Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-166(კ-22) 16 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 15 დეკემბერს ე. გ-ემ, ქ. ზ-ემ და ა. ზ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის N03-2596/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ე. გ-ის, ქ. ზ-ის და ა. ზ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის N03-2596/ო ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ე. გ-ის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე და სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამის ნორმებზე, მათ შორის, „წესის“ მე-6 მუხლის („დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები“) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ბავშვის უფლებათა კოდექსზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეები არ ცხოვრობდნენ ქალაქ ქუთაისში, ...ში მდებარე ნგრევად ობიექტში, შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაკეთებული დასკვნა, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის შესახებ, უსაფუძვლოა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, მოსარჩელეების ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების თაობაზე, ეფუძნება მონიტორინგის ჯგუფის 2020 წლის 7 ოქტომბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმს. აღნიშნული დოკუმენტის შინაარსით დგინდება, რომ მონიტორინგის ჯგუფს ...ს რაიონში, სოფელ ...ში, ნ. ზ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაზე გამოცხადებისას, ადგილზე დახვდათ ე. გ-ე, შვილებთან ერთად. ე. გ-ის განმარტებით, მითითებულ მისამართზე მისი ყოფნა გამოწვეული იყო ...ში სივიწროვით, ასევე იმ გარემოებით, რომ მის არასრულწლოვან შვილს - ქ. ზ-ეს უჭირდა ონლაინ-გაკვეთილებზე დასწრება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივ, ზნეობრივ და სხვა ინტერესებს პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირატესობა არ მიანიჭა არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებს. დევნილი ოჯახის მიერ დროებით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა განპირობებული იყო სწორედ ბავშვების საუკეთესო ინტერესებით - მიეღოთ განათლება ონლაინ-გაკვეთილების მეშვეობით, ეცხოვრათ მშვიდ, უსაფრთხო გარემოში. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ იქნა გათვალისწინებული სააგენტოს მიერ 2020 წლის 14 სექტემბერს განხორციელებული აღწერის შედეგები, რომლითაც დასტურდება მოსარჩელეების ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეები ნგრევად ობიექტში ცხოვრობდნენ და არსებობდა მათი გაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა. მონიტორინგის ყველა ოქმიდან ჩანს, რომ მოსარჩელეები რეალურად არ ცხოვრობენ ნგრევად ობიექტში. ამასთანავე, პროცესზე მოწმეთა სახით დაკითხულმა ხ. ჯ-ემ და რ. კ-მა სასამართლოს ვერ დაუდასტურეს მხარის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი. მოწმეები მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ე. გ-ე შვილებთან ერთად ,,ს/ს ...ში" ცხოვრობს, თუმცა მათ არ იციან, ვინ არის ე. გ-ის მეუღლე, რა ურთიერთობა აქვთ მათ, განქორწინებულნი არიან თუ არა, უცნობია ე. გ-ის მეუღლის სახელი და გვარი, ასევე მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. მოწმის სახით დაკითხული პირები ითვლებოდნენ ე. გ-ის ოჯახთან დაახლოებულად და მათ ოჯახზე სასამართლოსთვის უნდა მიეწოდებინათ ამომწურავი ინფორმაცია, თუმცა მოწმეებს საქმისთვის მნიშვნელოვან არცერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. საინტერესოა ასევე სასამართლოს განმარტება „მოსარჩელე თავის შვილებთან ერთად, ობიექტური მიზეზით მცირე ხნით იმყოფებოდა სხვა ადგილას". სასამართლომ არ დააკონკრეტა, რომ „სხვა ადგილი“, ე. გ-ის ყოფილი მეუღლის სახლია, სადაც იგი დახვდა მონიტორინგის თანამშრომლებს. ფოტოსურათებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ მხარე ამ მისამართზე ცხოვრობდა და სტუმრად ან/და ,,დროებით" არ იმყოფებოდა. ამდენად, გაურკვეველია, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდონით დადგინდა, რომ ე. გ-ის ოჯახი ცხოვრობს ნგრევად ობიექტში.

კასატორის განმარტებით, მხარის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების დასადგენად, რეგისტრაციის მისამართი არ შეიძლება ჩაითვალოს რეალური საცხოვრებელი ადგილის დადგენის უტყუარ საშუალებად. ხშირად, მხარის რეალური საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება რეგისტრაციის მისამართისაგან. სწორედ ამიტომ, სააგენტოს აქვს მონიტორინგის სამმართველო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს და სწავლობს კონკრეტული დევნილი ოჯახის საკითხს, საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის, რეალურ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მონიტორინგის ოქმები, თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებები, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. საქმეზე წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმებით ცალსახად დასტურდება, რომ ე. გ-ე ცხოვრობს ...ში, სოფელ ...აში, მეუღლის - ნ. ზ-ის საკუთრებაში.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესიდან“ გამომდინარე, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დააგროვეს ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ნგრევადი კომპაქტური ობიქტის დახურვის დროს სააგენტოს გამოჰყავს იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. დევნილი ოჯახისთვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე მისი განსახლება ერთადერთ მიზანს ემსახურება - საფრთხე არ შეექმნას იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამდენად, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ნგრევად ობიექტში, სააგენტო ვერ ჩააყენებს დევნილ ოჯახს სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში და ვერ განასახლებს მას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარე არ იყო ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას ჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა შემთხვევას, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო, ამ „წესის“ მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, პრიორიტეტი მიენიჭებინა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობდნენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდებოდა სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ე. გ-ე და მისი შვილი - ქ. ზ-ე არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. აღნიშნულის დამადასტურებლად, მათ სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობები. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის N03/5850 ცნობის მიხედვით, დევნილი პირები -ე. გ-ე, ქ. და ა. ზ-ეები რეგისტრირებულნი არიან მისამართზე: იმერეთი, ქუთაისი, ...ი (კერძო სექტორი).

2020 წლის 14 სექტემბერს მონიტორინგის ჯგუფმა განახორციელა ქუთაისში, ...ში, ...ის I სართულზე, N2 ოთახში მცხოვრებთა აღწერა. აღწერის შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდნენ ც. გ-ე, მისი შვილი - ე. გ-ე და შვილიშვილები - ქ. და ა. ზ-ეები. მათი განმარტებით, აღნიშნული ფართი დაკავებული აქვთ 1994 წლიდან.

საქმეზე წარმოდგენილი, 2020 წლის 7 ოქტომბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ...ს რაიონის სოფელ ...აში, ე. გ-ის მეუღლის - ნ. ზ-ის საკუთრებაში, სადაც ადგილზე დახვდათ ე. გ-ე, შვილებთან ერთად. მისი განმარტებით, ნ. ზ-ესთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, 2004 წლიდან 2015 წლამდე. ნ. ზ-ე 2018 წლიდან სამუშაოდ იმყოფება პოლონეთში. ე. გ-ის განმარტებით, ყოფილი მეუღლის მისამართზე იმყოფება იმ მიზეზით, რომ ...ში სივიწროვეა და შვილს - ქ. ზ-ეს უჭირს ონლაინ- გაკვეთილზე დასწრება. სარგებლობენ მხოლოდ პირველი სართულის ორი ოთახით, სადაც სიმშვიდეა. სახლის მეორე სართული დაკეტილია და არ იყენებენ.

საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ...ში, ...ში, სოფელ ...აში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) მესაკუთრეები არიან ნ. ზ-ე და ნ. ზ-ე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხის განხილვისას, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის N62 საოქმო გადაწყვეტილებით ე. გ-ის ოჯახს უარი ეთქვა ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. საოქმო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად, იმერეთის რეგიონში მდებარე ნგრევადი ობიექტების დახურვის მიზნით, კომისიამ იმსჯელა მათში მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხზე. წარმოების ფარგლებში, განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 28 ნგრევადი და სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის აღწერა, რაც დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნებით. კომისიის მიერ საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებულ ნგრევად ობიექტებს შორის ფიქსირდება ქუთაისში მდებარე სს „...ი“ (2019 წლის 10 სექტემბრის N... ექსპერტიზის დასკვნა).

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის N03-2596/ო ბრძანების გამოცემას.

საქმეზე წარმოდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული 2021 წლის 7 აპრილის განცხადებით, ქ. ქუთაისის, ...ის „...ის“ მაცხოვრებლები: რ. კ-ი, ხ. ჯ-ე, ე. ს-ე, ა. გ-ე და პ. კ-ა ადასტურებენ, რომ ე. გ-ე თავისი ორი შვილით ნამდვილად ცხოვრობს მისამართზე: ქუთაისი, ...ი, „...ი“. ამავე მისამართზე მასთან ერთად ცხოვრობენ ც. გ-ე, ნ. გ-ე და დისშვილები - თ. და ს. ს-ები, რომლებიც არიან გამოსახლებულები და ელოდებიან ბინას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ. ჯ-ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობდა ქუთაისში, ...ში, ს/ს „...ში“, პირველ სართულზე, ხოლო ე. გ-ე მე-3 სართულზე ცხოვრობდა და ამჟამადაც ცხოვრობს შვილებთან - ქ. და ა. ზ-ეებთან ერთად. შენობა სულ სამსართულიანია. ე. გ-ე განქორწინებულია. პანდემიის პერიოდში იგი შვილებთან ერთად იმყოდებოდა ...აში, ყოფილი მეუღლის სახლში. ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ. კ-მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქუთაისში, ...ში, ს/ს „...ში“, მე-2 სართულზე, 28 წელია. შენობა სულ სამსართულიანია. ე. გ-ე შვილებთან ერთად ...ში ცხოვრობს დაახლოებით 25 წელია.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გამორიცხა მოსარჩელის ოჯახის ქუთაისში, სს „...ში“ ცხოვრების ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე თავის შვილებთან ერთად, დროებით, ობიექტური მიზეზით იმყოფებოდა სხვა მისამართზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირთა განსახლების საჭიროება, აღნიშნული კი, ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა შესაძლებლობას, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნის არსებობის პირობებში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა სს „...ში“ მცხოვრები ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და გამოირიცხებოდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ე. გ-ის და მისი შვილების დაფიქსირება ყოფილი მეუღლის მისამართზე, გამორიცხავს მისი გადაუდებელი განსახლების საჭიროებას. საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ე. გ-ე ოჯახთან ერთად რეგისტრირებულია მისამართზე: ქუთაისი, სს „...ის“ შენობა, ამასთანავე, ამ მისამართზე მცხოვრები პირები (მეზობლები) ადასტურებენ მოსარჩელეთა მუდმივად ცხოვრებას სს „...ში“. მნიშვნელოვანია, რომ სადავო საკითხის განხილვის პროცესში, შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით (2019 წლის 10 სექტემბრის N... ექსპერტიზის დასკვნა), დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თავადვე ადასტურებს მოსარჩელეთა რეგისტრაციის ადგილის - სს „...ის“ შეფასებას ნგრევად ობიექტად, რაც არ გამორიცხავს შესაძლებლობას, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ოჯახმა ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით. ამ პირობებში, კონკრეტულ მომენტში შემოწმებისას მოსარჩელეთა დროებით სხვა მისამართზე დაფიქსირება არ უნდა წარმოადგენდეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის თაობაზე დასკვნის გაკეთების საფუძველს.

ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის N03-2596/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე