საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-982(კ-21) 7 მარტი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ზ. ზ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 30 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ზ. ზ-ის მიმართ. მოსარჩელემ, ზ. ზ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2018 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გასაფორმებელი კონტრაქტის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმის თანხის 2000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ზ. ზ-ს დაევალა მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2018 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებული სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმის თანხის 2000 (ორი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მოპასუხემ აქტიური სარეზერვო სამსახურის განმავლობაში სამჯერ გააცდინა სარეზერვო შეკრება და მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (სარეზერვო სამსახურის სამჯერ არგავლის შემთხვევაში, მათ შორის, საპატიო მიზეზით) თანახმად, იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. ამასთან, მოპასუხეს 2019 წლის 23 აგვისტოს №865007 შეტყობინებით ეცნობა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მიმართ ფინანსური პასუხისმგებლობის (ჯარიმის) გადახდევინების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ზ. ზ-ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე, სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ზ-ს შორის, 2018 წლის 14 ოქტომბერს 5 წლის ვადით გაფორმდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, კერძოდ, კონტრაქტის 6.4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ეს კონტრაქტი ვადამდე შეწყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, აქტიური სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნილს ეკისრება ვალდებულება სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადაიხადოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, კონტრაქტის შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საკონტრაქტო პერიოდში ზ. ზ-მა პატაკებით მიმართა ...-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის 1-ლი ასეულის მეთაურს ოჯახური პირობების, კერძოდ, ოჯახის წევრის (მამის), ასევე საკუთარი ავადმყოფობის გამო დათხოვნაში გაშვების მოთხოვნით 2019 წლის 15 ივნისს 09:30 საათიდან 2019 წლის 16 ივნისის 07:30 საათამდე, 2019 წლის 16 ივნისს 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, 2019 წლის 12 ივლისს 09:00 საათიდან 2019 წლის 14 ივლისის 16:00 საათამდე და 2019 წლის 10 აგვისტოს 09:00 საათიდან 2019 წლის 11 აგვისტოს 16:00 საათამდე პერიოდებში. ...-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის მეთაურის 2019 წლის 16 ივნისის, 17 ივლისისა და 10 აგვისტოს ბრძანებებით დასტურდება, რომ უფროსი სერჟანტი - ზ. ზ-ი მის მიერ მოთხოვნილ პერიოდებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლდა ავადმყოფობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.5 მუხლის თანახმად, ამ მუხლის 6.4 პუნქტი არ ვრცელდება ამ კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (წლის განმავლობაში სარეზერვო სამსახურის საპატიო მიზეზით სამჯერ არგავლის შემთხვევაში) განსაზღვრულ შემთხვევებზე. ამავე კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.5 პუნქტით გათვალისწინებულია კონტრაქტის მოქმედების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევები, კერძოდ, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონტრაქტის მოქმედება შეიძლება ვადამდე შეწყდეს აქტიური რეზერვისტის მიერ წლის განმავლობაში სარეზერვო სამსახურის სამჯერ არგავლის შემთხვევაში, მათ შორის, საპატიო მიზეზით.
დადგენილია, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს უფროს სერჟანტ ზ. ზ-ს ეცნობა, რომ ვინაიდან აქტიური სარეზერვო სამსახურის განმავლობაში სამჯერ გააცდინა სარეზერვო შეკრება, კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (სარეზერვო სამსახურის სამჯერ არ გავლის შემთხვევაში, მათ შორის, საპატიო მიზეზით) თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ...-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის I მსუბუქი ქვეითი ასეულის I მსუბუქი ქვეითი ოცეულის III მსუბუქი ქვეითი ათეულის მეთაური, უფროსი სერჟანტი - ზ. ზ-ი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) და მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (სარეზერვო სამსახურის სამჯერ არგავლის შემთხვევაში) საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, როგორც წესი, მხარეები არა მარტო თავისუფლად ირჩევენ კონტრაჰენტებს და განსაზღვრავენ ხელშეკრულების საგანს, არამედ თანხმდებიან მის არსებით პირობებზეც. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ზ. ზ-ს შორის 2018 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების 6.5 მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობაზე, რომ საპატიო მიზეზით წლის განმავლობაში სარეზერვო სამსახურის სამჯერ არ გავლის შემთხვევაში კონტრაქტი შეწყდებოდა, თუმცა აქტიური სამსახურიდან დათხოვნილს არ დაეკისრებოდა ხელშეკრულების 6.4 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. ზ-თან სამხედრო-საკონტრაქტო სამსახური ვადაზე ადრე შეწყდა მისი და მამამისის ავადმყოფობის გამო სარეზერვო შეკრებაზე სამჯერ გამოუცხადებლობის მიზეზით, რაც ამავე კონტრაქტის 2.5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიიჩნეოდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საპატიო გარემოებად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 3 სექტემბრის MOD 9 19 00004137 ბრძანებაზე, რომლითაც დაკავებული თანამდებობიდან ზ. ზ-ი გათავისუფლდა "სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის" მე-2 მუხლის 2.5 პუნქტის "დ" (სარეზერვო სამსახურის სამჯერ არ გავლის შემთხვევაში) ქვეპუნქტით. აღსანიშნავია, რომ ბრძანებაში არ არის მითითებული სარეზერვო სამსახურის არასაპატიო მიზეზით არ გავლაზე და არც კასატორს წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გამორიცხავდა ზ. ზ-ის მხრიდან სარეზერვო სამსახურის სამჯერ საპატიო მიზეზით არ გავლას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზ. ზ-ის მხრიდან კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტას საპატიო მიზეზის გარეშე არ ჰქონია ადგილი და სახეზე არ არის კონტრაქტის 6.4 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე