Facebook Twitter

№ბს-72(კ-22) 16 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. გ-ემ 2020 წლის 27 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) არარად იქნეს აღიარებული „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 10 მარტის №467036 ბრძანება; ბ) დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. გ-ის სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოს ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა).

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2014 წლის მარტამდე მუშაობდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე (ვიცე-პოლკოვნიკი). შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 10 მარტის №467036 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. აღნიშნული ბრძანება გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, სსიპ-ის თანამშრომლის გათავისუფლება არ შედის უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მოსარჩელე დანიშნული იყო სსიპ-ის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას გ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ მართალია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად ცნობის მოთხოვნის დასმა არ არის შეზღუდული მკაცრი ვადებით, თუმცა განსახილველ შემთხევევაში გასათვალისწინებელია სადავო სამართალურთიერთობის სპეციფიკა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობების თავისებურებების გათვალისწინებით, სამსახურებრივი მოვალეობების განუხორციელებლობა, სამსახურში გამოუცხადებლობა და ხელფასის მიუღებლობა ცალსახად მიუთითებს და ადასტურებს, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია, რის თაობაზეც ცნობილია დასაქმებულისთვისაც (მოსარჩელეს სადავო აქტი, მისი განმარტებით, ჩაბარდა ჯერ კიდევ 2014 წლის მარტის თვეში). ამას გარდა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ პირს კანონმდებელი ანიჭებს უფლებას მოითხოვოს მისი თანამდებობაზე აღდგენა, ასევე, იძულებითი განაცდურის ხელფასის ანაზღაურება. შესაბამისად, ამ უფლების რეალიზების ხელოვნურად დროში გაჭიანურება, დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის პირობებში, შესაძლებელია გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელის აღძვრამდე არ გამოუყენებია უფლების დაცვის რაიმე შესაძლებლობა და არ დაუყენებია მის მიმართ გამოცემული აქტის არამართლზომიერების საკითხი. ასევე უდავოა, რომ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 10 მარტის №467036 ბრძანების არარად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2020 წლის 27 აგვისტოს, ხოლო აღნიშნულ პერიოდამდე რაიმე საპატიო მიზეზით უფლების დაცვის შეუძლებლობა ვერ დაასაბუთა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დადგენილია სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესი და პირობები. ამ წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს. აღნიშნული წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს და სამსახურის გავლა გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. მითითებული წესის მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ-ის მოსამსახურეს“. აღნიშნული მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ-ის მოსამსახურე არის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე. ამავე მუხლში ასევე განმარტებულია ტერმინი „პოლიციელი“ - სსიპ-ში დასაქმებული წოდების მქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გარდა დამხმარე მოსამსახურისა.

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი „პოლიციელი“, სწორედ მე-2 მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული პოლიციელი მიჩნეული იქნეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ. ასეთი პირი შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, ბუნებრივია იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა-განთავისუფლებას. მოსარჩელე დანიშნული იყო სსიპ-ის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს. იგი ამავდროულად ვერ იქნებოდა „სამინისტროს მოსამსახურე“. ასეთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ სსიპ-ის მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება შეუძლია უფლებამოსილ პირს, ხოლო ასეთ უფლებამოსილ პირს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით წარმოადგენს მომსახურების სააგენტოს დირექტორი, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნება როგორც მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტის არარად ცნობის შესახებ საკითხის დასმას/უფლების დაცვას გონივრულ ვადაში. აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან აქტის არარად ცნობის მოთხოვნა არ არის შეზღუდული ვადით და გონივრული ვადის არსებობაზე კანონმდებლობაში არანაირი მითითება არ არის.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

დადგენილია, რომ ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ’’ შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 10 მარტის №467036 ბრძანებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოს ...ი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება), „გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტები, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტი (სამსახურიდან დათხოვნა) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტები.

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 10 მარტის №467036 ბრძანების არარა აქტად აღიარება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელია იყო თუ არა უფლებამოსილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გ. გ-ის მიმართ გამოეცა დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება.

,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე.

,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ სადავო პერიოდში მოქმედი პირველი მუხლის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის წესს ადგენს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიმართ და შესაბამისად იგი ერთნაირად შეეხება როგორც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურეს (პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე), ასევე ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სსიპ-ის მოსამსახურეს (სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.

ამავე ბრძანების სადავო პერიოდში მოქმედი მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს ან მის ზემდგომ თანამდებობის პირს წერილობითი ფორმით (წარდგინება) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რომელშიც ასახული უნდა იყოს გადაცდომის დამადასტურებელი ფაქტი/გარემოება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის უფლება აქვს: ა) შინაგან საქმეთა მინისტრს; ბ) შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს; დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს; ე) სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირებს; ვ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს.

ამავე ბრძანების სადავო პერიოდში მოქმედი მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წესდების მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის „ა–ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა–გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.

ზემოდასახელებული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი პირები გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს უგზავნიან სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რაზედაც ეს უკანასკნელი ადგენს დასკვნას, ხოლო სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა–გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი. ამასთან, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანება არ ახდენს დიფერენცირებას სამინისტროს მოსამსახურესა და სსიპ-ის მოსამსახურეს შორის, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ მინისტრი არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე. შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან, დისციპლინური სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირი არის როგორც მინისტრი, ასევე მოსამსახურის დანიშვნა–გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი გამოცემულია უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, რის გამოც არ არსებობს „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 10 მარტის №467036 ბრძანების არარად აღიარების საფუძვლები.

გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ სადავო აქტი გამოცემულია უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და არ არსებობს საფუძველი მისი არარად აღიარების თაობაზე, პალატა აღარ იმსჯელებს კასატორის პრეტენზიაზე სადავო აქტის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე