№ბს-132(გ-22) 16 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ ა. კ-ე
მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 20 დეკემბერს ა. კ-ემ საჩივრით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა: ა) გაუქმდეს 2021 წლის 18 ნოემბრის №სდ... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი; ბ) გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის 2021 წლის 3 დეკემბრის №MIA22103175882 დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ა. კ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.1 მუხლზე და განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც თავის მხრივ გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა (სასარჩელო) სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2021 წლის 18 ნოემბრის №სდ... ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და 2021 წლის 3 დეკემბრის #MIA22103175882 დადგენილების კანონიერება. ამასთან, საქმის წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისათვის დადგენილი სამართალწარმოების პრინციპის დაცვით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ საჩივრის ავტორის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხოლო მისი საცხოვრებელი მისამართია - ახალციხე, სოფელი ... . ამასთან, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ და საჩივარი წარდგენილია საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოთა ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ განსჯადობაზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (საქმე #120510319003183350), ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა ყოფილიყო 261-ე მუხლში მითითებული ზოგადი წესი (სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილის მიხედვით) და საჩივარი განხილულ უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.2 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი იყო ქ. გორი, ა. კ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებზე და განმარტა, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით (ანუ საჩივრისათვის დადგენილი წესით) განიხილება მხოლოდ ის საქმეები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საჩივრის წარდგენის გზით განიხილება ის საქმეები, რომლებზეც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებულია სახდელის შეფარდების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ სამართალდარღვევებზე (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), მაგალითად, საპატრულო პოლიციის მიერ 116-ე მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება მართვის უფლების შეჩერების შეფარდების შესახებ.
გორის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საჩივრის ავტორის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ასევე დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2021 წლის 18 ნოემბრის №სდ... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 128-ე კილომეტრზე, ხაშურის ტერიტორიაზე. ამავდროულად, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საჩივრის ავტორის საცხოვრებელი მისამართი არის - ახალციხის რაიონი, სოფელი ... . ამასთან, საჩივრის ავტორმა საჩივარი წარადგინა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმია გასაჩივრებული და აქედან გამომდინარე, წარმოიშობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული ალტერნატიული განსჯადობა, რომლის დროსაც სასამართლოს არჩევის უფლება მოსარჩელეს/საჩივრის ავტორს ენიჭება.
სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არ არის განსაზღვრული სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. მოცემული საჩივრის განხილვაზე ტერიტორიულად განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, საჩივრის ავტორს სწორად ჰქონდა მიმართული სასამართლოსთვის მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოცემული დავა არ წარმოადგენდა გორის რაიონული სასამართლოს განსჯადობის ფარგლებში განსახილველ საქმეს.
4. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით, რის გამოც მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ახალციხისა და გორის რაიონული სასამართლოების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია 2021 წლის 18 ნოემბრის №სდ... ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის 2021 წლის 3 დეკემბრის №MIA22103175882 დადგენილების გაუქმება.
დადგენილია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 1151−1163, 118-ე−123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამდენად, კანონმდებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 116-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევში გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლი. ამასთან, ა. კ-ის საცხოვრებელი ადგილია ქ. ახალციხე, სოფ. ... და მან საჩივრით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს. შესაბამისად, ა. კ-ე უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართა სასამართლოსათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ახალციხის რაიონული სასამართლოსთვის.
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების მე-3 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გორის რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ საჩივრის ავტორმა - ა. კ-ემ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე