილი სახურავის სიმაღლის შემცირების შესაძლებლობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ პირვანდელ მდგომარეობასა და რეკონსტრუქციის შემდგომ მდგომარეობას შორის სხვაობა 60 სმ.-ს შეადგენს. სააპელაციო საჩივარში სააგენტო უთითებს, რომ სხვაობა 31 სმ.-ს შეადგენს. პროექტის ავტორის მოსაზრებით ახალი პროექტის საფუძველზე სახურავის კეხი გადმოიწია შუაში და ძველ ისტორიულ პროექტს აღემატება 40 სანტიმეტრით (ტ.1, ს.ფ. 15). სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახურავის კეხის დონე 40 სმ-ით არის აწეული. კასატორი თვლის, რომ სახურავის ამაღლება საბოლოო ჯამში მოხდა 96 სმ.-ით (კასატორი აღნიშნავს, რომ საპროექტო დოკუმენტაციით სახურავის ამაღლება მოხდა 60 სმ.-ით, ამის გარდა თავად შენობის ამაღლება მოხდა 36 სმ-ით). ამდენად, უფლების დარღვევის ხასიათის გარკვევის მიზნით საქმეზე ზუსტად უნდა დადგინდეს სახურავის კეხის ამაღლების დონე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე დადგენას საჭიროებს აგრეთვე მანსარდის ფართის შენარჩუნებით სახურავის კეხის ნიშნულის დადაბლების შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი კომისიის სხდომაზე (02.06.2016წ., N1 ოქმი) პროექტის ავტორმა ა. გ-მა განაცხადა, რომ შესაძლებელია სახურავის კეხის სიმაღლის დაწევა 40 სანტიმეტრით და მისი პირვანდელ ნიშნულებამდე დაბრუნება (ტ.2, ს.ფ. 192, 194). პროექტის ავტორისაგან დაყენებული წინადადება მშენებლობის კორექტირების შესაძლებლობის შესახებ უარყოფილ იქნა ა(ა)იპ „...ის“ წარმომადგენლის მიერ იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული დიდი ალბათობით გამოიწვევდა ფინანსურ ხარჯებს, რაც საჭიროებს ფონდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას (ტ.2, ს.ფ. 193). მხარეებს შორის მორიგების შესაძლებლობის გამო, საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ მხარეებს განესაზღვრა ვადა მოლაპარაკების წარმოებისათვის, თუმცა მორიგება მხარეებს შორის ვერ შედგა. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა თანხმობა განაცხადა სახურავის კეხის ხსენებულ კორექციაზე, მშენებლობაში კორექციის შეტანასთან დაკავშირებით საკასაციო პალატის სხდომაზე ა(ა)იპ „...ის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული დიდი ალბათობით გამოიწვევს ფინანსურ დანახარჯებს, რაც საჭიროებს ფონდის ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებას.დავის მორიგებით დამთავრების მიზნით საკასაციო პალატამ არაერთგზის განუსაზღვრა მხარეებს ვადა, თუმცა შეთანხმება ამ მიმართებით ვერ იქნა მიღწეული. საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას კასატორი აგრეთვე თანხმობას გამოთქვამდა ზემოქმედების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღებაზე (სკ-ის 175.3 მუხ.). კომპენსაცია არის თმენის საფასური უძრავი ქონების სარგებლიანობის შემცირების გამო. მიუხედავად ამისა, ფონდმა უარი განაცხადა დავის მორიგებით დასრულებაზე.
სააპელაციო სასამართლო არქიტექტურული პროექტის განმარტებით ბარათზე მითითებით აღნიშნავს, რომ პირველი ბლოკის სართულშუა გადახურვის დონის შემცირებით შესაძლებელი იყო სხვენის სართულის მოწყობა და ფართის საცხოვრებლად გამოყენება, სააპელაციო პალატა დასაშვებად მიიჩნევს ...-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოცემული სახით წარმოებას, რადგან სააპელაციო პალატის აზრით განხორციელებული ცვლილებები გამოწვეული იყო ობიექტური, პატივსადები მიზნებით. აღნიშნული დასკვნა არ ეფუძნება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას, პროექტით გათვალისწინებული სახურავის დონის ამაღლების ზუსტ მაჩვენებლებს, უკეთუ პროექტით გათვალისწინებული იყო მხოლოდ სართულშუა გადახურვის დონის შემცირების ხარჯზე სხვენსართულის მოწყობა, გაურკვეველია სახურავის დონის ამაღლების მიზეზი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტა შესაძლოა საჭიროებდეს აშენებული ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობის დადგენას, ანუ იმის გარკვევას თუ რამდენად შეესაბამება სადავო აქტით დამტკიცებულ პროექტს აშენებული ნაგებობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის 50-ე პუნქტის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა. ამავე კანონის 25.1 მუხლის თანახმად, ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ...ის ქ. N1-ში და N3-ში მდებარე უძრავი ქონება (საპროექტო ობიექტი) წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და მასზე მშენებლობის ნებართვის გაცემა მიმდინარეობს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. ძეგლზე სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, ძეგლზე სამუშაოების ნებართვას გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო („კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 47 მუხ. 1,6 პ.პ.). „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.10.2013წ. N275 დადგენილების 1-ლი მუხლით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვის გაცემის, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილება. „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26.03.2015წ. N137 დადგენილების მე-2 მუხლით სააგენტოს მიეცა უფლება მოეხდინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტზე. ამასთანავე, დადგენილების მე-3 მუხლში აღინიშნა, რომ ამ საკითხებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებები ან სარჩელის საფუძველზე დაწყებული სასამართლო დავები უნდა დასრულდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესით. ანალოგიურ დებულებას შეიცავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 06.04.2015წ. N91 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე 02.04.2015წ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების 2.6 პუნქტი. ამდენად, სააგენტო წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის და სანებართვო მოწმობის გაცემის უფლებამოსილ ორგანოს. რაც შეეხება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, ძეგლზე განხორციელებულ სამუშაოების პროექტთან შესაბამისობას, რეაბილიტაციის შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღებას, ასევე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლს, ზედამხედველობაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა არა სააგენტო, არამედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი (02.04.2015წ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების 2.4 მუხ.), ამდენად, ნაგებობის პროექტთან შესაბამისობის საკითხთან მიმართებაში სააპელაციო პალატამ უნდა იქონიოს მსჯელობა მისი საქმეში მესამე პირად ჩაბმის საჭიროებაზე.
არსებითი დარღვევა მაშინაა სახეზე თუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელია ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე, სააპელაციო სასამართლო არ გამორიცხავს სახლის სახურავის კეხის აწევით მოსარჩელის საკუთრებაზე გარკვეულ ნეგატიურ ზემოქმედებას, თუმცა აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით არ ხელყოფს მოსარჩელის უფლებებს და არ ქმნის საცხოვრებელი ფართის გამოყენების შეუძლებლობას. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოება გამოწვეული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებით და არქეოლოგიური მიზნებით, აღნიშნულს არ აღემატება მოსარჩელისათვის უმნიშვნელოდ მიყენებული ზიანი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უმნიშვნელო ზიანი ადგება, საჯარო ინტერესი მოითხოვს არსებული რეაბილიტაციის შედეგების შენარჩუნებას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ზოგადად სადავო საკითხს შეიძლება გავლენა ჰქონდეს მოსარჩელის ინტერესებზე და უფლებებზე, რამდენადაც დავა ეხება საკუთრების უფლებით დაცულ სფეროს, თუმცაღა მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელის არშეშლის ინტერესსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინტერესს შორის კონფლიქტის გადაწყვეტა მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბინათმესაკუთრეების ინტერესის სასარგებლოდ, ვინაიდან ამხანაგობის წევრებს სასტუმრო აქვთ მოწყობილი ფართში, სასტუმროს მოწყობა შესაძლებელი გახდა სახურავის კეხის აწევით, ამდენად, სააგენტოს გენერალური დირექტორის 16.04.2015წ. N4/95 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული ნებართვის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის შემთხვევაშიც კი სააპელაციო პალატის აზრით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კანონის 25.1 მუხლის შესაბამისად, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება სზაკ-ის VI თავით დადგენილი წესით. 26.1 მუხლის თანახმად, ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად. ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს სზაკ-ის IV თავით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის დადგენილ მოთხოვნებს. აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობები, რადგან რიგ შემთხვევაში ასეთი აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ ქმნის მისი ბათილად ცნობის საფუძველს. სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 16.04.2015წ. ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული სანებართვო მოწმობა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, სადავო აქტების საფუძველზე ფონდმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, შეასრულა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, თუმცა მხედველობაშია აგრეთვე მისაღები, რომ მოსარჩელემ სახურავის ამაღლების საკითხი იმთავითვე, მშენებლობის პროცესშივე გახადა სადავოდ. ხსენებული ნორმის მიხედვით კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში საკითხი თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. კანონიერების პრინციპი პრიორიტეტულია კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით თუ აქტი არსებითად არღვევს პირის უფლებას ან ინტერესს. დარღვევა არსებითია უკეთუ მოცემული აქტის გაუქმების გარეშე უფლების ან ინტერესის დაცვა შეუძლებელია. პროპორციულობის პრინციპი ერთი მხრივ მოითხოვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის ბმა „...ის -1“ და სხვენის სართულში მოწყობილი ფართის მესაკუთრის და მეორე მხრივ, მოსარჩელის, აგრეთვე მოსარჩელის ბინის თანამესაკუთრეების ინტერესების შეფასებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.07.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ბმა „...“. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. გ-თან ერთად ქ. თბილისში, ...ის ქ. N3-ში მდებარე 55,03 კვ.მ. ფართის სხვა თანამესაკუთრეები არიან - ლ. გ-ი და ლ. გ-ი. თუ უფლება რამოდენიმე პირს ეკუთვნის ბინის მესაკუთრეებს აქვთ საზიარო უფლება (სკ-ის 953-ე, 208-ე მუხ.). საზიარო საგანს მოწილენი ერთბლივად მართავენ (სკ-ის 956.1 მუხ.). ამდენად, მართალია თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო (სკ-ის 173.1 მუხ.), თუმცა კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტა, დარღვევის ხასიათის დადგენა საჭიროებს საქმეში ბინის ყველა თანამესაკუთრის (ლ. გ-ი, ლ. გ-ი) ჩაბმას. თანამესაკუთრეები არიან განსახილველი სამართალურთიერთობის მონაწილენი, ვინაიდან ნეგატიური ზემოქმედება ბინის ყველა თანამესაკუთრეზე იქონიებს ზემოქმედებას (უკეთუ თანამესაკუთრეებს შორის არ არის დადგენილი უძრავი ქონებით სარგებლობის წესი). სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებული სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე. ამდენად, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში უნდა ჩაებას მოსარჩელის ბინის თანამესაკუთრეები - ლ. და ლ. გ-ები, მით უფრო, რომ ...ის ქ. N3-ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა (ბმა „ჯ...ა“) დავაში ჩაბმული არ არის, ხოლო ბმა „...“ სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს 19.07.2018წ. განჩინებით ჩაება საქმეში მესამე პირად.
მოცემულ შემთხვევაში ორი ობეიქტი (...ის ქ. N1 და ...ის ქ. N3) ქმნის სივრცობრივად ურთიერთდაკავშირებულ ერთობას, რომელიც გონივრულად მოწყობას საჭიროებს. საქმეზე მხარეები სადავოდ ხდიან სადავო მშენებლობით მიყენებული ზიანის ხასიათს. სამინისტრო, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სააპელაციო საჩივრებში აღნიშნავდნენ, რომ მოსარჩელეს არ ადგება არსებითი ხასიათის ზიანი, რაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ. ნეგატიური ზემოქმედების მასშტაბის განსაზღვრისათვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოქმედების არა მხოლოდ სიძლიერე, ინტენსიობა არამედ აგრეთვე ხანგრძლივობა. იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტის არსებული გადაწყვეტა, სახურავის კეხის ფანჯრის სარკმელამდე აწევა არის არა დროებით, არამედ მუდმივმოქმედი ფაქტორი, შესაბამისად, ნეგატიურ ზემოქმედებას (სახურავიდან მომდინარე სიმხურვალე, მტვერი, ნალექი) სისტემატიური ხასიათი ექნება. მართალია ზემოქმედება გამოწვეულია უძრავი ქონების ჩვეულებრივი სარგებლობით (სკ-ის 175.2 მუხ.), თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ სახურავის დონის ამაღლების საკითხი მშენებლობის პროცესშივე, მშენებლობის დასრულებამდე გახადა სადავოდ (სკ-ის 176-ე მუხ.). ამდენად, არ არის საკმარისად დასაბუთებული სააპელაციო პალატის დასკვნა სამეზობლო ნაკვეთიდან ზემოქმედების უმნიშვნელო ხასიათის, თმენის ვალდებულების არსებობის შესახებ. თმენის ვალდებულებას არ ქმნის აგრეთვე ფონდსა და ...ის ქ. N1-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს შორის დადებული ხელშეკრულებები. საქმის მასალებით ა(ა)იპ „...ის“ დირექტორის 16.03.2017წ. N01-240 წერილის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. N1-ში თ. შ-ის საკუთრებაში არსებულ მე-2 და სხვენსართულზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და პროექტის თანახმად. ...ის ქ. N1-ში მდებარე შენობა/ნაგებობის დემონტაჟის და ახალი საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ მესაკუთრისათვის იმავე მისამართზე ფართის გადაცემის თაობაზე ა(ა)იპ „...სა“ და მესაკუთრეს შორის 15.08.2012წ. დადებული ხელშეკრულების (ტ.3, ს.ფ. 251-253) თანახმად, მესაკუთრე თანხმობას აცხადებდა მშენებლობის განხორციელების შემდეგ წარმოქმნილი ყველა დამატებითი იზოლირებული ფართის (მათ შორის შენობაზე სართულის დაშენების შედეგად წარმოქმნილი ფართების) ფონდისთვის საკუთრებაში გადაცემაზე (1.4 პ.), რაც თავისთავად არ ქმნის მოსარჩელის თ. გ-ის უფლების შეზღუდვის, ნეგატიური ზემოქმედების თმენის ვალდებულებას. ასეთ ვალდებულებას არ ქმნის აგრეთვე ფონდსა და ...ის ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს შორის დადებული 01.07.2016წ. ხელშეკრულება, რომლითაც ფონდს ეკისრებოდა ვალდებულება საკუთარი სახსრებით და პასუხისმგებლობით მოემზადებინა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეთანხმებინა რეაბილიტაციის და მასთან დაკავშირებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში (2.4 პ.).
უძრავ ძეგლზე სამუშაო პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პროექტის მიზანია შენობის რეკონსტრუქცია არსებული გაბარიტების შეუცვლელად. განმარტებითი ბარათის მიხედვით საცხოვრებელი სახლის პირველი ბლოკის სართულშუა გადახურვის დონის შემცირებით შესაძლებელია სხვენის სართულის მოწყობა. მანსარდის მოწყობა განხორციელდა სახურავის სიმაღლის აწევით, აღნიშნულმა კი გამოიწვია თ. გ-ის უფლების შეზღუდვა. საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებად შეიძლება იქნეს მიჩნეული საჯარო ან საერთო ინტერესით განპირობებულ მიზნებში. მოცემულ სადავო შემთხვევაში საჯარო ინტერესს განეკუთვნება კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება („სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის 6.1 მუხ.), უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შეცვლას („კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 26.2 მუხ.). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საჯარო-სამართლებრივი ღონისძიების განხორციელებისას დაცულ უნდა იქნეს სავალდებულო ბალანსი საჯარო ინტერესსა და საკუთრების უფლებას შორის. არათანაბარი ბალანსის დადგენის შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრეს, სხვა მესაკუთრეებთან შედარებით, ეკისრება ინდივიდუალური და განსაკუთრებული ტვირთი, სავალდებულო ბალანსის დაცვა მიიღწევა ტვირთის შემცირებით ან ქონებრივი კომპენსაციით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 23.09.1982წ. გადაწყვეტილება საქმეზე „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“, (Sporrong and Lönnroth v. Sweden), §69, N7151/75, N7152/75). კანონიერი მიზნის მისაღწევად საჯარო-სამართლებრივი ღონისძიების განმახორციელებელს ეკისრება ისეთი ღონისძიების შერჩევის ვალდებულება, რომელიც სხვა ღონისძიებებთან შედარებით ყველაზე სწრაფად, ნაკლები დანახარჯით მიაღწევს მიზანს და ამასთანავე იქნება კერძო ინტერესებისთვის არსებითად ნაკლები ზიანის მომტანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის თავისებურებაა პირთა ფართო წრის ინტერესებზე ზეგავლენის მქონე ღონისძიებების განხორციელება, რა დროსაც დასაშვებია, რომ კანონიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ისეთი საშუალების გამოყენებით, რომელიც არსებით ზიანს აყენებს ერთეული პირის ან პირთა ჯგუფის კერძო ინტერესს. ასეთ შემთხვევაში, სზაკ-ის 209-ე მუხლის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი ღონისძიების განმახორციელებელს ეკისრება ინდივიდისთვის ან ინდივიდთა ჯგუფისთვის ქონებრივი დანაკლისის საჯარო და კერძო ინტერესების შეფასების საფუძველზე კომპენსაციის/გათანაბრების ვალდებულება. ამდენად, ერთმანეთისგან განსხვავდება საჯარო-სამართლებრივი ღონისძიების შერჩევის ეტაპი და ქონებრივი ტვირთის კომპენსაციის/გათანაბრების ეტაპი. შერჩეული ღონისძიების სადავოდ გახდომის შემთხვევაში, სამართალწარმოების დროს მოწმდება ის, თუ რამდენად არსებობდა სხვა ღონისძიება, რომელიც ყველაზე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით მიაღწევდა მიზანს და ამასთანავე იქნებოდა კერძო ინტერესებისთვის არსებითად უფრო ნაკლები ზიანის მომტანი. მოცემულ შემთხვევაში, პროექტის ავტორი მიუთითებდა, რომ ახალი ფართის წარმოშობა შესაძლებელი იყო სახურავის სიმაღლის გაზრდის გარეშე, აღნიშნული გარემოება საჭიროებს გამოკვლევას. სზაკ-ის 53.4 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, სადავო აქტებით არ დასტურდება რეაბილიტაციისათვის სახურავის დონის ამაღლების გადაუდებელი აუცილებლობა, სააპელაციო პალატის მოსაზრება საჯარო ინტერესის გამო მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ დაუსაბუთებელია. რაც შეეხება ტვირთის კომპენსაციის/გათანაბრების ეტაპს (სკ-ის 175.3 მუხ.), დაინტერესებული მხარე თავდაპირველად მიმართავს ღონისძიების განმახორციელებელს კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე წერილობითი ან ე.წ. ვირტუალური უარის (სზაკ-ის 177.2 მუხ.) მიღების შემდეგ, სართო წესის მიხედვით, დასაშვები იქნება მავალებელი სარჩელით მოთხოვნის წარდგენა ასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე (სუსგ Nბს-616(კ-19), 25.01.2021წ.). ამასთანავე, თ. გ-ის საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვა გამართლებული იქნებოდა, უკეთუ ძეგლზე განხორციელებული ქმედებები და მიღებული შედეგები საჯარო მიზნით - ძეგლის შენარჩუნებისა და განვითარების მოსაზრებებით იქნებოდა განპირობებული, მაგრამ უკეთუ სახურავის კეხის აწევა განპირობებული იყო მხოლოდ ახალი ფართის წარმოშობის მოსაზრებებით და მაშასადამე კერძო ინტერესებით, ასეთ შემთხვევაში არსებითად მნიშნელოვანია იმ მესაკუთრის უფლებების დაცვა, რომლებიც პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლოა შეილახოს. სახურავის სიმაღლის აწევის პარამეტრის მიუხედავად იმთავითვე იმის გაცხადება, რომ სახურავის სიმაღლის აწევა არ იწვევს უფლების არსებითი დარღვევის ნიშნულს, არ არის დასაბუთებული.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ა(ა)იპ „...ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე შენობის სახურავის აწევას, რაც ცვლიდა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობას, სახურავის კეხი მეზობელი ნაგებობის - ...ის ქ. №3-ში მდებარე სახლში არსებულ, თ. გ-ის კუთვნილი ბინის ფანჯარას გაუსწორდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტები გამოსცა ცვლილებების მეზობლის ინტერესებზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვიტა სხვენის სახურავის აწევა მეზობლად მცხოვრები პირის უფლების, სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების გაუთვალისწინებლად, არ ყოფილა გამოკვლეული ნოვაციების ზემოქმედება მეზობელი ნაგებობის მესაკუთრის ინტერესებზე, ის საერთოდ არ იყო ჩაბმული ადმინისტრაციულ წარმოებაში. სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცესში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების უკეთ გასაცნობად საჭიროა მასში მონაწილე სუბიექტების და მათი უფლება-მოვალეობების ანალიზი. ნებართვის გაცემისას საჭიროა მომიჯნავე ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის განსაზღვრა. სზაკ-ის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეთა ნება და არ მიუღია მათი თანხმობა, არ დასტურდება სზაკ-ის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვა. სზაკ-ის მე-13, 95.2 მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ პირს, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 47.7 მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 04.03.2015წ. განცხადებით და მასზე თანდართული საპროექტო დოკუმენტაციით მიმართა „...ის“ თავმჯდომარემ. ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლში ბინისა და არასაცხოვრებელი ფართობის მესაკუთრეთა (კანონიერ მოსარგებლეთა) ერთობლიობა განიხილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობად (30.2 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი იყო ა(ა)იპ „...ი“, ფონდს ეს უფლებამოსილება მიენიჭა ძეგლის მესაკუთრეების მიერ, რომლებმაც ფონდს მიანიჭეს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში არა რაიმე კონკრეტული პროექტის, არამედ ზოგადად სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიზნით, პროექტის წარდგენა შესათანხმელად და ნებართვის მისაღებად. ...ის ქ.N3-ის მაცხოვრებელთა - ბმა „ჯ...ას“ 01.03.2015წ. ნოტარიულად დამოწმებული კრების ოქმით ქ. თბილისში, ...ის ქ. N3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები, მათ შორის მოსარჩელე თ. გ-ი, თანხმობას აცხადებდნენ ა(ა)იპ „...ის“ მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ. N3-ში და არა N1-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტის წარდგენაზე და სამშენებლო წარმოების ნებართვაზე, მოსარჩელე თ. გ-ი ხელს არ აწერს ბმა „...-ის“ კრების ოქმს, ვინაიდან ის არის ...ის N3-ში და არა N1-ში განთავსებული უძრავი ქონების თანამესაკუთრე. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხელს აწერს ბმა „ჯ...ის“ კრების ოქმს, არ ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას. ...ის ქ. N3-ის ამხანაგობას (ბმა „ჯ...ა“) არ გამოუთქვამს თანხმობა მეზობლად არსებული ნაგებობის კეხის დონის აწევაზე, სხვენზე მანსარდის მოწყობაზე. სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითება იმაზე, რომ სახურავის კეხის სიმაღლის აწევაზე თანხმობა დასტურდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მოსარჩელე, არ დასტურდება საქმის მასალებით. მართალია, ძეგლის მესაკუთრეებმა ფონდს მიანიჭეს პროექტის შესათანხმებლად წარდგენისთვის თანხმობა, მაგრამ მათ თანხმობა განაცხადეს არა რაიმე კონკრეტული პროექტის, არამედ ზოგადად ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით პროექტის წარდგენაზე. აღნიშნული არათუ არ გამორიცხავდა, არამედ გულისხმობდა თითოეული მესაკუთრის უფლებების და ინტერესების დაცვას, ახალი ფართის წარმოქმნას მაცხოვრებელთა უფლებების დაცვით და მათი ინტერესების გათვალისწინებით. სანებართვო წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციული წარმოების ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, მეტადრე იმ პირობებში, როდესაც პროექტი ცხადჰყოფდა მოსარჩელის, თ. გ-ის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სავარაუდო შეზღუდვას. საკუთრების უფლების დაცვა მშენებლობის კანონიერების აუცილებელი პირობათაგანია, შესაბამისად მშენებლობის, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ადაპტაციის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვების კანონიერი უფლებები და ინტერესები იწყება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ყოველმხრივ გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ჩაერთო დაინტერესებული მხარე ადმინისტრაციულ წარმოებაში, გაეცნო მისთვის მასალები და მოესმინა მისი აზრი, რასაც ადგილი არ ჰქონია.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობა გამოიწვევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას, საჯარო ინტერესი მოითხოვს არსებული რეაბილიტაციის შედეგების შენარჩუნებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ძეგლის პირვანდელი სახე საერთოდ არ ითვალისწინებდა შენობაზე მანსარდას, მანსარდის მოწყობით იყო დეტერმინირებული სახურავის დონის ამაღლება რეკონსტრუქციის შედეგად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ძეგლის შენარჩუნების და გადარჩენის ინტერესებისათვის ძეგლზე სართულის დაშენების აუცილებლობა, რეაბილიტაციამდე ...ის N3 მხარეს ძეგლზე სხვენის არსებობა, ...ის ქ. N1-ის და ...ის ქ. N3-ის მიჯნაზე ახალი ფართის წარმოშობის აუცილებლობა სააპელაციო პალატის მიერ საერთოდ არ დასაბუთებულა. ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ინტერესს ეხება ...ის ქ. N1-ში მდებარე შენობის სახურავის კეხის დონის ამაღლების საკითხი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის სადავო 16.05.2015წ. N4/95 ბრძანება ითვალისწინებს სამუშაო ნებართვის გაცემას არა მხოლოდ ...ის ქ. N1-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე, არამედ აგრეთვე ...ის ქ. N3-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე. ცხადია, რომ მოსარჩელის პრეტენზია ეხება ...ის ქ. N1-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციას, კერძოდ მისი კუთვნილი ბინის ფანჯრის მხარეს სახურავის კეხის დონის ამაღლებას (მით უფრო, რომ სააგენტოს გენერალური დირექტორის 16.04.2015წ. N4/95 ბრძანების საფუძველზე გაცემული 16.04.2016წ. N... კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. 1-ში) სამუშაოების სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა მოთხოვნილია შენობაზე მანსარდის მოწყობისა და ...ის ქ. N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე კედლების განთავსების ნაწილში). აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე მოითხოვს ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობას მთლიანად (ტ.2, სფ 255) და არა ხსენებული ბრძანების „ა“ ქვეპუნქტის იმ ნაწილში, რომელიც ეხება ...ის ქ. N1-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად შენობის სახურავის დონის ამაღლებას. აღნიშნული ქმნის დავის საგნის დაზუსტების საჭიროებას. სწორედ დავის საგნის დაუზუსტებლობამ გამოიწვია მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ძეგლის დაზიანების შესახებ სააპელაციო პალატის დასკვნა. დაზუსტებას საჭიროებს აგრეთვე მოსარჩელის პრეტენზია შენობებს შორის თავისუფალი სივრცის არარსებობასთან და კედლის განთავსებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორს ამ მიმართებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს, რაიმე სამართლებრივი ნორმის მოთხოვნის დარღვევა არ დაუსახელებია, გარკვევას საჭიროებს ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, გადაწყვეტილება, აგებულია მხოლოდ მიზანშეწონილობის მოსაზრებაზე, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად თ. გ-ის საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს ობიექტის რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ არსებული მდგომარეობა, დაადგინოს სახურავის სიმაღლის აწევის ზუსტი პარამეტრი, მანსარდის მესაკუთრის ინტერესების გათვალისწინებით შენობის სახურავის კეხის დაწევის შესაძლებლობა, დაადგინოს და დაასაბუთოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სახურავის კეხის აწევით გამოწვეული თ. გ-ის საკუთრებაზე ზემოქმედების ხასიათი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე