№ბს-651(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 25 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - შპს „...ის“ მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 2050 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 410 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ამასთან, მოპასუხემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს „...ისათვის“ 2015 წლის 8 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე 200 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...ისათვის“ 2015 წლის 08 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე 1000 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში (2016 წლის 14 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 210 ლარის დაკისრების ნაწილში) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 581-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე დართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის 16 დეკემბრის №12806/01 წერილით ირკვეოდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს ,,...ს“ შორის 2015 წლის 08 დეკემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების შესაბამისად 2016 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინფორმაციის (ხელშეკრულების დარათი №2) წარდგენა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმირების მიზნით. ასევე დაადასტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წლის 28 დეკემბრის №11804/01 წერილით 2018 წლის 18 დეკემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმირების მიზნით. პალატის მითითებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 09 იანვრის №206/01 წერილით ირკვეოდა, რომ შპს ,,...მა“ 2018 წლის 05 იანვარს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარადგინა ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმირების მიზნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №4/8097 წერილით შპს ,,...ს“ ეცნობა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 09 იანვრის №206/01 წერილის (სააგენტოს რეგ. №1880/04) გათვალისწინებით დადასტურდა სააგენტოსა და შპს ,,...ს“ შორის 2015 წლის 08 დეკემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულებების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების 2017 წელში შესრულება. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,...ს“ არ დაურღვევია 2015 წლის 08 დეკემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულებების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, ამდენად ამ ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
რაც შეეხება, 2016 წლის 14 მარტის ხელშეკრულების 6.7 მუხლის თანახმად 3.1.5 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნას, პალატამ აღნიშნა, რომ 2018 წლის 25 დეკემბრის №608 საგადასახადო დავალიანების ქვითრით დადგენილი იყო, რომ შპს ,,...ის“ დირექტორმა ი. ბ-მა 2018 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 ივნისის №4/32417 წერილის საფუძველზე გადაიხადა პირგასამტეხლოს საფასური 500 ლარის ოდენობით. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს ,,...ის’’ მიერ გასაჩივრებული იყო, მხოლოდ 2015 წლის 08 დეკემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულებების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ნაწილში, ხოლო 2016 წლის 14 მარტის ხელშეკრულების 3.1.5 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (210 ლარი), მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრებული არ იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება შპს „...ის“ მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. იჯარის ხელშეკრულების დანართი №2-ით გათვალისწინებული ინფორმაცია მოიჯარეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მურნეობის სამინისტროსათვის უნდა წარედგინა ყოველი წლის დეკემბრის თვეში. კასატორის მითითებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის 16 დეკემბრის №12806/01 და 2018 წლის 28 დეკემბრის №11804/01 წერილები ადასტურებდა ზემოხსენებული ინფორმაციის 2016 და 2018 წლებში წარდგენის ფაქტს, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „...ისათვის“ პირგასამტეხლოს - 1 000 ლარის დაკისრება განხორციელდა 2017 წელს ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენისათვის.
კასატორი ასევე მიუთითებს 2016 წლის 14 მარტის ხელშეკრულებაზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ დგინდება რა ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირგასამტეხლოს თანხა უნდა განსაზღვრულიყო 210 ლარით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,...სა" და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2015 წლის 08 დეკემბერს გაფორმდა ორი იჯარის ხელშეკრულება, რომელთა თანახმად შპს ,,...ს’’ სარგებლობაში გადაეცა ჯამში სამი ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ..., ს/კ ... და ს/კ ...). ამასთან მხარეთა შორის 2016 წლის 14 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მყიდველს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება (ს/კ. ...). 2015 წლის 08 დეკემბერის იჯარის ხელშეკრულებების მიხედვით მოიჯარეს უნდა უზრუნველეყო ,,ხელშეკრულებით“ გადაცემულ ,,ქონებაზე“ ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა ,,ხელშეკრულების“ დანართი №2-ის შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებუბლი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,მოიჯარეს“ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (ორივე ხელშეკრულებიდან ჯამში - 1000 ლარი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად უნდა შეფასდეს შპს „...ის“ მიერ მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 08 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებებითა და 2016 წლის 14 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილები, რომლებითაც დასტურდება შპს „...ის“ მიერ იჯარის ხელშეკულებებით ნაკისრი ინფორმირების ვალდებულების შესრულება 2016, 2017 და 2018 წლებში. საგულისხმოა, რომ კასატორი ეჭვქვეშ არ აყენებს ხსენებული წერილების ნამდვილობას.
რაც შეეხება, 2016 წლის 14 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა, რაც დაექვემდებარა სასამართლოს მიერ შემცირებას. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი