№ბს-308(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,...ი - შპს ...ი“; მესამე პირი (სასკ 16.1) - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 22 თებერვალს შპს ,,...ი - შპს ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის №04/3262 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს ,,...ი - შპს ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის №04/3262 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის 169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო“ პროგრამით გაწერილ სხვა ვალდებულებებთან ერთად, ახორციელებს - ჰეპატიტით დაავადებულ პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას. ამ მიზნით, მედიკამენტები მთელი საქართველოს მასშტაბით მიეწოდება პროგრამის მიმწოდებლებს.
2018 წლის 29-30-31 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, პროგრამის ყველა მიმწოდებელში (თბილისში, რეგიონებში - სულ 31) და საწყობებში, ჩაატარეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების) შერჩევით ინვენტარიზაცია.
2018 წლის 26 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სააგენტოში წარმოგვიდგინეს ინვენტარიზაციის წინასწარი, ხოლო 2018 წლის 11 ოქტომბერს საბოლოო შედეგები, რომლის მიხედვით, რამოდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ბუღალტრული და ფაქტობრივი ნაშთები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. აღნიშნულ დაწესებულებებს, მათ შორის, შპს „...ს“ დაუყოვნებლივ ეცნობათ და მოეთხოვათ არსებულ ცდომილებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების მოწოდება. დაწესებულების მიერ გადმოგზავნილი საპასუხო წერილი არ მოიცავდა ამომწურავ ინფორმაციას და ეხებოდა მხოლოდ კონკრეტულ პაციენტზე მედიკამენტ ...ის გაცემასთან დაკავშირებულ უზუსტობებს.
შპს „...ში“ ჩატარებული ინვენტარიზაციისას გამოვლინდა შეუსაბამობა მედიკამენტების ბუღალტრულ (პროგრამიდან მიღებულ) და ფაქტობრივ ნაშთებს შორის. კერძოდ: ...ი - ბუღალტრული ნაშთი 4236 აბის ნაცვლად ნანახი იქნა 2466 აბი, ხოლო ...ი - ბუღალტრული ნაშთი 1288 აბის (46 კოლოფის) ნაცვლად აღმოჩნდა 616 აბი (22 კოლოფი). აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, ექიმის თ. ბ-ის სიტყვიერი განმარტებით, ფაქტობრივ ნაშთში მედიკამენტების ნაკლებობა ბუღალტრულ ნაშთან შედარებით გამოვლინდა იმ მიზეზით, რომ პროგრამის ბენეფიციართათვის გადაცემული მედიკამენტების ასახვა ელექტრონულ პროგრამაში განახორციელა მოგვიანებით, რამაც ბუნებრივია გამოიწვია ელექტრონულ პროგრამაში 29 აგვისტოს მდგომარეობით ამოღებული ნაშთების ცვლილება.
2018 წლის 2 ოქტომბერს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტმა წერილობით აცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ. ამავე წერილში აღნიშნული იყო, რომ ელიმინაციის ელექტრონულ პროგრამაში შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებული მონაცემები 29 აგვისტოს მდგომარეობით ელ. პროგრამიდან ამოდიოდა უკვე შეცვლილი სახით.
კასატორის მითითებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა აღნიშნული ინფორმაცია, რეაგირების მიზნით, გადასცა სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტს. კონტროლის დეპარტამენტის მიერ, შესწავლილ იქნა ...ი - შპს „...ი“, სადაც აღმოჩნდა ნაკლები ოდენობის მედიკამენტები, კერძოდ, მედიკამენტი რივირინი - 200მგ. კაფსულა და ...ი - 672 ტაბლეტი - 79536 ლარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის 169 დადგენილების მე-5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები), მე-10 პუნქტის (მომსახურების მიმწოდებელს პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის ნებისმიერი ოდენობის დანაკარგის აღმოჩენისას ან არაპროგრამულ ბენეფიციარზე გაცემის შემთხვევაში, დაეკისრება საჯარიმო სანქცია „დაკარგული/ნაკლული“ მედიკამენტის საბაზრო ღირებულების ოდენობით) თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრათ საჯარიმო სანქცია - 86 817.18 ლარის ოდენობით. 2019 წლის 25 იანვრის №04/3262 წერილით, მოსარჩელე დაწესებულებას ეცნობა წერილობით, აღმოჩენილი დარღვევების გამო, საჯარიმო სანქციის გადახდის ვალდებულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბერის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზნაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებულ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის მიზანია, საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.
მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ვაუჩერულ პროგრამებში ეს დადგენილება, სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური შესაბამის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).
დადგენილია, რომ მოსარჩელე არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი.
ამავე დადგენილების დანართი №5 (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობების)-ის მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელს პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის ნებისმიერი ოდენობის დანაკარგის აღმოჩენისას ან არაპროგრამულ ბენეფიციარზე გაცემის შემთხვევაში, დაეკისრება საჯარიმო სანქცია „დაკარგული/ნაკლული“ მედიკამენტის საბაზრო ღირებულების ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაციის თაობაზე. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ცალკეულ სახეობათა მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში.
საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებითად დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებს, რომლის თანახმადაც, გამოვლინდა სხვაობა შპს ,,...ი - შპს ...ისთვის“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მედიკამენტების ფაქტობრივ ოდენობასა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით არსებულ ოდენობას შორის. კერძოდ, სხვაობა არსებობდა ინსტიტუტში ფაქტობრივად არსებული მედიკამენტების - ,,...ისა“ და ,,...ის“ ოდენობასა და ამავე მედიკამენტების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირებულ ოდენობას შორის, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, შპს ,,...ი - შპს ...ს“ დაეკისრა ჯარიმა დანაკლისი მედიკამენტების საბაზრო ღირებულების ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 79536 ლარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ,,...ი - შპს ...ის“ ინვენტარიზაცია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 2018 წლის 30 აგვისტოს, ხოლო ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიეწოდა 2018 წლის 11 ოქტომბერს.
საქმეზე ასევე უტყუარად არის დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ ელექტრონული პროგრამის მონაცემები გასწორებული იქნა 2018 წლის 1 ოქტომბერს, რის შედეგადაც ფაქტობრივი და ბუღალტრული ნაშთები თანხვედრაში იქნა მოყვანილი, შესაბამისად, მედიკამენტების დანაკლისი აღარ არსებობდა, თუმცა 2019 წლის 25 იანვარს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,...ი - შპს ...ის“ დაჯარიმების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც აღარ არსებობდა სხვაობა მედიკამენტების ფაქტობრივად არსებულ და დოკუმენტურად აღრიცხულ ოდენობებს შორის, შესაბამისად, აღარ არსებობდა მედიკამენტების დანაკლისი/დანაკარგი, თუმცა შპს ,,...ი - შპს ...ისთვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა სწორედ მედიკამენტების დანაკლისის/დანაკარგის გამო, რაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანო - ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე - სადავო აქტის გამოცემამდე, მოსარჩელის მხრიდან ფაქტობრივი და ბუღალტრული ნაშთების გასწორებისა და მისთვის მიმართვის პირობებში უფლებამოსილი იყო ხელახლა გადაემოწმებინა და შეეფასებინა დანაკლისის არსებობის ფაქტი, რაც მას არ განუხორციელებია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2/06/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №19725-ით და 12.08.2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №71093-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 3 976.80 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 2 783,76 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22/06/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №19725-ით და 12.08.2020 წ. საგადახდო მოთხოვნა № 71093 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში - 3 976.80 ლარის 70 პროცენტი - 2,783.76 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი