საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-129(გ-22) 15 მარტი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე; გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ახალციხის რაიონულ სასამართლოს შორის, გ. ზ-ის, მ. მ-ის, ნ. ნ-ის, თ. ა-ის, პ. პ-ის, თ. ჯ-ის, ვ. თ-ის, დ. ქ-ის, ზ. კ-ის, ზ. ნ-ის, მ. ვ-ის, ნ. ბ-ის, მ. ტ-ის, ა. მ-ის, ა. ჭ-ას, ლ. ჭ-ისა და ი. ჩ-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 26 იანვარს გ. ზ-ემ, მ. მ-მა, ნ. ნ-მა, თ. ა-მა, პ. პ-მა, თ. ჯ-მა, ვ. თ-ემ, დ. ქ-ემ, ზ. კ-ემ, ზ. ნ-ემ, მ. ვ-ემ, ნ. ბ-ემ, მ. ტ-ემ, ა. მ-მა, ა. ჭ-ამ, ლ. ჭ-ემ და ი. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ ...ის მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ ...ის 2021 წლის 24 დეკემბრის N03-04/13 ბრძანების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით გ. ზ-ის, მ. მ-ის, ნ. ნ-ის, თ. ა-ის, პ. პ-ის, თ. ჯ-ის, ვ. თ-ის, დ. ქ-ის, ზ. კ-ის, ზ. ნ-ის, მ. ვ-ის, ნ. ბ-ის, მ. ტ-ის, ა. მ-ის, ა. ჭ-ას, ლ. ჭ-ისა და ი. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, სსკ-ის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის აღნიშნული ორგანოს ადგილსამყოფელი. აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებით, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
საქალაქო სასამართლო მოსაზრებით, ვინაიდან კონკრეტულ დავაში მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ ...ა მოცემული სარჩელი უნდა განეხილა იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სსიპ ...ა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის N227/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ...ის წესდების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ...ის იურიდული მისამართია: ...ის რაიონი ,...ი, ... ...ი, ასევე ქ. თბილისი, ...ოს ქუჩა N4. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, ...ის ადგილსამყოფელია - ...ის რაიონი, ...ი, ... ...ი, სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით გ. ზ-ის, მ. მ-ის, ნ. ნ-ის, თ. ა-ის, პ. პ-ის, თ. ჯ-ის, ვ. თ-ის, დ. ქ-ის, ზ. კ-ის, ზ. ნ-ის, მ. ვ-ის, ნ. ბ-ის, მ. ტ-ის, ა. მ-ის, ა. ჭ-ას, ლ. ჭ-ის და ი. ჩ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, მითითებული მუხლის საფუძველზე, საერთო წესის მიხედვით, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს განმარტებით, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს ნივთობრივ განსჯადობას, რა დროსაც დავა ტერიტორიული იურისდიქციით მიემართება ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება ასევე უნდა მიექცეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს ნივთობრივ განსჯადობას მიკუთვნებული სარჩელების სახეებს. აქვე მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა არ არის კატეგორიული და არ გამორიცხავს სარჩელის აღძვრას საერთო განსჯადობის, ანუ მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, რა პირობებშიც განმსაზღვრელია მოსარჩელის არჩევანი (ალტერნატიული განსჯადობა).
სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს დავის საგნიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რას ხდის მოსარჩელე სადავოდ.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ ...ის 2021 წლის 24 დეკემბრის N03-04/13 ბრძანების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ბათილად ცნობა. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება, აღნიშნულის გათვალისწინებით განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა განსაკუთრებული წესის, არამედ განსჯადობის ორდინალური წესით.
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად, თავად სარჩელი დისპოზიციურია, რაც ნიშნავს იმას, რომ განმცხადებელი სარგებლობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებული უფლებით და დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, თავად ასახელებს მოპასუხე მხარეს და ალტერნატიულ შემთხვევაში, თავადვე ირჩევს სარჩელის შეტანის ადგილს. მოსარჩელე მხარემ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და დავის გადასაწყვეტად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ გ. ზ-ის, მ. მ-ის, ნ. ნ-ის, თ. ა-ის, პ. პ-ის, თ. ჯ-ის, ვ. თ-ის, დ. ქ-ის, ზ. კ-ის, ზ. ნ-ის, მ. ვ-ის, ნ. ბ-ის, მ. ტ-ის, ა. მ-ის, ა. ჭ-ას, ლ. ჭ-ისა და ი. ჩ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი, შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.
ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. შესაბამისად, მითითებული მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს. განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.
წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანია სსიპ ...ის 2021 წლის 24 დეკემბრის N03-04/13 ბრძანების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ბათილად ცნობა. მოპასუხე არის სსიპ ...ა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის N227/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ...ის წესდების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ...ის იურიდული მისამართია: ...ის რაიონი, ...ი, ... ...ი, ასევე, ქ. თბილისი, ...ოს ქუჩა N4. ამდენად, მოპასუხის - სსიპ ...ის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს როგორც ქ. თბილისი, ასევე, ...ის რაიონი, ...ი, ... ...ი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები უფლებამოსილნი იყვნენ გამოეყენებინათ სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართათ სასამართლოსთვის მოპასუხის ერთ-ერთი იურიდიული მისამართის - ქ. თბილისი, ...ოს ქუჩა N4-ის მიხედვით.
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ახალციხის რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ სარჩელის ავტორებმა გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამდენად, საქმე ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ზ-ის, მ. მ-ის, ნ. ნ-ის, თ. ა-ის, პ. პ-ის, თ. ჯ-ის, ვ. თ-ის, დ. ქ-ის, ზ. კ-ის, ზ. ნ-ის, მ. ვ-ის, ნ. ბ-ის, მ. ტ-ის, ა. მ-ის, ა. ჭ-ას, ლ. ჭ-ისა და ი. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე